საქმე №ას-1586-2023 07 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ.ლ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ნ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – აუცილებელი გზის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ.ლ–იამ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ნ–ძის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა აუცილებელი საფეხმავლო გზის დადგენა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გავლით, ქ. თბილისში, ........ ქუჩის (შემდგომ - ........ ქუჩა) მხრიდან (საკადასტრო კოდი ͏..........), მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან (საკადასტრო კოდი ........) მისვლის მიზნით, ისე, როგორც ეს სარჩელის მე-4 და მე-9 დანართებზეა წარმოდგენილი.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, .......... (შემდგომ - ........ ქუჩა) მდებარე მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №.......... (საზიარო უფლებით მესაკუთრეები: გ.ლ–ია, ი. ბ–ვა და მ.ნ–ძე) დაიყო სამ ნაწილად. დაყოფის შედეგად წარმოიშვა სამი უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი ͏......., ........., .........).
3. მოსარჩელის მითითებით, ქონების დაყოფამდე ზემოაღნიშნული პირები სარგებლობდნენ მათ საკუთრებაში არსებული საერთო შესასვლელით, მათ შორის, საერთო კიბით ....... ქუჩის მხრიდან, ვინაიდან .... ქუჩიდან მათ ნაკვეთზე მოხვედრა შეუძლებელია. დაყოფის შედეგად, სამივე ნაკვეთზე პირველი მხრიდან არსებული შესასვლელი მოექცა მოპასუხის საკუთრებაში, რომელიც არ აძლევს უფლებას მოსარჩელეს, ისარგებლოს აუცილებელი გზით. მეტიც, მოსარჩელე მოპასუხემ გადაკეტა საკუთრებაში მისასვლელი ერთადერთი გზა პირველი ქუჩის მხრიდან და დაიწყო გამყოფი ბეტონის ღობის მშენებლობა. მშენებლობა შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანის და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად, თუმცა ღობის ნახევარი უკვე აშენებულია. იგი დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე კეტავს მოსარჩელის კუთვნის ნაკვეთზე შესასვლელს, მაშინ როცა, მოსარჩელე არის მოხუცი და უჭირს გადაადგილება.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საზიარო უფლების გაუქმებამდე სამივე მესაკუთრე სარგებლობდა მოპასუხის საკუთრებაში მოქცეული შესასვლელი კიბით. საზიარო უფლების გაუქმების შემდგომაც, როგორც შესაგებელშია მითითებული, მოპასუხე აძლევდა მოსარჩელეს საფეხმავლო გზით სარგებლობის საშუალებას იმ დრომდე, ვიდრე გადაწყვეტდა ღობის აშენებას, რის თაობაზეც აცნობა კიდეც მას. აუცილებელი გზის დადგენის ნაწილში შესაგებელში მითითებულია, რომ გ.ლ–იას მიწის ნაკვეთს სრულფასოვანი წვდომა აქვს მეორე ქუჩასთან, საიდანაც შესაძლებელია მისასვლელი გზის გაკეთება ისე, როგორც გამიჯვნის შედეგად მის მომიჯნავე ნაკვეთებშია მოწყობილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგ ფაქტობრივი გარემოებანი: საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, .... ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება ს/კ №.... თანასაკუთრების უფლებით ირიცხებოდა მოსარჩელის, მოპასუხისა და მესამე ფიზიკური პირის სახელზე.
8. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე დაწყებული სასარჩელო წარმოების გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 4 მარტს, საზიარო უფლება გაუქმდა ნატურით და ქონება დაიყო სამ უძრავ ნივთად საკადასტრო კოდებით: ͏......, ........, ........
9. უძრავ ქონებაზე საზიარო საკუთრების უფლების არსებობის დროს თანამესაკუთრეები სარგებლობდნენ საერთო სარგებლობის შესასვლელით და კიბით, რომელიც, საზიარო უფლების გაუქმების შემდეგ, მოექცა მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში.
10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 14/06/2021წ. №5447888 გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხემ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დაიწყო ღობის მშენებლობა. 2021 წლის 13 ივლისს ხსენებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელიც არ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 10 აგვისტოს №1144 ბრძანებით.
11. სსიპ არქიტექტურის სამსახურის 14/06/2021წ. №5447888 გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 10 აგვისტოს №1144 ბრძანება მოსარჩელემ სადავოდ გახადა ადმინისტრაციული სასარჩელო წარმოებით, რომლის ფარგლებშიც, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა და არქიტექტურის სამსახურის 14/06/2021წ. №5447888 გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდა.
12. მოპასუხე აღარ აძლევს მოსარჩელეს უფლებას, ისარგებლოს მის საკუთრებაში არსებული, ..... ქუჩის მხრიდან შესასვლელი კიბით.
13. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენას, რაც ამ უკანასკნელის საკუთრების უფლების ბოჭვას იწვევს და დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ კანონით გათვალისწინებული ყველა წინაპირობაა მოცემული, კერძოდ: მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს არ უნდა ჰქონდეს კავშირი საჯარო გზასთან; ამ კავშირს უნდა უზრუნველყოფდეს მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთი და კავშირი უნდა იყოს ობიექტურად უალტერნატივო. ამასთან, ობიექტური მიზანშეწონილობა გულისხმობს, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის (მესაკუთრეების) საკუთრების უფლება უნდა შეიზღუდოს შეძლებისდაგვარად მინიმალურად და ალტერნატიული ვარიანტების არსებობის შემთხვევაში, იმ ვარიანტს უნდა მიენიჭოს უპირატესობა, რომელიც ნაკლებად ლახავს სხვა პირის საკუთრების უფლებას.
14. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში ორივე მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე, კერძოდ: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით ირკვევა რომ: 1. ..... ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის კართან (რომლის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე) მოხვედრა შესაძლებელია №........ ........ საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გავლით, ვინაიდან შენობას კარის ღიობი გააჩნია ჩრდილოეთ ნაწილში (.... ქუჩის მხრიდან); 2. .... ქუჩაზე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან (საფეხმავლო-სამანქანე), ისე რომ არ გაიაროს სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, არ გააჩნია თუმცა მისასვლელი გზა აქვს .... ქუჩის მხრიდან. .... ქუჩისა და №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შორის არის დიდი დონეთა სხვაობა (დაახლოებით 4 მეტრი) რის გამოც უნდა მოეწყოს ჩასასვლელი (შესასვლელი). ამასთან, 2022 წლის 22 ნოემბრის შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ვ–ის“ №03/26 დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზის წარმოების პროცესში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ: 1. ..... ქუჩის მხრიდან №.... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან საინჟინრო-ტექნიკური ნორმების დაცვით კონსტრუქციულად შესაძლებელი იყო ჩასასვლელი კიბის მოწყობა, რა დროსაც მოსარჩელის კუთვნილი ეზოს ფართი შემცირდებოდა 22 კვ.მ-ით და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდებოდა მიწის ნაკვეთის გამოყენების შესაძლებლობა. კიბის მოწყობის შემთხვევაში საჭირო იქნებოდა მოსარჩელის კუთვნილი სახლის მზიდ კედელში კარის ღიობის და, ამავდროულად, გასათვალისწინებელი იქნებოდა შემდეგი გარემოებების არსებობა: მიწის ნაკვეთთა ს.კ ..... გასასვლელი კიბე გავიდოდა პირდაპირ მეორე ქუჩის სავალ ნაწილზე, რითაც საფრთხე შეექმნებოდათ მაცხოვრებლებს, ასევე, მიწის ნაკვეთიდან ს.კ .....-ის მაცხოვრებლებისათვის გაიზრდებოდა სატრანსპორტო წვდომის ზღვარი, რითაც დაირღვეოდა საქართველოს მოქმედი снип 2.07.01-89-ის მოთხოვნები.
15. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ კ.ზ–ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტი) №006632921 დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც ქალაქ თბილისში ..... ქუჩაზე მდებარე №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავ ქონებას პირდაპირ, უშუალოდ ესაზღვრება მეორე ქუჩა ნაკვეთის მთელ სიგრძეზე. თუმცა მეორე ქუჩასა და ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შორის არსებობს დონეთა სხვაობა, კერძოდ, მეორე ქუჩა უფრო მაღლა მდებარეობს ვიდრე მიწის ნაკვეთი. აღნიშნულის მიუხედავად, ასევე ისე, რომ არ მოხდეს სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გავლა მეორე ქუჩის მხრიდან შესაძლებელია, მოეწყოს ნაკვეთში ჩასასვლელი (შესასვლელი).
16. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს იმის დადასტურება, რომ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას საჯარო გზასთან დასაკავშირებლად უალტერნატივოდ ესაჭიროება მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების გამოყენება.
17. სააპელაციო პალატამ მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ექსპერტიზის დასკვნების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოცემული დავის ფარგლებში იკვეთება, რომ აპელანტს საკუთარი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს მოპასუხის საკუთრების უფლების შეზღუდვის გარეშე, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით დგინდება, რომ მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ნივთს გააჩნია ალტერნატიული მისასვლელი გზა მეორე ქუჩის მხრიდან. აღნიშნულ ფაქტობრივ მოცემულობას აპელანტი მხარე უარყოფს იმაზე მითითებით, რომ მეორე ქუჩიდან მისასვლელი გზა საფრთხის შემცველია, რომ აღნიშნულ ქუჩას არ აქვს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზებთან და მის საკუთრებამდე მისასვლელი გზის მოწყობა გამოიწვევს საქართველოში მოქმედი снип 2.07.01-89-ის მოთხოვნების დარღვევას.
18. სააპელაციო პალატამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოხსენებულ განმარტებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 180-ე მუხლით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს აპელანტი მხარის მიერ მითითებული არგუმენტების გაზიარების წინაპირობა, რამდენადაც აღნიშნულით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ საკუთარი მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენების შეუძლებლობა და, ამასთან, მოპასუხის კუთვნილი ნაკვეთის დატვირთვის აუცილებლობა. ამდენად, ისეთ ვითარებაში, როდესაც ექსპერტიზის კვლევების შედეგად დადგინდა, რომ სადავო ნაკვეთში მოხვედრა, მოპასუხის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე, შესაძლებელია სხვა ქუჩიდან.
19. გარდა ამისა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ მისამართზე ქონება წარმოადგენდა თანასაკუთრებას და მოსარჩელეს შეეძლო, ესარგებლა თანასაკუთრებაში არსებული გზით. დღეისათვის ეს შესაძლებლობა მოსპობილია მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენა გამოიწვევს დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ზედმეტად დავალდებულებას, ამდენად, დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილება ვერ იქნებოდა განხილული სხვა მიწის ნაკვეთზე მესაკუთრის უფლების შეზღუდვის საპირწონედ.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომიდნარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
22. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა снип 2.07.01-89-ის დანაწესით, რის საფუძველზეც განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ამასთან, არასწორად განმარტა სსკ-ის 180-ე მუხლი, რადგან ..... ქუჩის მხრიდან შესასვლელის მოწყობა საფრთხის შემცველია და არღვევს снип 2.07.01-89-ის მოთხოვნებს.
23. მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სახით საფეხმავლო გზის მოწყობა შესაძლებელია .... ქუჩის მხრიდან, რომელიც ესაზღვრება მის კუთვნილ უძრავ ქონებას. ასევე, მცდარია გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტი, რომ მოსარჩელემ თავად მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება სადავო უძრავ ქონებაზე და თანასაკუთრების რეალურად გამიჯვნა განხორციელდა სწორედ იმგვარად, როგორც მოსარჩელე მოითხოვდა. ფაქტობრივად, მოსარჩელეს საზიარო საგნის რაიმე სახით გამიჯვნის ვარიანტი სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
25. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
27. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, .... ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება ს/კ №....... თანასაკუთრების უფლებით ირიცხებოდა მოსარჩელის, მოპასუხისა და მესამე ფიზიკური პირის სახელზე.
28. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე დაწყებული სასარჩელო წარმოების გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 4 მარტს, საზიარო უფლება გაუქმდა ნატურით და ქონება დაიყო სამ უძრავ ნივთად საკადასტრო კოდებით: ͏.........., ........., ...........
29. უძრავ ქონებაზე საზიარო საკუთრების უფლების არსებობის დროს თანამესაკუთრეები სარგებლობდნენ საერთო სარგებლობის შესასვლელით და კიბით, რომელიც, საზიარო უფლების გაუქმების შემდეგ, მოექცა მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში.
30. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 14/06/2021წ. №5447888 გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხემ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დაიწყო ღობის მშენებლობა. 2021 წლის 13 ივლისს ხსენებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელიც არ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 10 აგვისტოს №1144 ბრძანებით.
31. სსიპ არქიტექტურის სამსახურის 14/06/2021წ. №5447888 გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 10 აგვისტოს №1144 ბრძანება მოსარჩელემ სადავოდ გახადა ადმინისტრაციული სასარჩელო წარმოებით, რომლის ფარგლებშიც, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა და არქიტექტურის სამსახურის 14/06/2021წ. №5447888 გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდა.
32. მოპასუხე აღარ აძლევს მოსარჩელეს უფლებას, ისარგებლოს მის საკუთრებაში არსებული, პირველი ქუჩის მხრიდან შესასვლელი კიბით.
33. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოსარჩელე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებსა და სამართლებრივ შეფასებას, რომლის შესაბამისად მოცემულ საქმეზე მოსარჩელისათვის მოპასუხის კუთვნილ ნაკვეთზე აუცილებელი გზის გამოყოფის წინაპირობები არ არსებობდა.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
35. მოცემულ საქმეში, სარჩელის საგანია აუცილებელი გზის უფლების დადგენა, შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ( შემდეგ - სსკ-ი) სსკ-ის 180-ე მუხლი წარმოადგენს (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო- ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით), რომელშიც საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, მესაკუთრემ უნდა ითმინოს თავისი უძრავი ნივთის დატვირთვა მეზობლის ინტერესებში. აღნიშნული მუხლის დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. ამ გარემოების არსებობა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით სარწმუნოდ უნდა იქნეს დადგენილი (შდრ. №ას-1291-1211-2017, 15.12.2017წ; სუსგ №ას-1048-1316-09, 23.03.2010წ.). აუცილებელ გზაში იგულისხმება არა მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა, არამედ სამანქანე გზაც (სუსგ №ას-45-2021, 22.04.2021წ.; საქმე №ას-1238-202, 22.03.2022წ.).
36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას (საქმე №ას-86-2022, 5.05.2022 წ.)
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია კანონით ან ხელშეკრულებით (სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი). სსკ-ის 180-ე მუხლში საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვები. მეზობელი ნაკვეთის დატვირთვა ობიექტური გარემოებებით უნდა იყოს გამოწვეული, კერძოდ, როდესაც მიწის ნაკვეთი მთლიანად ან ნაწილობრივ იზოლირებულია საჯარო გზებისაგან, ან საამისოდ ადრე არსებობდა ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი გზა, მაგრამ ამჟამად შეუძლებელია მისი ამ მიზნით გამოყენება. აუცილებელ გზაში იგულისხმება არა მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა, არამედ სამანქანე გზაც.
38. ამდენად, სსკ-ის 180-ე მუხლით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება, მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კაშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ (იხ. სუსგ 26.10.2018წ. საქმე №ას-139-131-2018).
39. სსკ-ის 180-ე მუხლით სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლება წარმოადგენს საკუთრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვის კანონისმიერ (არასახელშეკრულებო) უფლებას მეზობელი მესაკუთრის თანხმობის მიუხედავად. ამასთან, მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენება სხვა მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ შესაძლებელია სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზეც, ანუ მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან შეთანხმებითაც (სსკ-ის 247-ე მუხლი, სერვიტუტი) (სუსგ №ას-1549-2018 25.01.2019წ.) აუცილებელი გზის უფლების რეალიზაციაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე თავის მეზობელს უარს ვერ ეტყვის, სხვა შემთხვევაში კი გადამწყვეტია მხარეთა ურთიერთშეთანხმება (გიორგი რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2018, მუხ. 247, ველი 5); (შდრ. სუსგ.-ებები: №ას-1108-1312-05, 18.07.2006წ.; №1416-1548-04 21.04.2005წ.; საქმე №ას-45-2021, 22.04.2021წ.).
40. მნიშვნელოვანია, ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს აუცილებელი გზისა და სერვიტუტის შემთხვევები: აუცილებელი გზა ყოველთვის ნაკარნახებია უალტერნატივო აუცილებლობით და დგინდება კანონის საფუძველზე. სერვიტუტი, თავის მხრივ, ყოველთვის მხარეთა ნების საფუძველზე დგინდება, ანუ იქ, სადაც მხარეები თანხმდებიან. აუცილებელი გზის დადგენა სერვიტუტის ფორმითაც არის შესაძლებელი, ამ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს მხარეთა შეთანხმება. სერვიტუტის დადგენა აუცილებლობიდან არ გამომდინარეობს, ის ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია წარმოშვას. იქ, სადაც მხარეთა ნება გამორიცხულია, კანონი ერევა უხეშად და სწორედ კანონისმიერი უფლების დადგენის გზით გვარდება სამართლებრივი კონფლიქტი. აუცილებელი გზის კონსტრუქციით კანონმდებელმა შემოიტანა საკონტროლო მექანიზმი, რომლითაც, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში შეუძლია, ისარგებლოს იზოლირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, მიწის ნაკვეთის აუცილებელ კომუნიკაციებთან კავშირის უზრუნველსაყოფად (თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 281). ამდენად, აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება - ესაა კანონით დადგენილი საკუთრების უფლების შეზღუდვა (ე. წ. „აუცილებელი გზის სერვიტუტი“, „servitus №ecessaria“) და იგი წარმოიშობა მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც არის ცალმხრივი აღმჭურველი ნების გამოვლენა (ლევან თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018წ., მუხ.180, ველი 1) (იხ. სუსგ საქმე №ას-1147-2021, 31 მარტი, 2023 წელი).
41. აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი (სუსგ №ას-1869-2018, 25.10.2019წ.; №ას-1147-2021, 31.03.2023წ.).
42. მოპასუხის შედავების მიხედვით, მოსარჩელეს საშუალება აქვს, სხვა მიწის ნაკვეთის გამოყენებით მოაწყოს საჯარო გზასთან მისასვლელი გზა და ამისათვის მოპასუხის კუთვნილი ნაკვეთის გზად გამოყენება არაა აუცილებელი.
43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამრთლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62).
44. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ადასტუროს სხვისი საკუთრების უფლების კანონისმიერი ბოჭვის სსკ-ის 180-ე მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობა (შდრ. სუსგ №ას-367-2021, 15.10.2021წ.; №ას-828-2020, 18.12.2020წ.; საქმე №ას-258-2019 30.10.2023წ.).
45. მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად თმენის ვალდებულების გამომრიცხველ გარემოებაზე მიუთითა. მისი მტკიცებით, მოსარჩელემ აუცილებელი გზა დაკარგა მიწის ნაკვეთების გაყოფის შედეგად, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მოსარჩელის ნაკვეთს აქვს ალტერნატიული კავშირი საჯარო გზასთან მეორე ქუჩიდან.
46. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
47. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე, არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თუმცა, მხარემ უნდა უზრუნველყოს მტკიცების საპროცესო საშუალებათა დროული განკარგვა. სასამართლო კი, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მხარისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, რაც თანაბრობას დაარღვევს და სამართალწარმოებას მიკერძოებულს გახდის. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლო განხილვის პროცედურულ უფლებას. სამართლიანობის მოთხოვნა კი, მიემართება მთლიანად სასამართლო პროცესს; იგი არ არის შემოფარგლული მხარეებს შორის დავის წარმოებით. სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია, თავის თავში მოიცავს სასამართლოს მხრიდან მხარისათვის საკუთარი პოზიციის დაცვის მოსამზადებლად ადეკვატური დროის განსაზღვრას და დაცვის მომზადების შესაძლებლობის მიცემას. საპროცესო მოქმედების განსაზღვრულ დროში შესრულების კონკრეტული მაგალითია ექსპერტის დასკვნის საქმის მომზადების სტადიაზე წარდგენის აუცილებლობაც (სსსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 219-ე მუხლის პირველი ნაწილი), რასაც განსახილველ დავაში, მოპასუხემ თავი ვერ გაართვა - არ წარმოადგინა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საპირწონე მტკიცებულება. მით უმეტეს, აღსანიშნავია, რომ „ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე. ცხადია, აქ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ზეპირსიტყვიერი, ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მოსაზრება არ იგულისხმება. ექსპერტიზის, თუნდაც სავარაუდო დასკვნა, აბათილებს მოპასუხის მარტოოდენ ზეპირ განმარტებას, რადგან სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მოსაზრებას სადავო ურთიერთობის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებისას, უთუოდ ენიჭება გარკვეული უპირატესობა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე ვერ აბათილებს ობიექტური მტკიცებულებებით სადავო გარემოებებს. ამდენად, ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაქარწყლების ვალდებულება, მტკიცებულებათა შეფასების ეტაპზე უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონეა. კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად კი, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება)“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 117-121. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
48. განსახილველ საქმეზე წარმოდგენილ იქნა რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა.
49. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით ირკვევა რომ: 1. ....ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის კართან (რომლის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე) მოხვედრა შესაძლებელია №0...... და ...... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გავლით, ვინაიდან შენობას კარის ღიობი გააჩნია ჩრდილოეთ ნაწილში (პირველი ქუჩის მხრიდან); 2. მეორე ქუჩაზე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან (საფეხმავლო-სამანქანე), ისე რომ არ გაიაროს სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, არ გააჩნია, თუმცა მისასვლელი გზა აქვს მეორე ქუჩის მხრიდან. ....... ქუჩისა და №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შორის არის დიდი დონეთა სხვაობა (დაახლოებით 4 მეტრი), რის გამოც უნდა მოეწყოს ჩასასვლელი (შესასვლელი).
50. ამასთან, 2022 წლის 22 ნოემბრის შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ვ–ის“ №03/26 დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზის წარმოების პროცესში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ: 1. მეორე ქუჩის მხრიდან №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან საინჟინრო-ტექნიკური ნორმების დაცვით კონსტრუქციულად შესაძლებელი იყო ჩასასვლელი კიბის მოწყობა, რა დროსაც მოსარჩელის კუთვნილი ეზოს ფართი შემცირდებოდა 22 კვ.მ-ით და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდებოდა მიწის ნაკვეთის გამოყენების შესაძლებლობა. კიბის მოწყობის შემთხვევაში საჭირო იქნებოდა მოსარჩელის კუთვნილი სახლის მზიდ კედელში კარის ღიობის და, ამავდროულად, გასათვალისწინებელი იქნებოდა შემდეგი გარემოებების არსებობა: მიწის ნაკვეთთა ს.კ ...... გასასვლელი კიბე გავიდოდა პირდაპირ მეორე ქუჩის სავალ ნაწილზე, რითაც საფრთხე შეექმნებოდათ მაცხოვრებლებს, ასევე, მიწის ნაკვეთიდან ს.კ .....-ის მაცხოვრებლებისათვის გაიზრდებოდა სატრანსპორტო წვდომის ზღვარი, რითაც დაირღვეოდა საქართველოს მოქმედი снип 2.07.01-89-ის მოთხოვნები.
51. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ კ.ზ–ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტი) №006632921 დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც ქალაქ თბილისში ..... ქუჩაზე მდებარე №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავ ქონებას პირდაპირ, უშუალოდ ესაზღვრება მეორე ქუჩა ნაკვეთის მთელ სიგრძეზე. თუმცა მეორე ქუჩასა და .......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შორის არსებობს დონეთა სხვაობა, კერძოდ, ....... ქუჩა უფრო მაღლა მდებარეობს ვიდრე მიწის ნაკვეთი. აღნიშნულის მიუხედავად, ასევე ისე, რომ არ მოხდეს სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გავლა .... ქუჩის მხრიდან შესაძლებელია, მოეწყოს ნაკვეთში ჩასასვლელი (შესასვლელი).
52. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
53. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
54. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ, მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ნაკვეთი დაიყო მესაკუთრეთა შორის, რის შედეგადაც მოსარჩელის მიწის ნაკვეთმა დაკარგა კავშირი საჯარო გზასთან მოპასუხის ნაკვეთის გავლით, თუმცა სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ჩათვალა, ხოლო კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ გარემოების გასაქარწყლებლად, რომ მოსარჩელის ნაკვეთს აქვს მისასვლელი გზა ..... ქუჩიდან, აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სარჩელით მოთხოვნილი აუცილებელი გზის დადგენა მოსარჩელისათვის საჯარო გზასთან ერთადერთ და უალტერნატივო კავშირს არ წარმოადგენს. შესაბამისად, დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ მოსარჩელეს აუცილებელი გზის მოთხოვნის უფლება მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიმართ არ წარმოშობია და მოპასუხის საკუთრების უფლების კანონისმიერი ბოჭვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლის არსებობა მოსარჩელემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა.
55. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
56. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
57. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
58. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
60. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ბ.გ–ის მიერ 08/01/2024 №2429 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ლ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ.ლ–იას (პირადი №.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ბ.გ–ის მიერ 08/01/2024 №2429 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე