Facebook Twitter

12 მარტი 2024 წელი

საქმე№ა-1025-შ-25-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.კ. (კ–ძე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.კ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს, კინგსის ოლქის სასამართლოს 29.06.2012 წლის გადაწყვეტილება (საქმე № 54395/2011)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს, კინგსის ოლქის სასამართლოს 29.06.2012 წლის გადაწყვეტილებით (საქმე № 54395/2011) მოსარჩელე მ.კ.ს (მისამართი: ნიუ იორკი, 11214, ბრუკლინი, ......, სოციალური დაზღვევის ნომერი: ..) და მოპასუხე ბ.კ.ს (მისამართი: ნიუ იორკი, ბრუკლინი, ......., სოციალური დაზღვევის ნომერი: ...) შორის შემდგარი ქორწინება შეწყდა. გადაწყვეტილების მიხედვით, მოსარჩელე უფლებამოსილია გამოიყენოს მისი წინანდელი - გვარი კ–ძე.

2. 2024 წლის 26 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ.კ–მა (კ–ძე) და მოითხოვა განქორწინების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს, კინგსის ოლქის სასამართლოს 29.06.2012 წლის გადაწყვეტილების (საქმე № 54395/2011) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. ქორწინების მოწმობის მიხედვით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბის სამსახურის განყოფილების მიერ 2006 წლის 16 ნოემბერს რეგისტრირებული იქნა ქორწინება მ. კ–ძეს და ბ.კ.ს შორის (სააქტო ჩანაწერის Nმნ 0076141), ქორწინების შემდეგ მ. კ–ძეს მიეკუთვნა გვარი ,,კ–ი".

4. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს, კინგსის ოლქის სასამართლოს 29.06.2012 წლის გადაწყვეტილების (საქმე № 54395/2011) შესწავლით დგინდება, რომ მ. კ–ძის სარჩელი მოპასუხეს პირადად ჩაბარდა, იგი გამოცხადდა სხდომაზე და უარი თქვა პასუხის უფლებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულით იხელმძღვანელა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა დაუყოვნებლივ - 2012 წლის 29 ივნისს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განჩინებით მ.კ.ის (კ–ძე) შუამდგომლობა, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს, კინგსის ოლქის სასამართლოს 29.06.2012 წლის გადაწყვეტილების (საქმე № 54395/2011) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, მასზე თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა განქორწინების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს, კინგსის ოლქის სასამართლოს 29.06.2012 წლის გადაწყვეტილების (საქმე № 54395/2011) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს, კინგსის ოლქის სასამართლოს 29.06.2012 წლის გადაწყვეტილებით (საქმე № 54395/2011) მოსარჩელე მ.კ.ის სარჩელი განქორწინების შესახებ დაკმაყოფილდა და მ. კ–ძესა და ბ.კ.ის შორის, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ქორწინება შეწყდა. ამასთან, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა დაუყოვნებლივ - 2012 წლის 29 ივნისს.

9. სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს ,,revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

11. ქორწინების მოწმობით დასტურდება, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბის სამსახურის განყოფილების მიერ 2006 წლის 16 ნოემბერს რეგისტრირებული იქნა ქორწინება მ. კ–ძეს (საქართველოს მოქალაქე) და ბ.კ.ს (ამერიკის მოქალაქე) შორის (სააქტო ჩანაწერის Nმნ 0076141), ქორწინების შემდეგ მ. კ–ძეს მიეკუთვნა გვარი ,,კ–ი".

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

კანონიერ ძალაში შესული უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის უნდა გაუტოლდეს საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში ცნობაუნარიანი იქნება (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი 1, 2017წ. გვ.773).

განსახილველ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს, კინგსის ოლქის სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით მხარეთა შორის შეწყდა ქორწინება და მხარე ითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე განსახორციელებელ განქორწინების რეგისტრაციაზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.

13. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს, კინგსის ოლქის სასამართლოს 29.06.2012 წლის გადაწყვეტილების (საქმე № 54395/2011) განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.

14. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის, 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.კ.ის (კ–ძე) შუამდგომლობა, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს, კინგსის ოლქის სასამართლოს 29.06.2012 წლის გადაწყვეტილების (საქმე № 54395/2011) განქორწინების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს, კინგსის ოლქის სასამართლოს 29.06.2012 წლის გადაწყვეტილება (საქმე № 54395/2011), რომლითაც შეწყდა მოსარჩელე მ.კ.ს (მისამართი: ნიუ იორკი, ...., ბრუკლინი, ........, სოციალური დაზღვევის ნომერი: ......) და მოპასუხე ბ.კ.ს (მისამართი: ნიუ იორკი, ბრუკლინი, .........., სოციალური დაზღვევის ნომერი: ........) შორის შემდგარი ქორწინება და მ.კ.ს მიეცა უფლება გამოიყენოს მისი წინანდელი - გვარი კ–ძე.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი