საქმე №ა-5780-შ-177-2023 7 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ი.ა–ნი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის ბოლუს საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თურქეთის რესპუბლიკის ბოლუს საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ე.კ–ძესა და მ.ი.ა–ნს შორის 2016 წლის 7 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
ე.კ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ბოლუს საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა .
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შევიდა 2019 წლის 25 აპრილს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია თურქეთის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ე.კ–ძე საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ე.კ–ძის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ბოლუს საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ე.კ–ძის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ბოლუს საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის ბოლუს საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ე.კ–ძესა და მ.ი.ა–ნს შორის 2016 წლის 7 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შევიდა 2019 წლის 25 აპრილს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია თურქეთის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ე.კ–ძე საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის ბოლუს საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.კ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის ბოლუს საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ე.კ–ძესა და მ.ი.ა–ნს შორის 2016 წლის 7 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი