Facebook Twitter

18 იანვარი 2024 წელი №ას-1383-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი _ შ.პ.ს. „ფ–ო“

კასატორი _ გ.ა–ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს. „თ.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა _ უფლებამონაცვლედ ცნობა

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ს.ს. „თ.ბ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - გ.ა–ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 12 დეკემბრის საბანკო კრედიტის №2370578-10261584 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7867.89 ლარის გადახდა, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა - 6 683.98 ლარი, პროცენტი – 872.02 ლარი, პირგასამტეხლო - 300 ლარი, დაზღვევა – 11.89 ლარი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 8 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3 792.36 ლარის გადახდა, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა - 2 999.56 ლარი, პროცენტი - 492.85 ლარი, პირგასამტეხლო - 299.95 ლარი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 18 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2 425.70 ლარის გადახდა, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა – 1 892.04 ლარი, პროცენტი - 344.46 ლარი, პირგასამტეხლო - 189.20 ლარი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2018 წლის 12 დეკემბრის საბანკო კრედიტის №2370578-10261584 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითად თანხაზე 6 683.98 ლარზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი წლიური 25%, 2020 წლის 20 ივლისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 139.24 ლარს, ხოლო ჯამურად 1 670.88 ლარს. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 2018 წლის 12 დეკემბრის საბანკო კრედიტის N2370578-10261584 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით დამატებით - 368.39 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

4. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის უარყოფა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. შ.პ.ს. ,,ფ–ო"-მ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა საკასაციო შესაგებელი, რომლითაც იშუამდგომლა მოცემულ საქმეზე ს.ს. „თ.ბ–ი"-ს უფლებამონაცვლედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ ს.ს. "თ.ბ–სა" და შ.პ.ს. "ფ–ო"-ს შორის 2023 წლის 30 მარტს დაიდო მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ს.ს. "თ.ბ–სა" და გ.ა–ს შორის არსებული 2018 წლის 12 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, ასევე, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ 2016 წლის 08 სექტემბრისა და 2016 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება შეიძინა შ.პ.ს. ,,ფ–ო"-მ. საკასაციო საჩივარს თან ერთვის ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

9. საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო შესაგებელში მითითებულ შუამდგომლობას და მიაჩნია, რომ ს.ს. „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლედ“ ცნობილი უნდა იქნას შ.პ.ს "ფ–ო", შემდეგ გარემოებათა გამო:

9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

9.2. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ.: დამატებით: თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, 2014წ., გვ. 166; სუსგ №ას-1050-2019, 09.09.2019წ). მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს თავად მხარეს გააჩნდა (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-27-2019, 15.11.2019წ.).

9.3. საქმისწარმოების პროცესში უფლებამონაცვლეობის დადგენამდე მხარედ ჩაბმული პირის მიერ განხორციელებული ყველა საპროცესო მოქმედება ძალაში რჩება უფლებამონაცვლის მიმართაც, ხოლო წინამორბედი მხარის მიერ შესრულებული მოქმედებები შესრულებულად ეთვლება უფლებამონაცვლესაც.

9.4. განსახილველ შემთხვევაში, შ.პ.ს. ფ–ო"-ს მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით და მისი დანართით ირკვევა, რომ ს.ს. „თ.ბ–მა“ შ.პ.ს ფ–ო"-ს დაუთმო განსახილველ დავაში არსებული ს.ს. „თ.ბ–ის“ მოთხოვნის უფლება გ.ა–ის მიმართ.

9.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოთხოვნის დათმობის გარიგებით მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. ამ დროს ხდება კრედიტორის მდგომარეობის გადაცემა სხვა პირზე. მოთხოვნის დათმობით არ ხდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა. არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთსავე მდგომარეობაში გადადის ახალი კრედიტორის ხელში, როგორშიც იგი იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ მოთხოვნა კრედიტორს ეკუთვნოდეს. მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში, მოვალე მხოლოდ მაშინ იძენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების მოვალეობას, თუ ცედენტმა ცესიონერს ნამდვილი უფლება გადასცა.

9.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა).

აღნიშნული ნორმის თანახმად, უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. მოცემულ შემთხვევაში, უფლებამონაცვლეობის საფუძველია 2023 წლის 30 მარტს ს.ს. "თ.ბ–სა" და შ.პ.ს. "ფ–ო"-ს შორის არსებული მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივ ურთიერთობაში დასაშვებია უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, თუ თვით მატერიალურ სამართლებრივი ნორმა უფლებამონაცვლეობას არ კრძალავს. განსახილველ შემთხვევაში, უფლებამონაცვლეობა მატერიალურსამართლებრივი ნორმიდან მომდინარეობს და უფლებამონაცვლეობა არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შ.პ.ს. ,,ფ–ო"-ს შუამდგომლობა ს.ს. ,,თ.ბ–ი"-ს უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. №ას-1383-2023 საქმეში მოსარჩელე (კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) ს.ს. ,,თ.ბ–ი"-ს (ს/ნ ......) უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნას შ.პ.ს. ,,ფ–ო" (ს/ნ .....).

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი