Facebook Twitter

23 ივნისი 2023 წელი

№ას-1390-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ქ.ხ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ჭ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, ქონების საკუთრებაში დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზ.ჭ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ქ.ხ–ის მიმართ, მოითხოვა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2019 წლის 31 ივლისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და მოპასუხისათვის ნაჩუქარი შ.პ.ს. „ჰ“-ს 40% წილის საკუთრებაში დაბრუნება.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამავე სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის №2/7634-21 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოპასუხისათვის შ.პ.ს. „ჰ–ში“ საკუთრების უფლებით რიცხული წილიდან 40%-იანი წილის გასხვისებისა და გირავნობით დატვირთვის აკრძალვა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება შ.პ.ს „ჰ“-ს (ს/ნ .....) კაპიტალის 40% წილზე და შ.პ.ს „ჰ“-ს კაპიტალის 40% წილი საკუთრებაში დაუბრუნდა მოსარჩელეს. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას:

5.1. შ.პ.ს. „ჰ“-ს 100% წილის მესაკუთრეს და კომპანიის დირექტორს 2019 წლის 31 ივლისის მდგომარეობით წარმოადგენდა მოსარჩელე.

5.2. 2019 წლის 31 ივლისს მოსარჩელეს (შ.პ.ს. „ჰ“-ს დირექტორი და ამავდროულად 100% წილის მესაკუთრე) და მოპასუხეს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა შ.პ.ს. „ჰ“-ს 40% წილი. მოპასუხემ თანხმობა განაცხადა საკუთრებაში მიეღო უსასყიდლოდ გადაცემული საწარმოს 40% წილი. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეცვლილიყო წესდება და საწარმოს დირექტორის ცვლილება განხორციელებულიყო 51% წილის მფლობელ/მესაკუთრე პარტნიორების გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო დანარჩენი მონაცემები დარჩენილიყო უცვლელი.

5.3. შ.პ.ს. „ჰ“-ს წილებზე პარტნიორთა საკუთრების უფლება გადანაწილებულია შემდეგი წესით: მოსარჩელე წარმოადგენს კომპანიის 20% წილის მმართველს, მოპასუხე არის 60% წილის მმართველი და დირექტორი, ხოლო პ.მ–ი - საწარმოს 20%-იანი წილის მმართველი.

5.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა გარემოება, რომ 2019 წლის 31 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება მხარეთა ნამდვილ ნებას გამოხატავდა. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა გარემოება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე რეალურად კომპანიის წილების გადანაწილება განხორციელდა.

5.5. შ.პ.ს. „ჰ–ს“ უძრავი ქონება საკუთრებაში არ ერიცხება. კომპანიის სახელზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციის გაცემა არ მომხდარა.

5.6. მოპასუხემ, როგორც შ.პ.ს. „ჰ“-ს დირექტორმა მოსარჩელეს აცნობა, რომ კომპანიის 2020 წლის წლიური ანგარიშის გადაგზავნა არ განხორციელდა, რადგან კომპანიას ბრუნვა არ ჰქონია.

5.7. მოპასუხის დაკვეთით, შ.პ.ს. „ფ.მ.ჯ“-ს მიერ 2020 წლის 10 მარტს მომზადებული შ.პ.ს. „ჰ“-ს ფინანსური ანგარიშგების თანახმად, საანგარიშო წლისთვის, რომელიც დასრულდა 2019 წლის 31 დეკემბერს, შ.პ.ს. „ჰ“-ს ვალდებულებებმა და კაპიტალმა 730 189 ლარი შეადგინა.

5.8. იმავე კომპანიის - შ.პ.ს. „ფ.მ.ჯ“-ს მიერ 2021 წლის 29 მარტს მოსარჩელის სახელზე მომზადებულ მიმართვაში მითითებულია, რომ 2020 წლის 10 მარტს შ.პ.ს. „ჰ“-სათვის მომზადებული კვლევის შემდგომ, მათთვის მოსარჩელის, როგორც შ.პ.ს. „ჰ“-ს დირექტორის მიერ წარდგენილი იქნა 2018 წლის 26 სექტემბრიდან 2019 წლის 15 აგვისტომდე სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხების (თანამშრომელებზე გაცემული ხელფასები და სამშენებლო მაღაზიებიდან ნაყიდი საქონლის საფასური) შესახებ ცნობების ასლები, რომლის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იცვლება კომპანიის წინაშე დასმულ კითხვებზე გაცემული თითოეული პასუხი. ამავე მიმართვაში მითითებულია, რომ აღნიშნული ინფორმაციის სისწორის დადასტურების შემთხვევაში, შ.პ.ს. „ფ.მ.ჯ“-ს მიერ 2020 წლის 10 მარტის კვლევაში დაფიქსირებული პოზიცია მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა და უნდა მომხდარიყო კომპანიის მიერ გაცემული პასუხების კორექტირება.

5.9. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სარჩელზე თანდართულ 2020 წლის 17 დეკემბერს შ.პ.ს. „ჰ“-ს მიერ მოსარჩელისა და სხვების მიმართ აღძრულ შეგებებული სარჩელის ასლზე, სადაც აღნიშნულია შემდეგი: „შ.პ.ს. „ჰ“-ს ყოფილი დირექტორების: მოსარჩელისა და პ.მ–ის მიერ კომპანიის საბანკო ანგარიშიდან ხელზე გატანილი და მითვისებული თანხა, ჯამში შეადგენს 273 954 ლარს“ (მე-2 ფაქტობრივი გარემოება); „ ...შ.პ.ს. „ე–ა“ არაკეთილსინდისიერ როლს ასრულებს... მოსარჩელის ერთობლივ თაღლითურ სქემაში... ზემოხსენებული პირები მართლსაწინააღმდეგოდ ცდილობენ საზოგადოების კუთვნილი აქტივების მითვისებას (მე-8 ფაქტობრივი გარემოება)... საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ თ.ა–ი, მოსარჩელე... მოქმედებდნენ ერთობლივად, წინასწარი შეთანხმებით და ორგანიზებულად იმ მიზნით, რომ პირადი გამორჩენისთვის უკანონოდ მიეთვისებინათ შ.პ.ს. „ჰ“-ს კუთვნილი აქტივი და ამით მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინათ კომპანიისათვის...“ (ს.ფ. 26-48).

5.10. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის შეურაცხმყოფელია არა დასაჩუქრებულის მხრიდან პოლიციაში საჩივრის და/ან სასამართლოში შეგებებული სარჩელის შეტანის ფაქტები, არამედ ის შინაარსი, რაც მოცემულია ამ დოკუმენტებში. საგამოძიებო ორგანოში შეტანილ საჩივარში მითითებული ფაქტები მის მიმართ შეურაცხმყოფელია, რადგან სინამდვილეს არ შეესაბამება. ამასთან, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე მოხსენებულია, როგორც თაღლითი, მფლანგველი და სხვისი ქონების მიმთვისებელი, რაც არა მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა, არამედ ამავდროულად უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა. შეგებებულ სარჩელში მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელეს აყენებს შეურაცხყოფას როგორც პირად, ასევე, საჯარო სივრცეში, რაც ლახავს მის პატივსა და ღირსებას.

5.11. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ არათუ უარყო სარჩელში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ იგი მოსარჩელეს შეგებებულ სარჩელში მოიხსენიებდა თაღლითად, არამედ მიუთითა, რომ მოსარჩელემ მიითვისა კომპანიის კუთვნილი თანხები, რაც დადასტურებულია აუდიტის დასკვნით და რის გამოც ის იძულებული გახდა აღნიშნულის შესახებ ეცნობებინა სამართალდამცავი ორგანოებისათვის. შესაბამისად, ის გარემოება, რომ სამართალდამცავ ორგანოებში შეტანილ განცხადებასა და შეგებებულ სარჩელში მოპასუხე მოსარჩელეს ადანაშაულებდა კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენაში, ფაქტობრივად აღიარებულია და პირდაპირ დასტურდება ამ საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით, რომელშიც ასევე მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელის მხრიდან კომპანიის კუთვნილი თანხების გაფლანგვას და შემდგომ მაქინაციებს ადგილი არ ექნებოდა, მოპასუხე პოლიციაში განცხადებას არ შეიტანდა (შესაგებელი, ტ.1, ს.ფ. 87). აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხე მოსარჩელეს ადანაშაულებდა კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში.

5.12. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე არ წარმოუდგენია სააპელაციო შესაგებელი - მტკიცებითი საქმიანობის განსახორციელებელი საპროცესო საშუალება, რომელიც მიმართულია იმ სააპელაციო საჩივრის წინააღმდეგ, რომელიც ეხება პირველ ინსტანციაში მითითებულ ფაქტებსა და წარდგენილ მტკიცებულებებს.

5.13. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საერთაშორისო და შიდა საკანონმდებლო ნორმებით უდანაშაულობის პრეზუმფცია აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ძირითადი უფლება და დაცვის გარანტი პირისთვის, რომელსაც ბრალს სახელმწიფო სდებს. მიუხედავად იმისა, რამდენად ძლიერია მტკიცებულებათა ერთობლიობა ან რამდენად მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებენ ისინი, არავის აქვს უფლება დაარღვიოს პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია - უფლება, რომელიც ბრალდებულს აძლევს საშუალებას არ გახდეს საზოგადოებისგან იზოლირებული. ამ უფლების დაუცველობა იწვევს პირის პატივისა და ღირსების შელახვას, ვინაიდან დანაშაულთან დაკავშირებით დაუდასტურებელი გარემოებების შესახებ ინფორმაციას შეუძლია შეარყიოს პირის იმიჯი და მოახდინოს მისი დისკრედიტირება.

5.14. პალატის მითითებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ მოპასუხის სადავო განცხადებები შეფასებით მსჯელობას განეკუთვნება, დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, უნდა არსებობდეს მისი დამადასტურებელი საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მიიჩნევა გადაჭარბებულად (შდრ. მ.ჯიშკარიანი - საქართველოს წინააღმდეგ). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ მოპასუხის განცხადებები ემყარება მხოლოდ შ.პ.ს. „ფ.მ.ჯ“-ს 2020 წლის 10 მარტის კვლევას, რომლის უზუსტობაც მოგვიანებით აღიარებულია თავად ამ კომპანიის მიერ, ამასთან, დადგენილი იყო, რომ მიუხედავად მოპასუხის სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვისა, ამ დრომდე მოსარჩელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.

5.15. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მოპასუხის განმარტება, რომლის თანახმად, ის მოქმედებდა „საწარმოს უფლებების დაცვის მიზნით“ და მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, „საწარმოს უფლებების დაცვის მიზნით“ მოსარჩელის დადანაშაულება კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ვერ გადაწონიდა პირის რეპუტაციის დაცვის უფლებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, ეს პირი მჩუქებელია და ჩუქების ურთიერთობის მაღალი ზნეობრივი ხასიათიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულს ზნეობრივად ქცევის ვალდებულება აკისრია.

5.16. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვლინდებოდა სადავო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და შ.პ.ს. „ჰ“-ს 40% წილის მოსარჩელის საკუთრებაში დაბრუნების საფუძველი.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას, ფაქტობრივად ცვლის სამოქალაქო ბრუნვის წესს, გამჩუქებელს აყენებს იმგვარ პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რომ მისი მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დასაჩუქრებულს უზღუდავს კანონისმიერ ვალდებულებას, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან ამგვარი მიმართვა მძიმე შეურაცხყოფად აღიქმება და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას განაპირობებს.

6.2. ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი წინაპირობები არ იკვეთებოდა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა მოპასუხის მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვა მოსარჩელის მიმართ მძიმე შეურაცხყოფად, ასეთი მიმართვა არ წარმოადგენს შეურაცხყოფას. კასატორს საჯარო სივრცეში ან სოციალურ ქსელში არ განუცხადებია მოსარჩელის შესახებ, მან განცხადებაში გარემოებები აუდიტის დასკვნის შესაბამისად მიუთითა, რაც მძიმე შეურაცხყოფად არ უნდა შეფასებულიყო.

6.3. სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, მოპასუხის მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის თაობაზეც მცდარია. ბუნებრივია, რომ დანაშაულის შესახებ განცხადებაში ყოველთვის იწერება პირის მხილების შესახებ და თუკი თაღლითობა ან მითვისებაა ჩადენილი, ესეც უნდა აღინიშნოს. უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა ხდება შესაბამისი სახელწმიფო ორგანოს მხრიდან საჯაროდ გაკეთებული განცხადების შედეგად და არა მოქალაქის მიერ სამართალდამცავ ორგანოში დაწერილი განცხადებით, რომლითაც იგი კონკრეტულ მტკიცებულებებზე მითითებით ადანაშაულებს სხვა მოქალაქეს. აღნიშნული ცალსახად არ წარმოადგენს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას.

6.4. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობით გამომდინარეობს დასკვნა, რომ თუკი გამჩუქებელი ჩაიდენს დანაშაულს დასაჩუქრებულის მიმართ, ამ უკანასკნელს ეკრძალება რეაგირება, ვინაიდან ეს შეიძლება აღქმული იქნას გამჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფად.

6.5. საგულისხმოა ისიც, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ჰქონდეს კომპანიისა და არა მოპასუხის მიმართ, რაც სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა.

6.6. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა გამოყენებული ნორმები, საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მოშველიებით, კლასიკური ჩუქება უსაფუძვლოდ მიუსადაგა კომპანიაში წილების გადანაწილებას.

6.7. არასწორად დადგინდა ფაქტობრივი გარემოება, თითქოს შ.პ.ს. „ფ.მ.ჯ“-ს მიერ 2020 წლის 10 მარტის კვლევა იმავე კომპანიის წერილით მოგვიანებით უზუსტოდ იქნა აღიარებული. სასამართლომ შ.პ.ს. „ფ.მ.ჯ–ს“ მიერ 2021 წლისს 29 მარტს მოსარჩელის სახელზე გაცემულ წერილს უსაფუძვლოდ მიანიჭა მნიშვნელოვანი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების სტანდარტი. ხსენებულ წერილში საუბარია შესაძლო, სამომავლოდ ფაქტებისა და დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაზე, კერძოდ, იმაზე, რომ დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, შეიცვლებოდა შედეგები, რაც დღემდე არ დადასტურებულა, რადგან მოსარჩელის მიერ ძველი თარიღით შედგენილი ხელნაწერი აქტები ვერ გადაწონიდა საგადასახადო პორტალზე ატვირთულ ფაქტურებს, რაზედაც შ.პ.ს. „ფ.მ.ჯ–მა“ დამატებით გასცა კიდეც წერილი 2021 წლის 30 ივლისს, ანუ ის ძირითადი დასკვნა, რომელიც ერთვოდა პირველ ინსტანციაში შესაგებელს უცვლელია ამჟამადაც, სწორედ აღნიშნულმა განაპირობა მოპასუხის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვა.

6.8. აღსანიშნავია, რომ შეგებებული სარჩელი, რომელზეც ყურადღება იქნა გამახვილებული გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო, შესაბამისად, მისთვის მტკიცებულების ძალის მინიჭება დაუშვებელია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

9. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, წარმოადგენს თუ არა მოპასუხის მიერ პოლიციაში შეტანილ საჩივარში და შ.პ.ს. „ჰ“-ს მიერ სასამართლოში წარდგენილ შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებები დასაჩუქრებულის მხრიდან მჩუქებლის მიმართ გამოხატულ მძიმე შეურაცხყოფასა და დიდ უმადურობას.

10. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

10.1. 2019 წლის 31 ივლისს მოსარჩელემ, რომელიც წარმოადგენდა შ.პ.ს. „ჰ–ს“ დირექტორსა და ამავდროულად 100% წილის მესაკუთრეს, მოპასუხეს აჩუქა შ.პ.ს. „ჰ“-ს 40% წილი.

10.2. ამჟამად, შ.პ.ს. „ჰ“-ს 60% წილის მესაკუთრე არის მოპასუხე, რომელიც ასევე კომპანიის დირექტორია, 20% წილს ფლობს მოსარჩელე, ხოლო 20% წილის მფლობელი პარტნიორია პ.მ–ი.

10.3. 2019 წლის 31 ივლისს მხარეებს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება მხარეთა ნამდვილ ნებას გამოხატავდა და ჩუქებით სხვა გარიგება არ დაფარულა.

10.4. მოპასუხის მიერ პოლიციაში წარდგენილი იქნა განცხადება, რომელთან დაკავშირებითაც, მოსარჩელე დაბარებული იქნა გამოკითხვაზე პოლიციის სამმართველოში.

10.5. სხვა სამოქალაქო საქმის სამართალწარმოების ფარგლებში, 2020 წლის 17 დეკემბერს შ.პ.ს. „ჰ–მა“ მოსარჩელისა და სხვა პირების მიმართ სასამართლოში წარადგინა შეგებებული სარჩელი, სადაც აღნიშნულია შემდეგი: „შ.პ.ს. „ჰ“-ს ყოფილი დირექტორების: მოსარჩელისა და პ.მ–ის მიერ კომპანიის საბანკო ანგარიშიდან ხელზე გატანილი და მითვისებული თანხა, ჯამში შეადგენს 273 954 ლარს“ (მე-2 ფაქტობრივი გარემოება); „ ...შ.პ.ს. „ე–ა“ არაკეთილსინდისიერ როლს ასრულებს... მოსარჩელის ერთობლივ თაღლითურ სქემაში... ზემოხსენებული პირები მართლსაწინააღმდეგოდ ცდილობენ საზოგადოების კუთვნილი აქტივების მითვისებას (მე-8 ფაქტობრივი გარემოება)... საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ თ.ა–ი, მოსარჩელე... მოქმედებდნენ ერთობლივად, წინასწარი შეთანხმებით და ორგანიზებულად იმ მიზნით, რომ პირადი გამორჩენისთვის უკანონოდ მიეთვისებინათ შ.პ.ს. „ჰ“-ს კუთვნილი აქტივი და ამით მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინათ კომპანიისათვის...“.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ჩუქების ხელშეკრულებით წარმოშობილი მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არ აქვს უფლება, მოითხოვოს სამაგიერო დაკმაყოფილება მის მიერ გაცემული საჩუქრის გამო.

12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე კომპანიის წილის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ მას მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა და დიდი უმადურობა გამოიჩინა.

აღნიშნული საფუძვლით ზოგადად ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ერთ-ერთ დავაზე საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა“ (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1235-1176-2014, 24.02.2015 წ.; №ას-582-2021, 14.07.2021; №ას-471-450-2015, 20.11.2015).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა ნაჩუქრობის შინაარსის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მჩუქებლის უფლება, უკან დაიბრუნოს გაჩუქებული ქონება, ჩუქების ურთიერთობის მაღალი ზნეობრივი ხასიათითაა განპირობებული. ნაჩუქრობა ისტორიულად ჩამოყალიბდა, როგორც ზნეობრივ საძირკველზე დაფუძნებული ურთიერთობა. „სამართალში და განსაკუთრებით სამოქალაქო სამართალში ყოველთვის აუცილებელია სამართალსა და ზნეობას შორის ფუნდამენტური ურთიერთობის გათვალისწინება. აუცილებელია იმ მსგავსებისა და განსხვავების გათვალისწინება, რომელიც არსებობს სამართლებრივ შეფასებასა და ზნეობრივ შეფასებას, სამართლებრივ ღირებულებასა და ზნეობრივ ღირებულებას შორის“ (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბ., 2007, 29).

ნაჩუქრობა არის სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირის გამოვლინება. ამიტომაცაა, რომ მჩუქებლის მიერ ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ გაცემა პირდაპირ უკავშირდება დასაჩუქრებულის მხრიდან, მართალია, არა სამაგიერო, მაგრამ ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. სწორედ ასეთი ვალდებულება უნდა დაუპირისპირდეს მჩუქებლის მიერ გაღებულ ქონებრივ სიკეთეს (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/155, 01 აპრილი, 2003).

13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა შ.პ.ს. „ჰ–ს“ კაპიტალის 40% წილი 2019 წლის 31 ივლისს მოსარჩელესთან გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე არის შ.პ.ს. „ჰ–ს“კაპიტალის 60% წილის მფლობელი პარტნიორი და დირექტორი და მიუთითებს, რომ სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა სამართლებრივ ფორმებს, დაფუძნებას, კორპორაციული მართვის სისტემებს, პარტნიორისა და დირექტორის უფლება-მოვალეობებს აწესრიგებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული კანონის 29-ე მუხლის თანახმად, პარტნიორის წილი არის საკუთრების საგანი, რომელთანაც დაკავშირებულია პარტნიორის უფლებები და მოვალეობები. ამგვარადვე განიმარტებოდა პარტნიორის წილის ცნება სადავო პერიოდში მოქმედი ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონიდან გამომდინარე (იხ. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის კომენტარი, მესამე გამოცემა, ლ.ჭანტურია, თ.ნინიძე. გვ. 272). ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი ასევე მოიცავს საწარმოს წილზე საკუთრების უფლებას (Bramelid and Malmström v. Sweden (განაცხადის N. 8588/79, 8589/79; 1982).

14. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ჩუქების ხელშეკრულებით კონტრაჰენტი იღებს საკუთრების უფლებას, რომელიც „ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის“ დამატებითი ოქმის პირველი მუხლითაა გარანტირებული. ნორმით დაცული სიკეთით სარგებლობის მიმართ კონვენცია წევრ სახელმწიფოებს შეფასების ფართო ზღვარს უდგენს, თუმცა, საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა ლეგიტიმურ საფუძველს უნდა ემყარებოდეს და დასახული მიზნის პროპორციული უნდა იყოს, რათა მესაკუთრის გარანტირებული უფლებები არ დაირღვეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით დასახელებული დანაწესის მიხედვით, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესაძლებლობას კანონი ისეთი განსაკუთრებული გარემოებების არსებობას უკავშირებს, როგორიც არის: 1. დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფა, ან/და 2. მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოვლენილი დიდი უმადურობა. მითითებული ნორმა ხაზს უსვამს მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის შემთხვევებს. კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება, გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება. ამდენად, სასამართლო ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება უმადურობის გამოვლენად, შესაბამისად, ჩუქების გაუქმების საფუძვლად შეფასდეს (სუსგ №ას-62-59-2012, 05.11.2013წ. №ას-290-276-2016, 25.05.2016). ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება დასახული მიზნის პროპორციული შეიძლება იყოს არა მჩუქებლის სუბიექტური დამოკიდებულებიდან, არამედ, ჩუქების აქტის შემდგომ განვითარებული მოვლენების გონივრული განსჯიდან გამომდინარე, რომელიც სასამართლოს, მსგავსად მჩუქებლისა, მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ დასაჩუქრებულის ქცევა საზოგადოების სოციუმში დამკვიდრებულ მორალურ სტანდარტს ეწინააღმდეგება (საქმე №ას-1183-2018, 05.04.2019 წ.).

15. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ფიდუციური ვალდებულებები ეწოდება, კერძოდ ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობები და ამ მოვალეობების დარღვევისათვის დირექტორის პასუხისმგებლობა დგება არა რომელიმე პარტნიორის მიმართ, არამედ _ საზოგადოების მიმართ. ერთგულების მოვალეობა გამომდინარეობს დავალების ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებიდან და წარმომადგენლობის არსიდან, რომელიც წარმომადგენელს ავალდებულებს წარმოდგენილი პირის ინტერესებით და არა პირადი ინტერესებით იხელმძღვანელოს (იხ. სუსგ №ას-766-766-2018, 10.06.2019).

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ დიდი უმადურობა გამოიჩინა, მძიმედ შეურაცხყო იგი და დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზე, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინააღმდეგ პოლიციაში შეტანილი განცხადება საქმეში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, მის შინაარსზე მსჯელობა შეუძლებელია. რაც შეეხება, შეგებებულ სარჩელს, ის წარდგენილია არა მოპასუხის, არამედ იურიდიული პირის - შპს „ჰ–ს“ მიერ (შეგებებული სარჩელი ხელმოწერილია ადვოკატ დ.ხ–ის მიერ), რომელიც სამართალურთიერთობის დამოუკიდებელ და მისი დამფუძნებლებისგან განცალკევებულ სუბიექტს წარმოადგენს.

პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის, როგორც კომპანიის პარტნიორის და დირექტორის მიერ, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურისათვის მიმართვა და სასამართლო წესით დაცვის უფლების რეალიზება, არ შეიძლება შეფასდეს წილის მჩუქებლის მიმართ გამოხატულ უმადურობად ან/და მძიმე შეურაცხყოფად. პარტნიორის ამგვარი მოქმედება არც კომპანიის საზიანო ქმედებად ითვლება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ ,,მოპასუხის მიერ საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვა, კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური ღონისძიებების გამოყენება, რომელიც მინორიტარი პარტნიორის შეხედულებით კომპანიის ფუნქციონირების შესაძლო პრობლემებს უკავშირდება, ასევე, მოპასუხის მიერ საკუთარი უფლების სასამართლო წესით დაცვის უფლების გამოყენება, არ შეიძლება კომპანიის საზიანო ქმედებად იქნეს მიჩნეული“ (იხ. სუსგ №ას-1353-2022. 27.01.2023 წელი).

16. პალატა განმარტავს, რომ მართალია, ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, დასაჩუქრებული ვალდებულია განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს მჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება არ მოიაზრებს დასაჩუქრებულის უფლებების და კანონით გათვალისწინებული ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას მჩუქებლის სუბიექტური დამოკიდებულების გათვალისწინებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საკითხი ეხება კორპორაციის მართვას, პარტნიორის და დირექტორის ვალდებულებებს და პირად პასუხისმგებლობას კომპანიის და კრედიტორების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩუქების ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელია დასაჩუქრებულის მხრიდან ზნეობრივი ქცევის ვალდებულება, აღნიშნული არ უნდა იქნას განმარტებული იმგვარად, რომ გამჩუქებელს დასაჩუქრებულთან ურთიერთობაში გაუჩნდეს გარკვეული იმუნიტეტი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დასაჩუქრებულს შეეზღუდოს შესაბამისი უწყებისთვის მიმართვის უფლება.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით - სარჩელი უარყოფილი იქნეს.

18. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი (იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან), მე-2 (ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას) და მე-3 (თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც) ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ანაზღაურება.

19. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 აპრილის №2/7634-21 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე, აეკრძალა მოპასუხეს შ.პ.ს. „ჰ’’-ს კაპიტალში საკუთრებაში არსებული წილიდან, 40% წილის გასხვისება და გირავნობით დატვირთვა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ.ხ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის №2ბ/4287-21 გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. ზ.ჭ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. ზ.ჭ–ს (პ/ნ .....) ქ.ხ–ის (პ/ნ .....) სასარგებლოდ დაეკისროს 300 (სამასი) ლარის გადახდა, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 აპრილის №2/7634-21 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე აეკრძალა ქ.ხ–ს (პ/ნ ........) შ.პ.ს. „ჰ’’-ს კაპიტალში (ს/ნ .......) საკუთრებაში არსებული წილიდან, 40% წილის გასხვისება და გირავნობით დატვირთვა.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი