საქმე №ას-1044-2022 10 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „გ-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.04.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.07.2021 წლის გადაწყვეტილებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შემსყიდველი“ ან „კასატორი“) სარჩელი სს „გ-ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) მიმართ არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.04.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. 13.11.2017 წელს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოსა“ (რომლის სამართალმემკვიდრე ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით არის მოსარჩელე) და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №35030305/17–11 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის“ სახელმწიფო პროგრამის (2018 წლის საბიუჯეტო ასიგნებები), „ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტის ფარგლებში, მორფინის ჰიდროქლორიდი/სულფატის (სავაჭრო დასახელება „რუმორფი - 10“) შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 382 217.40 ლარს.
3.2. ხელშეკრულებით განისაზღვრა საქონლის მიწოდების წესი. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი პასუხისმგებელია შემსყიდველის წინაშე საქონლის ნებისმიერი სახის დაზიანების შემთხვევაში, რისთვისაც მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქონლის სრული უსაფრთხოება ტრანსპორტირებისას, შესაძლო დაზიანებისა და გაფუჭებისგან.
3.3. ხელშეკრულებით განისაზღვრა საქონლის მიწოდებისა და მიღება-ჩაბარების პირობები. მედიკამენტის 50 000 ამპულის მიწოდების ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 05.01.2018 წელი, ხოლო 782 500 ამპულის მიწოდების ვადად არაუგვიანეს 10.12.2018 წელი.
3.4. ხელშეკრულების თანახმად, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარება განხორციელდება შემსყიდველის შემმოწმებელი პირის ან/და ჯგუფის მიერ შედგენილი ინსპექტირების (შემოწმება) აქტის საფუძველზე. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე ყველა ქონებრივი უფლება საქონელზე ეკუთვნის მიმწოდებელს, რომელიც პასუხისმგებელია საქონლის შემთხვევით (მთლიანად ან ნაწილობრივ) დაზიანებაზე ან განადგურებაზე. მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერისთანავე აღნიშნული უფლებები და რისკები გადადის შემსყიდველზე.
3.5. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებულია ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამო (წუნდებული) საქონელი, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 45 კალენდარულ დღეში განახორციელოს წუნდებული საქონლის შეცვლა. აღნიშნული პასუხისმგებლობა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც საქონლის წუნდება გამოწვეულია შემსყიდველის ან/და მისი კონტრაქტორი ფარმაცევტული ბაზის მიერ შენახვის პირობების დარღვევის შედეგად.
3.6. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №35030305/17-11 ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის 10.05.2018 წელს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. მხარეებს შორის ასევე გაფორმდა ხელშეკრულების შესრულების კონტროლის აქტი №66, სადაც მითითებულია სწორედ მხარის მიერ სადავოდ გამხდარი პროდუქციის სერიები. ინსპექტირებას ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ახორციელებს თავად შემსყიდველი (ხელშეკრულების 5.3 პუნქტი). კონტროლს ასევე ესწრებოდა შპს „მ.პ–ის“ წარმომადგენელი. კონტროლისას არავითარი შეუსაბამობა მიწოდებული პროდუქციისა ხელშეკრულების პირობებთან არ გამოვლენილა, რაც მხარეებმა დაადასტურეს ხელმოწერებით.
3.7. მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შინაარსობრივად ნასყიდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს და მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 477-ე მუხლის წინაპირობები. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოება იმის თაობაზე, რომ მიმწოდებელმა ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შემსყიდველს მიაწოდა უნაკლო პროდუქცია (სსკ-ის 487-ე-488-ე მუხლები). მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად შემსყიდველს წარუდგინა საბანკო გარანტიაც, რომელიც გაუქმდა პრინციპალის მიერ საგარანტიო ვალდებულებების სრულად შესრულებით, ისე, რომ შემსყიდველს რაიმე პრეტენზია მიმწოდებლის მიმართ არ დაუფიქსირებია.
3.8. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია მის მხარეზე არსებული მტკიცების ტვირთი - ნაკლიან, უხარისხო პროდუქციასთან დაკავშირებით. საყურადღებოა, რომ მან მოპასუხეს პრეტენზიით მიმართა ერთი წლის თავზე პროდუქციის ჩაბარებიდან/მიღებიდან, მაშინ როდესაც ხელშეკრულებით ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ პასუხისმგებლობა საქონლის ხარისხზე ეკისრება შემსყიდველს (განსახილველ საქმეში, მოსარჩელეს). ამდენად, დასაბუთებულია, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ პრეტენზია ნაკლიან შესრულებასთან მიმართებით უნდა დაფიქსირებულიყო გონივრულ ვადაში, რათა მოპასუხის ბრალეულობის საკითხი რეალური გამხდარიყო, რაც მოსარჩელემ წინამდებარე საქმეში, არ განახორციელა.
3.9. რაც შეეხება მტკიცებულების სახით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ იგი პასუხს ვერ სცემს მთავარ კითხვაზე - კლინიკურად ვარგისი იყო თუ არა მედიკამენტები. შესაბამისად, ვერ გამოდგება მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტების დასასაბუთებლად/დამამტკიცებლად. პროდუქტის სერტიფიკატებში ამ პროდუქტის დახასიათებაა გამჭვირვალე მოყვითალო და ეს ნორმად მიიჩნევა. პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოცემულ საქმეში მტკიცებულების სახით საქმეზე წარმოდგენილი დასკვნები.
3.10. დადგენილია, რომ შემსყიდველმა მოიწონა პროდუქციის ხარისხი და მიიღო იგი, რასაც მოწმობს ხელმოწერილი აქტები. იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველს პროდუქტის მიღებიდან გონივრულ ვადაში არ გამოუთქვამს პრეტენზია პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეწყდა შესრულებით. შესაბამისად, 13.11.2017 წლის ხელშეკრულებამ ამოწურა თავისი თავი და მისი დებულებების განუსაზღვრელი ვადით გამოყენება უმართებულოა. მიმწოდებელი ვერ იკისრებს პასუხისმგებლობას შემსყიდველისთვის ერთი წლის წინ გადაცემულ პროდუქტზე, მით უფრო, როდესაც პროდუქტი არის სამკურნალო საშუალება და საჭიროებს შენახვასა და გამოყენებას სპეციალური წესებისა და პირობების დაცვით, პროდუქტი ინახება მესამე მხარესთან და უშუალოდ შემსყიდველს პროდუქტის მიღებიდან გონივრულ ვადაში არ წარუდგენია პრეტენზია პროდუქტის ხარისხთან მიმართებით, რაც უსაფუძვლოს ხდის მოსარჩელის მოთხოვნას.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. დადგენილია, რომ 13.11.2017 წელს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა „ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის“ სახელმწიფო პროგრამის (2018 წლის საბიუჯეტო ასიგნებები), „ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტის ფარგლებში, მორფინის ჰიდროქლორიდი/სულფატის (სავაჭრო დასახელება „რუმორფი - 10“) შესყიდვა. ამრიგად, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან (სსკ-ის 477-ე მუხლი). ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს აქვს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები (სუსგ №ას-722-2019, 29.11.2019წ.).
9. სსკ-ის 487-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
10. წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლად მოსარჩელე უთითებს მიწოდებული პროდუქციის ნაწილის ნაკლოვანებაზე, კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ შპს „მ.პ–ის“ ცენტრალურ საწყობში განთავსებული მორფინის სულფატის ამპულების გარკვეულ ნაწილში (სერიული ნომრები და ვადა მითითებულია 30.05.2019 წლის №04/28874 წერილში) აღინიშნა ფერის ცვლილება გამჭვირვალე ღია ყვითლიდან ოდნავ მუქ შეფერილობამდე; ნაკლის გამო შეწყდა მათი ბენეფიციარებზე გაცემა და რადგან მოპასუხემ არ ჩაანაცვლა წუნდებული პროდუქცია, იგი ზიანის ანაზღაურების სახით ითხოვს მისი ღირებულების მიმწოდებლისთვის დაკისრებას. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება), 494.1 (ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება).
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურება მიეკუთვნება მეორად/დამატებით მოთხოვნებს. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა მაშინ, როდესაც პირველადი მოთხოვნის შესრულებისას ჩნდება პრობლემა. პრობლემა შეიძლება მდგომარეობდეს ვალდებულების შეუსრულებლობაში, არაჯეროვნად შესრულებაში ან ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა ვალდებულების დარღვევაში. ზიანის ანაზღაურების მეორადი მოთხოვნის უფლება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სახის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის არსებობისას (სუსგ №ას-556-2021, 29.09.2021წ., პუნ. 86; №ას-409-2022, 08.06.2022წ., პუნ. 55). სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და ქმედებას შორის (სუსგ №ას-719-2019, 24.12.2020წ.).
12. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის - ნაკლიანი პროდუქციის მიწოდების დადასტურება ვერ შეძლო. დადგენილია, რომ სადავოდ გამხდარ პროდუქციაზე მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის 10.05.2018 წელს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 71), ასევე, გაფორმდა ხელშეკრულების შესრულების კონტროლის აქტი №66; კონტროლისას შეუსაბამობა არ გამოვლენილა, რაც მხარეებმა დაადასტურეს ხელმოწერებით (ს.ფ. 46-47). აღნიშნულის შემდეგ მიწოდებული საქონლის შემთხვევით (მთლიანად ან ნაწილობრივ) დაზიანების ან განადგურების რისკები გადავიდა შემსყიდველზე (ხელშეკრულების 5.3 პუნქტი). აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს პროდუქციის ნაკლის თაობაზე პრეტენზიით მიმართა პროდუქციის ჩაბარებიდან ერთი წლის შემდეგ (ს.ფ. 29-30), რაც გონივრულ ვადად ვერ მიიჩნევა, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პროდუქტი არის სამკურნალო საშუალება და საჭიროებს შენახვასა და გამოყენებას სპეციალური წესებისა და პირობების დაცვით. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები (ს.ფ. 23-26, 31-39), სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად არ მიიჩნიეს სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებებად, ვინაიდან ისინი პასუხს ვერ სცემენ კითხვაზე - კლინიკურად ვარგისი/ეფექტური იყო თუ არა მედიკამენტები. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გამოსაკვლევი პროდუქტის შეფერილობა არის მოყვითალო ელფერის მქონე, გამჭვირვალე, რაც მიჩნეულია შეუსაბამობად, თუმცა პროდუქტის სერტიფიკატებში ამ პროდუქტს იგივე დახასიათება აქვს (გამჭვირვალე უფერო ან ღია ყვითელი ფერის; უფერო ან მოყვითალო გამჭვირვალე) (ს.ფ. 107-118) და ეს ნორმად მიიჩნევა. ამრიგად, რადგან მოსარჩელემ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით მოპასუხის მიერ ნაკლიანი შესრულების დადასტურება ვერ შეძლო, მის სარჩელს მართებულად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 1295.40 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 906.78 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ: 200....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1295.40 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №23722, გადახდის თარიღი 22.09.2022წ.) 70% – 906.78 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია