Facebook Twitter

საქმე №ას-561-2020 27 სექტემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ჯ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.12.2019 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ნ.ჯ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შემკვეთი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „მენარდე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - 2000.67 აშშ დოლარის, ხოლო მორალური ზიანის სახით 2000.67 აშშ დოლარის დაკისრება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.06.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.12.2019 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

4.1. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 14.04.2017 წელს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელის კუთვნილ ბინაში გარკვეული სარემონტო სამუშაოების შესრულების ვალდებულება იკისრა, კერძოდ, როგორც მხარეთა მიერ წერილობით შედგენილი ხელშეკრულების შინაარსიდან დგინდება, მოპასუხეს უნდა შეესრულებინა ე.წ. სამღებრო სამუშაოები, რომელშიც მხარეები მოიაზრებდნენ შემდეგ სამუშაოებს: რებვა („მალიარკა“) მთლიანად, შპალერის გაკვრა, შეფითხნა („გაშპაკვლა“), ჭერის შეღებვა, კარ-ფანჯრის შეღებვა, კარნიზების გაკვრა, კედლისა და იატაკის ფილის (კაფელისა და მეტლახის) დაგება. ამ სამუშაოებისათვის მთლიანად მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა გადაეხადა 1400 ლარი.

4.2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის კუთვნილ ბინაში განხორციელდა გარკვეული სარემონტო სამუშაოები პირადად მოპასუხის, ასევე მის მიერ შერჩეული ხელოსნების (ს.ს–ის, დ.ს–ის, გ.დ–ას) მიერ. იმ ფაქტს, რომ გარკვეული სარემონტო სამუშაოები ჩატარებულია, არც მოსარჩელე უარყოფს. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილებით, რომელთა მონაცემების სისწორეც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, დადასტურებულია, რომ ჩატარებული სამუშაოების სანაცვლოდ მოსარჩელეს გადახდილი აქვს 2400 ლარი.

4.3. სასარჩელო მოთხოვნა ემყარება იმ გარემოებას, რომ სამუშაოები უხარისხოდ არის ჩატარებული, მაგალითად: მოსარჩელის მტკიცებით, საპირფარეშოში ტრაპი არ არის მოწყობილი, სავენტილაციო მილზე დამცავი ბადე არ არის მოწყობილი, საფირფარეშოში კედელზე ერთ ადგილას მიკრულია არა მთლიანი ფილა, არამედ ფილის ნაჭრები, საშხაპე კუთხე (ქვესადგომი) ისე არ უნდა გაკეთებულიყო, როგორც არის მოწყობილი, შესაბამისად, ე.წ. კაფელ-მეტლახი მთლიანად ასაყრელია, სამზარეულოში ასაყრელია მეტლახი და ხელახლა უნდა ჩატარდეს ეს სამუშაოები, სამზარეულოს, შესასვლელისა და ლოჯიის კედლების შეფითხნისა და შპალერის გაკვრის სამუშაოები ხელახლაა ჩასატარებელი, შესაბამისად, ლოჯიასა და სამზარეულოში საჭირო იქნება შპალერის ჩამოხსნა; აგრეთვე, მოსარჩელის მტკიცებით, შეკიდული ჭერი სამზარეულოში, საპირფარეშოსა და შესასვლელში არის ჩამოწეული; უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საჭიროა ამ სამუშაოების ხელახლა ჩატარება, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული; გარდა ამისა, გარკვეული სამუშაოები, რომელიც უნდა განეხორციელებინა მოპასუხეს, არ შეუსრულებია, მაგალითად: კარ-ფანჯრის შეღებვის, ასევე, აივნის მოაჯირის შეღებვის სამუშაოები, ჭერის შეღებვა ლოჯიაში. საბოლოოდ, მოსარჩელე უხარისხო სამუშაოებით და ზოგიერთი სამუშაოს შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს 2000,67 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელე მოითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებასაც 2000,67 აშშ დოლარის ოდენობით. ამდენად, მხარეთა შორის სადავოა, არის თუ არა მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოები ნაკლიანი, სადავოა შესრულებული სამუშაოებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების მოცულობაც.

4.4. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ნაწილი სამუშაოებისა, რომელიც უშუალოდ 14.04.2017 წლის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, არ შესრულებულა (მაგალითად: კარ-ფანჯრის შეღებვის, აივნის მოაჯირის შეღებვის), თუმცა შესრულებულია ის დამატებითი სამუშაოები, რომლებიც ხელშეკრულებით მხარეებს შეთანხმებული არ ჰქონიათ (მაგალითად: ელექტრო გაყვანილობის მოწყობის, შეკიდული ჭერის მოწყობის სამუშაოები, სანტექნიკური სამუშაოები). აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაასკნა, რომ სამუშაოთა მიმდინარეობისას თავად მხარეთა ზეპირი შეთანხმებით გარკვეული კორექტირება განიცადა შესასრულებელი სამუშაოების მოცულობამ. შესაბამისად, მოსარჩელის ის პოზიცია, რომ მოპასუხეს არ შეუსრულებია კარ-ფანჯრის, ასევე, აივნის მოაჯირის შეღებვის სამუშაოები, რითაც მან განიცადა ზიანი, საფუძველს მოკლებულია. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, საბოლოოდ, ფაქტობრივად ჩატარებული სამუშაოების კვალობაზე მოხდა ანგარიშსწორებაც. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროსაც მოსარჩელემ ვერ მიუთითა, თუ კონკრეტულად რა ჯდებოდა სახელდობრ კარ-ფანჯრისა და აივნის მოაჯირის სამუშაოს ფასი და ვერ დაასაბუთა დამაჯერებლად, რომ მის მიერ მოპასუხისათვის გადახდილი თანხა ამ სამუშაოს ფასსაც მოიცავდა. ამასთან დაკავშირებით მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულებებზეც არ მიუთითებია.

4.5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს, რომ მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოები ნაკლის მქონეა და რომ ამ ნაკლიანი სამუშაოების გამო მას მიადგა მატერიალური ზიანი, კერძოდ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ: 1) საპირფარეშოში მეორე ტრაპის მოუწყობლობის, 2) სავენტილაციო მილზე დამცავი ბადის მოუწყობლობის, 3) საშხაპე კუთხის არსებული სახით მოწყობით, 4) საპირფარეშოს კედელზე ერთ ადგილას არა მთლიანი კაფელის, არამედ კაფელის ნაჭრების მოწყობით ჩატარებული კაფელ-მეტლახის დაგების სამუშაო არის იმ ხარისხის ნაკლის მქონე, რომ აუცილებელია მისი დემონტაჟი და ამ სამუშაოების თავიდან ჩატარება.

4.6. მხარეთა ახსნა-განმარტებით (იხ. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას დაფიქსირებული პოზიციები) დადგენილია, რომ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა 14.04.2017 წლიდან, დაახლოებით, 10.05.2017 წლამდე პერიოდში. როგორც მოსარჩელემ მიუთითა, თანხის ბოლო გადახდისთანავე მან დაიბრუნა სახლის გასაღები, რომელიც მოპასუხეს ჰქონდა გადაცემული. გადასაცემი თანხის ბოლო გადახდა კი, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, განხორციელებულია 10.05.2017 წელს. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოწმეთა ჩვენებით დადასტურებულ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სისტემატურად ამოწმებდა შესრულებულ სამუშაოებს. სააპელაციო ინსტანციაში საქმის ზეპირი განხილვისას თავად მოსარჩელემაც დაადასტურა, რომ ის ყურადღებას აქცევდა და აკონტროლებდა ხელოსნების მიერ სამუშაოთა შესრულების პროცესს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ყველა ის დეტალი, რომელზეც მიუთითებს მოსარჩელე და მიიჩნევს შესრულებული სამუშაოების ნაკლოვანებებად (მაგალითად: მოსარჩელის მტკიცებით, საპირფარეშოში ტრაპი არ არის მოწყობილი, სავენტილაციო მილზე დამცავი ბადე არ არის მოწყობილი, საფირფარეშოში კედელზე ერთ ადგილას მიკრულია არა მთლიანი კაფელის ფილა, არამედ ფილის ნაჭრები, საშხაპე კუთხე ისე არ უნდა გაკეთებულიყო, როგორც არის მოწყობილი, შესაბამისად, კაფელ-მეტლახი მთლიანად ასაყრელია, სამზარეულოში ასაყრელია მეტლახი და ხელახლა უნდა ჩატარდეს ეს სამუშაოები, ასევე, სამზარეულოს, შესასვლელისა და ლოჯიის კედლების შეფითხნისა და შპალერის გაკვრის სამუშაოები ხელახლაა ჩასატარებელი, შესაბამისად, ლოჯიასა და სამზარეულოში საჭირო იქნება შპალერის ჩამოხსნა; აგრეთვე, მოსარჩელის მტკიცებით, შეკიდული ჭერი სამზარეულოში, საპირფარეშოსა და შესასვლელში არის ჩამოწეული; უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საჭიროა ამ სამუშაოების ხელახლა ჩატარება, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული), არის თვალსაჩინო. ფაქტია, რომ თავად სამუშაოთა შესრულების მომენტშივე ჰქონდა მოსარჩელეს ამ ხარვეზებზე მითითების შესაძლებლობა, თუკი მათ მიიჩნევდა იმ ხარისხის ხარვეზად, რაც ნაკლოვანს ხდიდა შესრულებულ სამუშაოს. თუკი ეს დეტალები არ შეესაბამებოდა მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს, მათი თვალსაჩინოებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს შეეძლო სამუშაოთა შესრულების პროცესშივე მიეთითებინა და მათ გამოსწორებამდე არ ჩაებარებინა სამუშაოები, შესაბამისად, არ გადაეხადა საფასური. როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებიდან, ასევე, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილების შინაარსიდან ირკვევა, რომ სამუშაოები სრულდებოდა ეტაპობრივად და მოსარჩელეც ეტაპობრივად იხდიდა თანხას. მოსარჩელის პოზიცია, რომ მას მოპასუხე აიძულებდა თანხის გადახდას და ამიტომ იხდიდა, პალატის მოსაზრებით, არადამაჯერებელია, მით უფრო იმ ფონზე, რომ, როგორც მითითებული წერილობითი მტკიცებულებებით (ხელწერილებით) დასტურდება, მოსარჩელე მის მიერ ყოველ გადახდილ თანხის მიღების ფაქტს ხელმოწერით ადასტურებინებდა მოპასუხეს.

4.7. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 27.07.2018 წლის აუდიტორული დასკვნა, პალატის მოსაზრებით, არ ადასტურებს შესრულებული სამუშაოების უხარისხობას. გაურკვეველია, აუდიტორმა ს. ნ–მა როგორ და რა მეთოდოლოგიის გამოყენებით დაადგინა, რომ მთელი რიგი სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული. ამგვარი დასკვნის გაკეთებისათვის შესაბამისი ტექნიკურ-საინჟინრო კვლევა უნდა ყოფილიყო ჩატარებული. მოცემულ შემთხვევაში, აუდიტორული დასკვნის შინაარსიდან არ იკვეთება, რომ ამგვარი კვლევის შედეგად მივიდა აუდიტორი ამ დასკვნამდე (ამის საწინააღმდეგოდ, აუდიტორული დასკვნის შინაარსიდან უფრო იკვეთება ის გარემოება, რომ აუდიტორმა აღნიშნული შეფასება ჩატარებული სამუშაოების უხარისხობის თაობაზე გააკეთა მხოლოდ დამკვეთის, მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე). საყურადღებოა ისიც, რომ დასკვნა გაკეთებულია სამუშაოების დასრულებიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე, რაც კიდევ უფრო უსაფუძვლოს ხდის სამუშაოების უხარისხოდ ჩატარების შესახებ აუდიტორის შეფასებას. მაგალითად, აუდიტორი საუბრობს ოთახებში გაკრული შპალერის შესახებ და მიუთითებს, რომ შპალერი უმრავლეს ადგილას ამძვრალია, თუმცა არ უთითებს, თუ რის საფუძელზე დაასკვნა, რომ სწორედ უხარისხოდ წარმოებული სამუშაოების და არა რაიმე სხვა გარემოების გამოა (მაგალითად, გარეგანი ზემოქმედების შედეგად) შპალერი ამძვრალი ან დაზიანებული. პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დასკვნა არ ეფუძნება შესაბამის დასაბუთებას, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ წარმოებული სარემონტო სამუშაოების უხარისხობასა და არაჯეროვან შესრულებას. რაც შეეხება ფაქტების კონსტატაციის მასალებს (ვიდეო, ასევე - ფოტომასალა), აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად ვერ გამოვლინდა რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ჩატარებული სამუშაოების უხარისხობას (მაგალითად, ვიზუალურადაც არ ფიქსირდება, რომ სამზარეულოში, შემოსასვლელსა და საპირფარეშოში მოწყობილი შეკიდული ჭერი არის ჩამოწეული, ჩამოზნექილი). ამგვარად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა არაჯეროვანი, უხარისხოდ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად არსებითი ნაკლის მქონე შესრულების არსებობა, რის გამოც მთელი რიგი (მაგალითად, მეტლახის, კაფელის დაგების/გაკვრის სამუშაო, სანტექნიკური სამუშაოები) სარემონტო სამუშაოები თავიდან არის ჩასატარებელი.

4.8. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 629-ე, 639-ე, 641-ე და 645-ე მუხლებზე მითითებით, იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ შესრულებულ სამუშაოთა ნაკლოვანება, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად უთხრა უარი მოსარჩელეს მატერიალური ზიანის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მართებულად არ დაკმაყოფილდა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაც.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრული შემკვეთის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

10. დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 14.04.2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საგანს მოპასუხის მიერ მოსარჩელის ბინაში გარკვეული სარემონტო სამუშაოების შესრულება წარმოადგენდა. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან. ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსესუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი (სუსგ №ას-1166-2019, 06.04.2020წ.). სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

11. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.). მენარდის მიერ შემკვეთისათვის უნაკლო შესრულების გადაცემის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შემკვეთის მეორადი მოთხოვნების წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლებია სსკ-ის 642-645-ე მუხლების დანაწესები. შესაბამისად, შემკვეთს შეუძლია, პირველ ეტაპზე მოითხოვოს დამატებითი შესრულება (ნაკლის გამოსწორება ან ახალი ნაკეთობის დამზადება), ხოლო შემდგომ დამატებითი წინაპირობების არსებობისას, მას წარმოეშობა ხელშეკრულებიდან გასვლის ან საზღაურის შემცირების მოთხოვნის უფლება. გარდა ამისა, შემკვეთს შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შესრულებასთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად (სუსგ №ას-222-2021, 04.06.2021წ., პუნ. 109). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხემ და მის მიერ შერჩეულმა ხელოსნებმა შეასრულეს გარკვეული სარემონტო სამუშაოები, რის სანაცვლოდაც მოსარჩელეს გადახდილი აქვს 2400 ლარი. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლად მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხემ სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა და საჭიროა მათი ხელახლა ჩატარება, ამასთან, გარკვეული სამუშაოები საერთოდ არ არის შესრულებული. აღნიშნულს არ ეთანხმება მენარდე, რომელიც მიიჩნევს, რომ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად.

12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაკლიანი შესრულების დადასტურების ტვირთი შემკვეთს ეკისრება (შდრ. სუსგ №ას-1324-2019, 12.03.2021წ; №ას-58-2020, 11.03.2020წ.). სსკ-ის 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. ამავე კოდექსის 641-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას. ნების ავტონომიის პრინციპის გათვალიწინებით, სამოქალაქო კოდექსი ნივთობრივი ნაკლის არსებობის დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას ნივთის თვისებების თაობაზე. ამდენად, მისი მახასიათებლები, ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში აისახება ცალკეული პირობის სახით და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ნივთის ხარისხი არ მოიცავს მხოლოდ ნივთის მახასიათებელ თვისებებს, არამედ ყველა იმ პარამეტრს, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილ ექსპლუატაციას, მით უმეტეს, თუ შემკვეთს განსაზღვრული აქვს ამ ნივთის კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება. ამდენად, მხარეთა შეთანხმება ნივთის ხარისხის თაობაზე, წარმოადგენს ნივთის ნაკლოვანების პირველ შესამოწმებელ წინაპირობას (სუსგ №ას-1522-2019, 12.02.2021წ., პუნ. 35). მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ თანხის გარკვეულ ნაწილს შემკვეთი მენარდეს გადაუხდიდა სამუშაოების ხარისხიანად დამთავრების შემდეგ, თუმცა ხელშეკრულება არ შეიცავს შეთანხმებას, თუ რა მახასიათებლები მიიჩნეოდა სამუშაოს ხარისხიანად შესრულებად (ტ.1, ს.ფ. 24). ამდენად, შესრულებული სამუშაოების ნაკლიანად მისაჩნევად, შემკვეთს უნდა დაედასტურებინა მისი ჩვეულებრივი გამოყენებისათვის გამოუსადეგარობა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.). საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ, სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების იმგვარი ნაკლოვანების არსებობა, რაც ამ სამუშაოების ხელახლა ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითებდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კასატორმა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა. ნაკლიანი შესრულების ფაქტი არ დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 27.07.2018 წლის აუდიტორული დასკვნით. აღნიშნული დასკვნა მომზადებულია სამუშაოების დასრულებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, იგი არ შეიცავს მსჯელობას თუ რა მეთოდოლოგიის გამოყენებით დადგინდა სამუშაოთა უხარისხობა და უმეტესად მოსარჩელის მითითებებს ეყრდნობა. სამუშაოების არაჯეროვანი შესრულება არ დასტურდება არც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტების კონსტატაციის მასალებით. რაც შეეხება კარ-ფანჯრისა და აივნის მოაჯირის შეღებვას, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას (იხ. წინამდებარე განჩინების 4.4. პუნქტი). საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელე სისტემატურად ამოწმებდა შესრულებულ სამუშაოებს და ეტაპობრივად იხდიდა თანხასაც. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოს მიიჩნევდა ნაკლიანად, შეეძლო სამუშაოთა შესრულების პროცესშივე მიეთითებინა მათზე და თანხის გადახდამდე მათი გამოსწორება მოეთხოვა. შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არარსებობის პირობებში, მართებულად არ დაკმაყოფილდა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც.

13. რაც შეეხება კასატორის მითითებას ახალ ფაქტებზე, რომლებიც სარჩელში აღნიშნული არ ყოფილა, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები) და განმარტავს, რომ მითითებული ნორმა საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს ადგენს; ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. საკასაციო სასამართლო საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობას ამოწმებს საქმეში უკვე წარმოდგენილი, საპროცესო წესების დაცვით ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ჭრილში (შდრ. სუსგ №ას-1368-2019, 05.10.2020წ; №ას-1419-2018, 10.07.2020წ.). ამავე საფუძვლით არ უნდა დაკმაყოფილდეს საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობაც. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს (სუსგ №ას-27-2019, 15.11.2019წ; №ას-48-2020, 17.09.2020წ.). შესაბამისად, მტკიცებულება უნდა დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

15. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის (საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე) საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ნ.ჯ–ის შუამდგომლობა საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და მტკიცებულება დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს (ტ.2, ს.ფ.98).

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია