Facebook Twitter

საქმე №ას-540-2020 14 დეკემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ღ–ის უფლებამონაცვლე ზ.ღ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ღ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.12.2019 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – გარიგებების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ.ღ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ღ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა:

1.1. ნოტარიუს ბ.შ–ას მიერ 10.02.2015 წელს დამოწმებული, მოპასუხის სახელზე გაცემული მინდობილობის (სანოტარო აქტი №150128011) ბათილად ცნობა;

1.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 17.02.2015 წელს დადებული უძრავი ნივთის, მდებარე: თეთრიწყაროს რაიონი სოფელი ....... (ს/კ: .......) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო უძრავი ნივთი“), ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო უძრავი ნივთის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 20.04.2017 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 17.02.2015 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული სადავო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და დადგინდა მითითებული უძრავი ქონების მოსარჩელის სახელზე აღრიცხვა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მოსარჩელემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.12.2019 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

4.1. 10.02.2015 წლის სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება: „მართოს და განკარგოს, კერძოდ, „მინდობილმა მესაკუთრემ“ საკუთარ თავთან დადოს ნებისმიერი სახის გარიგება და გადაიფორმოს საკუთარ თავზე (ლ.ღ–ზე) თ.ღ–ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავი ქონება (შემდგომში „მინდობილი საკუთრება“)“.

4.2. 17.02.2015 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სადავო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხა მოპასუხის სახელზე. ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 1000 ლარით, თუმცა მოპასუხეს ნასყიდობის საგნის საფასური არ გადაუხდია.

4.3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 04.07.2016 წლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად და ზ.ღ–ი დაინიშნა მის მხარდამჭერად გარკვეულ სფეროებში.

4.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 21.01.2016 წლის დასკვნით, მოსარჩელეს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. დასკვნის მიხედვით, შპს „რ.ფ.ჯ.ც–ის“ საექიმო კომისიის 24.11.2015 წლის №0628 დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეს ერთჯერადი ამბულატორიული გამოკვლევით დაუდგინდა დიაგნოზი დაუზუსტებელი დემენცია.

4.5. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 11.08.2016 წლის განჩინებით სამოქალაქო საქმეზე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტს გადასაწყვეტად დაესვა შემდეგი კითხვა: 10.02.2015 წლისათვის ან მომდევნო პერიოდში (დაახლოებით 10 დღე) გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთაც შეეძლო ხელი შეეშალა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი სრული და ეფექტიანი მონაწილეობისათვის. 13.02.2017 წელს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან აღუსრულებელი დაბრუნდა სამოქალაქო საქმე, გამოსაკვლევი პირის წარუდგენლობის გამო.

4.6. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 29.11.2016 წლის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ნოტარიუსი ბ.შ–ა, რომელმაც აღნიშნა, რომ 10.02.2015 წლის სანოტარო აქტის შედგენისას გაესაუბრა მოსარჩელეს. უძრავი ქონების განკვარგვასთან დაკავშირებით განუმარტა ყველა დეტალი და მოსალოდნელი იურიდიული შედეგები.

4.7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო რწმუნებულება/მინდობილობის გაფორმების მომენტისათვის საკუთრების მიმნდობს, მოსარჩელეს ჰქონდა რეალური ვითარების სწორად აღქმის უნარი, შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის, რადგან მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად მოწმობს, რომ მოსარჩელეს მინდობილობის შედგენის დროისთვის არ ჰქონდა გონივრული განსჯის უნარი.

4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 50-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობის ძირითად საფუძველს წარმოადგენს პირის მიერ ნების გამოვლენა, ამასთან, პირს გააზრებული უნდა ჰქონდეს, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს მის მიერ ნების გამოვლენის შედეგად, ე.ი მას უნდა ჰქონდეს უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ნების გარეგნული გამოვლენა უნდა შეესაბამებოდეს პირის სურვილს მიაღწიოს, კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს. სსკ-ის 58–ე მუხლი არეგულირებს გარიგების ბათილობის საკითხს პირის ქმედუუნარობის ან ფსიქიკური აშლილობის გამო: ბათილია მცირეწლოვანის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა. ბათილად შეიძლება ჩაითვალოს ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობის დროს. ბათილია ნების გამოვლენა სულით ავადმყოფის მიერ, როცა ეს არ შეესაბამება რეალური ვითარების სწორად აღქმას, თუნდაც ის არ იყოს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული (20.03.2015 წლის კანონის ამოქმედებამდე არსებული რედაქციით). ამდენად, კანონი ერთნაირ სამართლებრივ შედეგს, გარიგების ბათილობას უკავშირებს ქმედუუნაროდ ცნობილი და ფსიქიკურად დაავადებული იმ პირის მიერ ნების გამოვლენას, რომელსაც არ შესწევს უნარი რეალურად აღიქვას ვითარება.

4.9. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 21.01.2016 წლის დასკვნის თანახმად, მოსარჩელეს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, ხოლო შპს „რ.ფ.ჯ.ც–ის“ საექიმო კომისიის 24.11.2015 წლის №0628 დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეს ერთჯერადი ამბულატორიული გამოკვლევით დაუდგინდა დიაგნოზი დაუზუსტებელი დემენცია, თუმცა მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმის თაობაზე, 10.02.2015 წლისათვის გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთაც შეეძლო ხელი შეეშალა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი სრული და ეფექტიანი მონაწილეობისათვის. ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ წარმოადინა თავისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, კერძოდ, მტკიცებულება, რომ მინდობილობის შედგენის დროისთვის მოსარჩელეს არ შეეძლო ანგარიში გაეწია და ეხელმძღვანელა თავისი ქმედებებისათვის, რაც სსკ-ის 58-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის საფუძველი გახდებოდა.

4.10. სააპელაციო პალატამ მოპასუხის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით განმარტა, რომ: სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა ხელშეკრულების გამონათქვამები ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე, როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების, ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს (სუსგ №ას-178-167-2017, 14.07.2017წ.).

4.11. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 29.11.2016 წლის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოსარჩელის დის - ი.გ–ის განმარტებით, ქ.ღ–ის გარდაცვალების დროს მოსარჩელე ამბობდა „ყველაფერი ლ–აო“ და კუთვნილ პენსიას ყოველთვის მოპასუხეს აძლევდა. ამასთან, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოპასუხეს ნასყიდობის საგნის საფასური არ გადაუხდია. მოპასუხემ თბილისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მხარეთა შორის მინდობილობის გაფორმების საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში არ ირიცხებოდა მოსარჩელის სახელზე, რის გამოც მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომ აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე მოპასუხეს უძრავი ქონება აღერიცხა ჯერ მოსარჩელის სახელზე და შემდგომ თავის სახელზე. ამდენად, სადავო უძრავი ნივთის მოპასუხის საკუთრებაში გადასვლის ფორმად მხარეებმა საკუთრების მინდობის ხელშეკრულების დადება აირჩიეს, რაც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ჩუქების შემადგენლობას ქმნის, რადგან ხელშეკრულების გაფორმებისას მოსარჩელის ნება მოიცავდა სწორედ აღნიშნული შინაარსის გარიგების დადებას.

4.12. ჩუქების მოტივი ძირითადად გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ჩუქება ისეთი გარიგებაა, რომელიც მხარეთა ურთიერთთანხმობას და არა მხოლოდ მჩუქებლის ნებას ეფუძნება. როდესაც სადავოა ჩუქების ხელშეკრულების წარმოშობა, მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების განმსაზღვრელი ორი ძირითადი კრიტერიუმი: მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და გამჩუქებლის მატერიალური მდგომარეობა. ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადგინდეს ამ კრიტერიუმების არსებობის შეფასების კუთხით, ხოლო დასახელებული კრიტერიუმების შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ანალოგიურ გარემოებებში გონიერი ადამიანის ქცევის სტანდარტი. ამ თვალსაზრისით, პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობას ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენს, რაც, როგორც წესი, მჩუქებლის მიერ ჩუქების ხელშეკრულების დადების მოტივის ჩამოყალიბებას განაპირობებს (სუსგ №ას-6-6-2015, 01.07.2015წ.). ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება მიმართული იყო მოპასუხისთვის სადავო უძრავი ნივთის უსასყიდლოდ გადაცემისკენ.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.07.2020 წლის განჩინებით მოსარჩელის გარდაცვალების გამო, საქმეზე წარმოება შეჩერდა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების ეტაპზე მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე - 21.11.2020 წლამდე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.11.2020 წლის განჩინებით გაგრძელდა წარმოების შეჩერების ვადა 21.04.2021 წლამდე საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების ეტაპზე მოსარჩელის ეფლებამონაცვლის/უფლებამონაცვლეების დადგენამდე.

7. 11.03.2021 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ც.ჯ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „განმცხადებელი“), მოითხოვა საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩართვა და სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.04.2021 წლის განჩინებით ნოტარიუს ბ.შ–ას მიერ 10.02.2015 წელს დამოწმებული მოპასუხის სახელზე გაცემული მინდობილობის (სანოტარო აქტი №150128011) ბათილად ცნობის, ასევე, სადავო უძრავ ნივთზე 17.11.2015 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ½ ნაწილში ბათილად ცნობის, მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის ნაწილში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა ზ.ღ–ი და განახლდა წარმოება საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების ეტაპიდან. დანარჩენ ნაწილში საქმეზე შეწყდა წარმოება. საკასაციო პალატის მითითებით, სასამართლოში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობებით დგინდება, რომ მოსარჩელის შვილმა - ზ.ღ–მა და მოსარჩელის გარდაცვლილი შვილის შვილმა (მოპასუხემ), მიიღეს მამკვიდრებლის მთელი უძრავი ქონებისა და მოძრავი ნივთების, ასევე აქტივებისა და პასივების, მოთხოვნის უფლებისა და სხვა უფლებების ½-½ ნაწილი. გათვალისწინებით იმისა, რომ მოსარჩელის სამკვიდრო თანაბრად მიიღეს ზ.ღ–მა და თავად მოპასუხემ, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის მოთხოვნის ½ ნაწილში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ უნდა ყოფილიყო ზ.ღ–ი, დანარჩენ ნაწილში კი წარმოება შეწყვეტილიყო, რამეთუ ერთი და იგივე პირი ვერ იქნებოდა საქმეში ერთდროულად მოსარჩელის უფლებამონაცვლე და მოპასუხე.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაზუსტებული საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელის უფლებამონაცვლემ, ზ.ღ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „კასატორი“), მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - 10.02.2015 წელს დამოწმებული მინდობილობისა და 17.02.2015 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების ½ ნაწილში ბათილად ცნობა და სადავო უძრავი ნივთის ½ ნაწილის მესაკუთრედ აღრიცხვა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, მოსარჩელეს, თავისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, 10.02.2015 წლის მინდობილობის გაფორმებისას, რამდენად შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობის ძირითად საფუძველს წარმოადგენს პირის მიერ ნების გამოვლენა, ამასთან, პირს გააზრებული უნდა ჰქონდეს, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს მის მიერ ნების გამოვლენის შედეგად, ე.ი მას უნდა ჰქონდეს უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ნების გარეგნული გამოვლენა უნდა შეესაბამებოდეს პირის სურვილს მიაღწიოს, კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს. სსკ-ის 58-ე მუხლის მე-3 ნაწილი არეგულირებს გარიგების ბათილობის საკითხს პირის ფსიქიკური აშლილობის გამო, კერძოდ, აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს, რომ ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი (დასახელებულ ნორმაში ცვლილება განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 08.10.2014 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს 20.03.2015 წლის №3339 კანონით) (შდრ. სუსგ №ას-283-2021, 25.06.2021წ., პუნ. 20; სუსგ №ას-991-2021, 16.03.2022წ., პუნ. 12). სადავო მინდობილობის გაფორმებისას (10.02.2015წ.) მოქმედი სსკ-ის 58-ე მუხლის მე-3 ნაწილი შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: ბათილია ნების გამოვლენა სულით ავადმყოფის მიერ, როცა ეს არ შეესაბამება რეალური ვითარების სწორად აღქმას, თუნდაც ის არ იყოს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული.

16. სამოქალაქო კანონმდებლობის მოწესრიგების შესატყვისად, ნებისმიერი გარიგების დადება ეფუძნება კანონის ფარგლებში მხარეთა ნების ავტონომიასა და ამა თუ იმ გარიგების დადების თაობაზე მხარის ინფორმირებულ, გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას. პიროვნების ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები კი, როგორიც ფსიქიკური აშლილობაა, სწორედ გარიგების დადების მიმართ პირის ნების გამოვლენის ნამდვილობას აყენებს ეჭვქვეშ, შესაბამისად, კანონმდებელმა ამ ვითარებაში მყოფი პირის მიერ დადებული გარიგება ბათილ სამართლებრივ ურთიერთობათა წრეს მიაკუთვნა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ საფუძვლით გარიგების ბათილობისას სარგებლის მიმღები კონტრაჰენტის ინტერესების დაცვის კუთხით, უპირობოდ აუცილებელია, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდეს გარიგების დადებისას პირის ფსიქიკური აშლილობის იმგვარი მდგომარეობა, რომელიც გამორიცხავს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შემსრულებელი პირის მიერ საკუთარი ქმედების სამართლებრივი შედეგების აღქმას და შესაბამისი შედეგის მიმართ მისი ნების ნამდვილობას (სუსგ №ას-1635-2018, 30.04.2020წ., პუნ. 7.2).

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

18. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით დაედასტურებინა სსკ-ის 58-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული გარიგების ბათილობის წინაპირობების არსებობა. საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 21.01.2016 წლის დასკვნით არ დგინდება ის გარემოება, კონკრეტულად სადავო მინდობილობის გაფორმების დროს შესწევდა თუ არა მოსარჩელეს უნარი თავისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სრულად შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და სწორად აღექვა რეალური ვითარება (შდრ. სუსგ №ას-283-2021, 25.06.2021წ; №ას-1473-2020, 22.11.2022წ.). საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ამ საკითხის გასარკვევად თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 11.08.2016 წლის განჩინებით დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, თუმცა ექსპერტიზა ვერ ჩატარდა გამოსაკვლევი პირის - მოსარჩელის წარუდგენლობის გამო (ტ.1, ს.ფ. 131-133; 189-191).

20. საკასაციო პალატა კასატორის ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომ სადავო 10.02.2015 წლის მინდობილობის ხელმოწერისას მოსარჩელემ არ იცოდა, თუ რა დოკუმენტს აწერდა ხელს და რა იყო მისი შინაარსი. მოსარჩელემ, სსსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით, ვერ დაადასტურა თუ რატომ არ შეეძლო გამოევლინა ნამდვილი ნება. საკასაციო პალატის განმარტებით, გარიგებაზე ნებაყოფლობით ხელის მოწერით მხარე გამოთქვამს რა თანხმობას მის პირობებზე, ივარაუდება, რომ გარიგების პირობები მისთვის ცნობილია. კანონი არ ითვალისწინებს გარიგების ბათილობას მხარის დაუდევრობის - გარიგების გაცნობის გარეშე ხელმოწერის გამო (შდრ. სუსგ №ას-193-180-2015, 30.04.2015წ; №ას-328-2021, 21.07.2022წ.). ამრიგად, არც აღნიშნული საფუძვლით არსებობს მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობის საფუძველი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სადავო მინდობილობა დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ, რომელმაც თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 29.11.2016 წლის სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ 10.02.2015 წლის სანოტარო აქტის შედგენისას გაესაუბრა მოსარჩელეს, განუმარტა ყველა დეტალი და მოსალოდნელი იურიდიული შედეგები (იხ. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 29.11.2016 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, ტ.1, ს.ფ. 159-180). მართებულად არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა მინდობილობის ბათილად ცნობის, ასევე - ამ მინდობილობის გამოყენებით დადებული 17.02.2015 წლის ხელშეკრულების ბათილობისა და მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

21. რაც შეეხება განცხადებას სსსკ-ის 89-ე მუხლის თანახმად მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმის შესახებ: განმცხადებელი უთითებს, რომ სადავო უძრავი ნივთი იყო ქ.ღ–ის აქტივი, რომლის სამკვიდროზე კრედიტორიც თავად განმცხადებელია; ნივთი უკანონოდ აღირიცხა მოსარჩელის სახელზე. პალატა განმარტავს, რომ საკასაციო წარმოების ეტაპზე არც ფაქტობრივი გარემოებები დგინდება და არც მტკიცებულებების კვლევას აქვს ადგილი (სსსკ-ის 407-ე მუხლი). არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი (სუსგ №ას-1114-2020, 24.12.2020წ., პ.51.). შესაბამისად, არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნაზე მსჯელობის წინაპირობა.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

23. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 750 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 525 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ღ–ის უფლებამონაცვლე ზ.ღ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ც.ჯ–ის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად ჩართვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

3. ზ.ღ–ს (პ/ნ: .......) უკან დაუბრუნდეს დ.მ–ის (პ/ნ: .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 750 ლარის (საგადახდო დავალება 11216934744, გადახდის თარიღი 14.07.2021წ.) 70% – 525 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია