საქმე №ას-1478-2023 13 თებერვალი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი), რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „პ. ფ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ქ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.05.2023 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 21.09.2023 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ე.ქ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „დასაქმებული“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „პ.ფ–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა:
1.1. მოპასუხის დირექტორის 07.02.2022 წლის №B281-22038-1 ბრძანების ბათილად ცნობა;
1.2. მოსარჩელის ფარმაცევტის პოზიციაზე აღდგენა;
1.3. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2022 წლის იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 670 ლარის დაკისრება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.02.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.05.2023 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება; დადგინდა მოსარჩელის მოპასუხე საწარმოში ფარმაცევტის პოზიციაზე აღდგენა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 670 ლარის ოდენობით (დარიცხული სახით). დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
4.1. სააპელაციო სასამართლოს მთავარი სხდომა, სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით, დაინიშნა 30.05.2023 წელს, 11:00 საათზე. 03.05.2023 წელს დამსაქმებელს გაეგზავნა სასამართლო უწყება (რომლითაც განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები), სააპელაციო საჩივრის ასლი და განემარტა წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად 5-დღიანი ვადის განსაზღვრის თაობაზე.
4.2. სააპელაციო საჩივრისა და სასამართლო უწყების გზავნილი ადრესატს - დამსაქმებელს ჩაჰბარდა 05.05.2023 წელს, იურიდიულ მისამართზე - ქ. თბილისი, ......... (მიმღები ე.ჭ–ძე).
4.3. 11.05.2023 წელს დამსაქმებელმა წარმომადგენლის მეშვეობით, წარმოადგინა სააპელაციო შესაგებელი, რომლითაც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.
4.4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 30.05.2023 წელს, 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა აპელანტი და მისი წარმომადგენელი. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა დამსაქმებელი, რომელსაც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე სააპელაციო სასამართლოსათვის არ შეუტყობინებია. მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტმა და მისმა წარმომადგენელმა იშუამდგომლეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შესახებ.
4.5. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 372-ე, 387.2, 230-ე, 233.1 მუხლებით. სააპელაციო პალატის შეფასებით, არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, რადგან: სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მოწვეული მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით და აპელანტმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. ამასთან, მხარის მიერ სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია, იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას.
4.6. სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია მოსარჩელის/აპელანტის მიერ მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.6.1. მოსარჩელე 2017 წლიდან მუშაობდა მოპასუხის სააფთიაქო ქსელის სხვადასხვა აფთიაქში, ფარმაცევტად. 2020 წლის დასაწყისში, მორიგი როტაციით დაინიშნა მოპასუხის №.. აფთიაქში, ფარმაცევტად. მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 670 ლარს.
4.6.2. 17.01.2022 წელს, მოსარჩელეს ჩაჰბარდა მოპასუხის წინასწარი შეტყობინება №909/02-01 შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ 03.01.2022 წლიდან უხეშად არღვევს შრომითი ხელშეკრულების პირობებს, დამსაქმებლის წინასწარი ინფორმირების გარეშე არ ცხადდება სამსახურში და არ ასრულებს სამუშაოს.
4.6.3. 07.02.2022 წელს, მოსარჩელეს ჩაჰბარდა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინება, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა).
4.6.4. მოსარჩელის მხრიდან შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას, ადმინისტრაციის ინფორმირების გარეშე სამუშაო ადგილის მიტოვებას ან მისი ნებითა და ბრალეული მოქმედებით სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობას ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელეს ფილიალში დახვდა არაჯანსაღი სამუშაო გარემო, რაც გამოწვეული იყო მენეჯერის მხრიდან თანამშრომლების (მათ შორის მოსარჩელის) მიმართ უხეში და დამამცირებელი სიტყვიერი მიმართვებითა და შეურაცხყოფით. შესასრულებელი სამუშაოს მნიშვნელოვნად საპასუხისმგებლო ხასიათიდან გამომდინარე (კლიენტთა მომსახურება და სალაროს ხარჯთაღრიცხვა), საჭირო იყო ჯანსაღი, მშვიდი და უსაფრთხო გარემო, რაც №.. აფთიაქში არ იყო უზრუნველყოფილი. სამუშაო ადგილზე შექმნილი მდგომარეობა მოსარჩელისთვის სტრესის შემცველი იყო, რის გამოც ორჯერ დასჭირდა სასწრაფო დახმარების გამოძახება.
4.6.5. 26.09.2021 წელს, მოსარჩელემ სხვა ფილიალში როტაცია მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ სამუშაო ადგილზე ვითარება კიდევ უფრო გართულდა. 03.01.2022 წელს, საწყობის განცალკევებულ ოთახში გასულ მოსარჩელეს მენეჯერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ კატეგორიულად მოსთხოვა, წასულიყო სამსახურიდან (მიმართა სიტყვებით - „წაეთრიე სამსახურიდან“). მოსარჩელე იძულებული გახდა, კონფლიქტის გამო დაეტოვებინა სამუშაო ადგილი. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში, აღელვებულს, შეიძლებოდა სერიოზული შეცდომაც დაეშვა. მოსარჩელემ შეადგინა ხარჯთაღრიცხვა, თანხა სეიფში შეინახა და სასწრაფოდ დატოვა აფთიაქი.
4.6.6. იმავე დღეს, მოსარჩელე დაუკავშირდა რეგიონულ მენეჯერს და აცნობა მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, რის გამოც იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამუშაო ადგილი. რეგიონულმა მენეჯერმა მოსარჩელე დაიბარა მეორე დღეს, 04.01.2022 წელს და მომხდარი ფაქტის შესახებ დააწერინა განმარტებითი ბარათი. განმარტებითი ბარათის მიღების შემდეგ რეგიონულმა მენეჯერმა განუმარტა - დალოდებოდა მის პასუხს, თუმცა პასუხი რამდენიმე დღის მანძილზე არ შეუტყობინებია. რეგიონული მენეჯერისაგან პასუხის შეუტყობინებლობის გამო, 11.01.2022 წელს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხის დირექტორს, თუმცა განცხადებაზე პასუხი არ მიუღია, რის გამოც 13.01.2022 წელს სატელეფონო შეტყობინება მისწერა №.. აფთიაქის მენეჯერს და სთხოვა 14.01.2022 წლიდან გრაფიკში ჩასმა. აღნიშნულ შეტყობინებაზე დასაქმებულმა წერილობით მიიღო შეტყობინება, რომ „ადმინისტრაციული დირექტორის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე სამსახურში ვერ გავიდოდა“. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე 14.01.2022 წელს სამსახურში გამოცხადდა, თუმცა მენეჯერმა არ მისცა უფლება, დარჩენილიყო სამუშაო ადგილზე და შეესრულებინა შრომითი მოვალეობები.
4.7. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დადასტურებულად მიჩნეულ მოსარჩელის/აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ დასაქმებულის მხრიდან შრომითი მოვალეობების უხეშ, ბრალეულ დარღვევას, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანება იყო არამართლზომიერი. პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
5. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა საჩივრით.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.09.2023 წლის განჩინებით დამსაქმებლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. მოპასუხე სადავოდ არ ხდის 05.05.2023 წელს სასამართლო გზავნილის ჩაბარებას, თუმცა მიუთითებს, რომ მას ჩაჰბარდა მხოლოდ სააპელაციო საჩივარი, სასამართლო უწყება კი კონვერტში არ ყოფილა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის აღნიშნული მსჯელობა. პალატის განმარტებით, საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, დოკუმენტების ჩაბარების შესახებ საფოსტო გზავნილით, დასტურდება, რომ ადრესატს, დამსაქმებელს, გაეგზავნა და მიმღებს, მოპასუხის უფლებამოსილ პირს, ე.ჭ–ძეს, ჩაჰბარდა სააპელაციო საჩივრისა და უწყების გზავნილი. საფოსტო გზავნილის ამ სახით მიღების ფაქტი დადასტურებულია მოპასუხის თანამშრომლის ხელმოწერით. დამსაქმებელს საჩივრის აღძვრამდე (მაგალითად, წერილობითი შესაგებლის წარმოდგენისას) სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ საფოსტო გზავნილში მითითებული დოკუმენტი - სასამართლო უწყება კონვერტში არ იდო.
6.2. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამსაქმებლის წინააღმდეგ მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამ ფაქტზე აპელირება სარწმუნოდ ვერ მიიჩნევა და გაზიარებული ვერ იქნება. შესაბამისად, მოპასუხის არგუმენტები, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილ დალუქულ კონვერტში განთავსებული არ იყო სასამართლო უწყება, დაუსაბუთებელია.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.05.2023 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 21.09.2023 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
7.1. 05.05.2023 წელს მოპასუხემ ნამდვილად მიიღო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსაგან გზავნილი, ერთი დალუქული კონვერტის სახით. მასში მოთავსებული იყო მოწინააღმდეგე მხარისადმი სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილი, იმის განმარტებით, რომ ხუთი დღის ვადაში უნდა წარმოედგინა შესაგებელი. გზავნილს ახლდა სააპელაციო საჩივარი თანდართული დოკუმენტებით (სულ 42 ფურცლად) და, ასევე, ორი ერთეული CD დისკი, ხოლო სასამართლო უწყება კონვერტში არ იდო. შესაბამისად, უწყება, სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ჩაბარებულად ვერ ჩაითვლება.
7.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
7.3. როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე №121-117-2016 განმარტა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, გარდა პირველი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ეფექტურად გამოყენებული უფლების დაცვის საშუალებებისა, გამყარებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, როგორც კანონით დასაშვებად მიჩნეული კატეგორიის საქმეზე (სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი დასაშვებად მიიჩნევს საკასაციო საჩივარს განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე), განისაზღვრა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინების კანონიერება.
10. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
11. ანალოგიური პრინციპით სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნეს სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებები. თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით (სუსგ №ას-920-2019, 27.11.2019წ.).
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე №121-117-2016). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი წარმოადგენს შეჯიბრებითობის პრინციპის განხორციელების, მხარეთა მოქმედების/უმოქმედობის გამო პასუხისმგებლობის დონის ამაღლების დამატებით გარანტიას (იხ: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2015, გვ.632).
13. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ №ას-738-2019, 19.12.2019წ.).
14. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
15. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში 30.05.2023 წელს დანიშნულ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე - დამსაქმებელი. აპელანტმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (ტ.2, ს.ფ. 306-309). სააპელაციო პალატამ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
16. კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ იგი სასამართლოს სხდომაზე მიწვეული არ იყო სსსკ-ის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კასატორის მითითებით, 05.05.2023 წელს მას ნამდვილად ჩაჰბარდა სასამართლო გზავნილი, თუმცა კონვერტში მოთავსებული იყო მხოლოდ სააპელაციო საჩივარი თანდართული დოკუმენტებით, სასამართლო უწყება კი არ იდო.
17. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლომ მოპასუხის სახელზე მოამზადა გზავნილი (მიმართვა), რომლის თანახმად, მას ეგზავნებოდა სააპელაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები (ტ.2, ს.ფ. 286); სასამართლომ შეადგინა დამსაქმებლის 30.05.2023 წელს, 11:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე დაბარების თაობაზე სასამართლო უწყებაც სხდომის ადგილის, დროისა და გამოუცხადებლობის შედეგების მითითებით (ტ.2, ს.ფ. 287) და მოპასუხეს წერილობითი კორესპონდენცია (სააპელაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები და სასამართლო უწყება) ერთდროულად გაუგზავნა ფოსტის მეშვეობით მის იურიდიულ მისამართზე - ქ. თბილისი, ............ გზავნილი 05.05.2023 წელს ჩაჰბარდა მოპასუხის უფლებამოსილ თანამშრომელს - მიმღებს, ე.ჭ–ძეს, კანონის მოთხოვნათა დაცვით (ტ.2, ს.ფ. 289). საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საფოსტო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე (უკუგზავნილზე), რომლითაც დგინდება, რომ საფოსტო გზავნილის მიმღებმა პირმა საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა სასამართლო უწყებისა და სააპელაციო საჩივრის მიღება (ტ.2, ს.ფ. 289) - საფოსტო უკუგზავნილზე არის შემდეგი ჩანაწერი: „2/ბ-387 უწყება, სააპელაციო საჩივარი“. აღნიშნულ დოკუმენტზე დატანილი ინფორმაციის ნამდვილობის გამაქარწყლებელი სათანადო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ასეთად ვერ შეფასდება დამსაქმებლის თანამშრომლის - ნ.ე–ის ახსნა-განმარტება, რომ კონვერტში უწყება მოთავსებული არ იყო. შესაბამისად, არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ მოპასუხისთვის გაგზავნილ გზავნილს ერთვოდა როგორც სააპელაციო საჩივრის ასლი, ასევე - უწყებაც. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითება, რომ მისთვის ჩაბარებულ კონვერტში არ იდო უწყება, ვერ გააბათილებს დასახელებულ პრეზუმფციას. ამასთან, როგორც აღინიშნა, ფოსტის მიერ შედგენილი ჩაბარების დასტურიდან დგინდება, რომ გზავნილის მიმღებმა პირმა დაადასტურა უწყებისა და სააპელაციო საჩივრის ჩაბარება, შესაბამისად, თუკი კონვერტში არ აღმოჩნდა უწყება, ადრესატს წინდახედულობა უნდა გამოეჩინა და ამის თაობაზე სასამართლოსათვის ეცნობებინა (შდრ. სუსგ №ას-970-2021, 29.11.2021წ; №ას-918-2019, 26.12.2019წ; №ას-362-346-2016, 03.06.2016წ; შდრ. ასევე - სუსგ-ებს №ას-103-2020, 29.06.2020წ; №ას-1182-2023, 18.12.2023წ; №ას-1082-1032-2014, 30.07.2015წ.).
18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ვერც იმ პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტია და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (სუსგ №ას-2-2-2017, 14.07.2017წ.). ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2015, გვ. 637).
19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული და სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის თაობაზე სშკ-ის 47-ე, 48-ე მუხლების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 408-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას, გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
20. მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე კასატორის შედავებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარის გამოუცხადებლობის დროს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ხდება დადგენილად მიჩნეული გარემოებების მატერიალურ კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის კვლევის საფუძველზე, ისე, რომ სასამართლო არაუფლებამოსილია, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები. სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ არის მნიშვნელოვანი საქმეში წარმოდგენილი მასალები, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებას საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს, არამედ დამტკიცებულად მიიჩნევა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები (სუსგ №ას-852-816-2014, 27.12.2019წ.).
21. სასამართლოს სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე დამტკიცებულად მიიჩნევა. თუ მოპასუხეს სურს შეჯიბრებითობის ფარგლებში დავის არსებით განხილვაში, მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობის მიღება, იგი (პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის/აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები მიიჩნევა დადასტურებულად. იმისათვის, რომ სარჩელი/სააპელაციო საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საკმარისია, სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს მოთხოვნას (სუსგ №ას-1834-2019, 27.04.2020წ.).
22. რაც შეეხება კასატორის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016 წლის განჩინების (საქმე №121-117-2016) განმარტებებზე (იხ. საკასაციო საჩივარი, ტ.2, ს.ფ. 406), საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის მიერ მოყვანილი ამონარიდი (დიდი პალატის 17.03.2016 წლის განჩინების პუნქტი 52) შეეხება სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევას, რაც ამავე საქმეში დიდი პალატის განმარტების თანახმად, მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობისაგან განსხვავებულ შედეგებს უკავშირდება.
23. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს (შდრ. სუსგ №ას-48-2020, 17.09.2020წ; №ას-27-2019, 15.11.2019წ; №ას-852-2020, 12.04.2022წ.).
25. სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. ამავე ნორმის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, არაქონებრივ დავაზე საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 300 ლარს. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ფასი ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. კასატორმა, თავისი ინიციატივით, სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 1506 ლარი. სსსკ-ის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით), კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 300 ლარი (ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილი), ხოლო დარჩენილი თანხა - 1206 ლარი (იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში დავის საგნის ღირებულების 5%), საკასაციო საჩივრის უარყოფის გამო, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 264.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „პ. ფ–ას“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.05.2023 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 21.09.2023 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. შპს „პ.ფ–ას“ (ს/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს რ.მ–ძის (პ/ნ: ....) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1506 ლარიდან (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 15.11.2023წ.) ზედმეტად გადახდილი 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. შპს „პ. ფ–ას“ დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ტ.2, ს.ფ.413-416).
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია