საქმე №ას-1639-2023 07 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – არასრულწლოვანი მ.გ–ის წარმომადგენელი ( ადვოკატი ა.კ–ია)
მოწინააღმდეგე მხარე – პ.გ–ნი, ი.გ–ნი
მესამე პირი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქონების განკარგვაზე ნებართვის გაუქმება
დავის საგანი – ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვაზე თანხმობის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2023 წლის 22 ივნისს, პ. და ი.გ–ნებმა (შემდეგში - განმცხადებელები) განცხადებით მიმართეს სასამართლოს არასრულწლოვანი შვილის მ.გ–ის (დაბ:11.08.2012წ,) სახელზე რიცხული (კუთვნილი) უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქუთაისი, ........., მეორე სადარბაზო, მეათე სართული, ბინა №109, ს/კ:........(სადავო უძრავი ქონება) განკარგვის (ნასყიდობის დადების გზით) თანხმობის მიღების მოთხოვნით.
2. განმცხადებლებმა განმარტს, რომ არიან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებსაც სახელმწიფომ გადასცა საკუთრებაში უძრავი ქონება. ქონება გაფორმდა ასევე არასრულწლოვნის სახელზე. განმცხადებელებს სურთ გაასხვისონ უძრავი ქონება და ნასყიდობის საფასურით შეიძინონ ორი უძრავი ქონება რომელთაგან ერთი გაფორმდება არასრულწლოვნის სახელზე, ხოლო მეორე - განმცხადებელთა უფროსი სრულწლოვანი შვილის სახელზე, რომელსაც შესაძლებლობა ექნება მოაწესრიგოს საკუთარი კუთხე და ხელი შეეწყობა მის განვითარებას.
3. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 03.07.2023წ. განჩინებით საქმეში ჩაბმული იქნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის (შემდეგში - სააგენტო), რომელსაც დაევალა არასრულწლოვანის ინტერესების დაცვის მიზნით, წარმომადგენელის დანიშვნა და დასკვნის წარმოდგენა განცხადებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამავე სასამართლოს 03.07.2023წ. განჩინებით არასრულწლოვანის ინტერესების დაცვის მიზნით, საქმეზე დაინიშნა ადვოკატი ( შემდეგში - არასრულწლოვანის წარმომადგენელი) რომლის უზრუნველყოფა დაევალა იურიდული დახმარების სამსახურს.
4. სააგენტოს მოსაზრება: სააგენტოს წარმომადგენლი დაეთანხმა განმცხადებლების მოთხოვნას სადავო უძრავი ქონების რეალიზაციაზე თანხმობის გაცემის შესახებ, ვინადიან გასხვისება შეესაბამება არასრულწლოვნის ინტერესებს.
5. არასრულწლოვნის წარმომადგენლის მოსაზრება: არასრულწლოვანის საკუთრების უფლებით არ ირიცხება ალტერნატიული უძრავი ქონება და მშობლების მიერ ბავშვის თანასაკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციაზე თანხმობის გაცემის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დარჩება საკუთრების გარეშე.
6. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით განმცხადებლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა. განმცხადებელებს მიეცათ თანხმობა არასრულწლოვანის სახელზე რიცხული (კუთვნილი) უძრავი ქონების, მდებარე: ქ.ქუთაისი, ........., მეორე სადარბაზო, მეათე სართული, ბინა №109, ს/კ: .......... განკარგვის (რეალიზაციის) ნასყიდობის დადების გზით, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა არასრულწლოვნის წარმომადგენლის მიერ.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9. განმცხადებლები არიან არასრულწლოვნის მშობლები.
10. არასრულწოვნის თანასაკუთრებად ირიცხება ქ. ქუთაისი, ......., მეორე სადარბაზო, მეათე სართული, ბინა №109, ს/კ:..........უძრავი ქონება, რომელიც მისი სრულწლოვანი ძმის თანასაკუთრებაცაა.
11. არასრულწლოვანი ფაქტობრივად ცხოვრობს ქ.ქუთაისი, ........ მშობლებთან ერთად. ოჯახს არასრულწლოვნის გარდა სამი სრულწლოვანი შვილი ჰყავს, რომელთაგან ორი საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს და ერთი შვილი დასაქმებულია და ცხოვრობს თბილისში.
12. არასრულწლოვანისა და მისი მშობლების გარდა, უძრავი ქონების (მდებარე ქ. ქუთაისი, ......., მეორე სადარბაზო, მეათე სართული, ბინა №109 თანამესაკუთრეებად რეგისტრირებულნი არიან გ.გ–ნი, თ.გ–ნი, თ.ვ–ძე, მ.მ–ძე.
13. არასრულწლოვანი სწავლობს ქუთაისში, ..... მდებარე, სსიპ ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის №6 საჯარო სკოლის, მეხუთე კლასში.
14. სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის იმერეთის რეგიონული ცენტრის დასკვნის თანახმად, ბიოლოგიურ ოჯახში არასრულწლოვანი იმყოფება მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში, მისი საბაზისო საჭიროებები დამაკმაყოფილებელია, ოჯახის მხრიდან ხელი ეწყობა ბავშვის განათლების მიღებისა და განვითარების პროცესს ბავშვი დაცულია უგულებელყოფისა და ძალადობისგან. მშობლები შვილს სითბოთი და სიყვარულით ეპყრობიან, ცდილობენ დიდი დრო გაატარონ შვილთან, აქტიურად არიან ჩართულები ბავშვის აღზრდის პროცესში, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. ისინი არ ზღუდავენ არასრულწლოვანის ინიციატივას, აძლევენ არჩევანის შესაძლებლობას, აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას. ბავშვსა და ოჯახის წევრებს შორის არის დადებითი ემოციური კავშირი. მათე გამოხატავს ნდობას მათ მიმართ. ოჯახის წევრებთან ერთად თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს. არასრულწლოვნის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია, ქუთაისი, ...... საკითხის შესწავლის დროს გაირკვა, რომ ოჯახის წევრები არიან: მ.გ–ი, დედა-ი.გ–ნი, მამა-პ.გ–ნი. ოჯახს კიდევ ჰყავს სამი სრულწლოვანი შვილი, აქედან ორი საზღვარგარეთ ცხოვრობს, უფროსი ვაჟი მუშაობს და იმყოფება თბილისში. არასრულწლოვნის საცხოვრებელი წარმოადგენს სამოთახიან კეთილმოწყობილ ბინას, სადაც საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია. განმცხადებელებს შვილის მიმართ კარგად აქვთ განვითარებული ზრუნვითი უნარები და არ გაურბიან პასუხისმგებლობას მის წინაშე, შესაბამისად არასრულწლოვანი იმყოფება თბილ, ოჯახურ გარემოში (ს.ფ. 39-41).
15. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანის ადვოკატი (აპელანტი) არ შედავებია და დაადასტურა ზემოაღნიშნული გარემოებები, თუმცა, მიუთითა, რომ გაურკვეველია, რა საშუალებებით ახერხებენ მშობლები არასრულწლოვნის საბაზისო საჭიროებების სრულ უზრუნველყოფას (სააპელაციო სასამართლოს სხდომის 6.11.2023 წლის ოქმი, 13:47:47).
16. სააგენტოს დასკვნის თანახმად, არასრულწლოვანი არის 10 წლის. მას თავისუფლად შეუძლია კონტაქტში შესვლა, კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა და საკუთარი აზრის დაფიქსირება. იგი მშობლებისგან ფლობს ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სოციალურ მუშაკთან გასაუბრებისას არასრულწლოვანმა განმარტა, რომ ქუთაისში, ........ ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის გაყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება მშობლებმა და მან ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე მიიღეს. მშობლებმა მას განუმარტეს, რომ აღებული თანხა მოხმარდება ორი ბინის შეძენას, რომელიც მისი და მისი უფროს ძმის სახელზე გაფორმდება, რაზეც არასრულწლოვანს პრეტენზია არ გააჩნია.
17. განმცხადებლებმა განმარტეს, რომ დასაქმებული არიან. დედა ი.გ–ნი მუშაობს დროებით სამუშაოებზე, ხოლო მამა პ.გ–ნი დასაქმებულია დისტრიბუციაში. ოჯახს აქვს გარკვეული ფინანსური შემოსავალი, რომელსაც ისინი იყენებენ ოჯახისა და შვილის საჭიროებებისთვის (ს.ფ. 40-41).
18. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განმცხადებლებმა განმარტეს, რომ ოჯახის წევრებს შორის შეთანხმებული სურვილია მიღებული საცხოვრებელი ფართის გასხვისების შედეგად მიღებული თანხით, ოჯახის ორი შვილისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის, საცხოვრებელი ფართის შეძენა.
19. არასრულწლოვნის ინფორმირებულობა და პოზიციის (გასხვისებაზე თანხმობის) თავისუფლება სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა არასრულწლოვნის წარმომადგენელმა (აპელანტი), თუმცა, განმარტა, რომ მისი, როგორც სასამართლოს განჩინებით დანიშნული არასრულწლოვნის ინტერესების დამცველის მოვალეობაა, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დადგენისა და მისი ქონებრივი უფლების დაცვის მიზნით, არასრულწლოვნის ქონების გასხვისების ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას, მოითხოვოს ყოველგვარი რისკის გამორიცხვა, რაც არასრულწლოვნის უფლებას შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს (სააპელაციო სასამართლოს სხდომის 6.11.2023 წლის ოქმი,13:49:25).
20. განმცხადებელთა განმარტებით, 2021 წელს დევნილთა პროექტის ფარგლებში, სახელმწიფოსაგან გადაეცათ საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქალაქი ქუთაისი, ..... ქუჩა №12. (ს/კ. ......), რომელიც გაფორმდა ასევე არასრულწლოვანი შვილის მ.გ–ის სახელზეც. ოჯახის წევრების სურვილია, აღნიშნული საცხოვრებელი სახლის გასხვისებით მიღებული მიღებული თანხით შეიძინონ ორი სხვა სახლი, რომელთაგან, ერთი გაფორმდება არასრულწლოვანი მ.გ–ის, ხოლო მეორე სახლი უფროსი შვილის საკუთრებად, რომელიც სრულწლოვანია. გასასხვისებელი ბინა დაკეტილია და ოჯახი ფაქტობრივად ქ. ქუთაისში, ..... ქუჩა №15-ში ცხოვრობს (ს.ფ. 2- 5).
21. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე განმცხადებლებმა დაადასტურეს განცხადებაში მოყვანილი გარემოებები და დამატებით განმარტეს, რომ უძრავი ქონება (ს/კ. ........) რეგისტრირებულია 7 პირის თანასაკუთრებად, რომელთაგან არასრულოვანია მხოლოდ მ.გ–ი. აღნიშნულ ქონებაზე ასევე რეგისტრირებულია განმცხადებლების ყოფილი რძალი თ.ვ–ძე, რომელსაც მათივე განმარტებით ქონების გასხვისებაზე პრეტენზიები არ გააჩნია და განმცხადებლებს მისგან მიღებული აქვთ ნოტარიუსის მიერ დადასტურებული თანხმობა. აღნიშნული ქონების თანამესაკურედ რეგისტრირებულია ასევე განმცხადებლის პ.გ–ნის შვილები სხვა ქორწინებიდან, რომელთაგან ორი საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს და უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, არ გააჩნიათ პრეტენზია, ხოლო სრულწლოვანი თანამესაკუთრის, შვილის - გ.გ–ნის და არასრულწლოვანი შვილის მ.გ–ის დამოუკიდებელი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, მშობლებმა უნდა მოახდინონ ბინის რეალიზაციით მიღებული თანხით სხვა ორი საცხოვრებელი ფართების შეძენით (სააპელაციო სასამართლოს სხდომის 6.11.2023 წლის ოქმი, 13:50:50-14:01:57).
22. მესამე პირის - სააგენტოს წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ გაუჭირა მხარი სააპელაციო საჩივარს და განმარტა, რომ მართალია მშობლების მხრიდან იკვეთება კეთილსინდისიერი და მზრუნველი დამოკიდებულება არასრულწლოვნის ინტერესების მიმართ, თუმცა, ვინაიდან მათ მიერ არ არის წარმოდგენილი სხვადასხვა მტკიცებულებები (რომლებიც განმცხადებლის განმარტებით, რეალურად არსებობს, თუმცა, საქმეში არ არის წარმოდგენილი), რაც დაადასტურებდა განმცხადებლების შემოსავალს და ქონების გასხვისების შემდეგ არასრულწლოვნისთვის საცხოვრებელი ფართის შეძენის მიზანს, სასამართლომ უნდა გასცეს პირობადებული თანხმობა ქონების გასხვისებაზე, იმ პირობაზე მითითებით, რომ გასხვისებით მიღებული თანხით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეძენა, რომელიც მ.გ–ის თანასაკუთრებად დარეგისტრირდება (სააპელაციო სასამართლოს 6.11.2023 წლის სხდომის ოქმი, 14:02:03-14:11:08).
23. გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის თანახმად, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.
24. ამდენად, არასრულწლოვანი ბავშვის ქონების გასხვისება დაუშვებელია სასამართლო თანხმობის გარეშე. დაწესებული სავალდებულო სასამართლო კონტროლი არასრულწლოვანის ინტერესებს ემსახურება და მისი მიზანია დაცული იქნას ბავშვის საკუთრება არაკეთილსინდისიერი მშობლების, თუ სხვა კანონისმიერი წარმომადგენლების მხრიდან. შესაბამისად, სასამართლომ უნდა განიხილოს, რამდენად შეესაბამება ეს ქმედება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამგვარი საკანონმდებლო წესრიგი ბავშვის წინაშე მშობლის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით არის განპირობებული, ვინაიდან ბავშვის უფლებათა დაცვა და მის ინტერესებში მოქმედება მშობლის უზენაესი ვალდებულებაა. არასრულწლოვნის ქონების განკარგვის შესახებ ნებისმიერი გარიგების დადების დროს მიზანს მისი ინტერესის დაცვა უნდა წარმოადგენდეს და მშობლის უფლება - განკარგოს ასეთი პირის ქონება, გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გულმოდგინე განხილვის შემდეგ. არასრულწლოვნის კეთილდღეობაზე და მომავალზე ზრუნვა უნდა იყოს უპირატესი გარიგების დადების დროს და განპირობებული უნდა იყოს ბავშვის როგორც მატერიალური, ისე - არამატერიალური აუცილებელი მოთხოვნილების დაკმაყოფილების აუცილებლობით (მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობა, განათლების მიღება და ა.შ).
25. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას გაითვალისწინება მისი ოჯახურ გარემოში პიროვნული განვითარების უფლება, ბავშვის სოციალური და კულტურული მახასიათებლები, მის მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დამოუკიდებლად რეალიზების შესაძლებლობა და ბავშვის მოსაზრებები. ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას.
26. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
27. მითითებული კოდექსის მე-19 მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების თანახმად, ბავშვს აქვს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება. ბავშვის ქონების განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
28. ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიზანია, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება ბავშვს, უნდა ითვალისწინებდეს მის საუკეთესო ინტერესებს, როგორც უპირველეს პრიორიტეტს, სიტყვა ,,ქმედება“ მოიცავს არა მხოლოდ გადაწყვეტილებებს, არამედ მოქმედებებს, ქცევას, წინადადებებს, მომსახურებას, პროცედურებსა და ღონისძიებებს (სუსგ №ას-705-705-2018, 23.12.2019წ.).
29. ვინაიდან წინამდებარე დავა შეეხება არასრულწლოვანი ბავშვის ქონების გასხვისებას, სასამართლომ უნდა გაარკვიოს ქონების რეალიზაცია შეესაბამება თუ არა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, ამ დროს დაცულია თუ არა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით აღიარებული ბავშვის საყოველთაო უფლებები, მშობლების მიერ ბავშვის სახელით გარიგების დადება ემსახურება თუ არა ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დაცვას.
30. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები კომპლექსური ცნებაა და მრავალმხრივ, ინდივიდუალურ გამოკვლევას საჭიროებს. მასში მოიაზრება ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები (ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუქნტი).
31. ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება („ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლი). მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, რომელიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის. ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას (იმავე მუხლის მე-2 პუნქტი).
32. განმცხადებლების განმარტებით ქონების გასხვისების სურვილი განპირობებულია არასრულწლოვანის კეთილდღეობაზე და მომავალზე ზრუნვით. უდავოა, რომ არასრულწლოვნის მშობლების მიერ არასრულწლოვნისთვის შექმნილია სათანადო ყოფითი გარემო და შექმნილია სათანადო პირობები მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისი განვითარებისთვის. აღნიშნული გარემოებები დადასტურებულია სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ცენტრის დასკვნით, რაც სადავოდ არ გაუხდია აპელანტს.
33. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2511 მუხლის თანახმად, არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლო უპირატესობას ანიჭებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების მიზნით სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს ბავშვის უფლებათა კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი საბაზისო კრიტერიუმების მიხედვით. ბავშვის უფლებათა კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების (მათი უპირატესი გათვალისწინების) მიზნით ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს შემდეგი საბაზისო კრიტერიუმების მიხედვით: ა) ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცვა და უსაფრთხოება; ბ) ბავშვისთვის განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფსიქოსოციალური მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა; გ) ბავშვის მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის, მისი შეურაცხყოფისა და საფრთხის თავიდან აცილება; დ) ბავშვის ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა, მისი პიროვნების, ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და ინტერესების პატივისცემა; ე) ბავშვის მოსაზრებები; ვ) ბავშვსა და მის მშობელს ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელ სხვა პირს შორის ურთიერთობა; ზ) ორივე მშობელთან ბავშვის ურთიერთობის შენარჩუნების ან აღდგენის შესაძლებლობა; თ) ბავშვის მოსაზრების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მისი აღსრულების ეტაპზე ბავშვისთვის შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების კონკრეტული ღონისძიებები; ი) სხვა საკითხები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად გავლენას ახდენს ბავშვის უფლებებზე და საქმის სამართლიანი პროცესის პრინციპების დაცვით გადაწყვეტაზე.
35. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანი უზრუნველყოფილია საცხოვრებლით, მასზე ზრუნავენ მშობლები, არასრულწლოვნის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია, ქუთაისი, ......... N15, რომელიც წარმოადგენს სამოთახიან კეთილმოწყობილ ბინას, დამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობებით. არასრულწლოვნის თანასაკუთრებაში, ქალაქის ცენტრალურ უბანში არსებული ქონების გასხვისებით, მიღებული თანხა უნდა მოხმარდეს ორი ბინის შეძენას, რომელიც მ.გ–ისა და მისი უფროს ძმის სახელზე გაფორმდება.
36. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განმცხადებლებმა აღნიშნული გარემოებები დაადასტურეს და განმარტეს, რომ ოჯახის წევრებს შორის შეთანხმებული სურვილია მიღებული საცხოვრებელი ფართის გასხვისების შედეგად მიღებული თანხით ოჯახის ორი შვილისთვის, მათ შორის, არასრულწლოვან მ.გ–ისთვის საცხოვრებელი ფართის შეძენა. სრულწლოვანი თანამესაკუთრის, შვილის - გ.გ–ნის და არასრულწლოვანი შვილის მ.გ–ის დამოუკიდებელი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მშობლებმა უნდა მოახდინონ ბინის რეალიზაციით მიღებული თანხით სხვა ორი საცხოვრებელი ფართის შეძენით.
37. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებულ პირობებში, არასრულწლოვნის ქონებრივ ინტერესს საფრთხე არ ემუქრება, გათვალისწინებულია მისი საუკეთესო ინტერესი და თანაფარდობაშია მოყვანილი გასასხვისებელი უძრავი ქონების სხვა თანამესაკუთრეთა, მათ შორის, განმცხადებლების სრულწლოვანი შვილის - გ.გ–ნის კანონიერ ინტერესთან, მიიღოს უძრავი ქონებიდან საკუთარი წილი.
38. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და უფლებათა შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის კუთხით, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განმცხადებლებს მართებულად მიეცათ, ქონების განკარგვის თანხმობა და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
39. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (არასრულწლოვნის წარმომადგენელი) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
40. კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად იმ გარემოებას მიიჩნევს, რომ საქმეში არ დევს მტკიცებულება, რომ არასრულწლოვანს გააჩნია სხვა ალტერნატიული უძრავი ქონება, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, ან ქონება საპირწონედ წარმოდგენილი, რითაც არასრულწლოვნების ინტერსები არ შეილახება. არასრულწლოვნის ინტერესს კი წარმოადგენს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება. განმცხადებლების მხრიდან სასამართლო პროცესზე არ გაჟღერებულა რაიმე ინფორმაცია, არც მტკიცებულება ყოფილა წარმოდგენილი იმისა, რომ ამ ეტაპზე არსებობს აუცილებელი მდგომარეობა არასრულწლოვნების ქონების განკარგვისათვის. კონკრეტული დავის შემთხვევაში, მათ სახელზე რიცხული ქონების განკარგვით არ უნდა მიადგეს არასრულწლოვნის ქონებას ზიანი, ანდა უნდა გაუმჯობესებდეს არასრულწლოვნის მდგომარეობას და ემსახურებოდეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს.
41. არასრულწლოვნის თანასაკუთრებაში არსებული ქონების თანამესაკუთრეა: პ.გ–ნის პირველი მეუღლე და მისი შვილები, რძალი, ასევე მეორე მეუღლე და მისი შვილები. გასასხვისებელი უძრავი ქონება ს/კ...... თანამესაკუთრედ რეგისტრირებულია შვიდი პიროვნება. კერძოდ: გ.გ–ნი, თ.გ–ნი, თ.ვ–ძე, ი.გ–ნი, მ.გ–ი, მ.მ–ძე და პ.გ–ნი. მშობლებმა განაცხადეს, რომ ყველა სრულწლოვანი თანამესაკუთრე თანახმაა გასხვისდეს ქონება, თუმცა, არ წარმოუდგენიათ რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნულს.
42. საკასაციო სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ ფაქტზე, რომ უძრავი ქონების თანამესაკუთრედ რეგისტრირებულმა შვიდი პიროვნებიდან, ექვსმა წერილობითი თანხმობით განაცხადი სურვილი, რომ ისინი თანახმა იქნებიან არასრულწლოვანთან ერთად თანასაკუთრებაში გააჩნდეთ საცხოვრებელი ფართი, მაშინ როცა ზ\აღნიშნული თანამესაკუთრეები აცხადებდნენ, რომ მათ არ გააჩნიათ საცოვრებელი ფართი საკუთრებაში, შესაბამისად აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახს აქვს სამართლიანი მოთხოვნა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა საარსებო წყაროთა სააგენტოსთან მათ ოჯახზე გამოეყოთ საცხოვრებელი ფართი, რომლის გამოყოფის შემდეგ თავისი სურვილის და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, უნდა ყოფილიყო მათი საცხოვრებელი გარემო პირობები გაუმჯობესებული. უფრო მეტიც, დღესაც კი არასრულწლოვნის მშობლები აქცენტს აკეთებენ მათ დღევანდელ საცხოვრებელ პირობებზე, მაშინ როცა მზრუნველობის ორგანო აქცენტს აკეთებს მათ საცხოვრებელი ფართის კეთილ საიმედო გარემოზე.
43. კასატორი აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია სააგენტოს ზედაპირული შეფასება საქმისადმი, რისკად არ აღიქვამს იმ ფაქტს, რომ გარდა გასასხვისებელი ქონებისა, არასრულწლოვანს არ ერიცხება სხვა უძრავი ქონება ალტერნატივას სახით. უფრო მეტიც, ალტერნატიულ საცოვრებლად მიიჩნია საერთო კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტი, სადაც იდღემდე ცხოვრობს. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო, რომ გაზდელიანების ოჯახს საცხოვრებელი ფართი ს/კ:........ გადაეცა საკუთრებაში იქიდან გამომდინარე, რომ წესით უნდა გაუმჯობესებულიყო მათ საცხოვრებელი პირობები, თუმცა, თავიანთი სურვილით არ გამოუყენებიათ საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი.
44. კასატორის მოსაზრებით, საკასაციო სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ისეთ საკითხზე, რომ შესაძლებელია გასხვისების შემდეგ ქონება გაიყოს 7 ტოლ ნაწილად, რომლის გაყოფის შემდეგ არასრულწლოვნის ქონება იმდენად მცირე იყოს, რომ ოჯახმა ვერ შეძლოს არასრულწლოვანისათვის საკუთრების შეძენა.
45. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას ყურადღება არ მიაქცია სააგენტოს წარმომადგენლის პოზიციას, რომ ის სააპელაციო მოთხოვნას ნაწილობრივ უჭერდა მხარს. ადმინისტრაციულმა ორგანომ გარკვეულ რისკად შეაფასა ის ფაქტი, რომ არასრულწლოვნის უშუალო საკუთრებაში არ ირიცხებოდა გასასხვისებელი ქონების გარდა, სხვა უძრავი ქონება. ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულებაზე მონიტორინგის განხორციელების ვალდებულების და საკანმდებლო რეგულაციების არარსებობის გამო, სასამართლოს შესთავაზე მისებური ხედვა კონკრეტული დავის ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღებით, სადაც დაცული იქნებოდა არასრულწლოვნის ინტერსები (იხ. სხდომის ჩანაწერი). სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტისას, სხვა პირების ინტერსები უფრო იყო წინ წამოწეული, ვიდრე არასრულწლოვნის ინტერსები.( იხ. საკასაციო საჩივარი).
46. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
47. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
48. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).
49. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
50. განმცხადებლები არიან არასრულწლოვნის მშობლები.
51. არასრულწლოვნის თანასაკუთრებად ირიცხება ქ. ქუთაისი, ......., მეორე სადარბაზო, მეათე სართული, ბინა №109, ს/კ:........ უძრავი ქონება, რომელიც მისი სრულწლოვანი ძმის თანასაკუთრებაცაა.
52. არასრულწლოვანი ფაქტობრივად ცხოვრობს ქ.ქუთაისი, ......... მშობლებთან ერთად, ოჯახს არასრულწლოვნის გარდა სამი სრულწლოვანი შვილი ჰყავს, რომელთაგან ორი საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს და ერთი შვილი დასაქმებულია და ცხოვრობს თბილისში.
53. არასრულწლოვანი და მისი მშობლების გარდა, უძრავი ქონების (მდებარე ქ. ქუთაისი, ......, მეორე სადარბაზო, მეათე სართული, ბინა №109 თანამესაკუთრეებად რეგისტრირებულნი არიან გ.გ–ნი, თ.გ–ნი, თ.ვ–ძე, მ.მ–ძე.
54. არასრულწლოვანი სწავლობს ქუთაისში, ........... მე- შესახვევი №2- ში მდებარე, სსიპ ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის №6 საჯარო სკოლის, მეხუთე კლასში.
55. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი, რომელიც დანიშნულია არასრულწლოვნის წარმომადგენლად, იმ საფუძვლით ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება არასრულწლოვანის სახელზე რიცხული (კუთვნილი) უძრავი ქონების, მდებარე: ქ.ქუთაისი, ......, მეორე სადარბაზო, მეათე სართული, ბინა №109, ს/კ:.........
56. განკარგვის (რეალიზაციის) ნასყიდობის დადების გზით თანხმობის გაცემაზე, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ არასრულწლოვანს გააჩნია სხვა ალტერნატიული უძრავი ქონება, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, ან ქონება, რითაც არასრულწლოვნების ინტერსები არ შეილახება. არასრულწლოვნის ინტერესს კი წარმოადგენს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება. განმცხადებლების მხრიდან სასამართლო პროცესზე არ გაჟღერებულა რაიმე ინფორმაცია არც მტკიცებულება ყოფილა წარმოდგენილი იმისა, რომ ამ ეტაპზე არსებობს აუცილებელი მდგომარეობა არასრულწლოვნების ქონების განკარგვისათვის.
57. საკასაციო პალატა მიუთითებს „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლზე, რომლითაც დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52.).
58. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციაზე, რომლის მონაწილე სახელმწიფოებიც აღიარებენ, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას (ბავშვის უფლებების ევროპული სამართლის სახელმძღვანელო, ლაშა ლურსმნაშვილის თარგმანი, თბილისი, 2020, გვერდი 11.).
59. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს მის საუკეთესო/ჭეშმარიტ ინტერესებს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ამასთან, იგი ასახავს კონვენციის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს. ბავშვის უფლებათა კომიტეტმა („კომიტეტი“)მე-3 მუხლის პირველი პუნქტი მიიჩნია კონვენციის ოთხი ზოგადი პრინციპიდან ერთ-ერთად ბავშვის ყველა უფლების განმარტებისა და განხორციელებისათვის და იყენებს მას, როგორც დინამიკურ ცნებას, რომელიც მოითხოვს კონკრეტული კონტექსტის შესატყვის შეფასებას.
60. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების მიზანია, უზრუნველყოს როგორც კონვენციით აღიარებული ყველა უფლებით სრული და ეფექტიანი სარგებლობა, ისე ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება. კონვენციაში უფლებათა იერარქია არ არსებობს; მასში უზრუნველყოფილი ყველა უფლება შეესაბამება „ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს“ და დაუშვებელია რომელიმე უფლების შელახვა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების ნეგატიური განმარტებით. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების სრული გამოყენება მოითხოვს უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვას, რომელშიც ჩაერთვება ყველა მონაწილე მხარე, ბავშვის ყოვლისმომცველი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ფსიქიკური და სულიერი ერთიანობის უზრუნველსაყოფად და მისი ადამიანური ღირსების პატივსაცემად.
61. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციას, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება არის სამგანზომილებიანი: (ა) მატერიალური უფლება: ბავშვის უფლება, მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და დაეთმოს უპირველესი ყურადღება, როდესაც ხდება სხვადასხვა ინტერესის განხილვა კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, და გარანატია, რომ ეს უფლება განხორციელდება ყოველთვის, როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები ბავშვთან, ბავშვთა დადგენილ თუ დაუდგენელ ჯგუფთან, ან ზოგადად ბავშვებთან დაკავშირებით. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი აწესებს სახელმწიფოთა არსებით ვალდებულებას, რომელიც პირდაპირ მოქმედებს (თვითაღსრულებადია) და შეიძლება მოხმობილი იქნეს სასამართლოს წინაშე. (ბ) ძირითადი, სამართლებრივი პრინციპი: თუ სამართლებრივი ნორმა იძლევა ერთზე მეტი განმარტების შესაძლებლობას, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი განმარტება, რომელიც ყველაზე ეფექტიანად ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. კონვენციასა და მის ფაკულტატურ ოქმებში ასახული უფლებები ქმნიან ჩარჩოს განმარტებისათვის. (გ) საპროცესო ნორმა: როდესაც ხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეეხება კონკრეტულ ბავშვს, ბავშვთა დადგენილ თუ დაუდგენელ ჯგუფს ან ზოგადად ბავშვებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა მოიცავდეს ამ გადაწყვეტილების შესაბამის ბავშვზე ან ბავშვებზე შესაძლო ზეგავლენის (დადებითი თუ უარყოფითი) შეფასებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთებაში უნდა ჩანდეს, რომ ეს უფლება ცალსახად იქნა გათვალისწინებული. ამ თვალსაზრისით, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განმარტონ, თუ როგორ იქნა გათვალისწინებული ეს უფლება გადაწყვეტილებაში, ე.ი. რა იქნა მიჩნეული ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებად, რა კრიტერიუმებს დაეფუძნა იგი და როგორ შეფასდა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სხვა მოსაზრებებთან შედარებით, იქნება ეს პოლიტიკის ზოგადი საკითხები თუ ცალკეული შემთხვევები.
62. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ჩარჩოს მონაწილე სახელმწიფოთა სამი სახის ვალდებულებებს: (ა) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სათანადოდ ინტეგრირებული იყოს და თანმიმდევრულად ხდებოდეს მათი გათვალისწინება საჯარო უწყების მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში, განსაკუთრებით განხორციელების ყველა ღონისძიებაში, ადმინისტრაციულ და სასამართლო სამართალწარმოებაში, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა აქვს ბავშვებზე; (ბ) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ყველა სასამართლო და ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებაში, ისევე, როგორც ბავშვებთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და პოლიტიკაში ნათლად ჩანდეს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესს დაეთმო უპირველესი ყურადღება. საჭიროა იმის აღწერაც, თუ როგორ მოხდა საუკეთესო ინტერესების შესწავლა და შეფასება და რა მნიშვნელობა მიენიჭა მათ გადაწყვეტილებაში; (გ) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ბავშვის ინტერესები შეფასდა და დაეთმო უპირველესი ყურადღება კერძო სექტორის ყველა გადაწყვეტილებასა და ქმედებაში, მათ შორის მომსახურების მიმწოდებლების ან ნებისმიერი სხვა კერძო ორგანიზაციის ან დაწესებულების მიერ, რომლებიც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ან შეეხება მას. მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულება, სათანადოდ გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები, წარმოადგენს ყოვლისმომცველ ვალდებულებას, რომელიც მოიცავს ყველა საჯარო და კერძო სოციალური დაცვის ორგანოს, სასამართლოს, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საკანონმდებლო ორგანოებს, რომლებსაც შეხება აქვთ ან დაკავშირებულნი არიან ბავშვებთან.
63. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით აღიარებული ბავშვის უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციისათვის, 2020 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომელიც, კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, მიზნად ისახავს ბავშვის კეთილდღეობის მისაღწევად საქართველოში ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვისა და სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას. კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება.
64. ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭების ვალდებულება, პირველყოვლისა აქვს სახელმწიფოს. იგულისხმება, როგორც საკანონმდებლო, ასევე, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი განსაკუთრებულ მოთხოვნებს განუსაზღვრავს სახელმწიფოს, რომელიც წარმოადგენს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 პუნქტის გამოძახილს. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას იმგვარი სისტემა, სადაც ყველა ის ორგანო, ფიზიკური და იურიდიული პირი, ვისაც შემხებლობა აქვს ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებთან, უზრუნველყოფდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭებას. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ იხელმძღვანელოს მულტიდისციპლინური მიდგომითა და სპეციალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თუ არ არსებობს გამართული კოორდინაციის სისტემა, რომლის მეშვეობითაც, სხვადასხვა რგოლები ერთიანი სტრატეგიით მუშაობენ ბავშვთან დაკავშირებული საკითხების გადჭრაზე სხვადასხვა კუთხით, ბავშვის საუკეთესო ინტერსები ვერ იქნება გათვალისწინებული (იხ. სოფო კილაძე, პაატა ტურავა, ბავშვის უფლებათა კოდექსის სახელმძღვანელო კომენტარი, თბილისი, 2021, გვ. 65).
65. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს აქვს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბავშვის ქონების განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
66. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ამოქმედებამ არაერთ საკანონმდებლო აქტში გამოიწვია ცვლილების შეტანა, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებით დაწესდა სავალდებულო სასამართლო კონტროლი არასრულწლოვნის უძრავი ქონების გასხვისების პროცედურებზე. კერძოდ, 183-ე მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.
67. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსსაც დაემატა ახალი ნორმა - 2511 მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლო უპირატესობას ანიჭებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.
68. „ბავშვის ინტერესი ბაზირებული უნდა იყოს ყველა იმ რისკისა თუ უპირატესობის შეწონვაზე, რომელიც სასამართლოს მიერ თანხმობის გაცემისას მხედველობაში უნდა მიიღებოდეს“ (იხ. PWW/Bauer, BGB Kommentar, 2020, §1828, Rn.4). ამ ნორმების მიზანია, რომ დაცული იქნას ბავშვის საკუთრება არაკეთილსინდისიერი მშობლების თუ სხვა კანონისმიერი წარმომადგენლების მხრიდან. შესაბამისად, სასამართლომ უნდა განიხილოს, რამდენად შეესაბამება ეს ქმედება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
69. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სახელმწიფოს მიერ ინდივიდუალური გარემოებების სათანადო შეუფასებლობას, რასაც უნდა დაეფუძნოს ბავშვის საკუთრების განკარგვაზე ნებართვის გაცემა ან გაუცემლობა, ბავშვის საკუთრების უფლების დარღვევად განიხილავს. (იხ. S.L and J.L v. Croatia, განაცხადის no.13712/11, პარაგრაფი 64-89.; www. hudoc.echr.coe.int>).
70. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 1198-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, მშობლებს ევალებათ დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვას და გამოყენებას (იხ. ბავშვის მეურვეობის საკითხები სამოქალაქო სამართალწარმოებაში, საქართველოს უზენაესი სასამართლო, თბილისი, 2018, გვ. 86-87). კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა (იხ. Parkinson P., Family Law and the Indissolunility of Parenthod, Published by CambrigeUniversity Press, 2011, P.164).
71. თავის მხრივ, არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესის“ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის არაერთი ნორმა, რომლებიც აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა. აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად შესაბამისი რეგულაციები.
72. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით, უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.
73. სასამართლოებმა ბავშვთა მონაწილეობით საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გამოიყენონ მულტიდისციპლინური მიდგომა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასადგენად (იხ. „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება“ - კანონმდებლობის ანალიზი, UNICEF, თბილისი, 2017 წელი).
74. ზემოაღნიშნული გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბავშვის ქონების გასხვისებისას სასამართლოს თანხმობის მოპოვების აუცილებლობის შემოღება ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების, საკუთრების გარეშე დარჩენის რისკების გამორიცხვისა და მისი კეთილდღეობის მიღწევის მიზნებით არის განპირობებული.
75. მსგავსი სახის დავა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, რაც საჭიროებს ქონების გასხვისების მიზეზის, მიზნებისა და სავარაუდო შედეგების შესწავლასა და ბავშვის მდგომარეობაზე გავლენის შეფასებას. ამასთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დადგენას ემსახურება კანონმდებლობით მსგავსი ტიპის დავებში არასრულწლოვნის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსა და სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“ ჩაბმა. დასახელებულ პირთა მოსაზრებები საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის სასამართლოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
76. „ბავშვის ადვოკატი სამართლებრივ დახმარებას უწევს ბავშვს და მას ეკისრება მტკიცე ერთგულების, კონფიდენციალურობისა და კომპეტენტური წარმომადგენლობის ისეთივე მოვალეობები ბავშვის მიმართ, როგორიც სრულწლოვანი მარწმუნებლის წინაშე“ (იხ: American Bar Association, Standard of Practice for Lawers who Represent Children in Abuse and Neglect Cases, Part 1., A-1, 1996.; Jean Koh Peters, The Roles and Content of best interests in Client Directed Lawyering for Children in Child Protection Proceedings, 64 Fordham L.Rew.1505, 1526, 1996.). ბავშვთა ადვოკატის „პროფესიონალიზმის მახასიათებლებია“ - ესმოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები საქმეში; უზრუნველყოს ბავშვის შესაძლებლობა, დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო მოსმენებში; დაიცვას ბავშვის მიერ კავშირის შენარჩუნება ორივე მშობელთან, დედმამიშვილებთან და ნათესავებთან მონახულებისა და მუდმივი მზრუნველობის დაგეგმვის მეშვეობით; ( იხ. ABA Center on Children and the Law, Legal Representation in Child Welfare Proceedings, 2018.). „როგორც წესი, საუკეთესო ინტერესი აუცილებელია დადგინდეს მრავალი ფაქტორის განხილვის შედეგად და რომელთა შორისაც უმთავრესი საზრუნავია ბავშვის უსაფრთხოება და კეთილდღეობა.“ ( იხ: Child Welfare Information Gateway ( 2020). Determining The best interests of the child. Washington, DC: U.S.Department of Health and Human Servises, Administration for Children and Families; Patrick A. Curtis& Cina Alexander ( Eds). 2012, What Works in Child Welfare. New York: Child Welfare League of America, see especially Chapter II.4.).
77. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ არასრულწლოვანის ინტერესებისა და უფლებების დაცვა, კომპეტენციის შესაბამისად, უნდა იქნეს დელეგირებული ყველა რგოლზე, მათ შორის, მნიშნელოვანი ფუნქცია საოჯახო დავებში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ენიჭება. გასაზიარებელია კასატორის მოსაზრება, რომ არასრულწლოვანის ინტერესი უნდა იკვეთებოდეს არასრულწლოვნის სახელზე რიცხული უძრავი ქონების გასხვისებისას და არ არსებობდეს რისკი იმისა, რომ არასრულწლოვანი დარჩება უძრავი ქონების გარეშე.
78. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაწესებული სავალდებულო სასამართლო კონტროლი არასრულწლოვანის ინტერესებს ემსახურება და მისი მიზანია დაცული იქნას ბავშვის საკუთრება არაკეთილსინდისიერი მშობლების, თუ სხვა კანონისმიერი წარმომადგენლების მხრიდან. შესაბამისად, სასამართლომ უნდა განიხილოს, რამდენად შეესაბამება ეს ქმედება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
79. არასრულწლოვნის ქონების განკარგვის შესახებ ნებისმიერი გარიგების დადების დროს მიზანს მისი ინტერესის დაცვა უნდა წარმოადგენდეს და მშობლის უფლება - განკარგოს ასეთი პირის ქონება, გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გულმოდგინე განხილვის შემდეგ. არასრულწლოვნის კეთილდღეობაზე და მომავალზე ზრუნვა უნდა იყოს უპირატესი გარიგების დადების დროს და განპირობებული უნდა იყოს ბავშვის როგორც მატერიალური, ისე - არამატერიალური აუცილებელი მოთხოვნილების დაკმაყოფილების აუცილებლობით (მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობა, განათლების მიღება და ა.შ).
80. მოცემულ შემთხვევაში, თავად არასრულწლოვნის ინფორმირებულობა და პოზიციის (გასხვისებაზე თანხმობის) თავისუფლება სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა არასრულწლოვნის წარმომადგენელმა (კასატორი/აპელანტი), თუმცა, განმარტა, რომ მისი, როგორც სასამართლოს განჩინებით დანიშნული არასრულწლოვნის ინტერესების დამცველის მოვალეობაა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დადგენისა და მისი ქონებრივი უფლების დაცვის მიზნით, არასრულწლოვნის ქონების გასხვისების ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას, მოითხოვოს ყოველგვარი რისკის გამორიცხვა, რაც არასრულწლოვნის უფლებას შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს (სააპელაციო სასამართლოს სხდომის 6.11.2023 წლის ოქმი,13:49:25).
81. განმცხადებელთა განმარტებით, 2021 წელს დევნილთა პროექტის ფარგლებში, სახელმწიფოსაგან გადაეცათ საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქალაქი ქუთაისი, ...... ქუჩა №12. (ს/კ. ......), რომელიც გაფორმდა ასევე არასრულწლოვანი შვილის მ.გ–ის სახელზეც. ოჯახის წევრების სურვილია, აღნიშნული საცხოვრებელი სახლის გასხვისებით მიღებული მიღებული თანხით შეიძინონ ორი სხვა სახლი, რომელთაგან, ერთი გაფორმდება არასრულწლოვანი მ.გ–ის, ხოლო მეორე სახლი უფროსი შვილის საკუთრებად, რომელიც სრულწლოვანია. გასასხვისებელი ბინა დაკეტილია და ოჯახი ფაქტობრივად ქ. ქუთაისში, ........... ქუჩა №15-ში ცხოვრობს (ს.ფ. 2- 5).
82. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე განმცხადებლებმა დაადასტურეს განცხადებაში მოყვანილი გარემოებები და დამატებით განმარტეს, რომ უძრავი ქონება (ს/კ. ......) რეგისტრირებულია 7 პირის თანასაკუთრებად, რომელთაგან არასრულოვანია მხოლოდ მ.გ–ი. აღნიშნულ ქონებაზე ასევე რეგისტრირებულია განმცხადებლების ყოფილი რძალი თ.ვ–ძე, რომელსაც მათივე განმარტებით ქონების გასხვისებაზე პრეტენზიები არ გააჩნია და განმცხადებლებს მისგან მიღებული აქვთ ნოტარიუსის მიერ დადასტურებული თანხმობა. აღნიშნული ქონების თანამესაკურედ რეგისტრირებულია ასევე განმცხადებლის პ.გ–ნის შვილები სხვა ქორწინებიდან, რომელთაგან ორი საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს და უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, არ გააჩნიათ პრეტენზია, ხოლო სრულწლოვანი თანამესაკუთრის, შვილის - გ.გ–ნის და არასრულწლოვანი შვილის მ.გ–ის დამოუკიდებელი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მშობლებმა უნდა მოახდინონ ბინის რეალიზაციით მიღებული თანხით სხვა ორი საცხოვრებელი ფართების შეძენით (სააპელაციო სასამართლოს სხდომის 6.11.2023 წლის ოქმი, 13:50:50-14:01:57).
83. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანი უზრუნველყოფილია საცხოვრებლით, მასზე ზრუნავენ მშობლები, არასრულწლოვნის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია, ქუთაისი, ........... ქ. N15, რომელიც წარმოადგენს სამოთახიან კეთილმოწყობილ ბინას, დამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობებით. არასრულწლოვნის თანასაკუთრებაში, ქალაქის ცენტრალურ უბანში არსებული ქონების გასხვისებით, მიღებული თანხა უნდა მოხმარდეს ორი ბინის შეძენას, რომელიც მ.გ–ისა და მისი უფროს ძმის სახელზე გაფორმდება, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნას, რომ არსებულ პირობებში, არასრულწლოვნის ქონებრივ ინტერესს საფრთხე არ ემუქრება; გათვალისწინებულია მისი საუკეთესო ინტერესი და თანაფარდობაშია მოყვანილი გასასხვისებელი უძრავი ქონების სხვა თანამესაკუთრეთა, მათ შორის, განმცხადებლების სრულწლოვანი შვილის - გ.გ–ნის კანონიერ ინტერესთან, მიიღოს უძრავი ქონებიდან საკუთარი წილი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და უფლებათა შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის კუთხით, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განმცხადებლებს მართებულად მიეცათ, ქონების განკარგვის თანხმობა და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
84. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ არასრულწლოვნის თანასაკუთრებაში არსებული ქონების თანამესაკუთრეა: პ.გ–ნის პირველი მეუღლე და მისი შვილები, რძალი, ასევე მეორე მეუღლე და მისი შვილები. გასასხვისებელი უძრავი ქონება ს/კ........... თანამესაკუთრედ რეგისტრირებულია შვიდი პიროვნება. კერძოდ: გ.გ–ნი, თ.გ–ნი, თ.ვ–ძე, ი.გ–ნი, მ.გ–ი, მ.მ–ძე და პ.გ–ნი. მშობლებმა განაცხადეს, რომ ყველა სრულწლოვანი თანამესაკუთრე თანახმაა გასხვისდეს ქონება, თუმცა, არ წარმოუდგენიათ რაიმე სახის მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა აღნიშნულს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული პრეტენზია განსახილველ საქმესთან მიმართებით არარელევანტურია, რამდენადაც განსახილველი დავის საგანს არასრულწლოვანის, როგორც ქონების თანამესაკუთრის ნაწილში თანხმობის გაცემა წარმოადგენს, და არა სხვა მესაკუთრეების თანხმობა, გასხვისდეს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს, რომ დანარჩენი თანამესაკუთრეების ნაწილში, ქონების გასხვისება საზიარო ქონების განკარგვის წესებით რეგულირდება.
85. ხოლო რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ გარდა გასასხვისებელი ქონებისა არასრულწლოვანს არ ერიცხება სხვა უძრავი ქონება ალტერნატივას სახით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვერ გახდება ქონების გასხვისებაზე გაცემული თანხმობის გაუქმების საფუძველი, რადგან კანონმდებელი არასრულწლოვნის სახელზე რიცხული ქონების გასხვისებაზე თანხმობის გაცემის აუცილებელ, სავალდებულო წინაპირობად არ მიიჩნევს ალტერნატული ქონების არასრულწლოვანზე რეგისტრაციას. სსკ-ის კოდექსის 183.2 მუხლი ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვას, დასაშვებად მიიჩნევს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.
86. საკასაციო პალატას მიუთითებს, მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლებმა სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, უზრუნველყვეს მათი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, შესაბამისად, კასატორმა ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა, მისი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.
87. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
88. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
89. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
90. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან. (იხ. სუსგ-ები №ას-1378-2021, 5 აპრილი, 2022წ.).
91. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
92. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არასრულწლოვანი მ.გ–ის წარმომადგენლის ა.კ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი