Facebook Twitter

05 მარტი 2024 წელი

საქმე №ა-700-შ-19-2024 ქ.თბილისი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.ბ.

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ბ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – გერმანიის ქ. ორინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება (საქმე№ 6 F293/20)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2024 წლის 09 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა მ.ბ–ის შუამდგომლობა გერმანიის ორინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების (საქმე№ 6 F293/20) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის და აღსრულების თაობაზე.

2. გერმანიის ორინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე№ 6 F293/20) მოსარჩელე მ.ბ–ს (დაბადების გვარი: თ–ი, დაბადების თარიღი: 02.02.1982წ., მოქალაქეობა: საქართველო) და მოპასუხე ქ.ბ–ს (დაბადების თარიღი: 08.08.1981წ., მოქალაქეობა: გერმანია) შორის ნიდერნჰალის მმაჩის ბიუროს წინაშე 03.07.2004წ. შემდგარი ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: 8/2004) ითვლება შეწყვეტილად.

3. გადაწყვეტილების მიხედვით, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით მ.ბ.ის შუამდგომლობა გერმანიის ქ. ორინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების (საქმე№ 6 F293/20) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ მ.ბ–ის შუამდგომლობა გერმანიის ქ. ორინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების (საქმე№ 6 F293/20) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. დადგენილია, რომ გერმანიის ორინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე№ 6 F293/20) მოსარჩელე მ.ბ–ს (დაბადების გვარი: თ–ი, დაბადების თარიღი: 02.02.1982წ., მოქალაქეობა: საქართველო) და მოპასუხე ქ.ბ.ს (დაბადების თარიღი: 08.08.1981წ., მოქალაქეობა: გერმანია) შორის ნიდერნჰალის მმაჩის ბიუროს წინაშე 03.07.2004წ. შემდგარი ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: 8/2004) ითვლება შეწყვეტილად და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

9. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გერმანიის ქ. ორინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების (საქმე№ 6 F293/20) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.

10. რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. რადგანაც განქორწინების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობით მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის დადგომაც მხარეს სურს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის მიმართ მხარეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც ამ ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ბ–ის შუამდგომლობა, გერმანიის ქ. ორინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №6 F293/20) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ქ. ორინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება (საქმე №6 F293/20), რომლითაც მოსარჩელე მ.ბ–ს (დაბადების გვარი: თ–ი, დაბადების თარიღი: 02.02.1982წ., მოქალაქეობა: საქართველო) და მოპასუხე ქ.ბ–ს (დაბადების თარიღი: 08.08.1981წ., მოქალაქეობა: გერმანია) შორის ნიდერნჰალის მმაჩის ბიუროს წინაშე 03.07.2004წ. შემდგარი ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: 8/2004) ითვლება შეწყვეტილად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი