Facebook Twitter

საქმე №ას-1539-2023 07 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ.ქ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ლი“ (მოსარჩელე სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „თ.ბ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ქ–ძის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს დაკისრებოდა, 2020 წლის 9 იანვრის საბანკო კრედიტის №6135414-10827915 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 43736.54 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 27348.35 ლარი, პროცენტი 10242.99 ლარი, პირგასამტეხლო – 6000 ლარი და დაზღვევა 145.20 ლარი; 2020 წლის 17 იანვრის საბანკო კრედიტის №6135414-10839213 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების 1201.87 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 786.67 ლარი, პირგასამტეხლო - 400 ლარი და დაზღვევა 15.20 ლარი; 2020 წლის 6 მარტის საბანკო კრედიტის №6135414-10909649 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების 4230.33 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2000 ლარი, პროცენტი 1230.33 ლარი, პირგასამტეხლო - 700 ლარი; 2020 წლის 11 მარტის საბანკო კრედიტის №6135414-10917493 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 2161.90 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1000 ლარი, პროცენტი – 561.90 ლარი, პირგასამტეხლო – 400 ლარი; 2020 წლის 8 მაისის საბანკო კრედიტის №6135414-10951767 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემცირებული დავალიანების – 8748.22 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 4000 ლარი, პროცენტი – 2748.22 ლარი, პირგასამტეხლო კი – 1500 ლარი.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის არსებობდა საბანკო კრედიტის გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებში მოპასუხემ კრედიტის სახით რამდენჯერმე მიიღო თანხა მოსარჩელისაგან და იკისრა, მხარეთა შეთანხმებული პირობებით, მისი დაბრუნების მოვალეობა.

3. საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოპასუხემ სრულად არ შეასრულა, რის გამოც მოსარჩელეს წარმოეშვა სარჩელის წარდგენის უფლება.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუნცა სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნებს, 2020 წლის 9 იანვრის საბანკო კრედიტის №6135414-10827915 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნიდან ძირი თანხის - 27348.35 ლარისა და პროცენტის - 10242.99 ლარის, 2020 წლის 17 იანვრის საბანკო კრედიტის №6135414-10839213 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნიდან ძირი თანხის - 786.67 ლარის და საკომისიოს -15.20 ლარის, 2020 წლის 06 მარტის საბანკო კრედიტის N6135414-10909649 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნიდან ძირი თანხის - 2000 ლარისა და პროცენტის -1230.33 ლარის, 2020 წლის 11 მარტის საბანკო კრედიტის №6135414-10917493 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნიდან ძირი თანხის -1000 ლარის, ასევე 2020 წლის 8 მაისის საბანკო კრედიტის №6135414-10951767 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნიდან ძირი თანხის - 4000 ლარის ნაწილში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის 9 იანვრის საბანკო კრედიტის №6135414-10827915 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების - 39736.54 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 27348.35 ლარი, პროცენტი - 10242.99 ლარი, პირგასამტეხლო - 2000 ლარი და დაზღვევა - 145.20 ლარი, 2020 წლის 17 იანვრის საბანკო კრედიტის №6135414-10839213 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების 1001.87 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 786.67 ლარი, პირგასამტეხლო - 200 ლარი და დაზღვევა 15.20 ლარი, 2020 წლის 6 მარტის საბანკო კრედიტის №6135414-10909649 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3830.33 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2000 ლარი, პროცენტი - 1230.33 ლარი, პირგასამტეხლო - 600 ლარი, 2020 წლის 11 მარტის საბანკო კრედიტის №6135414-10917493 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების - 1861.9 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1000 ლარი, პროცენტი - 561.90 ლარი, პირგასამტეხლო - 300 ლარი, 2020 წლის 8 მაისის საბანკო კრედიტის №6135414-10951767 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემცირებული დავალიანების - 7248.22 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 4000 ლარი, პროცენტი - 2748.22 ლარი, პირგასამტეხლო - 500 ლარი.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აგვისტოს განჩინებით შპს „ტ.კ–ლის“ (შემდგომ - მოსარჩელის უფლებამონაცვლე) განცხადება დაკმაყოფილდა და განმცხადებელი ცნობილ იქნა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ.

8. ამავე პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ:

10. 2020 წლის 9 იანვარს მოსარჩელემ საბანკო კრედიტის №6135414-10827915 ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს კრედიტის სახით გადასცა 27 700 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15%-ით, კრედიტის ვადა - 1467 დღით, 2024 წლის 15 იანვრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

11. საბანკო კრედიტის №6135414-10827915 ხელშეკრულება დაირღვა 2020 წლის 15 ოქტომბერს, რადგან მოვალეს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, თანხა აღარ გადაუხდია. აღნიშნული სესხის დასაფარად სულ გადახდილი თანხიდან 351.65 ლარით დაიფარა ძირი თანხა, 421.19 ლარით - პროცენტი, 21.44 ლარით - ჯარიმა, ხოლო 39.02 ლარით - დაზღვევა.

12. 2022 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხეს, 2020 წლის 9 იანვრის საბანკო კრედიტის №6135414-10827915 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 69 037.55 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 27348.35 ლარი, პროცენტი - 10242.99 ლარი, ჯარიმა - 31 301.01 ლარი და დაზღვევა - 145.20 ლარი.

13. 2020 წლის 17 იანვარს სწრაფი განვადების ფარგლებში მხარეთა შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის №6135414-10839213 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 885 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა განისაზღვრა 272 დღით (9 გადახდა), 2020 წლის 15 თებერვლიდან 2020 წლის 15 ოქტომბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში 100.26 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სესხის დაფარვის საკომისიო - 1.9 ლარი ყოველთვიურად (ჯამში 17.10 ლარი) და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - ფიქსირებული 2 ლარისა და დავალიანების 1.50%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

14. 2020 წლის 15 მარტს მოპასუხეს თანხა აღარ გადაუხდია, აღნიშნული სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილია 143.59 ლარი, საიდანაც 98.33 ლარით დაიფარა ძირი თანხა და 45.26 ლარით - საკომისიო.

15. 2022 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხეს, 2020 წლის 17 იანვრის საბანკო კრედიტის №06135414-10839213 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 1964.77 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 786.67 ლარი, ჯარიმა - 1162.90 ლარი და საკომისიო - 15.20 ლარი.

16. 2020 წლის 6 მარტს მხარეთა შორის დაიდო საბანკო კრედიტის №6135414-10909649 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25%-ით, კრედიტის ვადა - 1442 დღით, 2024 წლის 16 თებერვლამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 16 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 5 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

17. საბანკო კრედიტის №6135414-10909649 ხელშეკრულება დაირღვა 2020 წლის 16 მარტს, რადგან მოპასუხეს თანხა აღარ გადაუხდია. 2022 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხეს, 2020 წლის 6 მარტის საბანკო კრედიტის №6135414-10909649 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება 4756.79 ლარის დავალიანება, საიდანაც ძირი თანხაა 2000 ლარი, პროცენტი - 1230.33 ლარი და ჯარიმა - 1526.46 ლარი.

18. 2020 წლის 11 მარტს მხარეთა შორის დაიდო საბანკო კრედიტის №6135414-10917493 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25%-ით, კრედიტის ვადა - 1442 დღით, 2024 წლის 21 თებერვლამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 21 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 5 ლარი და დავალიანების 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

19. საბანკო კრედიტის №6135414-10917493 ხელშეკრულება დაირღვა 2020 წლის 21 მარტს და 2022 წლის 30 ივნისის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აღნიშნული სესხის დასაფარად სულ გადახდილი თანხიდან 50 ლარით დაიფარა პროცენტი, ხოლო 25 ლარით - საკომისიო.

20. 2022 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხეს, 2020 წლის 11 მარტის საბანკო კრედიტის №6135414-10917493 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 2384.29 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1000 ლარი, პროცენტი - 561.90 ლარი და ჯარიმა - 822.39 ლარი.

21. 2020 წლის 8 მაისს მხარეთა შორის დაიდო საბანკო კრედიტის №6135414-10951767 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს გადაეცა კრედიტი 4000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 30%-ით, კრედიტის ვადა - 1470 დღით, 2024 წლის 17 მაისამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 17 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 5 ლარი, ასევე, დავალიანების 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

22. საბანკო კრედიტის №6135414-10951767 ხელშეკრულება დაირღვა 2020 წლის 17 ივნისს. 2022 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხეს, 2020 წლის 8 მაისის საბანკო კრედიტის №6135414-10951767 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 10 085.65 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 4000 ლარი, პროცენტი - 2748.22 ლარი და ჯარიმა - 3337.43 ლარი.

23. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

24. ამდენად, სსკ-ი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

25. პირველ რიგში სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, შეეფასებინა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტი, რომ მან „კოვიდ“ პანდემიის გამო, დაკარგა სამსახური და, შესაბამისად, - შემოსავალი, რის გამოც ითხოვს პირგასამტეხლოს ოდენობის მინიმუმამდე შემცირებას. პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას სასამართლოს შეუძლია, გაითვალისწინოს საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები, მათ შორის მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამომწვევი მიზეზები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს საქმეში, გარდა საკუთარი ზეპირი ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიერ მითითებული გარემოების არსებობას. პალატამ აქვე მიუთითა, რომ აპელანტს მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ევალდებოდა იმ გარემოებათა რელევანტური მტკიცებულებებით დადასტურება, რასაც ამყარებს საკუთარ მოთხოვნას. აპელანტს მოცემულ შემთხვევაში მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება არ მოუხდენია, შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები.

26. დამატებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მსოფლიო პანდემიის არსებობა და მის საფუძველზე შიდასახელმწიფოებრივ დონეზე დაწესებული შეზღუდვები წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს. თუმცა პანდემიის არსებობა აპრიორი არ გულისხმობს, რომ ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც იმ პერიოდში გაფორმდა, ან რომლიდან გამომდინარეც ვალდებულების შესრულების ვადა დადგა, უნდა დაექვემდებაროს განსაკუთრებულ რეჟიმს, ან მოვალე გათავისუფლდეს ვალდებულების შესრულებისგან. ვალდებულების მატარებელმა პირმა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაადასტუროს, რომ პანდემიისა და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულებული შეზღუდვების შედეგები მასზე უარყოფითად აისახა და აღნიშნული გარემოებები პირდაპირ კავშირშია მოვალის მიერ შესასრულებელ ვალდებულებასთან. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ასეთი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტს არ წარმოუდეგნია.

27. რაც შეეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობებს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეამცირა პირგასამტეხლოები ყველა სესხის ხელშეკრულებასთან მიმართებით და მათი ოდენობა განსაზღვრა გონივრული სტანდარტით. პალატამ მიუთითა, რომ სასამართლომ პირგასმატეხლოს ოდენობების განსაზღვრისას გაითვალისწინა სესხის დავალიანებული ძირი თანხების ოდენობები და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობები. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოების უფრო მეტად შემცირება აზრს დაუკარგავს აღნიშნული ინტიტუტის მიზანს და ვერ უზრუნველყოფს მისი კანონისმიერი ფუნქციის შესრულებას. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში მოყვანილი პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ არ არის გასაზიარებელი, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

28. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ სხვა რაიმე პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ აპელანტს არ დაუფიქსირებია, შესაბამისად, გასაზიარებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მოპასუხე მხარისთვის, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

29. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

30. კასატორმა მიუთითა, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია შეუმციროს მხარეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობა. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ ისარგებლა აღნიშნული შესაძლებლობით და მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ნაწილი შეამცირა, თუმცა არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სესხების დამტკიცების მომენტში კასატორი მუშაობდა ავიაკომპანიაში. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“, შეწყდა საერთაშორისო რეგულარული რეისები, რის გამოც მოსარჩელემ, რომელიც ზემოხსენებულ კომპანიაში მუშაობდა ბორტგამცილებლად და მანამდე ჰქონდა საკმაოდ მაღალი ხელფასი, დაკარგა სამსახური. ზემოაღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო პირგასამტეხლოს ნაწილში მაინც მოსარჩელის მოთხოვნის მინიმუმამდე შემცირება.

31. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მსჯელობას პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საკასაციო სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს კოვიდპანდემიის შედეგად გამოწვეული სამსახურებრივი შეზღუდვების არსებობა.

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორს მის მიერ წარმოდგენილი 150 ლარი ჩაეთვალა სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში, ხოლო სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი 150 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

35. 2020 წლის 9 იანვარს მოსარჩელემ საბანკო კრედიტის №6135414-10827915 ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს კრედიტის სახით გადასცა 27 700 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15%-ით, კრედიტის ვადა - 1467 დღით, 2024 წლის 15 იანვრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

36. საბანკო კრედიტის №6135414-10827915 ხელშეკრულება დაირღვა 2020 წლის 15 ოქტომბერს, რადგან მოვალეს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, თანხა აღარ გადაუხდია. აღნიშნული სესხის დასაფარად სულ გადახდილი თანხიდან 351.65 ლარით დაიფარა ძირი თანხა, 421.19 ლარით - პროცენტი, 21.44 ლარით - ჯარიმა, ხოლო 39.02 ლარით - დაზღვევა.

37. 2022 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხეს, 2020 წლის 9 იანვრის საბანკო კრედიტის №6135414-10827915 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 69 037.55 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 27348.35 ლარი, პროცენტი - 10242.99 ლარი, ჯარიმა - 31 301.01 ლარი და დაზღვევა - 145.20 ლარი.

38. 2020 წლის 17 იანვარს სწრაფი განვადების ფარგლებში მხარეთა შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის №6135414-10839213 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 885 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა განისაზღვრა 272 დღით (9 გადახდა), 2020 წლის 15 თებერვლიდან 2020 წლის 15 ოქტომბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში 100.26 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სესხის დაფარვის საკომისიო - 1.9 ლარი ყოველთვიურად (ჯამში 17.10 ლარი) და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - ფიქსირებული 2 ლარისა და დავალიანების 1.50%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

39. 2020 წლის 15 მარტს მოპასუხეს თანხა აღარ გადაუხდია, აღნიშნული სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილია 143.59 ლარი, საიდანაც 98.33 ლარით დაიფარა ძირი თანხა და 45.26 ლარით - საკომისიო.

40. 2022 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხეს, 2020 წლის 17 იანვრის საბანკო კრედიტის №06135414-10839213 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 1964.77 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 786.67 ლარი, ჯარიმა - 1162.90 ლარი და საკომისიო - 15.20 ლარი.

41. 2020 წლის 6 მარტს მხარეთა შორის დაიდო საბანკო კრედიტის №6135414-10909649 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25%-ით, კრედიტის ვადა - 1442 დღით, 2024 წლის 16 თებერვლამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 16 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 5 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

42. საბანკო კრედიტის №6135414-10909649 ხელშეკრულება დაირღვა 2020 წლის 16 მარტს, რადგან მოპასუხეს თანხა აღარ გადაუხდია. 2022 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხეს, 2020 წლის 6 მარტის საბანკო კრედიტის №6135414-10909649 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება 4756.79 ლარის დავალიანება, საიდანაც ძირი თანხაა 2000 ლარი, პროცენტი - 1230.33 ლარი და ჯარიმა - 1526.46 ლარი.

43. 2020 წლის 11 მარტს მხარეთა შორის დაიდო საბანკო კრედიტის №6135414-10917493 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25%-ით, კრედიტის ვადა - 1442 დღით, 2024 წლის 21 თებერვლამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 21 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 5 ლარი და დავალიანების 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

44. საბანკო კრედიტის №6135414-10917493 ხელშეკრულება დაირღვა 2020 წლის 21 მარტს და 2022 წლის 30 ივნისის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აღნიშნული სესხის დასაფარად სულ გადახდილი თანხიდან 50 ლარით დაიფარა პროცენტი, ხოლო 25 ლარით - საკომისიო.

45. 2022 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხეს, 2020 წლის 11 მარტის საბანკო კრედიტის №6135414-10917493 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 2384.29 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1000 ლარი, პროცენტი - 561.90 ლარი და ჯარიმა - 822.39 ლარი.

46. 2020 წლის 8 მაისს მხარეთა შორის დაიდო საბანკო კრედიტის №6135414-10951767 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს გადაეცა კრედიტი 4000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 30%-ით, კრედიტის ვადა - 1470 დღით, 2024 წლის 17 მაისამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 17 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 5 ლარი, ასევე, დავალიანების 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

47. საბანკო კრედიტის №6135414-10951767 ხელშეკრულება დაირღვა 2020 წლის 17 ივნისს. 2022 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხეს, 2020 წლის 8 მაისის საბანკო კრედიტის №6135414-10951767 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 10 085.65 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 4000 ლარი, პროცენტი - 2748.22 ლარი და ჯარიმა - 3337.43 ლარი.

48. მოპასუხემ საკასაციო საჩივარი დააფუძნა იმ გარემოებას, რომ სააპელაციო პალატას უნდა გაეთვალისწინებინა ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად წარმოქმნილი სამსახურებრივი შეზღუდვები, მოპასუხის მიერ სამსახურის დაკარგვა და პირგასამტეხლოს ოდენობა მაქსიმალურად შეემცირებინა.

49. კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ-ები: №ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წელი; №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი).

50. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).

51. პირგასამტეხლო ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; №ას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი).

52. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

53. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021 წელი).

54. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

55. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ.

56. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. კანონის ინტერპრეტაცია სამართლიან მოწესრიგებასა და ოპტიმალურ დაკმაყოფილებას უნდა იწვევდეს.

57. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბ., 2020 წელი, გვ. 89; სუსგ №ას-1006-2021,31 მაისი, 2022 წელი, პ.17).

58. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შესურულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26, 2019 წელი). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010 წ. გვ. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93; შდრ: სუსგ-ები: №ას-157-2023, 07 მარტი, 2023 წელი; №ას-213-2023, 11 აპრილი, 2023 წელი).

59. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული (იხ. სუსგ №ას-723-2022, 28 ოქტომბერი, 2022 წელი). სსკ-ის 401-ე მუხლის საფუძველზე, მოვალის ვალდებულებისგან გათავისუფლებისთვის საჭიროა ისეთი ობიექტური გარემოების არსებობა, რაც გამორიცხავს მოვალის ბრალეულობას ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.

60. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

61. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს გააჩნდა მოსარჩელის მიმართ ფულადი დავალიანება. მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

62. კასატორის პრეტენზია მიემართება დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის არგონივრულობას.

63. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალტა მიუთითებს, რომ ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე (შდრ: სუსგ №ას-390-2023, 18 მაისი, 2023 წელი).

64. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-708-662-2017, 11.01.2017 წელი).

65. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605.).

66. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. (შდრ: სუსგ-ები: №ას-1511-2018, 26 მარტი, 2019წელი; №ას-535-2021, 29 ოქტომბერი, 2021 წელი).

67. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

68. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირიადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. გარდა ამისა, სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელ წინაპირობად გვევლინება ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო არ უნდა იყოს უკვე გადახდილი მოვალის მიერ. უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ, გამორიცხულია. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოვალის მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნას ეფუძნება სწორედ იმას, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შესასრულებლად მძიმეა მოვალისათვის. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.

69. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში (შდრ: სუსგ №ას-576-2022, 7 ივლისი, 2022 წელი). ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ №ას-888-2020, 10 დეკემბერი, 2020 წელი).

70. პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვის პროცესში ბალანსი, თანაზომიერება დასაცავია, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს ოდენობას, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების (შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების) გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის (იხ. ნათია ჩიტაშვილი, პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7.). პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (შდრ: სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წელი.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021 წელი).

71. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (შდრ: სუსგ-ები: №ას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი; №ას-310-2022, 16 დეკემბერი, 2022 წელი).

72. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კასატორმა უკვე მოახდინა მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების უფლების რეალიზება, ხოლო კასატორს სააპელაციო პალატის მსჯელობის საწინააღმდეგოდ, დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

73. კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება მხარის მითითება მარტოოდენ იმ გარემოებაზე, რომ მსოფლიო კოვიდპანდემიის დროს მან სამუშაო დაკარგა.

74. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

75. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.

76. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრინციპი გამოხატულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.

77. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ-სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.

78. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება მტკიცების საგნის განსაზღვრის კრიტერიუმის შესახებ შემდეგი დასკვნის გაკეთება: მტკიცების საგანში შედიან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც, სასამართლოს შეხედულებით, სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა.

79. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი, მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებს მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016, გვ.3-4). „მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64). შეუძლია თუ არა სასამართლოს თავისი ინიციატივით შეიტანოს მტკიცების საგანში და საფუძვლად დაუდოს გადაწყვეტილებას ფაქტები, რომლებზეც მხარეები არ მიუთითებენ? იურიდიულ დოქტრინაში გაბატონებული მოსაზრების თანახმად, სასამართლოს ეს არ შეუძლია (იხ. დამატებით: თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 87; ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64).

80. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე (შდრ: შმიტი შ., რიჰტერი ჰ., მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში გვ.27).

81. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.

82. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

83. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.

84. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.

85. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ-სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201)

86. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.

87. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოდის მოპასუხეზე. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით), დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია, მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი.

88. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, რომ სადავო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების დადებისას, ქვეყანაში არსებული კოვიდპანდემიის შედეგად, დაკარგა სამსახური, გახდა გადახდისუუნარო, რაც მინიმუმამდე დაიყვანდა მისი მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში ბრალეულობის საკითხს. ზოგადად პანდემიის არსებობა კი, როგორც სააპელაციო პალატამ მართებულად განმარტა, იმხანად წარმოშობილ სახელშეკრულებო-სამართლებრივ ურთიერთობებზე ავტომატურად გავლენას ვერ მოახდენს და ყველა მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის საშეღავათო პირობების არსებობას ვერ უზრუნველყოფს. მხარეს მაინც რჩება საპროცესო მოვალეობა, ამტკიცოს პანდემიის დროს არსებული შეზღუდვების გავლენა მის უფლება-ვალდებულებებზე.

89. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

90. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

91. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

92. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

93. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

94. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 150 ლარი, დარჩენილი ნაწილის - 150 ლარის გადახდა კი გადავადებული აქვს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაბამისად, მხარეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ღ–ის მიერ 2023 წლის 22 დეკემბერს №19893186517 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარიდან 60 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ლ.ქ–ძეს (პირადი №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ.ღ–ის მიერ 2023 წლის 22 დეკემბერს №19893186517 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარიდან 60 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე