საქმე №ას-716-2022 26 სექტემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.ნ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხეები)
თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.04.2022 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ი.ნ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოპასუხე“, პირველ და მეორე მოპასუხეებთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა მის წინაშე შესასრულებელი ვალდებულების ნაწილში ჭიათურის მედსანნაწილის საავადმყოფოს უფლებამონაცვლედ მოპასუხეების ცნობა; მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 13.11.2014 წლიდან მიუღებელი სარჩოს - 334.3 ლარისა და 2015 წლის აპრილიდან ყოველთვიურად 137 ლარის გადახდის სოლიდარულად დაკისრება მოსარჩელის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. ჭიათურის სახალხო სასამართლოს 20.01.1977 წლის გადაწყვეტილებით ჭიათურის მედსანნაწილის საავადმყოფოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება ყოველთვიური სარჩოს გადახდის გზით მდგომარეობის შეცვლამდე. ვინაიდან იმ დროისთვის საავადმყოფოები ფინანსდებოდა სახელმწიფოს მიერ, წლების მანძილზე აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება ხდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ვიდრე ჭიათურის მედსანნაწილის საავადმყოფო არ შეერწყა 100% სახელმწიფოს წილის მქონე სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოს“, რომელიც აღასრულებდა გადაწყვეტილებას. თანხა ბოლოს ჩარიცხულია 13.11.2014 წელს. აღსრულება შეწყდა საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადებისა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების გამო.
2.2. პრეიუდიციული ძალის მქონე გადაწყვეტილებით ზიანის ანაზღაურების მხარეს ფაქტობრივად წარმოადგენდა სახელმწიფო, ვინაიდან ამ დროისთვის ჭიათურის მედსანნაწილი არ იყო ცალკე იურიდიული პირი, მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი ქონება და ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობიდან გასული მხარე უნდა ჩანაცვლდეს მოპასუხეებით და, როგორც სახელმწიფო ორგანოებს, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩოს ანაზღაურება (იხ. დაზუსტებული სარჩელი).
3. მოპასუხეთა პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ჭიათურის მედსანნაწილის საავადმყოფოს უფლებამონაცვლედ მოპასუხეების ცნობისა და მათთვის თანხის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა, კერძოდ:
3.1. პირველი მოპასუხის შესაგებელი: სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოს“, რომელიც ლიკვიდაციამდე გასცემდა მოსარჩელეზე სარჩოს, უფლებამონაცვლე არ ჰყავს. საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება, ლიკვიდაცია და გაკოტრებულად გამოცხადება, ნიშნავს სუბიექტის სიცოცხლისუნარიანობის დასრულებას. პირველი მოპასუხე წარმოადგენს სახელმწიფოს ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს და მის მიმართ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.2. მეორე მოპასუხის შესაგებელი: იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს. მისი უფლებაუნარიანობა წარმოიშობა რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება ლიკვიდაციის რეგისტრაციიდან.
იურიდიული პირი დამოუკიდებელია თავის დამფუძნებლისგან, მას დამოუკიდებლად წარმოეშობა უფლებები და ვალდებულებები. დამფუძნებელი, გარდა გამონაკლისისა, პასუხს არ აგებს მის ვალდებულებებზე.
3.3. მესამე მოპასუხის შესაგებელი: მოსარჩელის წინაშე ვალდებული პირი იყო ჭიათურის მედსანნაწილის საავადმყოფო, რომლის უფლებამონაცვლედაც შერწყმის შედეგად იქცა სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფო“. ეს უკანასკნელი უხდიდა სარჩოს მოსარჩელეს, ბოლოს კი გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. მესამე მოპასუხე პასუხისმგებელია მხოლოდ ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი სახსრების დროულ გამოყოფასა და შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებებისთვის სწორად გადანაწილებაზე. არ არსებობს მისთვის სარჩოს გადახდის რაიმე საფუძვლით დაკისრების წინაპირობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.02.2021 წლის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მეორე მოპასუხესა და მის სისტემაში შემავალ პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 13.11.2014 წლიდან 2015 წლის აპრილამდე პერიოდზე მიუღებელი სარჩოს - 154.71 ლარისა და 2015 წლის აპრილიდან ყოველთვიურად 48.42 ლარის გადახდა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
4.1. ქ. ჭიათურის სახალხო სასამართლოს 20.01.1977 წლის გადაწყვეტილებით - მოსარჩელის სარჩელი სს „ჭიათურის სამედიცინო სანიტარული ნაწილის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა; სს „ჭიათურის სამედიცინო სანიტარულ ნაწილს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს გადახდა ერთდროულად 1705 მანეთის ოდენობით და 01.02.1977 წლიდან 56 მანეთისა და 92 კაპიკის ოდენობით, მდგომარეობის შეცვლამდე. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხე სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალის უყურადღებობის გამო მიღებული ტრავმის შედეგად „გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი“ (გაუკეთდა წვივის ამპუტაცია). ამავე გადაწყვეტილების თანახმად, „მოსარჩელის საშუალო თვიური ხელფასი შეადგენდა 161 მანეთს, რასაც გამოაკლდება შენარჩუნებული საერთო შრომის უნარიანობის 40%-ის 24 მანეთი და პენსია - 80 მანეთი და 0.8 კაპიკი და დარჩება 56 მანეთი და 92 კაპიკი, რაც უნდა მიიღოს მოსარჩელემ ყოველთვიურად 1977 წლის 1 თებერვლიდან.“
4.2. სს „ჭიათურის სამედიცინო სანიტარული ნაწილი“ შეერწყა სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოს“, რომლის დამფუძნებელი და აქციონერი იყო სახელმწიფო. ეს უკანასკნელი 13.11.2014 წლამდე ქ. ჭიათურის სახალხო სასამართლოს 20.01.1977 წლის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სარჩოს უხდიდა მოსარჩელეს.
4.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 09.10.2015 წლის განჩინებით სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოს“ უარი ეთქვა გაკოტრების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მიემართათ სასამართლოსთვის საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმისწარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით, განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. უდავოა, რომ სასამართლოსთვის კრედიტორებს არ მიუმართავთ, რის გამოც, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.11.2015 წლის განჩინების საფუძველზე, სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფო“ გამოცხადდა გაკოტრებულად და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.12.2015 წლის №B15248586/3 გადაწყვეტილებით გაუქმდა მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში უფლებამონაცვლის დადგენის გარეშე.
4.4. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქსტატის 24.04.2015 წლით დათარიღებული ცნობის თანახმად, 1972 წლის 161 მანეთი, მანეთის, კუპონისა და ლარის ინფლაციის გათვალისწინებით, 01.01.2007 წლის მდგომარეობით შეადგენს 95.83 ლარს, ხოლო 01.04.2015 წლის მდგომარეობით - 137.06 ლარს.
4.5. მოპასუხეებმა სადავოდ გახადეს მოსარჩელის მიერ როგორც სასარჩელო მოთხოვნაზე პასუხისმგებელ სუბიექტთა წრის განსაზღვრის მართებულობა (მოპასუხის სათანადოობა), ასევე - არათუ სოლიდარულად, არამედ რომელიმე მათგანისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის (სარჩოს) დაკისრების მართლზომიერებაც, იმ გარემოებაზე აპელირებით, რომ სახელმწიფო, როგორც სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს“ აქციონერი, პასუხს არ აგებს საწარმოს ვალდებულებებისათვის. აღნიშნულ პრინციპს საფუძვლად უდევს სააქციო საზოგადოების, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის, იურიდიული პირის განცალკევებულობა მისი აქციონერებისაგან, მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოსაგან.
4.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 24-ე, 25-ე მუხლებზე, სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 27.12.2010 წლის №1-2/2044 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე (ლიკვიდაცია - ეს არის იურიდიული პირის (საწარმოს) არსებობის შეწყვეტა, რომლის შედეგად მისი უფლებები და მოვალეობები სხვა პირებზე სამართალმემკვიდრეობის წესით არ გადადის) და გაიზიარა მოპასუხეთა არგუმენტაცია, რომ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების მომენტიდან სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკურმა საავადმყოფომ“, როგორც ორგანიზებულმა წარმონაქმნმა, არსებობა შეწყვიტა და უფლებამონაცვლე, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა საწარმოს ვალდებულებებზე, მათ შორის, მოსარჩელის მოთხოვნაზე, არ დარჩენილა. სახელმწიფო კი, მოცემულ შემთხვევაში, როგორც საწარმოს პარტნიორი (აქციონერი), წარმოდგენილი პირველი მოპასუხის სახით, საწარმოს უფლებამონაცვლედ ვერ მიიჩნევა. შესაბამისად, პირველი მოპასუხე, ისევე, როგორც მეორე და მესამე მოპასუხეები, სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს“ უფლებამონაცვლედ და მოსარჩელის მიმართ პასუხისმგებელ სუბიექტებად ვერ განიხილებიან. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეორე მოპასუხისა და მის სისტემაში შემავალი პირველი მოპასუხის პასუხისმგებლობა სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს“ კრედიტორების წინაშე სხვა საფუძვლითაც გამორიცხულია.
4.7. სამინისტრო იქმნება კანონის საფუძველზე, მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს და წარმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო ამავე კანონის მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. საქართველოს მთავრობის 17.09.2012 წლის №391 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს ძირითად მიზნებს წარმოადგენს: სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილების განხორციელება; ამავე დებულების მე-3 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელებისას, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საწარმოების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, რეაბილიტაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა; დებულების 22-ე მუხლის თანახმად, სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც სახელმწიფო ქონების მესაკუთრე. სამინისტრო ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას.
4.8. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფო“ დაფუძნდა და დარეგისტრირდა 24.02.2000 წელს. იგი, როგორც 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმო, წარმოადგენდა სხვა ორგანიზაციათა, მათ შორის, ჭიათურის მედსანნაწილის საავადმყოფოს სამართალმემკვიდრეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.11.2015 წლის განჩინების საფუძველზე სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფო“ გაკოტრებულად გამოცხადდა. სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 27.12.2010 წლის №1-1/2044 ბრძანებით განსაზღვრული სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესზე და განმარტა: სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში გაუქმდა არა საზოგადოების ლიკვიდაციის, არამედ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, საზოგადოების გაკოტრებულად გამოცხადების გამო. რეგისტრაციის ზემოაღნიშნული გზით გაუქმებისათვის კი აუცილებელი იყო ორგანიზაციის სახელზე არ არსებულიყო აქტივი, რომელიც ამოიღო და სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა დროს სწორედ 100%-იანი წილის მფლობელმა სახელმწიფომ განკარგა.
4.9. სასამართლოს მითითებით, მართალია, საზოგადოების ქმედება, რომელმაც აქტივის არარსებობის პირობებში, გაკოტრების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა და ამ გზით სამეწარმეო რეესტრში საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმებას მიაღწია, კანონსაწინააღმდეგოდ ვერ შეფასდება, თუმცა, თუ საზოგადოების პარტნიორის/აქციონერის მოქმედებას სამოქალაქო და კორპორაციული სამართალურთიერთობის ქვაკუთხედის - ქმედების მართლზომიერების, სამართალურთიერთობის სუბიექტთა მხრიდან ერთმანეთის უფლებების მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულებისა და კეთილსინდისიერი ქცევის ჭრილში შევაფასებთ, რომელიც ვალდებულების წარმოშობის დამოუკიდებელ საფუძველსაც ქმნის, ცხადი ხდება, რომ სასამართლოსთვის, საზოგადოების გაკოტრების მოთხოვნით მიმართვის გზით, შეილახა მოსარჩელის უფლება, რომელსაც სააქციო საზოგადოების მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გამყარებული მოთხოვნის უფლება ჰქონდა და რის თაობაზეც უდავოდ ინფორმირებული იყო მოვალე მხარე; სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული მით უფრო გასათვალისწინებელია, როდესაც ვალდებულების სამართალსუბიექტი სახელმწიფოა, რომლის ქმედების მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებს, მათ შორის, კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, ამავე კოდექსის 115-ე, 316-ე, 317-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ კეთილსინდისიერების ფუნქციიდან გამომდინარე, როდესაც სამართალსუბიექტს სამართლებრივი მოქმედების რამდენიმე შესაძლებლობა აქვს, მან უნდა იმოქმედოს იმგვარად, რომ ამით ზიანი არ მიადგეს სხვას. თუ ერთი და იმავე მიზნის მიღწევა ამავე სამართალსუბიექტისათვის ყოველგვარი დანაკარგის გარეშე, რამდენიმე კანონიერი გზით არის შესაძლებელი, ასეთ შემთხვევაში უნდა აირჩეს ის გზა, რომლითაც სხვათა უფლებები ნაკლებად შეილახება.
4.10. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის კანონით დაცულ იმ უფლებებზე, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირდება (კონკრეტულ დავაზე მიღწეული სამართლებრივი შედეგი, მისი რეალურად და სრულად აღსრულების გარეშე, ვერ ქმნის მხარის სამართლიანი დაკმაყოფილების საფუძველს; მხარემ უნდა მიიღოს მართლმსაჯულების განხორციელების შედეგი არა ფორმალურად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სახით, არამედ - მისი აღსრულების გზით) და სამართალურთიერთობის მონაწილეთა ქცევის კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების ვალდებულების გათვალისწინებით, ასევე, მხარეთა სტატუსისა და მოთხოვნის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მეორე მოპასუხე და მის სისტემაში შემავალი პირველი მოპასუხე წარმოადგენენ მოსარჩელის მიმართ არსებულ დავალიანებასა და მიმდინარე სარჩოს ანაზღაურებაზე სოლიდარულად პასუხისმგებელ, სათანადო მოპასუხეებს.
4.11. რაც შეეხება სარჩელით მოთხოვნილ სარჩოს ოდენობას, სასამართლომ მიუთითა ქ. ჭიათურის სახალხო სასამართლოს 20.01.1977 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე, გაითვალისწინა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქსტატის ცნობის შინაარსიც და საქმეში სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის სოლიდარულად 13.11.2014 წლიდან მიუღებელი თანხის - 334.3 ლარისა და 2015 წლის აპრილიდან ყოველთვიურად, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე 137 ლარის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ: მეორე მოპასუხესა და მის სისტემაში შემავალ პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაჰკისრებოდათ სარჩოს ანაზღაურება, ქ. ჭიათურის სახალხო სასამართლოს 20.01.1977 წლის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ანაზღაურების ოდენობით (ყოველთვიურად - 56 მანეთი და 92 კაპიკი), რაც საქსტატის მონაცემების გათვალისწინებით, 13.11.2014 წლიდან 2015 წლის აპრილამდე პერიოდზე შეადგენს - 154.71 ლარს, ხოლო 2015 წლის აპრილიდან ყოველთვიურად - 48.42 ლარს.
5. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, პირველმა და მეორე მოპასუხეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, პირველმა და მეორე მოპასუხეებმა კი მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.04.2022 წლის გადაწყვეტილებით - მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; პირველი და მეორე მოპასუხეების სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
6.1. სააპელაციო პალატის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა ცნობილი და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ მეორე მოპასუხე, ისევე, როგორც პირველი მოპასუხე, არ წარმოადგენს იმ იურიდიული პირის (სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს“) უფლებამონაცვლეს, რომელიც ქ. ჭიათურის სახალხო სასამართლოს 20.01.1977 წლის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მოსარჩელის წინაშე ვალდებული პირი იყო.
6.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო მოპასუხეთა მხრიდან კეთილსინდისიერად და გულისხმიერად მოქმედების ვალდებულების დარღვევა, რაც მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის საფუძველია. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღნიშნული მსჯელობა არ გაიზიარა. პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტებს და საკუთარი ინიციატივით დაადგინა და სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაუდო ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც არ ემყარებოდა სასარჩელო მოთხოვნა და რომლებიც სასამართლო განხილვისას არ გამხდარა კვლევის საგანი. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი არ შეიცავს მითითებას იმგვარ გარემოებებზე, რაც მოპასუხეთა მხრიდან ქმედებათა კეთილსინდისიერად და გულისხმიერად განხორციელების ვალდებულების დარღვევის თაობაზე დასკვნის საფუძველს შექმნიდა (მაგ: მოსარჩელეს არ მიუთითებია სახელმწიფოს, როგორც სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს“ 100% წილის მფლობელი პარტნიორის მიერ საწარმოს კაპიტალის არამართლზომიერად შემცირებაზე და ამით პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმის ბოროტად გამოყენებაზე და სხვა). უფრო მეტიც, წარმოდგენილი სარჩელი საერთოდ არ შეიცავს მითითებას მოპასუხეთა ქმედების არაკეთილსინდისიერებაზე. შესაბამისად, არც შესაგებელში არ არის წარმოდგენილი ამ თვალსაზრისით რაიმე შედავება.
6.3. ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, საქმეზე დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 09.10.2015 წლის განჩინებით სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოს“ უარი ეთქვა გაკოტრების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მიემართათ სასამართლოსთვის საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით, განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. უდავოა, რომ სასამართლოსთვის კრედიტორებს არ მიუმართავთ, რის გამოც, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.11.2015 წლის განჩინების საფუძველზე, სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფო“ გამოცხადდა გაკოტრებულად და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.12.2015 წლის №B15248586/3 გადაწყვეტილებით გაუქმდა მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში უფლებამონაცვლის დადგენის გარეშე. ამგვარად, დადგენილია, რომ მოსარჩელემ არ გამოიყენა კრედიტორის მიერ მოვალის მიმართ საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონით განსაზღვრული შესაძლებლობა - მიემართა სასამართლოსთვის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით „გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-3, მე-4 მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ №ას-1163-2018, 08.02.2019წ.).
11. ქ. ჭიათურის სახალხო სასამართლოს 20.01.1977 წლის გადაწყვეტილებით ჭიათურის მედსანნაწილის საავადმყოფოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს გადახდა ერთდროულად 1705 მანეთის ოდენობით და 01.02.1977 წლიდან 56 მანეთისა და 92 კაპიკის ოდენობით, მდგომარეობის შეცვლამდე. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელე მოპასუხე სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალის უყურადღებობის გამო მიღებული ტრავმის შედეგად „გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი“ (გაუკეთდა წვივის ამპუტაცია). ამავე გადაწყვეტილების თანახმად, „მოსარჩელის საშუალო თვიური ხელფასი შეადგენდა 161 მანეთს, რასაც გამოაკლდება შენარჩუნებული საერთო შრომის უნარიანობის 40%-ის 24 მანეთი და პენსია - 80 მანეთი და 0.8 კაპიკი და დარჩება 56 მანეთი და 92 კაპიკი, რაც უნდა მიიღოს მოსარჩელემ ყოველთვიურად 1977 წლის 1 თებერვლიდან“ (ტ.1, ს.ფ. 17-22; 139).
ამდენად, მოსარჩელე იყო არა ჭიათურის მედსანნაწილის საავადმყოფოს თანამშრომელი, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს მიიღო საწარმოო ტრავმა და ამის გამო მოპასუხეს დაეკისრა მის სასარგებლოდ სარჩოს გადახდა, არამედ იყო პაციენტი, რომელმაც სახელმწიფო საავადმყოფოს მიმართა სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით. სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალის უყურადღებობის გამო იგი არათუ განიკურნა, არამედ მიიღო ტრავმა, რასაც მოჰყვა წვივის ამპუტაცია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის მინიჭება, სასამართლოს გადაწყვეტილებით ამავე საავადმყოფოსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს დაკისრება.
12. სს „ჭიათურის სამედიცინო სანიტარული ნაწილი“ (ყოფილი ჭიათურის მედსანნაწილის საავადმყოფო) შეერწყა სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოს“, რომლის დამფუძნებელი და აქციონერი იყო ასევე სახელმწიფო (ტ.1, ს.ფ. 25-28, 31, 32). იგი 13.11.2014 წლამდე ქ. ჭიათურის სახალხო სასამართლოს 20.01.1977 წლის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სარჩოს უხდიდა მოსარჩელეს.
13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.11.2015 წლის განჩინების საფუძველზე სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფო“ გამოცხადდა გაკოტრებულად. სასამართლომ აღნიშნა, რომ 09.10.2015 წლის განჩინებით სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოს“ უარი ეთქვა გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე ვეღარ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. განცხადება გამოქვეყნდა, საიდანაც გასული იყო 1 თვის ვადა (ტ.1, ს.ფ. 62-72) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.12.2015 წლის №B15248586/3 გადაწყვეტილებით გაუქმდა მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში უფლებამონაცვლის დადგენის გარეშე (ტ.1, ს.ფ.73, 31).
14. მას შემდეგ, რაც მოსარჩელეს შეუწყდა სარჩოს გადახდა, ის მიმართავდა სხვადასხვა ორგანოს სარჩოს გადახდის აღდგენის მოთხოვნით, კერძოდ:
- საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 06.11.2018 წლის წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეგზავნა სოციალური დაცვის გარანტიების თაობაზე მოსარჩელის განცხადება (სამინისტროს 13.12.2018 წლის წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ სარჩოს მიღების წესი შეეხებოდა სხვადასხვა სახელმწიფო საწარმოში დასაქმებულ პირებს, რომელთაც მოსარჩელე არ განეკუთვნებოდა, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით უნდა მიემართა საწარმოს უფლებამონაცვლისათვის) (ტ.1, ს.ფ.34); საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 21.03.2019 წლის წერილით ამავე სამინისტროს გადაეგზავნა სარჩოს გადახდის თაობაზე მოსარჩელის განცხადება (სამინისტროს 25.03.2019 წლის წერილით მოსარჩელეს აცნობეს, რომ სარჩოს დაკისრების წესში მოსარჩელის მსგავსი შემთხვევების თაობაზე ცვლილებების შეტანა არ იგეგმებოდა (ტ.1, ს.ფ.35, 36));
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 25.03.2019 წლის წერილით სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გადაეგზავნა მოსარჩელის განცხადება (ტ.1, ს.ფ.37);
- სასამართლოს: მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, რომლის 15.03.2017 წლის განჩინებითაც საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (ტ.1, ს.ფ.38-40), რომლის 18.04.2017 წლის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე (ტ.1, ს.ფ.41,42); მოსარჩელეს სარჩელი ასევე აღძრული ჰქონდა პირველი მოპასუხის წინააღმდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.07.2018 წლის განჩინებით განუხილველად დარჩა (ტ.1, ს.ფ.43-44)).
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პირველი და მეორე მოპასუხეების, როგორც სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს“ ერთადერთი პარტნიორის უფლებამოსილებების განმახორციელებელი სუბიექტების მიმართ (იხ. წინამდებარე განჩინების 4.5-4.7 პუნქტები). სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაფუძნებულია მასზე, რომ სახელმწიფოს, როგორც პარტნიორის უფლებამოსილებების განხორციელებისას, ბოროტად არ გამოყენებულა პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმა, რის გამოც არ არსებობს სარჩელის პირველი და მეორე მოპასუხეების მიმართ დაკმაყოფილების წინაპირობა (იხ. წინამდებარე განჩინების 6.2. პუნქტი). რაც შეეხება მესამე მოპასუხეს, როგორც სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის დროს (იხ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.04.2022 წლის გადაწყვეტილება (ტ.2, ს.ფ.229-244)), ისე საკასაციო წარმოების ფარგლებში, მოსარჩელე მოწინააღმდეგე მხარედ მას აღარ ასახელებს (იხ. საკასაციო საჩივარი, ტ.2, ს.ფ.255).
16. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია - ეკისრება თუ არა სახელმწიფოს, როგორც ლიკვიდირებული სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს“ ერთადერთ პარტნიორს, მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ზიანის ანაზღაურების - სარჩოს გადახდის ვალდებულება.
17. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ წარმოდგენილი სარჩელი არ შეიცავს მითითებას იმგვარ გარემოებებზე, რაც მოპასუხეთა მხრიდან ქმედებათა კეთილსინდისიერად და გულისხმიერად განხორციელების ვალდებულების დარღვევის თაობაზე დასკვნის საფუძველს შექმნიდა (მაგ: მოსარჩელეს არ მიუთითებია სახელმწიფოს, როგორც სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს“ 100% წილის მფლობელი პარტნიორის მიერ საწარმოს კაპიტალის არამართლზომიერად შემცირებაზე და ამით პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმის ბოროტად გამოყენებაზე და სხვა). უფრო მეტიც, წარმოდგენილი სარჩელი საერთოდ არ შეიცავს მითითებას მოპასუხეთა ქმედების არაკეთილსინდისიერებაზე. შესაბამისად, ამ საფუძვლით სარჩელი ვერ დაკმაყოფილდება.
ამასთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დადგენილი გარემოებები ხომ არ იძლევა სარჩელის სხვა სამართლებრივი დასაბუთებით დაკმაყოფილების საფუძველს.
18. სსკ-ის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით, იურიდიული პირი თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს. მოსარჩელე სარჩოს 13.11.2014 წლამდე იღებდა სააქციო საზოგადოებისაგან, ანუ საწარმოსაგან, რომლის პარტნიორები/აქციონერები კრედიტორების წინაშე პასუხს პირადად მაშინ აგებენ, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე ასეთზე არ უთითებს. სსკ-ის 454-ე მუხლის თანახმად, იურიდიული პირის ვალდებულება წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან. ამდენად, ჩვეულებრივ, საწარმოს ლიკვიდაცია მისი ვალდებულებების შეწყვეტის საფუძველია.
წინამდებარე დავის სპეფიფიკა მდგომარეობს იმაში, რომ ლიკვიდირებული საწარმოს აქციონერი იყო სახელმწიფო, რომელსაც თავისი მოქალაქეების წინაშე აქვს სოციალური ვალდებულებები, მათ შორის, ნორმატიულად აღიარებული.
19. საქართველოს მთავრობის 01.03.2013 წლის №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული აქვს ფულადი გასაცემლის მიღების უფლება; ბ) სააგენტოს მხრიდან 2007-2008 წლებში გაცემულია ერთჯერადი კომპენსაცია ან დაფარულია დავალიანება.
ამდენად, სახელმწიფომ ზემოაღნიშნულ პირთათვის დახმარების გადახდით გამოხატა ერთგულება მისი მოწყვლადი წევრებისთვის სოციალური სოლიდარობის პრინციპის დაცვით, რაც ცალსახად სოციალური სახელმწიფოს პრინციპის გამოხატულებაა.
20. რაც შეეხება მოცემულ შემთხვევას:
მოსარჩელე საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საავადმყოფოს თანამშრომლების ბრალეულობით მიადგა ზიანი მკურნალობისას; სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო ლიკვიდირებულია (უფლებამონაცვლე არ ჰყავს); ზიანი მიყენებულია 2007 წლის 1 იანვრამდე; სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულია მოსარჩელის უფლება ფულადი გასაცემლის მიღებაზე; მოსარჩელე სარჩოს იღებდა 13.11.2014 წლამდე.
მიზეზი, რის გამოც მოსარჩელემ ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე ვერ მოიპოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის უფლება დახმარებაზე, იყო ის, რომ ის არ გახლდათ ასეთი საწარმოს თანამშრომელი.
ამდენად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (რომელსაც უფლებამონაცვლე არ ჰყავს) დასაქმებული პირი ნორმატიულად განსაზღვრული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში სარგებლობს სოციალური გარანტიით, ხოლო მოსარჩელე, რომელსაც ასეთ თანამშრომელთა/შესაბამისი საწარმოს ბრალეული ქმედების გამო მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი - არა.
ცხადია, ასეთი შემთხვევები ვერ იქნება იმდენი, რომ ცალკე ნორმატიული რეგულაციის საჭიროება დადგეს. ამასთან, საკითხი განხილულ უნდა იქნეს ზიანის ანაზღაურების ზოგადი ჭრილით.
21. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, გადაუხდელი სარჩოს ანაზღაურებისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი სარჩოს შესატყვისი ოდენობის მითითებული თარიღიდან ყოველთვიურად ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408-ე მუხლის მეორე ნაწილის (თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით) დანაწესიდან გამომდინარეობს. მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად, მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანება დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (სუსგ №ას-476-476-2018, 31.10.2018წ., პ.14,15; №ას-738-690-2017, 11.07.2017წ., პ.16.2).
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალი არ წარმოადგენს ნორმათა მექანიკურ ერთობლიობას. იგი ემყარება და განამტკიცებს კონკრეტულ ღირებულებებს, რომლებიც ქმნიან კერძო სამართლის ფუნდამენტს. ეს ღირებულებები, უწინარეს ყოვლისა, განმტკიცებულია კონსტიტუციაში და შემდგომ მათი რეალიზაცია ხდება კერძო სამართალში. ამიტომ ლოგიკურია, რომ სამოქალაქო კოდექსი თავისი ღირებულებითი წესრიგის საზომად საქართველოს კონსტიტუციას აღიარებს (სსკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი). გარდა კონსტიტუციური საფუძვლებისა, კერძო სამართალს თვითონვე აქვს იმანენტური საფუძვლები, რომლებიც კერძო სამართლის ბუნებას განსაზღვრავენ: პიროვნების თავისუფლება და კერძო საკუთრება, კერძო ავტონომია და ხელშეკრულების თავისუფლება (ლადო ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2011, გვ.82).
23. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია.
საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლით განმტკიცებულია სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, კერძოდ, მისი პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.
24. საქართველოს, როგორც სოციალური სახელმწიფოს, უმთავრესი ამოცანაა ადამიანის ღირსეული ყოფის უზრუნველყოფა (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26.10.2007 წლის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-18).
დაცული უნდა იქნეს ნებისმიერი ადამიანის ღირსება. სოციალური სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს ზრუნვას ნებისმიერ ადამიანზე, იმათზეც კი, რომლებიც პიროვნული სისუსტის ან ბრალეულობის გამო უუნარონი არიან, ან ხელშემშლელი პირობების გამო ვერ ახერხებენ სოციალურ და პიროვნულ განვითარებას (Bundesverfassungsgericht (BverfG), Urteil des Ersten Senats vom 05. November 2019 - 1 BvL 7/16 -, Rn. 120).
25. სამოქალაქო საზოგადოებაში სახელმწიფო საშუალებაა ადამიანის, როგორც მიზნის, სასარგებლოდ (ბესარიონ ზოიძე, სამართლის პრაქტიკული ყოფიერების შემეცნების ცდა (უპირატესად ადამიანის უფლებათა ჭრილში), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013, გვ.10). ადამიანს აქვს სამართლის იმედი, რომელიც ფასეულია და პრაქტიკულად ქმედუნარიანია. სამართლებრივი სახელმწიფოს ღერძი სწორედ ასეთი სამართალია (იხ. იქვე, გვ.13). სახელმწიფომ ადამიანის ღირსეულ არსებობაზე ზრუნვისას უნდა გაითვალისწინოს ყველა ფაქტორი, შეცდომა რომ არ დაუშვას (Bundesverfassungsgericht (BverfG), Urteil des Ersten Senats vom 05. November 2019 - 1 BvL 7/16 -, Rn. 121).
26. სოციალური სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება, მოსახლეობის შეძლებისდაგვარად თანაბარზომიერი უზრუნველყოფა, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნა. ეს მიზნები, ობიექტური გარემოებების გამო, არ არის სრულად მიღწევადი და, უწინარესად, წარმოადგენს მუდმივ ამოცანას და ზრუნვის საგანს სახელმწიფოსათვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.03.2008 წლის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018 წლის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-28).
27. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება, შეინარჩუნოს თავისი ღირსება და პიროვნების თავისუფალი განვითარება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა განხორციელებით ეროვნული ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და თითოეული სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად. ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლის თანახმად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ: შექმნან ან შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა; შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც სულ მცირე თანაბარი უნდა იყოს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიცირებისათვის აუცილებელი დონის; ეცადონ, ეტაპობრივად მაღალ დონეზე აიყვანონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით კი, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა სრულ რეალიზებას, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
28. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირისათვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნებაზე და უზრუნველყოფდეს, შესაბამისი უფლების სათანადოდ რეალიზებით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური უფლებებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას (შდრ. სუსგ №ბს-1176(2კ-22), 11.07.2023წ.). სოციალური სახელმწიფოს პრინციპი წარმოშობს ხელისუფლების არაერთ ვალდებულებას მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს ადეკვატურ ადმინისტრირებას (სუსგ №ბს-365-360 (კ-16), 25.05.2017წ.).
29. დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს ხიბლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მის საყრდენს, საფუძველს და მუდმივ მიზანს წარმოადგენს ფართო გაგებით თავისუფალი ადამიანი - ინდივიდი, რომლისთვისაც აღიარებულია უფლებები და თავისუფლებები და სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებულია, ამ უფლებებით სრულყოფილად სარგებლობის გზით, თავისუფალი თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. ამასთან, ცხადია, რომ სახელმწიფო ასეთ გარანტიას უნდა წარმოადგენდეს მთლიანად საზოგადოებისთვის, თითოეული ადამიანისთვის, რადგან შეუძლებელია, თავისუფლება თვისებრივად განსხვავებული იყოს სხვადასხვა ადამიანისთვის (ქეთევან ერემაძე, ინტერესთა დაბალანსება დემოკრატიულ საზოგადოებაში, 2013, 7,8).
30. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სამართლიანი სასამართლოს უფლება ორგანულ კავშირშია კონსტიტუციით განსაზღვრული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან და ამ უფლების სრულყოფილ რეალიზაციას ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 17.06.2022 წლის №1/3/1377 გადაწყვეტილება საქმეზე „დიმიტრი ღონღაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინსაც იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება (საბოლოო გახდა 28/02/2007), საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი №40765/02), 54).
31. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ინდივიდების უფლებას სოციალურ დახმარებაზე, რომელიც მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მოიაზრებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის გამოყენების კონტექსტით (Stec and Others v. The United Kingdom [დიდი პალატა] (განაცხადი №65731/01 და №65900/01), 12.04.2006). მიუხედავად ამისა, მას მიაჩნია, რომ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი არ ქმნის საკუთრების შეძენის უფლებას და არ ზღუდავს ხელშემკვრელი სახელმწიფოს თავისუფლებას, გადაწყვიტოს, ჰქონდეს თუ არა რაიმე სახის სოციალური უზრუნველყოფის სქემა ან შეარჩიოს შეღავათების ტიპი ან ოდენობა ნებისმიერი ასეთი სქემის მიხედვით. თუმცა, თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოს აქვს მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს სოციალური დახმარების უფლების განხორციელებას ფულადი დახმარების სახით, ეს კანონმდებლობა, იმ პირებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ მის მოთხოვნებს, უნდა ჩაითვალოს როგორც საკუთრებისგან გარკვეული სარგებლის მომტანი, რომელიც შედის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში... მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამის ვალდებულება, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს შექმნას შეღავათების სქემა, მან ეს უნდა გააკეთოს მე-14 მუხლთან შესაბამისად (Stec and Others v. The United Kingdom [დიდი პალატა] (განაცხადი №65731/01 და №65900/01), 12.04.2006, § 53; Andrejeva v. Latvia [დიდი პალატა] (განაცხადი №55707/00), 18.02.2009, § 77; Stummer v. Austria [დიდი პალატა] (განაცხადი №37452/02), 07.07.2011, §§ 82-83; Efe v. Austria (განაცხადი №9134/06), 08.01.2013 (საბოლოო გახდა 08.04.2013), §§ 45-46).
32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესია, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული და, როგორც წესი, ეძებს კომპრომისს სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესს შორის, რომელიც სამართლიანია. სამართალი უნდა ემსახურებოდეს მიზნების განხორციელებას, ე.ი. განსაზღვრული სიკეთის მოპოვებას ან შენარჩუნებას და ამ სიკეთეზე ორიენტირებული ინტერესების დაკმაყოფილებას. ამისათვის საჭიროა, წინასწარ შეიქმნას შეძლებისდაგვარად ფართო წარმოდგენა იმ სიკეთეზე, რომელზეც გადაწყვეტილებამ, ერთი მხრივ, პოზიტიურად, ხოლო, მეორე მხრივ, ნეგატიურად შეიძლება იმოქმედოს. ამ ზემოქმედების „სასურველი“ და „არასასურველი“ შედეგი ყოველი დაცული სიკეთისათვის ცალ-ცალკე დგინდება.
33. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და ურთიერთდამოკიდებულებით გარკვეულ როლს თამაშობენ. სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური, მიზანშეწონილი დაკმაყოფილება.
34. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, იმ პირობებში, როცა: სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება და მას ნორმატიულად აქვს აღიარებული საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში დასაქმებული პირებისათვის დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნება; პირს, რომელიც არ იყო ასეთი საწარმოს თანამშრომელი, მაგრამ ასეთი საწარმოს თანამშრომლების ბრალეულობით/საწარმოს ბრალეულობით მიადგა ზიანი, გაუკეთდა წვივის ამპუტაცია და შეიძინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულია მისი უფლება ფულადი გასაცემლის მიღებაზე, რომელსაც იღებდა კიდეც 13.11.2014 წლამდე, სახელმწიფოს მიერ უნდა აუნაზღაურდეს ზიანი, უნდა მიეცეს ყოველთვიური სარჩო.
35. რაც შეეხება ასანაზღაურებელი ზიანის (სარჩოს) ოდენობას, გათვალისწინებით იმისა, რომ სააპელაციო განხილვის დროს სასამართლოს არ უმსჯელია ამ საკითხზე ((სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტი) როგორც უკვე აღინიშნა, სააპელაციო განხილვის ფარგლებში სასამართლომ დაადგინა ის, რომ სახელმწიფოს არ გამოუყენებია ბოროტად პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმა), ამ მხრივ არ გამოუკვლევია საქმის მასალები, საკასაციო პალატა, სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, თვითონ მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება. შესაბამისად, საკასაციო პალატა ნაწილობრივ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს.
36. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ნ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.04.2022 წლის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
რევაზ ნადარაია