Facebook Twitter

საქმე №ას-1414-2022 20 დეკემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.შ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.01.2022 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით – სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 29.04.2021 წლის გადაწყვეტილებით ზ.შ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) სარჩელი სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „სკოლა“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ 25.03.2020 წლის №1კ-9 ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა დამსაქმებლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის თანამდებობებზე; განისაზღვრა, რომ დასაქმებულს ანაზღაურებოდა სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან, კერძოდ, 25.03.2020 წლიდან მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობებისთვის (სამოქალაქო განათლების მასწავლებლობისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის) დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელო.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით -სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.01.2022 წლის გადაწყვეტილებით - მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის დირექტორის 25.03.2020 წლის №1კ-9 ბრძანება, ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის, მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა დამსაქმებლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის პოზიციაზე და დადგინდა მისთვის განაცდურის ანაზღაურება 25.03.2020 წლიდან სამუშაოზე აღდგენამდე, მასწავლებლის პოზიციაზე მისაღები გასამრჯელოს ოდენობით, რაც შეადგენს ყოველთვიურად 586.87 ლარს, დარიცხული სახით; მოსარჩელის მოთხოვნა დამსაქმებლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა; დასაქმებულს მიეცა კომპენსაცია 1000 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

3.1. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე, დაახლოებით 20 წლის მანძილზე, 01.09.2000 წლიდან 25.03.2020 წლამდე, ვადიანი ხელშეკრულებების საფუძველზე, უწყვეტად მუშაობდა სკოლაში მასწავლებლად. 01.07.2013 წლიდან 25.03.2020 წლამდე მოსარჩელე პარალელურად დანიშნული იყო დამსაქმებლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორად, განუსაზღვრელი ვადით.

3.2. მრავალწლიანი შრომითი ურთიერთობის მიუხედავად, მხარეთა შორის ფაქტობრივად ყოველწლიურად ფორმდებოდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება. 01.01.2020 წელს, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გაფორმდა მორიგი №3-19 შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოსარჩელე დასაქმდა სკოლის სამოქალაქო მოქალაქეობისა და განათლების მასწავლებლად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 01.01.2020 წლიდან 01.09.2020 წლამდე. დასაქმებულისათვის დარიცხული ანაზღაურება შეადგენდა 586.87 ლარს, მათ შორის ხელფასი - 304.87 ლარი, დანამატი - 282 ლარი.

3.3. 16.09.2019 წელს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გაფორმდა №3-19 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, პედაგოგი მოსარჩელე დაინიშნა სკოლაში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორად, განუსაზღვრელი ვადით. ამ პოზიციაზე მოსარჩელის ხელფასი, დარიცხული სახით, შეადგენდა 180 ლარს.

3.4. მოსარჩელის, როგორც მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის, სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა სკოლის შენობისა და ქონების დაცვა; სკოლის შენობასა და მის შემოგარენში სანიმუშო სისუფთავის/წესრიგის დაცვა, წყალსადენ-კანალიზაციის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, სკოლის უზრუნველყოფა სანიტარულ-ჰიგიენური დანიშნულების ინვენტარით და საშუალებებით (სკოლის ბიუჯეტიდან), ავეჯის შეკეთება, დამლაგებლისა და დარაჯის საქმიანობაზე კონტროლი.

3.5. 27.02.2020 წელს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორ მოსარჩელესა და დამლაგებელ ნ. ლ–ძეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, დამლაგებლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების თაობაზე შენიშვნის მიცემის გამო, რაც გადაიზარდა ურთიერთ სიტყვიერ შეურაცხყოფაში. კონფლიქტის დროს მოსარჩელემ ნ. ლ–ძეს მიმართა სიტყვებით - „უზრდელო“, „უნამუსო“. ინციდენტის დროს ნ. ლ–ძე გახდა შეუძლოდ, რის გამოც საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის გამოძახება. ინციდენტის დროს (სიტყვიერი დაპირისპირებისას გამოწვეული ხმაურის გამო) სკოლაში რამდენიმე წუთით შეფერხდა საგაკვეთილო პროცესი.

3.6. იმავე დღეს, 27.02.2020 წელს სკოლის დირექციას განცხადებით მიმართა დამლაგებელმა ნ. ლ–ძემ და ითხოვა 27.02.2020 წელს მასსა და სკოლის მატერიალურ-ტექნიკურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს, მოსარჩელეს შორის მომხდარ ფაქტზე რეაგირება.

3.7. იმავე დღეს, სკოლის ადმინისტრაციას სამსახურებრივი ბარათებით მიმართა სკოლის დირექტორის მოადგილემ თ.მ–მა და განმარტა, რომ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები პროტესტს უცხადებენ მსოფლიო კულტურისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგ მოსარჩელეს და უარს აცხადებენ გაკვეთილზე დასწრებაზე.

3.8. ნ. ლ–ძის განცხადება და თ.მ–ის სამსახურებრივი ბარათები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა სკოლის დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.12.2014 წლის №167/ნ ბრძანების მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად (ბრძანება №167/ნ, მუხლი 4 - დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილია დისციპლინური კომიტეტი; მუხლი 5.1, „ბ“ ქვეპუნქტი - დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს: დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს; მუხლი 5.2 - ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისციპლინური წარმოება იწყება: ბ) სკოლის დირექტორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე; მუხლი 5.3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები დისციპლინური წარმოების დაწყების მიზნით წერილობით მიმართავენ დისციპლინურ კომიტეტს).

3.9. სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა 02.03.2020 წლის სხდომაზე მოიწვია მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მშობლებთან და კლასის ხელმძღვანელებთან ერთად. მოსწავლეებს ჩამოერთვათ წერილობითი ახსნა-განმარტებები.

3.10. 27.02.2020 წლის ინციდენტთან დაკავშირებით წერილობითი ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ, ასევე, სკოლის პედაგოგებს, დამლაგებელსა და დირექციის წევრებს, რომლებმაც დაადასტურეს 27.02.2020 წელს კოორდინატორ მოსარჩელესა და დამლაგებელ ნ. ლ–ძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტი.

3.11. სკოლის დისციპლინური კომიტეტი წევრთა უმრავლესობის, კერძოდ, კომიტეტის 6 წევრიდან 4 წევრის მიერ განცხადებული თვითაცილების გამო, გახდა არაუფლებამოსილი განეხილა საქმე, რის გამოც მოცემული საქმე, (მასალები), 06.03.2020 წელს, მოკვლევისათვის გადაეცა სკოლის დირექციას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.12.2014 წლის №167/ნ ბრძანების მე-16 მუხლის შესაბამისად (ბრძანება №167/ნ, მუხლი 16.1 - იმ შემთხვევაში თუ დისციპლინური კომიტეტი ამ ბრძანებით დადგენილი წესით მოწვეულ იქნება ორჯერ და არ შედგება კვორუმი ამ ბრძანების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია განიხილოს მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომის საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით).

3.12. სკოლის დირექტორმა, 10.03.2020 წელს, პირადად შესთავაზა მოსარჩელეს 27.02.2020 წლის ინციდენტსა და მოსწავლეთა პრეტენზიასთან დაკავშირებით წარედგინა ახსნა-განმარტება. ანალოგიური შეთავაზება მოსარჩელემ მიიღო 12.03.2020 წელს, როგორც სატელეფონო, ასევე, წერილობითი შეტყობინების სახით, თუმცა მოსარჩელეს სადავო საკითხთან დაკავშირებით სკოლის დირექციისათვის ახსნა-განმარტება არ წარუდგენია.

3.13. საქმეში წარმოდგენილი მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ მოსწავლეთა გამოკითხვა (02.03.2020 წელს) აწარმოა დისციპლინურმა კომიტეტმა, რომლის შემადგენლობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ 05.03.2020 წელს განაცხადა თვითაცილება იმ მოტივით, რომ წარმოადგენდნენ დაინტერესებულ პირებს. დადგენილია, რომ სკოლის დირექტორს დამატებითი კვლევა არ უწარმოებია და სადავო საკითხის გადაწყვეტისას სრულად დაეყრდნო დისციპლინური კომიტეტის მიერ მოკვლეულ მასალებს.

3.14. სკოლის დირექტორის 25.03.2020 წლის №1კ-9 ბრძანებით, სკოლის მასწავლებელი და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობებიდან, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის მოტივით. ბრძანების თანახმად, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი, გახდა მასსა და დამლაგებელ ნ. ლ–ძეს შორის 27.02.2020 წელს განვითარებული კონფლიქტი, ასევე, პედაგოგ მოსარჩელის მიმართ სკოლის მოსწავლეების მიერ გამოთქმული პრეტენზიები, რომლის მიხედვით, მოსარჩელე ბავშვებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ექცეოდა მათ დისკრიმინაციულად, კერძოდ, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს უშლიდა დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობას, ბავშვები იყვნენ შიშისა და სტრესის ქვეშ და ა.შ..

3.15. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ სკოლაში მუშაობის მრავალწლიან პერიოდში (01.11.2000 წლიდან 25.03.2020 წლამდე), მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა რაიმე გადაცდომისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

3.16. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ სკოლაში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის თანამდებობა 01.11.2021 წლიდან არ არის ვაკანტური, ხოლო სამოქალაქო განათლების საგაკვეთილო საათები დროებით გადანაწილებულია სკოლის სხვა პედაგოგებზე, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ვადით (სააპელაციო სასამართლოს 03.12.2021 წლის სხდომის ოქმი - 13:35:22, 13:36:31, 25.03.2020 წლის ბრძანება, №1კ-10; 01.11.2021 წლის ბრძანება №1კ-23).

3.17. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 14.07.2010 წლის №57/ნ ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-4 და მე-6 მუხლებითა და მოპასუხის შინაგანაწესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „ნ“, „ჟ“, „ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაცდომებში. მოსარჩელე სადავოდ ხდის მისი მხრიდან შრომითი მოვალეობის უხეშად დარღვევის ფაქტს და მიიჩნევს, რომ მის მიმართ არ არსებობდა დისციპლინური ღონისძიების გამოყენების, მით უფრო, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინაპირობები.

3.18. პალატამ ყურადღება გაამახვილა მხარეთა განმარტებებზე, წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებზე, მოწმეთა ჩვენებებზე, ასევე, შრომით სამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტზე და მიიჩნია, რომ დასაქმებულის მხრიდან შრომითი მოვალეობების უხეში დარღვევის ფაქტები, ამ შემთხვევაში კი, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-4 და მე-6 მუხლებითა და სკოლის შინაგანაწესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა იმგვარი დარღვევის ფაქტები, რაც შეიძლებოდა განხილულიყო უხეშ გადაცდომად, სათანადო და საკმარისი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებული არ არის, შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, განსახილველ შემთხვევაში, მოკლებული იყო ლეგიტიმურ საფუძველს.

3.19. პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 14.07.2010 წლის №57/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად: მასწავლებელი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახავად და, მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში (პირველი პუნქტი); მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას (მე-2 პუნქტი); მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს მოსწავლეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს (მე-4 პუნქტი); მასწავლებელი, სასწავლო პროცესის განმავლობაში, ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე. მასწავლებელი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში (მე-5, მე-6 პუნქტები); მასწავლებელი, მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს. მასწავლებელი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად (მე-7, მე-8 პუნქტები); მასწავლებელი არ იყენებს მოსწავლის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის. მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებას ყველა მოსწავლის მიმართ, განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა და ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება, მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად (მე-9, მე-10 პუნქტები); ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, მასწავლებელი თანაბარი პატივისცემით ეპყრობა სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა... მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის დირექციასთან და თავისი წვლილი შეაქვს სკოლის განვითარებისათვის დაგეგმილ ღონისძიებებში.

3.20. პალატამ ყურადღება გაამახვილა, ასევე, სკოლის შრომის შინაგანაწესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „ნ“, „ჟ“ და „ს“ ქვეპუნქტების დანაწესზე, რომელთა მიხედვით, დასაქმებული პირის დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა: „ა“ - სამსახურებრივ მოვალეობათა ან/და შინაგანაწესის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; „გ“ - დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დირექციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დარღვევა; „ე“ - მასწავლებლის მიერ პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა; „ვ“ - მოსწავლეზე/დასაქმებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლა; „ზ“ - მოსწავლის/დასაქმებულის პირად ცხოვრებაში ჩარევა; „ნ“ - მოსწავლის, დასაქმებულის, მშობლის... სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა, ან/და მოსწავლის ფიზიკური დასჯა; „ჟ“ - საგაკვეთილო პროცესის შეგნებულად მიტოვება, ან ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; „ს“ - სკოლაში კონფლიქტური სიტუაციების შექმნა. ამავე შრომის შინაგანაწესის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დასაქმებულის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობები: შენიშვნა, გაფრთხილება, საყვედური, სასტიკი საყვედური, არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება, სამსახურიდან გათავისუფლება.

3.21. საყურადღებოა, რომ სკოლის შინაგანაწესი კონკრეტულად განსაზღვრავს ამა თუ იმ გადაცდომისათვის გათვალისწინებული სახდელის სახესა და ზომას, რის შესახებაც ინფორმირებულია ყველა ის პირი, ვის მიმართაც ვრცელდება შინაგანაწესის მოქმედება, კერძოდ:

3.21.1. შრომის შინაგანაწესის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახით საყვედური შეიძლება გამოყენებული იქნეს შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომების სისტემატურად ჩადენისას, სკოლაში კონფლიქტური სიტუაციების შექმნისას, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისას, საგაკვეთილო პროცესის შეგნებულად მიტოვების, ან ჩაშლის ან ჩაშლის მცდელობისას; დასაქმებულის, ან მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენისას, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დარღვევისას;

3.21.2. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური შეიძლება გამოყენებული იქნეს მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ პირის მიმართ გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (საყვედური) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას; ისეთი ქმედების ჩადენისას, რომელიც ლახავს სკოლის რეპუტაციას/ავტორიტეტს, მოსწავლეზე/დასაქმებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლისას; მოსწავლის, დასაქმებულის, მშობლის სიტყვიერი შეურაცხყოფისას, მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევისას;

3.21.3. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახით არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება გამოიყენება მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ უკვე გამოყენებული იყო პასუხისმგებლობის სხვა ზომა, ან პირდაპირ - სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენებისას;

3.21.4. ამავე შინაგანაწესის მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით კი, დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომებმა შედეგი არ გამოიღო ან/და დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან ან/და სიმძიმიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი გათავისუფლება: ა) მოსწავლის, დირექციის წევრის, დასაქმებულის, მშობლის... ფიზიკური შეურაცხყოფისთვის; ბ) სკოლის ტერიტორიაზე ალკოჰოლის ან/და ნარკოტიკული საშუალების... შეტანის რეალიზაციის, მოხმარების ან მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში; გ) საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევისას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ზიანს აყენებს სკოლის, მოსწავლის ან/და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი პირების ინტერესებს, ან/და წინამდებარე შინაგანაწესის უხეში დარღვევის შემთხვევაში.

3.22. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით (მათ შორის მოსარჩელის განმარტებით) უდავოდ დასტურდება, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორ მოსარჩელესა და ამავე სკოლის დამლაგებელ ნ. ლ–ძეს შორის კონფლიქტის ფაქტი, სამუშაო საათებში, რა დროსაც დასაქმებულებმა ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. რამდენიმე წუთის მანძილზე მიმდინარე კონფლიქტმა ხელი შეუშალა სკოლაში საგაკვეთილო პროცესის ნორმალურ მსვლელობას. მოცემული შემთხვევის შეფასებისას, პალატამ გაიზიარა დამსაქმებლის პოზიცია, რომ მოსარჩელის, როგორც სკოლაში დასაქმებული პირის (კოორდინატორის), მხრიდან ადგილი ჰქონდა სკოლის შინაგანაწესის მე-13.1 მუხლის „ა“, „გ“, „ნ“, „ჟ“ და „ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაცდომას, რაც გამოიხატა სამსახურებრივი მოვალეობისა და შინაგანაწესის არაჯეროვან შესრულებაში - სკოლაში კონფლიქტური სიტუაციის შექმნაში, დასაქმებულის სიტყვიერ შეურაცხყოფაში, რამაც რამდენიმე წუთით საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა გამოიწვია და რაც წარმოადგენდა დასაქმებულისაკენ მიმართულ უღირს საქციელს, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დარღვევას. დისციპლინური გადაცდომის ფაქტს არ უარყოფს თავად მოსარჩელეც, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომის გამოყენება მის მიმართ განხორციელდა არამართლზომიერად, იმ გარემოების გათვალისწინების გარეშე, რომ კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა დასაქმებულმა ნ. ლ–ძემ, იმ დროს, როცა მოსარჩელე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ზრუნავდა სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია და მხარეებიც ადასტურებენ, რომ მოპასუხის მიერ მითითებულ დარღვევას (სკოლის თანამშრომელთან კონფლიქტს) ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა შესაფასებელია საკითხი, ატარებდა თუ არა ეს დარღვევა უხეშ ხასიათს, რისთვისაც ადეკვატურად ჩაითვლებოდა დასაქმებულის მიმართ უკიდურესი ღონისძიების - სამუშაოდან გათავისუფლების გამოყენება, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამგვარი გადაცდომისათვის შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებულია საყვედურის/სასტიკი საყვედურის გამოყენების შესაძლებლობაც.

3.23. დადგენილია, რომ მოსარჩელის, როგორც საჯარო სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის, უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა ზრუნვა სკოლის სანტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე. მასვე ევალებოდა დამლაგებლისა და დარაჯის საქმიანობაზე კონტროლი. ასევე, დადგენილია, რომ სკოლის პედაგოგები მოსარჩელესთან გამოხატავდნენ პრეტენზიას სკოლაში არსებულ არასახარბიელო სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე, რის გამოც მოსარჩელე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, ითხოვდა დამლაგებელ ნ. ლ–ძისაგან შრომითი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. უდავოა, რომ 27.02.2020 წელს, ნ. ლ–ძესთან კონფლიქტი განაპირობა დირექტორის წინაშე მოსარჩელის შენიშვნამ დამლაგებლის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების თაობაზე, რამაც ნ. ლ–ძის გაღიზიანება გამოიწვია. ასევე, უდავოა, რომ მოსარჩელის გადაცდომას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით მძიმე/გამოუსწორებელი ზიანი არ მოჰყოლია და ამის თაობაზე არ აპელირებს არც დამსაქმებელი.

3.24. ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული გადაცდომისათვის, კოორდინატორ მოსარჩელეს სახდელდადება ყველაზე მკაცრი ღონისძიების გამოყენებით განხორციელდა არაპროპორციულად, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ის ანალოგიური ან სხვა რაიმე გადაცდომისათვის წინათ სახდელდადებული არ ყოფილა და, ამასთან, აღნიშნული გადაცდომა, სკოლის შინაგანაწესის მე-13 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების მიხედვით, ითვალისწინებდა საყვედურის ან მკაცრი საყვედურის გამოცხადებას. საქმის განხილვისას ვერ გამოიკვეთა იმგვარი გარემოებების არსებობა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენება ვერ უზრუნველყოფდა სამომავლოდ ვითარების გამოსწორებას, მოსარჩელის სათანადო, წინდახედულ და გულისხმიერ ქცევას. ეს გარემოება კი, თავის მხრივ, მოცემული გადაცდომისათვის კოორდინატორ მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ბათილობის საფუძველია.

3.25. სადავო ბრძანებით მოსარჩელე, ასევე, გათავისუფლდა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის პოზიციიდან, რასაც საფუძვლად დაედო მოსწავლეთა მხრიდან პედაგოგის მიმართ გამოხატული პრეტენზიები. პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოსწავლეების გ.გ–ისა და ბ.გ–იას ჩვენებებზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნია, რომ სკოლის ადმინისტრაციამ, 27.02.2020 წლის ინციდენტის შემდეგ, მიზანმიმართულად აწარმოა სკოლის მოსწავლეთა გამოკითხვა - სურდათ თუ არა სკოლის მოსწავლეებს პედაგოგ მოსარჩელის საწინააღმდეგოდ განცხადების წარდგენა (გ.გ–ე - „გამოკითხვა ჩაატარეს ვის უნდოდა დაეწერა განცხადება მოსარჩელის საწინააღმდეგოდ“; ბ.გ–ია - „როდესაც მოსარჩელე დამლაგებელს ეჩხუბა და დამლაგებელი ცუდად გახდა, გადავწყვიტეთ დაგვეწერა საჩივარი“).

3.26. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე იმთავითვე კატეგორიულად უარყოფდა მოსწავლეთა მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას, მათზე რაიმე ფორმით ფსიქოლოგიურ ძალადობას, მოსწავლეთა აქტივობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას. ასეთ ვითარებაში დამსაქმებელი ვალდებული იყო დასაქმებულის მხრიდან უხეში გადაცდომის ფაქტები დაედასტურებინა სათანადო, უტყუარი მტკიცებულებების წარდგენით. აღნიშნულის საპირისპიროდ დადგენილია, რომ მოსწავლეთა გამოკითხვა (რა დროსაც მათ წერილობით მიუთითეს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე), აწარმოა დისციპლინურმა კომიტეტმა, რომლის შემადგენლობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოგვიანებით განაცხადა თვითაცილება, იმ მოტივით, რომ წარმოადგენდნენ დაინტერესებულ პირებს. ასევე, უდავოდ დადგენილია, რომ სკოლის დირექტორი სადავო საკითხის გადაწყვეტისას სრულად დაეყრდნო დისციპლინური კომიტეტის მიერ მოკვლეულ მასალებს და მას დამატებითი კვლევა არ უწარმოებია.

3.27. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსწავლეების, ასევე, პედაგოგების ახსნა-განმარტებებში მითითება მოსარჩელის არასათანადო ქცევაზე ატარებს ზოგად ხასიათს, არ არის დაკონკრეტებული ვის მიმართ ან/და როდის ჰქონდა ადგილი არაკორექტულ ქცევას. მაგალითად, ერთ-ერთი პრეტენზია შეეხება მოსწავლისათვის ფიზიკური საქმიანობის დავალებას, თუმცა არ ირკვევა ვის, ან როდის მოსთხოვა მასწავლებელმა ფიზიკური საქმიანობა და რაში გამოიხატა ის. დადგენილია, რომ პედაგოგთან დაკავშირებული პრეტენზიების გამო დისციპლინურმა კომიტეტმა გამოკითხა მე-9-11 კლასის მოსწავლეები, რომელთაგან ორი მოსწავლე დაიკითხა სასამართლო სხდომაზეც. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოსწავლეთაგან ერთ-ერთმა მიუთითა, რომ მოსარჩელე მას ასწავლიდა მე-5 კლასში, ხოლო მეორე მოსწავლემ განაცხადა, რომ მოსარჩელეს პირადად მისთვის შეურაცხყოფა არასოდეს მიუყენებია (02.03.2021 წლის სხდომის ოქმი).

3.28. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ არ გაიზიარა დამსაქმებლის მითითებები სკოლის მოსწავლეებთან და კოლეგებთან მოსარჩელის არასათანადო ქცევის თაობაზე (მოსწავლეთა მიმართ აგრესია, ლანძღვა, დისკრიმინირება, მოსწავლეთა ნამუშევრების განადგურება), ვინაიდან ამ ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე სკოლაში მასწავლებლის პოზიციას იკავებდა 2000 წლიდან და შეუძლებელია მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში მოსწავლეებისა და კოლეგების მიმართ სისტემატური ხასიათის არასათანადო ქცევას არ მოჰყოლოდა შესაბამისი რეაგირება. იმ შემთხვევაშიც, თუ გავიზიარებთ, რომ მოსარჩელე შრომითი საქმიანობისას იყენებდა მკაცრ მეთოდებს და გამოირჩეოდა კრიტიკული დამოკიდებულებით მოსწავლეებისა და კოლეგების მიმართ, პროპორციულად/ადეკვატურად ვერ მიიჩნევა (წინმსწრები დისციპლინული სახდელის არარსებობის პირობებში) დისციპლინური სახდელის უკიდურესი სახის - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება, მაშინ, როდესაც უარყოფილი არ არის გონივრული ვარაუდი, სხვა ნაკლებად მკაცრი ღონისძიებების გამოყენების ეფექტურობის შესახებ. პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან სადავო საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - შრომის უფლებას (კონსტიტუციის 26-ე მუხლი), დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა მართლზომიერი და ობიექტური აუცილებლობით ნაკარნახევი უნდა იყოს. ეს კი უნდა გამოვლინდეს დამსაქმებლის (მოცემულ შემთხვევაში, სკოლის დირექტორის) მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობაში. შრომის სამართალში მოქმედი Ultima Ratio-ს პრინციპის თანახმად, დასაქმებულის გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ განხორციელებული გადაცდომის ხასიათიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მხრიდან მოსარჩელის მიმართ სანქციის სახით პირდაპირ სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება, იმ პირობებში, როდესაც უტყუარად არ დასტურდება ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტი, არ დგინდება დარღვევის პერიოდი, მისი მრავალჯერადი ხასიათი და არასოდეს ყოფილა გამოყენებული დისციპლინური სახდელი, არამართლზომიერია, მით უფრო ისეთ პირობებში, როცა დამსაქმებელს არ აქვს დასაბუთებული უფრო მსუბუქი სახდელის დაკისრების არაეფექტურობა, რაც ეწინააღმდეგება დასაქმებულის შრომის უფლებას და ქმნის გასაჩივრებული ბრძანების ბათილობის წინაპირობას.

3.29. ზემოთ აღნიშულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, სამოქალაქო განათლების მასწავლებლისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის თანამდებობიდან დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის 25.03.2020 წლის №1კ-9 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე იყო საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

3.30. სშკ-ის 38–ე მუხლის მე–8 ნაწილის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთან, როგორც სკოლის მასწავლებელთან, დადებული იყო ვადიანი ხელშეკრულება (01.01.2020-01.09.2020წ.) სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილით დადგენილი წესის საფუძველზე, მხარეთა შორის ურთიერთობა უნდა შეფასდეს, განუსაზღვრელი ვადით დადებულ შრომით ურთიერთობად. დადგენილია, რომ სამოქალაქო განათლების საგაკვეთილო საათები, დასაქმებულის გათავისუფლების შემდეგ, დროებით გადანაწილებულია სკოლის სხვადასხვა პედაგოგზე, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ვადით (სააპელაციო სასამართლოს 03.12.2021 წლის სხდომის ოქმი - 13:35:22, 13:36:31). შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები და ის უნდა აღდგეს სამოქალაქო განათლების პედაგოგის პოზიციაზე. დადგენილია, რომ მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება პედაგოგის პოზიციაზე, დარიცხული სახით, შეადგენდა 586.87 ლარს (მათ შორის ხელფასი - 304.87 ლარი, დანამატი - 282 ლარი), რაც მას უნდა აუნაზღაურდეს სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან - 25.03.2020 წლიდან, სამუშაოზე აღდგენამდე (სშკ-ის 32.1, 44-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 408.1 მუხლი).

3.31. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სკოლაში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის თანამდებობა ამ ეტაპზე ვაკანტური არ არის და 01.11.2021 წლიდან ამ პოზიციაზე დანიშნულია ნ.ჯ–ძე. პალატამ განმარტა, რომ არამართლზომიერად გათავისუფლებული პირის იმ თანამდებობაზე აღდგენა, სადაც სხვა პირი უკვე შრომით ურთიერთობაში იმყოფება, უკანონოს გახდის დამსაქმებლის იმ გადაწყვეტილებასაც, რომელიც ახალი დასაქმებულის გათავისუფლებას გამოიწვევს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს დასაქმებულის მოცემულ თანამდებობაზე აღდგენის წინაპირობები. შესაბამისად, ამ პოზიციაზე აღდგენის/იძულებითი განაცდურის მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენა დამსაქმებლისათვის კომპენსაციის დაკისრების გზით უნდა განხორციელდეს. პალატამ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მხარეებს ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობა აკავშირებდათ, კონკრეტული შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით, მოცემული მომენტისთვის მოსარჩელე არ არის დასაქმებული, თუმცა აღდგენილია მასწავლებლის თანამდებობაზე, გაითვალისწინა მოპასუხის ფინანსური შესაძლებლობები და რადგანაც შეუძლებელია დასაქმებულის აღდგენა იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე, მიიჩნია, რომ კომპენსაციის გონივრული ოდენობა 6 თვემდე პერიოდის შრომის ანაზღაურების ოდენობით უნდა განისაზღვროს. შესაბამისად, პალატამ გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის კომპენსაციის სახით 1000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია დაკავებული პოზიციებიდან მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერება, კერძოდ, გამოვლენილი გადაცდომა/გადაცდომები იძლეოდა თუ არა იმის საფუძველს, რომ დამსაქმებელს მოეშალა ხელშეკრულება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით) 37-ე და 38-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, სათანადო საფუძვლის გარეშე არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (შდრ. სუსგ №ას-1776-2019, 10.04.2020წ.).

9. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას მოქმედებს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ; №ას-1421-2020, 05.03.2021წ; №ას-512-2020, 18.02.2021წ.).

10. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-861-861-2018, 25.09.2018წ; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.).

11. დადგენილია, რომ მოსარჩელე სკოლაში დასაქმებული იყო სამოქალაქო მოქალაქეობისა და განათლების მასწავლებლად და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორად. სკოლის დირექტორის 25.03.2020 წლის №1კ-9 ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობებიდან (ტ.1, ს.ფ. 26-28). დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) ქვეპუნქტი, ხოლო ფაქტობრივი საფუძველი - მოსარჩელესა და ნ. ლ–ძეს - სკოლის დამლაგებელს, შორის 27.02.2020 წელს განვითარებული კონფლიქტი, ასევე, მოსარჩელის მიმართ სკოლის მოსწავლეების მიერ გამოთქმული პრეტენზიები, რაც არღვევდა სკოლის შინაგანაწესს.

12. დადგენილია, რომ 27.02.2020 წელს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს, მოსარჩელეს, რომელიც წარმოადგენდა სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორს, და ნ. ლ–ძეს - სკოლის დამლაგებელს შორის წარმოიშვა კონფლიქტი ამ უკანასკნელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების თაობაზე შენიშვნის მიცემის გამო, რაც გადაიზარდა ურთიერთ სიტყვიერ შეურაცხყოფაში. ინციდენტის დროს (სიტყვიერი დაპირისპირებისას გამოწვეული ხმაურის გამო) სკოლაში რამდენიმე წუთით შეფერხდა საგაკვეთილო პროცესი. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწვეტილების დასკვნას, რომ მოცემული გადაცდომისათვის გამოყენებული ღონისძიება - სამსახურიდან გათავისუფლება იყო არაგონივრული და არაპროპორციული, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიმართ აქამდე ანალოგიური ან სხვა რაიმე გადაცდომისათვის დისციპლინური ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა. დადგენილია, რომ მოსარჩელის დისციპლინურ გადაცდომას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით მძიმე/გამოუსწორებელი ზიანი არ მოჰყოლია. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომა ვერ მიიჩნევა უხეშ დარღვევად, რომელიც ყველაზე მკაცრი ღონისძიების გამოყენებას, სამსახურიდან გათავისუფლებას გაამართლებდა. არ გამოკვეთილა იმგვარი გარემოებების არსებობა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენება ვერ უზრუნველყოფდა სამომავლოდ ვითარების გამოსწორებას, მოსარჩელის სათანადო, წინდახედულ და გულისხმიერ ქცევას.

13. დამსაქმებელმა დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა იმ კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის კანონიერება, რომელიც მიუთითა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანებაში ვერც მოსარჩელის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის პოზიციიდან გათავისუფლებასთან მიმართებით.

14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.). მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა დასაქმებულის მხრიდან უხეში გადაცდომის ფაქტების სათანადო, უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით დადასტურება ვერ შეძლო. აღნიშნულის საპირისპიროდ დადგენილია, რომ მოსწავლეთა გამოკითხვა (რა დროსაც მათ წერილობით მიუთითეს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე), აწარმოა დისციპლინურმა კომიტეტმა, რომლის შემადგენლობის უმრავლესობამ მოგვიანებით განაცხადა თვითაცილება, იმ მოტივით, რომ წარმოადგენდნენ დაინტერესებულ პირებს. ასევე, დადგენილია, რომ სკოლის დირექტორი სადავო საკითხის გადაწყვეტისას სრულად დაეყრდნო დისციპლინური კომიტეტის მიერ მოკვლეულ მასალებს და მას დამატებითი კვლევა არ უწარმოებია. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეების, ასევე, პედაგოგების ახსნა-განმარტებებში მითითება მოსარჩელის არასათანადო ქცევაზე ატარებს ზოგად ხასიათს, არ არის დაკონკრეტებული ვის მიმართ ან/და როდის ჰქონდა ადგილი არაკორექტულ ქცევას. უფრო მეტიც, დადგენილია, რომ სკოლაში მუშაობის მრავალწლიან პერიოდში (01.11.2000 წლიდან 25.03.2020 წლამდე), მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა რაიმე გადაცდომისათვის გამოყენებული არ ყოფილა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დამსაქმებლის მხრიდან მოსარჩელის მიმართ სანქციის სახით პირდაპირ სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება, იმ პირობებში, როდესაც უტყუარად არ დასტურდება ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტი, არ დგინდება დარღვევის პერიოდი და არასოდეს ყოფილა გამოყენებული დისციპლინური სახდელი, არამართლზომიერია, მით უფრო ისეთ პირობებში, როცა დამსაქმებელს არ აქვს დასაბუთებული უფრო მსუბუქი სახდელის დაკისრების არაეფექტურობა.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობდა სამოქალაქო განათლების მასწავლებლისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის თანამდებობებიდან დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ 25.03.2020 წლის №1კ-9 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

16. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (სუსგ №ას-1135-2018, 31.05.2019წ; სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016წ.). მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებული პრეტენზია არ არის წარმოდგენილი იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ არ არსებობდა დასაქმებულის მასწავლებლის პოზიციაზე აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები, შესაბამისად, იგი მართებულად აღდგა სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის პოზიციაზე და დამსაქმებელს მის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. რაც შეეხება სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის პოზიციას, რადგან აღნიშნული პოზიცია ვაკანტური არ იყო, მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის საშუალებად მართებულად განისაზღვრა მისთვის კომპენსაციის მიკუთვნება.

17. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს. იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა (შდრ. სუსგ №ას-632-2019, 21.06.2019წ.). კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არცერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) (შდრ. სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017წ; №ას-361-2022, 10.06.2022წ.). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია გონივრულია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 929 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 650.3 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლას (ს/კ: 23372...) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 929 ლარის (საგადახდო დავალება 5174528771, გადახდის თარიღი 27.09.2022წ.) 70% – 650.3 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია