საქმე №ას-1643-2023 07 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი.მ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ი.მ–მა“ (შემდგომში – მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – მოპასუხე ან კასატორი) მიმართ შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 13 952.93 ლარის გადახდის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2019 წლის 11 იანვარს დაიდო ხელშეკრულება N10, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე პრეისკურანტით. რომლის მიხედვითაც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება გაუწიოს შემსყიდველს სათარჯიმნო მომსახურება. ხელშეკრულების ფასი შეადგენდა 450 000 ლარს. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულებაში შედიოდა ცვლილებები და საბოლოოდ, ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 407 000 ლარი. მოსარჩელემ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და მოპასუხეს წარუდგინა შესრულებული სამუშაოს შესახებ მიღება- ჩაბარების აქტები ხელმოსაწერად და სამუშაოს ღირებულების ასანაზღაურებლად. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე სადავოდ არ ხდის შესრულებული სამუშაოს ღირებულებას და შესრულებული სამუშაოს ოდენობას, უარს აცხადებს დავალიანების, 13 952.93 ლარის ანაზღაურებაზე.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, 2019 წლის 11 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული აქვს სრულად. ამავე დროს მოპასუხემ დაადასტურა მომსახურების გაწევისა გარემოება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულება - სულ 13 952.93 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მისი შეფასების საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის შეფასება, მოსარჩელის მხრიდან გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, არსებობდა თუ არა მოპასუხის მხრიდან თანხის გადახდის ვალდებულება.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 11 იანვარს დაიდო ხელშეკრულება №10, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე პრეისკურანტით, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელმა აიღო მთარგმნელობითი, სათარჯიმნო მომსახურების გაწევის ვალდებულება ხელშეკრულებაზე თანდართული მომსახურების (პრეისკურანტი) და მომსახურების გაწევის პირობების (ტექნიკური დავალება) შესაბამისად.
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობა ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომელიც, როგორც ორმხრივ მავალდებულებელი გარიგება, ერთი მხრივ, გამოიხატება მენარდის ვალდებულებაში - შეასრულოს შეთანხმებული სამუშაო, ხოლო, მეორე მხრივ, შემკვეთის ვალდებულებაში - გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სწორედ რომ ეს ორი ვალდებულებაა ნარდობის ხელშემკვრელ მხარეთათვის პირველადი ინტერესის საგანი, რომელიც უნდა შესრულდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად - ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სსკ-ის 361.2. მუხლი).
8. სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის მიზნებისათვის კი, მნიშვნელოვანია იმ პირობების დაცვა, რაც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს და, შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობას გამორიცხავს. სსკ-ს 361.2 მუხლი განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ვალდებულება, ისე, რომ არ მოხდეს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის რღვევა და აწესებს ვალდებულების შესრულების ისეთ სტანდარტს, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება, არამედ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა. სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შეფასებისათვის მნიშვნელოვანია მისი არსებითი პირობების განსაზღვრა, ის თუ ხელშეკრულების ფარგლებში, რა უფლება-მოვალეობები წარმოეშვათ მხარეებს იმ არსებითი პირობების მიხედვით, რაზეც მოხდა მხარეთა ნების (ოფერტისა და აქცეპტის) თანხვედრა და რაც საფუძვლად დაედო ხელშეკრულების დადებას (სკ-ს 327-ე მუხლი). უნდა განიმარტოს, რომ ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება მოიცავს ვალდებულების დათქმულ ვადაში შესრულებასაც. თავად ვალდებულების შესრულების ვადა კი, წარმოადგენს ხელშეკრულების იმ არსებით პირობას, რომელზედაც სავალდებულოა მხარეთა თანმხვედრი ნების გამოვლენა. ნების ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების დროს განსაზღვრავენ ვალდებულების სუბიექტები. სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს, საკუთარი ნებისა და თავიანთი ინტერესების შესაბამისად, შეუძლიათ დაადგინონ შესრულების დრო კონკრეტული ვალდებულებისთვის, რომელიც უკვე წარმოშობილია ან/და მომავალში წარმოიშობა მათ შორის.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებიდან გამომდინარე სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
10. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ 2019 წლის 11 იანვრის ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 13 952.93 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების ფაქტი მოპასუხემ (აპელანტი) სააპელაციო ინსტანციაში გამართულ სხდომაზეც დაადასტურა (იხ. 17.11.2023წ. სხდომის ოქმი 11:18:24 სთ).
11. ასევე დადგენილია, რომ შემკვეთს მომსახურების ხსენებული საფასური გადახდილი არ აქვს. შესაბამისად ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, წინამდებარე საქმეში სადავო არ არის და დადასტურებულია როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
12. მოპასუხის შედავება, მისი ვალდებულების გამორიცხვის მიზნით, ემყარება იმ გარემოებას, რომ მომსახურების გაწევის მტკიცებულებები მოსარჩელემ წარადგინა კანონმდებლობით დადგენილი ვადის დაგვიანებით, კერძოდ, 2014 წლის 31 დეკემბრის საქართველოს ფინანსთა მინისტრის "სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესების“ მიხედვით, ბუღალტრული ანგარიშგების მონაცემებით რიცხული ვადაგადაცილებული დავალიანების დაფარვა ხორციელდება ორგანიზაციის მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში, დავალიანების დაფარვის გზით, წინა წლის სისტემაში. ორგანიზაციას ვალდებულებების რეგისტრაციის საშუალება ეძლევა ბუღალტრული ფინანსური ანგარიშგების დამტკიცებამდე. მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 აპრილისა.
13. აპელანტის ზემოაღნიშნულ არგუმენტაციასთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანების 1-ლი მუხლის თანახმად, ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებით და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტებით და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტებით (შემდგომში „შესაბამისი ბიუჯეტებით“) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში გადახდების განხორციელების წესს. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების (შემდგომში „ორგანიზაცია”) მიერ განსახორციელებელ გადახდაზე ვალდებულების აღება ხდება ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხსენებული ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით (სხვა კონკრეტული ბიუჯეტებით), განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში გადახდების განხორციელების წესს, რაც ვერანაირი საფუძვლით ვერ გავრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში წარმოშობილი მოთხოვნების მიმართ.
14. უფრო კონკრეტულად კი, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხსენებული ბრძანება არ წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ი.მ–ს“ შორის არსებული ნარდობის ურთირთობის მოსაწესრიგებლად გამოსაყენებელ სამართალს.
15. დამატებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალში სახელშეკრულებო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად პირველ რიგში, გამოიყენება თავად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები. სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“ (შდრ: ირმა გელაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III მუხლი 319, ველი 8, თბილისი, 2019); ხელშეკრულების მხარეებს, როგორც წესი უფლება აქვთ, უფლება აქვთ დამოუკიდებლად აირჩიონ ხელშეკრულების ტიპიც და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი (იხ: სერგი ჯორბენაძე, ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2017, გვ. 103). ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ხელშეკრულება არ არეგულირებს სამართალურთიერთობის ამა თუ იმ ასპექტს, მაგ შემთხვევაში, გამოიყენება სამოქალაქო კანონმდებლობის ნორმები. რა თქმა უნდა, თავად სახელშეკრულებო პირობები უნდა შეესაბამებოდეს კანონის იმპერატიულ ნორმებს. პალატამ ასევე მიუთითა, რომ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეოებები გასაგები, მკაფიოდ აღქმადი და კონტრაჰენტისთვის თავიდანვე განჭვრეტადი უნდა იყოს.
16. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 11 იანვარს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე პირობას მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნის წარდგენის ვადასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად რომ ითქვას, ხელშეკრულება არ შეიცავს პირობას, რომ თუკი განსაზღვრულ ვადაში მენარდე არ წარადგენს მიღება-ჩაბარების აქტებს შესაბამისი ანაზღაურების მისაღებად, იგი კარგავს აღნიშნული მოთხოვნის უფლებას. ასეთ დანაწესს არც სამოქალაქო კოდექსის ნარდობის მომწესრიგებელი ნორმები ითვალისწინებს.
17. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მენარდე მხარეთა შეთანხმებით, ან საკანონმდებლო დანაწესის საფუძველზე, შეზღუდული იყო მიღება-ჩაბარების აქტების წარდგენის ვადაში და რომ მან ხსენებული ვადის დარღვევით მოახდინა ანაზღაურების მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, პალატამ დაადგინა, რომ აპელანტის პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი გაზიარების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. ამდენად სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად იქნა მიჩნეული მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად მოპასუხე მხარე.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უარყოფა შემდეგი საფუძვლებით:
19. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი იქნა შესაბამისი მტკიცებულებები, კერძოდ, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლითაც დგინდებოდა, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული აქვს სრულად. საქმის განხილვის დროს მოპასუხემ არ გამორიცხა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს არსებობა, მაგრამ სადავოდ გახადა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის წესი და ვადა, ასევე, განხორციელებული სამუშაოს ოდენობა.
20. კასატორი აღნიშნავს, რომ მომსახურების გაწევის მტკიცებულებები წარმოდგენილია კანონმდებლობით დადგენილი ვადის დაგვიანებით, კერძოდ, 2014 წლის 31 დეკემბრის საქართველოს ფინანსთა მინისტრის „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესების გათვალისწინებით ბუღალტრული ანგარიშგების მონაცემებით რიცხული ვადაგადაცილებული დავალიანების დაფარვა ხორციელდება ორგანიზაციის მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში დავალიანების დაფარვის გზით წინა წლის სისტემაში, ორგანიზაციას ვალდებულებების რეგისტრაციის საშუალება ეძლევა ბუღალტრული ფინანსური ანგარიშების დამტკიცებამდე, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 აპრილისა. აღნიშნული ჩანაწერი პირადაპირკავშირშია - წლიური ანგარიშგების წარდგენის ვადასთან . მოსარჩელემ მიღება-ჩაბარების აქტები წარმოადგინა ამ ვადის დარღვევით. შესაბამისად, მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა ასანაზღაურებლად მათ მიერ წარმოდგენილი მიღება- ჩაბარების აქტები.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
22. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამრთლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62).
25. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამ განჩინების პ.2 სარჩელში მითითებულ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 629 I და 648-ე მუხლების საფუძველზე. (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას) (შდრ: სუსგ-ები Nას-639-2022, 7.09.2022; №ას-1374-2021, 15 აპრილი, 2022, პ.68-69; №ას-968-2021, 17 დეკემბერი, 2021, პ.32; Nას-1194-2020, 05.03.2021, პპ:34, 35).
26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუშაოს შესრულების ტიპის ისეთ ხელშეკრულებას, როგორიცაა ნარდობა. იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი.
27. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულება. მოსარჩელემ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში და პირობებით შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო.
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესრულებული სამუშაოს მიღება წარმოშობს შემდეგ სამართლებრივ შედეგებს: ა) იწყება შესრულების ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა; ბ) შემკვეთმა უნდა გადაუხადის მენარდეს საზღაური; გ) თუ შემკვეთი გადააცილებს საზღაურის გადახდის ვადას, მას შეიძლება დაეკისროს დამატებითი პასუხისმგებლობა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ა.შ.); დ) შემკვეთზე გადადის შესრულებული სამუშაოს შემთხვევითი დაღუპვის ან დაზიანების რისკი; ე) თუ შემკვეთი დროულად არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს, მენარდეს წარმოეშობა სსკ-ის 633-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ვ) თუ შემკვეთი დროულად არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს, მენარდეს წარმოეშობა სსკ-ის 634-ე მუხლით გათვალისწინებული გირავნობის უფლება (დამატებით იხ: ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება - თეორია და პრაქტიკა, თბილისი, 2016 წ., გვ. 308).
29. ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებსა და საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, კანონის რომელიმე დანაწესი ვალდებულების შესრულებულად მიჩნევას იმპერატიულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას არ უკავშირებს. (იხ. სუსგ-ები: სუსგ-ები Nას-639-2022, 7.09.2022; 01.12.2011წ., საქმე №ას-323-307-2011; 15.04.2022 წ. №ას-1374-2022, 29.09.2021წ.; №ას-1252-2020, 27.02.2019 წ.)
30. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიერ დადგენილია, ხოლო კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით ვერ უარყო ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დათქმულ ვადაში ჯეროვნად შეასრულა. მოპასუხეს ამის საწინააღმდეგოდ კვალიფიციური შესაგებელი არ წარუდგენია. პირიქით, ამ განჩინების პ.10-ით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ 2019 წლის 11 იანვრის ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 13 952.93 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების ფაქტი მოპასუხემ (აპელანტი) სააპელაციო ინსტანციაში გამართულ სხდომაზეც დაადასტურა (იხ. 17.11.2023წ. სხდომის ოქმი 11:18:24 სთ).
31. მოპასუხის/კასატორის შედავება, მისი ვალდებულების გამორიცხვის მიზნით, ემყარება იმ გარემოებას, რომ მომსახურების გაწევის მტკიცებულებები მოსარჩელემ წარადგინა კანონმდებლობით დადგენილი ვადის დაგვიანებით, კერძოდ, 2014 წლის 31 დეკემბრის საქართველოს ფინანსთა მინისტრის "სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესების“ მიხედვით, ბუღალტრული ანგარიშგების მონაცემებით რიცხული ვადაგადაცილებული დავალიანების დაფარვა ხორციელდება ორგანიზაციის მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში, დავალიანების დაფარვის გზით, წინა წლის სისტემაში. ორგანიზაციას ვალდებულებების რეგისტრაციის საშუალება ეძლევა ბუღალტრული ფინანსური ანგარიშგების დამტკიცებამდე. მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 აპრილისა.
32. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციასთან მიმართებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანების 1-ლი მუხლის თანახმად, ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებით და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტებით და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტებით (შემდგომში „შესაბამისი ბიუჯეტებით“) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში გადახდების განხორციელების წესს. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების (შემდგომში „ორგანიზაცია”) მიერ განსახორციელებელ გადახდაზე ვალდებულების აღება ხდება ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხსენებული ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით (სხვა კონკრეტული ბიუჯეტებით), განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში გადახდების განხორციელების წესს, რაც ვერანაირი საფუძვლით ვერ გავრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში წარმოშობილი მოთხოვნების მიმართ. ხსენებული ბრძანება არ წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ი.მ–ს“ შორის არსებული ნარდობის ურთირთობის მოსაწესრიგებლად გამოსაყენებელ სამართალს.
33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ, ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21; ასევე, სუსგ №ას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი).
34. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
35. შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: 1. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. 2. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე, სსსკ-ის 201–ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ. 3. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ 178–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები.
36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.
37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.
38. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.
39. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).
40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“ (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.). კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.
41. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობად ვერ შეფასდება კასატორის პრეტენზია საქართველოს ფინანსთან მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე საბიუჯეტო დავალიანებების გაცემის წესში ასახული ვადის დარღვევის თაობაზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მენარდის მიერ შესრულებულია ჯეროვნად. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სსკ-ის 648-ე და 649-ე მუხლების საფუძველზე, მენარდის მოთხოვნის უფლება შემკვეთის მიმართ სადავო თანხის ანაზღაურების შესახებ წარმოშობილია, ნამდვილია და განხორციელებადია ( სსკ-ის 129 I მუხლი). (შდრ: სუსგ №ას-639-2022, 07 სექტემბერი, 2022 წ.).
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე განჩინება. (შდრ: სუსგ №ას-639-2022, 07 სექტემბერი, 2022 წ.).
44. შესაბამისად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე