Facebook Twitter

26 დეკემბერი 2023 წელი

№ას-1369-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ს.ს–ი“

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - შ.პ.ს. „ს.ს–ი“-ს მიმართ, იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადაუხდელი საიჯარო ქირის - 11 766.82 ლარის და პირგასამტეხლოს - 6 533.80 ლარის, ჯამურად - 18 300.62 ლარის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იჯარის საფასურის - 11 766.82 ლარის და პირგასამტეხლოს - 2177.93 ლარის გადახდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგი ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლებით:

5.1. 2014 წლის 13 აგვისტოს, მოსარჩელესა (მესაკუთრე) და შ.პ.ს. „ა.ჯ“-ს (რომლის უფლებამონაცვლეც მოგვიანებით, შ.პ.ს. „ს.ს–ი“ გახდა) (მოიჯარე) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება ზუგდიდის რაიონის სოფელ ....... მდებარე 30997 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ........) 7 წლის ვადით იჯარით გადაცემის თაობაზე (ხელშეკრულების 1.1-1.2 პუნქტები). მოიჯარის მიერ ქონებით სარგებლობისათვის გადასახდელი ყოველწლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 15 500 ლარს, რომელიც უნდა გადახდილიყო ყოველი წლის 31 დეკემბრამდე (ხელშეკრულების 2.1-2.2 პუნქტები). ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ხელშეკრულების 5.2 პუნქტი).

5.2. 2017 წლის 11 აგვისტოს მხარეთა ერთობლივი თანხმობით, აღნიშნული საიჯარო ურთიერთობის ფარგლებში, შ.პ.ს. „ა.ჯ“ ჩაანცვლა შ.პ.ს. "ს.ს–მა", რომელიც გახდა მისი უფლებამონაცვლე.

5.3. მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 2021 წლის 13 აგვისტოს, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლით, თუმცა, მოპასუხეს ერიცხებოდა მოსარჩელის წინაშე საიჯარო ქირის დავალიანება. მიუხედავად მოსარჩელის მიერ განსაზღვრული დამატებითი ვადისა, მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი საიჯარო ქირის დავალიანება და, შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ შესრულდა.

5.4. მოცემული დავის ფარგლებში, მხარეებს საიჯარო ქირის დავალიანების - 11 766,82 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში ზუგდიდის რაიონული საამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ და ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის გარკვევა, სწორად შეამცირა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის დაყოვნებისათვის განსაზღვრული პირგასამტეხლო - 6 533.80 ლარი სამჯერ - 2 177.93 ლარამდე.

5.5. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება პირგასამტეხლოს ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე და აღნიშნა, რომ მართალია, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, თუმცა ისეთ ვითარებაში, როდესაც, მოპასუხის მიერ სადავო არ გამხდარა ძირითადი დავალიანების ოდენობა და არც ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა, ამასთან, არ დადგინდა ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო, რაიმე სახის ზიანის წარმოშობის ფაქტი, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სამჯერ შემცირება და მისი 2 177.93 ლარით განსაზღვრა, სრულად უზრუნველყოფდა მოსარჩელის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას - მოპასუხისათვის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ერთგვარი სანქციის დაწესებას.

5.6. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 6 533.80 ლარი, იყო სარჩელით მოთხოვნილი დავალიანების - 11 766.82 ლარის ნახევარზე მეტი, რაც არაგონივრული იყო და გამოიწვევდა მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი, არ ვლინდებოდა. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობები, კერძოდ კი ის, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, მოპასუხის მხრიდან შესაგებლის წარმოუდგენლობის პირობებში, მაინც იმსჯელეს და შეამცირეს მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, რამაც, ბუნებრივია, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. გარდა აღნიშნულისა, ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, შემცირებას ექვემდებარება არა მაღალი პირგასამტეხლო, არამედ - მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. შეფასების მიზნებისათვის, მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამოიხატოს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალ პროცენტში, ზიანის უმნიშვნელო ოდენობაში, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადაში და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული გარემოებების არარსებობის პირობებში, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მხარეთა მიერ შეთანხებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა დავისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რამაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.

10. კასატორის საკასაციო პრეტენზია შეეხება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ვლინდებოდა თუ არა სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობები.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

12. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სარჩელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მოცემული სამართლებრივი შეფასებები მბოჭავი არ არის სასამართლოსთვის და მას ყოველთვის შეუძლია, განსხვავებული შეფასება მისცეს სადავო სამართალურთიერთობას.

13. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

14. საკასაციო საკასაციო სასამართლოს მრავალჯერ განუმარტავს პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის მოვალეობის წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“ (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1373-2018, 17.01.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; №ას-953-918-2016, 22.11.2016წ.).

15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე უფლება აქვს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის აშკარად შეუსაბამო პირგასამტეხლო საქმის გარემოებათა გათვალისწინებით დაიყვანოს თანაზომიერების ფარგლებამდე. პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ეს უფლებამოსილება არის ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ჩაერიოს მხარეთა ხელშეკრულების თავისუფლებაში და, მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პირგასამტეხლო შეამციროს. პირველ რიგში, ასეთი წინაპირობა თავად მხარის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნაა კვალიფიციური შედავების ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვლინდება მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე მსჯელობისას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ფასდება ვალდებულების დარღვევის ხარისხი, მათ შორის, მხარეთა სახელშეკრულებო ინტერესის განმარტების კონტექსტით. კვალიფიციური შედავების გარეშე კი, შეუძლებელია, დადგინდეს, რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსის, ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა, რაც ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მაქსიმალურობას უწყობს ხელს (შდრ. იხ. ნათია ჩიტაშვილი „პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია“, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 2/2020).

16. ამდენად, მართალია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაცული იყოს შინაარსობრივი ბალანსიც, ანუ სამართლიანი ბალანსი მხარეთა შორის, თუმცა სასამართლომ მხარეთა თანასწორობა მისთვის კანონით დაწესებული ჩარჩოს ფარგლებში უნდა დაიცვას. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. ს.უ.ს.გ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ. პ.23; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ., პ.17). სარჩელის აღძვრა და ამ სარჩელისაგან თავდაცვა მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული წესითა და საშუალებების გამოყენებით. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ საშუალებას, როგორიცაა - შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. სწორედ მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი დისპოზიციურობის პრინციპის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი) ერთგვარი გამოხატულებაცაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც, გარკვეულწილად, დავაში ჩართვასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე. ამასთან, სწორედ შესაგებლის შინაარსიდან განისაზღვრება, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად, ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელიც ვერ გამოიყენება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი, შესაგებელი, მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში, მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება (შდრ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, თბილისი 2020, იხ. 201-ე და 2321 -ე მუხლების კომენტარები).

17. როგორც საკასაციო პალატამ ერთ-ერთ გაჩინებაში განმარტა, შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი, გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით), დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია, მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; განსხვავებით მტკიცების ტვირთისაგან, რომელსაც მოსამართლე აქტიურად ხელმძღვანელობს და კარნახობს მხარეებს, თუ ვინ უნდა ამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი, იგი პასიურია ფაქტების მითითებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ვერ დაეხმარება მხარეს სარჩელის/შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთების შედგენაში. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება შესაბამისი (რელევანტური) ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-354-2021, 25.06.2021წ. პ.101, 102).

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე - პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-328-2023, 20.06.2023წ.; №ას-576-2022, 07.07.2022წ.) ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება მოვალეს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-888-2020, 10.12.2020წ.).

19. სასამართლოს პრაქტიკა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება წარმოიშობა მოვალის მიერ ამგვარი მოთხოვნის სასამართლოს წინაშე გაცხადებისას, აღიარებულია იურიდიულ ლიტერატურაშიც _ „იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას არ მოითხოვს ან მოითხოვს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მოთხოვნის წარდგენა დაუშვებელია, სასამართლო თავისი ინიციატივით, შესაბამისი პროცესუალურად ნამდვილი შეცილების უფლების გარეშე, პირგასამტეხლოს ვერ შეამცირებს, თუნდაც იგი შეუსაბამოდ მაღალი იყოს. უფრო მეტიც, მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი... შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ მიჩნევას, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეცილება და მტკიცება სჭირდება (იხ. მესხიშვილი ქ. „პირგასამტეხლო, თეორიული ასპექტები, სასამართლო პრაქტიკა“, ჟურნალი „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა“, III გამოცემა, 2014, გვ. 23).

20. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენას სავალდებულო ხასიათი აქვს (საქართველოს 28.12.2007 წლის კანონი №5669-სსმ), რაც იმით გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს, კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნევა შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად მიიჩნევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ.).

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებული შესაგებლის მოპასუხის მიერ წარუდგენლობა ერთგვარ პრეზუმფციას ეფუძნება, კერძოდ, შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობისას არსებობს ვარაუდი, რომ მოპასუხემ აღიარა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-654-961-2009, 28.12.2009). შესაბამისად, თუკი მოპასუხე „თანახმაა“, დაეკისროს პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით, თუნდაც მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრება, აღარ ამართლებს სასამართლოს მიერ ხელშეკრულების თავისუფლების არსში „შეჭრას“ და ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფულადი თანხის შესახებ პირობის შინაარსობრივი თვალსაზრისით კონტროლს. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმადაც, სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის განსაზღვრა მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების საფუძველზეა შესაძლებელი (იხ. ს.უ.ს.გ-ები №ას-827-2021, 03.12.2021წ.; №ას-1098-2021, 26.07.2022წ.).

22. ამრიგად, პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას იწყებს მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში. იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას არ მოითხოვს ან მოითხოვს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მოთხოვნის წარდგენა დაუშვებელია, სასამართლო თავისი ინიციატივით, შესაბამისი პროცესუალურად ნამდვილი შეცილების უფლების გარეშე, პირგასამტეხლოს ვერ შეამცირებს, თუნდაც იგი შეუსაბამოდ მაღალი იყოს. უფრო მეტიც, მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის თაობაზე წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის პირობებში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა თუ სხდომაზე გამოუცხადებლობა, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრებას იწვევს, თუნდაც ის იყოს შეუსაბამოდ მაღალი, ვინაიდან შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ მიჩნევას, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეცილება და მტკიცება სჭირდება (ქ. მესხიშვილი, ,,პირგასამტეხლო, თეორიული ასპექტები“, ,,სასამართლო პრაქტიკა“, ჟურნალი „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა“, III გამოცემა, 2014, გვ. 23).

23. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 13 აგვისტოს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოპასუხეს (მოიჯარეს) 7 წლის ვადით, იჯარით გადაეცა ზუგდიდის რაიონის სოფელ ....... მდებარე 30 997 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ .......). ყოველწლიური საოჯარო ქირა განისაზღვრა 15 500 ლარით, რომელიც ყოველი წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადახდილიყო. საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის 0.1 %, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

უდავოა, რომ მოპასუხემ დაარღვია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელემ მოპასუხისგან საიჯარო დავალიანებასთან ერთად მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 6 533.80 ლარის დაკისრება.

მოპასუხეს სასარჩელო მოთხოვნების წინააღმდეგ წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ამასთან, მას არც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები გაუსაჩივრებია.

24. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არც შესაგებლით და არც სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სადავოდ არ გაუხდია, სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური ღირებულებების _ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს არ წარმოშობია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება შეეფასებინა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობა და შეემცირებინა იგი. ამდენად, იკვეთება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლები).

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.

26. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებისთვის სამართლებრივი შეფასების შეცვლით, საქმის ქვემდგომ სასამართლოში დაბრუნების გარეშე, შესაძლებლად მიიჩნევს სარჩელის დაკმაყოფილებას, ვინაიდან, საქმე არ საჭიროებს ფაქტების ხელახლა დადგენას ან მტკიცებულებათა ხელმეორედ გამოკვლევას.

27. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია) ნაწილის თანახმად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის _ 1023 ლარის და 25 თეთრის გადახდა (პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი _ 549.02 ლარი, სააპელაციო სასამართლოში _ 174.23 ლარი, საკასაციო სასამართლოში _ 300 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. შ.პ.ს. „ს.ს–ს“ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 6533 ლარის და 80 თეთრის ოდენობით.

4. შ.პ.ს. „ს.ს–ს“ (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის_ 1023 ლარის და 25 თეთრის გადახდა (პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი_ 549.02 ლარი, სააპელაციო სასამართლოში _ 174.23 ლარი, საკასაციო სასამართლოში - 300 ლარი).

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი