06 თებერვალი 2024 წელი
საქმე№ა-4851-შ-130-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
თარჯიმანი - დ.გ–ძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
შუამდგომლობის ავტორი – ი.გ. ძე ი–კი
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ი–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ყაბარდო-ბალყარეთის ბაქსანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე № 2-136/2020)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ყაბარდო-ბალყარეთის ბაქსანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე № 2-136/2020) ვ.ვ. ი–ის, რომელიც წარმოადგენს ი.გ. ძე ი–კის ინტერესებს მინდობილობის საუძველზე, სარჩელი თ.ი–ის მიმართ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილდა. თ.ი–ს (პ/ნ ......, პასპორტი №........., დაბადებული 13.06.1967, საქართველოს მოქალაქე) ი.გ. ძე ი–კის (დაბადებული 25.06.1963, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რეგისტრირებული მისამართზე: რუსეთის ფედერაცია, ......., კორპუსი 1, ბინა 105) სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების გადახდა 11.08.2018 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1 045 232.87 რუბლის ოდენობით. საიდანაც ძირითადი ვალია - 1000000 რუბლი, პირგასამტეხლო - 45232.87 რუბლი. ამავე გადაწყვეტილებით თ.ი–ს, ი.გ. ძე ი–კის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო საზღაურის ხარჯების გადახდა 13 426 რუბლის ოდენობით.
2. ი.გ. ძე ი–კმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ყაბარდო-ბალყარეთის ბაქსანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე № 2-136/2020) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა შემდეგი:
3.1. თ.ი–ი, რომელსაც სათანადოდ ეცნობა სასამართლო განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, სასამართლოში არ გამოცხადდა. მას გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია და არც საქმის მისი დასწრების გარეშე განხილვა არ მოუთხოვია. ამასთან, სარჩელში წარდგენილი იყო მოსარჩელის შუამდგომლობა საქმის მოპასუხის მონაწილეობის გარეშე განხილვის თაობაზე და სასამართლომ მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე მიიჩნია, რომ სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
3.2. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 20 თებერვალს და 2020 წლის 18 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
3.3. გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. დავალიანება სააღსრულებო წარმოებაზე შეადგენს 1058658.87 რუბლს. სააღსრულებო წარმოება №15881/21/07010--იპ დასრულდა. სააღსრულებო დოკუმენტი - ბაქსანის რაიონული სასამართლოს მიერ 2020 წლის 20 თებერვალს კანონიერ ძალაში შესულ №2-136/20 გადაწყვეტილებაზე 2020 წლის 18 მარტს გაცემული №026347707 სააღსრულებო ფურცელი, დაუბრუნდა კრედიტორს იმის გამო, რომ შეუძლებელი იყო მოვალის, მისი ქონების ადგილსამყოფელის დადგენა ან ინფორმაციის მოპოვება საკრედიტო ორგანიზაციებში ანგარიშებზე, ანაბრებზე ან შესანახად განთავსებული მისი კუთვნილი ფულადი სახსრების და სხვა ფასეულობების შესახებ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა ყაბარდო-ბალყარეთის ბაქსანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე № 2-136/2020) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებული იქნა განსახილველად. ხოლო შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს.
5. 2022 წლის 10 ნოემბერს სასამართლოს წარედგინა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის ი.ხ–ძის მოსაზრება. მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო, რადგან მასში მითითებული გარემოება, რომ თ.ი–ისათვის ცნობილი იყო საქმის განხილვის ადგილისა და დროის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან, ის სადავოდ ხდის ვალის არსებობის ფაქტს და განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება (ხელწერილი), რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 11 სექტემბრით თუ 11 აგვისტოთი, რომელზეც აგებულია გადაწყვეტილება არასწორია, რადგან 2018 წლის 23 ივლისის შემდეგ თ.ი–ი იმყოფება საქართველოში და არ გამგზავრებულა რუსეთში. აქვე მიუთითა, რომ აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებს მოგვიანებით წარმოადგენდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მან მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შუამდგომლობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ ი.გ. ძე ი–ის შუამდგომლობა, ყაბარდო-ბალყარეთის ბაქსანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე № 2-136/2020) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ხოლო 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
8. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით. კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები.
9. კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს, მათ შორის, სასამართლოს მიერ ასეთ საქმეებზე დამტკიცებულ შეთანხმებებს მორიგების შესახებ და ნოტარიულ აქტებს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით.
10. კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
11. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
12. განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს ყაბარდო-ბალყარეთის ბაქსანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსასრულებლად მიქცევას. გადაწყვეტილების მიხედვით, თ.ი–ს ი.გ. ძე ი–კის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1045232.87 რუბლის და სახელმწიფო საზღაურის ხარჯების 13426 რუბლის გადახდა. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
13. მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება მოთხოვნას და საკუთარ პოზიციას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე არ იყო სხდომაზე სათანადო წესით მიწვეული და ხელწერილი არ არის ნამდვილი, რის შესახებაც მტკიცებულებებს წარმოადგენდა დამატებით. მიუხედავად აღნიშნულისა, შუამდგომლობის განხილვისას, მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა.
14. პალატა არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას იმის შესახებ, რომ ის კანონით დადგენილი წესით არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: „მოპასუხის სათანადო წესით მოწვევასთან მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც შუამდგომლობას თან ერთვის მოპასუხის მოწვევის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, წარმოიშობა გაბათილებადი პრეზუმფცია (rebuttable presumption), რომ მოპასუხე მოწვეული იყო სასამართლო განხილვაზე. მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, რათა ეს პრეზუმფცია გააბათილოს და მტკიცების ტვირთი კვლავ მოსარჩელეზე გადაიტანოს“ (საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარება სამოქალაქო საქმეებზე, პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი, 2018 წ. გვ.110). ამასთან, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაშია განმარტებული იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, მხარისათვის უწყების ჩაბარების თაობაზე, ქმნის გაქარწყლებად პრეზუმფციას. მნიშვნელოვანია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მიეცეს საკუთარი პოზიციის დამტკიცების ანუ პრეზუმფციის, როგორც ვარაუდის, გაქარწყლების შესაძლებლობა (შდრ. იხ.: სუსგ №ა-2021-შ-52-2016, 21.10.2016; №ა-5274-შ-130-2018, 11.06.2019; №ა-4744-შ-119-2017, 30.05.2018; №ა-5069-შ-130-2017, 26.04.2018). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს მიეცა შესაძლებლობა გაექარწყლებინა მისთვის უწყების ჩაბარების ვარაუდი, თუმცა, მან ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ამ ვარაუდს გააქარწყლებდა ან მტკიცების ტვირთს შუამდგომლობის ავტორზე გადაიტანდა. მეტიც, მან მხოლოდ ზეპირსიტყვიერად უარყო აღნიშნული და არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლო აქტის მაღალი ლეგიტიმაციიდან გამომდინარე, მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის მითითება, რომ სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე მას უწყება არ ჩაბარებია, არასაკმარისი მტკიცებულებაა. სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების სასამართლო აქტში მითითებული ჩანაწერის გაქარწყლებას დასაბუთებული მტკიცებულება სჭირდება, რაც მოცემულ საქმეზე მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას, როდესაც შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიცავს მკაფიო მითითებას კანონით დადგენილი წესით მოპასუხის ინფორმირების თაობაზე, მოპასუხეა ვალდებული ამტკიცოს, რომ მას არ მიუღია მონაწილეობა საქმის განხილვაში, იმის გამო, რომ კანონით დადგენილი წესით არ გადასცეს უწყება სასამართლოში გამოძახების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულების წარდგენა, რაც გააქარწყლებდა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადასტურებულ ფაქტს, რომ მოპასუხე სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის შესახებ (შდრ. სუსგ. #ა-4330-შ-121-2016 26.02.2018წ.).
15. დაუსაბუთებელია მოპასუხის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ სესხის ხელშეკრულება (ხელწერილი), რომელსაც უცხო ქვეყნის სასამართლო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღებისას, არასწორია, რადგან მითითებულ პერიოდში მოპასუხე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. კერძოდ, პალატა აღნიშნულ არგუმენტს არ იზიარებს და განმარტავს შემდეგს: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას საქართველოს უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობს „საერთაშორისო კერძო სამართლის“ შესახებ საქართველოს კანონის და "სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის დებულებების შესაბამისად, რა დროსაც ამოწმებს დასახელებულ კანონთან/კონვენციასთან და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან შუამდგომლობის ფორმალურ შესაბამისობას. ამდენად, აღნიშნულ პროცესში საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენცია სწორედ შუამდგომლობის ცნობითა და აღსრულებით შემოიფარგლება და, შესაბამისად, მხარის მიერ მოყვანილი ზემომითითებული გარემოებები ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები ვლინდება.
17. ამრიგად, ყაბარდო-ბალყარეთის ბაქსანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც თ.ი–ს ი.გ. ძე ი–კის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1 045 232.87 რუბლის და სახელმწიფო საზღაურის ხარჯების 13 426 რუბლის გადახდა, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა "სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ" 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.გ. ძე ი–კის შუამდგომლობა, ყაბარდო-ბალყარეთის ბაქსანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე № 2-136/2020) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნას და აღსასრულებლად მიექცეს საქართველოს ტერიტორიაზე ყაბარდო-ბალყარეთის ბაქსანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე №2-136/2020), რომლითაც ი.გ. ძე ი–კის სარჩელი (მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენდა ვ.ვ. ი–ი) თ.ი–ის მიმართ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა. თ.ი–ს (პ/ნ ......, პასპორტი №1......., დაბადებული 13.06.1967, საქართველოს მოქალაქე) ი.გ. ძე ი–კის (დაბადებული 25.06.1963, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რეგისტრირებული მისამართზე: რუსეთის ფედერაცია, ......., ბინა 105) სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების გადახდა 11.08.2018 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1045232.87 რუბლის ოდენობით. საიდანაც ძირითადი ვალია - 1000 000 რუბლი, პირგასამტეხლო - 45232.87 რუბლი. თ.ი–ს ი.გ. ძე ი–კის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო საზღაურის ხარჯების გადახდა 13 426 რუბლის ოდენობით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი