Facebook Twitter

საქმე №ას-1388-2023 30 იანვარი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.თ.ჯ“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.06.2023 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.05.2022 წლის გადაწყვეტილებით შპს „ჯ.თ.ჯ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „მიმწოდებელი“) სარჩელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „შემსყიდველი“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16.12.2019 წელს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული №218 ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის - 157 757.74 ლარის ანაზღაურება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 23 255.26 ლარის ოდენობით.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით -სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.06.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება დაფუძნებულია მასზე, რომ:

3.1. მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში №190020469 წყალსადენის სისტემისათვის ტუმბოების შეძენისა და მონტაჟის სამუშაოების შესყიდვის თაობაზე. აღნიშნული ტენდერის ფარგლებში შემსყიდველმა ორგანიზაციამ განსაზღვრა შესასყიდი ტუმბოების ტექნიკური მაჩვენებლები, კერძოდ: წარმადობა 100-110 კუბ./სთ., აწევის სიმაღლე 170-180მ., კავიტაციის მარაგი მინ 4მ., ძრავი 75-90 KW.

3.2. მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ ტენდერის ფარგლებში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა სატენდერო პირობებით განსაზღვრულ წინაპირობებთან, რის შედეგადაც, 16.12.2019 წელს, მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №218 ხელშეკრულება წყალსადენის სისტემისთვის ტუმბოების შეძენისა და მონტაჟის სამუშაოების შესყიდვის შესახებ, რომლის ზუსტი დახასიათება (მახასიათებლები), რაოდენობა და ერთეულის ფასი მოცემული იყო ფასების ცხრილში (დანართ №1-ში), რომელიც თან დაერთო ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს.

3.3. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 157 757,74 ლარს, რომელიც მოიცავდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისაწოდებელი საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, რომლის გადახდაზეც პასუხისმგებელი იყო მიმწოდებელი (3.1-3.2 პუნქტი). ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების, შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტისა (საჭიროების შემთხვევაში) და ექსპერტიზის დასკვნის (ტექნიკურ პარამეტრებთან შესაბამისობა) წარმოდგენის შემდეგ, 10 სამუშაო დღის განმავლობაში (4.2 პუნქტი). ექსპერტიზის დასკვნა გაცემული უნდა ყოფილიყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ (4.2.1 პუნქტი). მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელი იყო საავანსო ანგარიშსწორება ხელშეკრულების ღირებულების 100%-ის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ ამავე თანხაზე იდენტური ოდენობის გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში.

3.4. საქონელი ჩაითვლებოდა მიღებულად მიწოდებულ საქონელზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (5.1. პუნქტი). საქონლის მიღება-ჩაბარებას შემსყიდველის მხრიდან განახორციელებდა კონტროლის (ინსპექტირების) ჯგუფი (5.2. პუნქტი). მოწოდებული საქონლის მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფდა მიმწოდებელი. შენიშვნა: მოწოდებული საქონლის მიღება და შემოწმება მოიცავდა საქონლის გამოცდას - ექსპლუატაციაში გაშვებას შემოწმების მიზნით, რათა დადგენილიყო საქონელი აკმაყოფილებდა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს (5.3. პუნქტი). შემსყიდველი ვალდებული იყო ოპერატიულად, წერილობითი სახით, ეცნობებინა მიმწოდებლისათვის საბოლოო შემოწმების შედეგები დაწუნებული საქონლის და წუნდების მიზეზის მითითებით (5.6 პუნქტი). მიმწოდებელს ტუმბოების მოწოდება და მონტაჟის შესაბამისი სამუშაოები უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების დადების დღიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში (6.1 პუნქტი). მიმწოდებელს ტუმბოების მიწოდება და მონტაჟის შესაბამისი სამუშაოები უნდა განეხორციელებინა ოჩხამური ჯიხანჯურის სატუმბო სადგურზე (6.2 პუნქტი). ხელშეკრულების ფარგლებში საქონლის მოწოდების კონტროლს განახორციელებდა კონტროლის (ინსპექტირების) ჯგუფი (8.1 პუნქტი). კონტროლი გულისხმობდა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების, აგრეთვე, მიწოდებული საქონლის ხარისხის კონტროლს (8.2 პუნქტი). ყველა გამოვლენილი ხარვეზის ან ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრებოდა მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (8.2 პუნქტი). მიმწოდებელი იძლეოდა გარანტიას, რომ შემოთავაზებული საქონელი სრულად შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებსა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. წარმოდგენილი საქონელი უნდა ყოფილიყო მაღალი ხარისხის, რაზეც შემსყიდველს უფლება ჰქონდა, საჭიროებისამებრ მოეთხოვა საერთაშორისო სტანდარტის დამადასტურებელი სერტიფიკატი (13.1 პუნქტი). ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონელს გააჩნდა 2 (ორი) წლიანი საგარანტიო ვადა (13.2 პუნქტი). მიმწოდებელი ვალდებული იყო შეტყობინების მიღებისთანავე განეხორციელებინა წუნდებული საქონლის შეკეთება ან მისი ახალი საქონლით ჩანაცვლება შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე, არაუგვიანეს 10 (ათი) დღის განმავლობაში (13.3 პუნქტი). გარანტიის მოქმედების პერიოდში მიმწოდებლის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება ჰქონდა თვითონ მიეღო ზომები საქონლის ექსპლუატაციის პროცესში წარმოშობილი ხარვეზების გამოსწორებისათვის და მოეთხოვა მიმწოდებლისათვის შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება (13.4 პუნქტი). ხელშეკრულება ძალაში შევიდა ხელშეკრულების თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებდა 30.04.2020 წლის ჩათვლით, გარდა საგარანტიო პერიოდით გათვალისწინებული ვადისა (14.1 პუნქტი).

3.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.04.2020 წლის №002269320 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიერ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ასახული ტუმბოების ტექნიკური პარამეტრები მოქცეულია შემსყიდველის მიერ №218 ხელშეკრულების დანართი №1-ით მოთხოვნილი ტუმბოების ტექნიკური პარამეტრების ფარგლებში.

3.6. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელემ მოსთხოვა მოპასუხეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და შეთანხმებული საზღაურის ანაზღაურება, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ შესრულებული სამუშაო არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებითა და სატენდერო პირობებით განსაზღვრულ სამუშაოებს, ამასთან, მოითხოვა ხარვეზის/ნაკლის აღმოფხვრა. მოგვიანებით კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის გასვლის გამო, შემსყიდველმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. მოსარჩელეს მოუწია კრედიტის სახით 110 000 ლარის აღება. მიმდინარე საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის მიერ გადასახდელი საპროცენტო სარგებელი შეადგენდა ჯამურად 23 255.26 ლარს.

3.7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.10.2021 წლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.01.2022 წლის №008302621 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სატუმბო სადგურზე, მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად შეძენილი და დამონტაჟებული ტუმბოები, საინჟინრო ექსპერტიზის №002269320 დასკვნის თანახმად, შეესაბამებიან შემსყიდველის მიერ 25.10.2019 წლის №218 ხელშეკრულების დანართი №1-ით მოთხოვნილი ტუმბოების ტექნიკურ პარამეტრებს, რასაც ეთანხმებიან. ექსპერტის აზრით, სატენდერო წინადადება არასრულყოფილად იყო შედგენილი, უნდა ყოფილიყო მითითებული ვერტიკალური ტუმბოს ვარიანტი და წარმადობა 10-15%-ით მეტი რეალურ საჭიროებასთან შედარებით, სიმძლავრის ნაზარდი 10-15% არ გამოიწვევდა ელ.ენერგიის ზედმეტ ხარჯს, რადგან ენერგიის ხარჯი დამოკიდებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობაზე, რამდენადაც მათთვის ცნობილია, მილსადენების საერთო სისტემაში რაიმე მკვეთრი ცვლილებები არ მომხდარა.

3.8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 08.05.2023 წლის სხდომაზე დაიკითხა ზემოხსენებული ექსპერტიზის შემდგენი ექსპერტი თ. ჭ–ძე. მისი განმარტებით: სატენდერო დოკუმენტაცია არაკვალიფიციურად, არაზუსტად იყო შედგენილი. არსებობს ტუმბოს ორი ტიპი - ვერტიკალური და ჰორიზონტალური. მოსარჩელემ დაამონტაჟა ჰორიზონტალური ტუმბო. ტუმბომ გარკვეული რაოდენობის წყალი უნდა მიაწოდოს რეზერვუარებს. სიმართლეს არ შეესაბამება ის გარემოება, რომ ტუმბოები რეზერვუარს წყალს არ აწვდის, რადგან დამონტაჟებული ტუმბოები რეზერვუარებს წყალს აწვდის 200 მეტრის სამაღლეზე, რამაც გავლენა იქონია წყლის მიწოდების რაოდენობაზე, ზუსტად რამდენზე, ამის თქმა შეუძლებელია, რადგან ამის დასადგენად საჭიროა სპეციალური ექსპერტიზის ჩატარება. ფაქტია, ტუმბოები მუშაობს. ტუმბოს გაცილებით მეტი რაოდენობით წყალი ააქვს, რადგან 2-3 დღეში რეზერვუარები ივსება, რაც ნიშნავს იმას, რომ ტუმბო წყალს აწვდის იქ, სადაც საჭიროა და იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა. ამდენად, გაუგებარია შემსყიდველის პრეტენზიები. აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტრომომარაგებაც ცუდია, ძაბვა დაბალია. სიმართლეს არ შეესაბამება ის გარემოება, რომ ტუმბოებს წყალი იმ სიმაღლეზე ვერ ააქვს, როგორც საჭიროა. ექსპერტის განმარტებით, პირადად დაათვალიერა სადავო ობიექტი. ფაქტია, რომ რეზერვუარები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, 2-3 დღეში ივსება, მოსახლეობა რეზერვუარებს ვერ დაცლის, რადგან რეზერვუარი ხარჯვის პროცესშიც მუდმივად ივსება. რადგან ტუმბოს ტიპი ტენდერით განსაზღვრული არ იყო, დამონტაჟებული ტუმბოები სრულად შეესაბამება დანიშნულებას. კონსტრუქციული აგებულება უნდა ყოფილიყო ის, რაც გათვალისწინებული ტენდერის პირობებით.

3.9. მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №218 ხელშეკრულებიდან, რაც თავისი არსით წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას. აღნიშნული ხელშეკრულებით შეთანხმებული ღირებულების ანაზღაურებისა და მისი გადაუხდელობით მიყენებული ზიანის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 629.1, 394.1, 408.1, 409-ე მუხლებიდან გამომდინარეობს. მოსარჩელის მტკიცებით, მან სრულად და ჯეროვნად შეასრულა მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოპასუხის მტკიცებით კი, მიმწოდებელმა არაჯეროვნად, ხარვეზიანად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოსარჩელის მიერ დამონტაჟებულ ტუმბოს ვერ ააქვს განსაზღვრულ სიმაღლემდე საჭირო რაოდენობის წყალი. მიუხედავად შეტყობინებისა, დანადგარის ხარვეზი მათ არ გამოასწორეს. სააპელაციო პალატის შესაფასებელია, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელემ მიაწოდა თუ არა შემსყიდველს შეთანხმებული ხარისხის ნივთი.

3.10. ის გარემოება, რომ მიმწოდებელმა ხარვეზიანად/ნაკლიანად შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ვალდებულება - მიაწოდა ნაკლიანი ნივთი, მოპასუხის მტკიცების ტვირთი იყო, რაც მან ვერანაირი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა. ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო და სარწმუნო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ის გარემოება, რომ მიწოდებული ნივთი (ტუმბოები) შეესაბამებოდა შეთანხმებულ ხარისხს და ვარგისი იყო დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად, უნდა დაემტკიცებინა მოსარჩელეს. ამ მიმართებით საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.04.2020 წლის №002269320 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ასახული ტუმბოების ტექნიკური პარამეტრები მოქცეულია შემსყიდველის მიერ №218 ხელშეკრულების დანართი №1-ით მოთხოვნილი ტუმბოების ტექნიკური პარამეტრების ფარგლებში. საქმეში, ასევე, წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.01.2022 წლის №008302621 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა. ამ დასკვნითაც დგინდება, რომ სატუმბო სადგურზე, მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად შეძენილი და დამონტაჟებული ტუმბოები, შეესაბამებიან შემსყიდველის მიერ 25.10.2019 წლის №218 ხელშეკრულების დანართი №1-ით მოთხოვნილი ტუმბოების ტექნიკურ პარამეტრებს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 08.05.2023 წლის სხდომაზე დაკითხული ექსპერტის, თ. ჭ–ძის, განმარტებით: სატენდერო დოკუმენტაცია არაზუსტად იყო შედგენილი. ტენდერის პირობებით კონსტრუქციული აგებულება უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული (ანუ ის, ტუმბო იქნებოდა ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური). სიმართლეს არ შეესაბამება ის გარემოება, რომ ტუმბოები რეზერვუარებს წყალს არ აწვდის. მან პირადად დაათვალიერა სადავო ობიექტი და დაადგინა, რომ დამონტაჟებული ტუმბოები სრულად შეესაბამება ხელშეკრულების იმ მიზანს, რომ დამონტაჟებულ ტუმბოებს რეზერვუარებისთვის წყალი მიეწოდებინა; ექსპერტის განმარტებით, თავად სატენდერო წინადადება (რომელსაც შემსყიდველი ადგენს) იყო ხარვეზიანი. არაკვალიფიციურად, არაზუსტად შედგენილი, არ იყო გათვალისწინებული ტუმბოების კონსტრუქციული აგებულება ტუმბოს ორი ტიპის არსებობიდან გამომდინარე (ვერტიკალური და ჰორიზონტალური) სატენდერო წინადადებაში უნდა ყოფილიყო ზუსტად განსაზღვრული თუ რომელი ტიპის ტუმბო უნდა დაემონტაჟებინა მიმწოდებელს. თუმცა, ამის მიუხედავად, ექსპერტმა განმარტა, რომ მისი ვიზუალური დათვალიერებით და შემოწმებითაც ტუმბოები ასრულებენ თავიანთ ფუნქციას. ისინი წყალს აწვდიან რეზერვუარებს იქ, სადაც საჭიროა და იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა. სიმართლეს არ შეესაბამება ის გარემოება, რომ ტუმბოებს წყალი სიმაღლეზე ვერ ააქვთ, რადგან მან პირადად დაათვალიერა ობიექტი, ტუმბოების მუშაობა სრულიად შეესაბამება ხელშეკრულების მიზანს.

3.11. სსკ-ის 52-ე მუხლი ადგენს გონივრული განსჯის შედეგად ნების დადგენის პრინციპს. რაკიღა სატენდერო წინადადებაში არაფერი იყო ნათქვამი დამონტაჟებული ტუმბოების კონსტრუქციულ აგებულებაზე (ანუ იმაზე, ტუმბო უნდა ყოფილიყო ვერტიკალური თუ ჰორიზონტალური), გონივრულად უნდა იქნას მიჩნეული მიმწოდებლის მიერ იმგვარი ტუმბოების დამონტაჟება, რაც ხელშეკრულების მიზნის შესაბამისი იქნებოდა. ანუ მიმწოდებელს უნდა დაემონტაჟებინა იმგვარი ტუმბოები, რომლებიც უზრუნველყოფდა რეზერვუარში წყლის შეუფერხებელ მიწოდებას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, ექსპერტიზის დასკვნის და შემდგომ უკვე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასკვნის გამცემი ექსპერტის გამოკითხვამ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ დამონტაჟებული ტუმბოები სახელშეკრულებო მიზნისა და დანიშნულების შესატყვისი იყო, ისინი რეზერვუარებში წყალს შეუფერხებლად აწოდებდნენ. აღნიშნულ გარემოებათა საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა საკუთრივ მოპასუხის განმარტებისა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, დაუსაბუთებელია შემსყიდველის მტკიცება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ნაკლიანად, ხარვეზიანად შესრულების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე იყო საფუძვლიანი და იგი სწორად დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

3.12. სააპელაციო პალატის მითითებით, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაადასტურა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის - 23 255.26 ლარის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი დაფუძნებულია მასზე, რომ მოსარჩელემ განახორციელა ნაკლიანი შესრულება, ტუმბოები ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას, რის გამოც არ არსებობს არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის და არც ზიანის ანაზღაურების საფუძველი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. ამრიგად, სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები. ამ ფაქტების დადგენა ხორციელდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით (სუსგ №ას-948-2021, 17.12.2021წ., პ. 67). ფაქტებზე მითითება, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა (შდრ. სუსგ №ას-1190-2021, 22.02.2022წ., პ. 104).

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს [სსსკ-ის 201.4. მუხლი]. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. სუსგ №ას-201-2019, 08.05.2019წ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ დაშვებული შეცდომა ფაქტების მითითების დროს, შეიძლება გამოიხატოს იმით, რომ მათ არ მიუთითეს ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელსაც აქვს მნიშვნელობა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების გამოტანისათვის. მხარეთა მიერ დაშვებულ შეცდომას სასამართლო ვერ გამოაწორებს: სასამართლო ვერ „გაამდიდრებს“, ვერ შეავსებს მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, რადგან მხოლოდ მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს თუ შესაგებელს (სსსკ-ის მე–4 მუხლი) (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო პროცესუალური სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 214). მოსამართლე ვერ დაეხმარება მხარეს სარჩელის/შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთების შედგენაში. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს (სუსგ №ას-354-2021, 25.06.2021წ., პ. 101, 102).

10. დადგენილია, რომ მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ ტენდერის ფარგლებში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა სატენდერო პირობებით განსაზღვრულ წინაპირობებთან, რის შედეგადაც მხარეთა შორის 16.12.2019 წელს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №218 ხელშეკრულება წყალსადენის სისტემისთვის ტუმბოების შეძენისა და მონტაჟის სამუშაოების შესყიდვის შესახებ, რომლის ზუსტი დასახელება (მახასიათებლები), რაოდენობა და ერთეულის ფასი მოცემული იყო ფასების ცხრილში (დანართ №1-ში). წარმოდგენილ სარჩელში მოსარჩელემ მიუთითა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, რის გამოც ითხოვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდასა და მისი გადაუხდელობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. შესაგებლით მოპასუხემ სადავო გახადა მხოლოდ ვალდებულების ჯეროვნად შესრულება და მიუთითა მოსარჩელის მიერ ნაკლიან შესრულებაზე, კერძოდ, მისი მტკიცებით, მოსარჩელის მიერ დამონტაჟებულ ტუმბოებს ვერ ააქვს განსაზღვრულ სიმაღლემდე საჭირო რაოდენობის წყალი. აღნიშნულ გარემოებას ეყრდნობა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარიც.

11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.

12. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.).

13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, ექსპერტიზის დასკვნებზე, ასევე - სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასკვნის გამცემი ექსპერტის გამოკითხვაზე დაყრდნობით მართებულად დაადგინა და კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, რომ მიმწოდებლის მიერ დამონტაჟებული ტუმბოები სახელშეკრულებო მიზნისა და დანიშნულების შესატყვისი იყო და ისინი რეზერვუარებში წყალს შეუფერხებლად აწოდებდნენ.

14. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.04.2020 წლის №002269320 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიერ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ასახული ტუმბოების ტექნიკური პარამეტრები მოქცეულია შემსყიდველის მიერ №218 ხელშეკრულების დანართი №1-ით მოთხოვნილი ტუმბოების ტექნიკური პარამეტრების ფარგლებში (ტ.1, ს.ფ. 49-55). სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.01.2022 წლის №008302621 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით, ასევე - დგინდება, რომ სატუმბო სადგურზე, მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად შეძენილი და დამონტაჟებული ტუმბოები, შეესაბამებიან შემსყიდველის მიერ 25.10.2019 წლის №218 ხელშეკრულების დანართი №1-ით მოთხოვნილი ტუმბოების ტექნიკურ პარამეტრებს (ტ.1, ს.ფ. 227-239). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.05.2023 წლის სხდომაზე დაიკითხა ექსპერტიზის შემდგენი ექსპერტი თ. ჭ–ძე, რომლის განმარტებით, ვიზუალური დათვალიერებით და შემოწმებითაც ტუმბოები ასრულებენ თავიანთ ფუნქციას; ისინი წყალს აწვდიან რეზერვუარებს იქ, სადაც საჭიროა, და იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა; სიმართლეს არ შეესაბამება ის გარემოება, რომ ტუმბოებს წყალი სიმაღლეზე ვერ ააქვთ (იხ. წინამდებარე განჩინების პუნქტი 3.10; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.05.2023 წლის სხდომის ოქმი, ტ.3, ს.ფ. 77-88). ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო სამართალში დადგენილი მტკიცების სტანდარტით დაადასტურა, რომ მიწოდებული ნივთი (ტუმბოები) შეესაბამებოდა შეთანხმებულ ხარისხს და ვარგისი იყო დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. მოპასუხემ კი საწინააღმდეგოს დამტკიცება ვერ შეძლო.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

17. კასატორი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

რევაზ ნადარაია