Facebook Twitter

საქმე №ა-420-შ-13-2024 7 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.ი–ნი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქ.სოჭის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – პირის ქმედუუნაროდ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქ.სოჭის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ი.ე. ასული ი–ის განცხადება დაკმაყოფილდა და 2000 წლის 17 სექტემბერს დაბადებული კემეროვსკის ოლქის ქ.პროკოპიევსკის მკვიდრი, ქ.სოჭში, ცენტრალური რაიონის, პოლტავსკაიას ქ. №14-ში მცხოვრები დ.ბ. ასული ი–ი ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ. კრასნოდარის მხარის შრომისა და სოციალური განვითარების სამინისტროს ქალაქ-კურორტ სოჭის ცენტრალური შიდა საქალაქო რაიონის მოსახლეობის სოციალური დაცვის სამმართველოს 2019 წლის 8 აგვისტოს განკარგულებით ი.ე. ასული ი–ი დაინიშნა ქმედუუნარო დ.ბ. ასული ი–ის მეურვედ.

დ. ი–ის მეურვე ი.ი–ნმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქ.სოჭის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 26 თებერვალს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 თებერვლის განჩინებით დ. ი–ის მეურვე ი.ი–ნის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქ.სოჭის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ დ. ი–ის მეურვე ი.ი–ნის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქ.სოჭის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქ.სოჭის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ი.ე. ასული ი–ის განცხადება დაკმაყოფილდა და 2000 წლის 17 სექტემბერს დაბადებული კემეროვსკის ოლქის ქ.პროკოპიევსკის მკვიდრი, ქ.სოჭში, ცენტრალური რაიონის, ..... მცხოვრები დ.ბ. ასული ი–ი ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ. კრასნოდარის მხარის შრომისა და სოციალური განვითარების სამინისტროს ქალაქ-კურორტ სოჭის ცენტრალური შიდა საქალაქო რაიონის მოსახლეობის სოციალური დაცვის სამმართველოს 2019 წლის 8 აგვისტოს განკარგულებით ი.ე. ასული ი–ი დაინიშნა ქმედუუნარო დ.ბ. ასული ი–ის მეურვედ. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 26 თებერვალს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა/ აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღიარების (ცნობის) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. ( იხ. დამატებით: ბ.ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბ., 2009.).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების თაობაზე და ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას დაეყრდნობა „მინსკის კონვენციის“ მოწესრიგებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.

„მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 20 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, გაუქმდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ გ“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა მოქალაქის ქმედუუნაროდ აღიარებას. იმავდროულად სამოქალაქო საპროცესო კოდექს დაემატა ახალი თავი - პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობა.

საკასაციო პალატა საქმეში არსებული რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქ.სოჭის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების შინაარსობრივი შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქ.სოჭის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ი–ის მეურვე ი.ი–ნის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქ.სოჭის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ი.ე. ასული ი–ის განცხადება დაკმაყოფილდა და 2000 წლის 17 სექტემბერს დაბადებული კემეროვსკის ოლქის ქ.პროკოპიევსკის მკვიდრი, ქ.სოჭში, ცენტრალური რაიონის, ........ მცხოვრები დ.ბ. ასული ი–ი ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი