Facebook Twitter

26 დეკემბერი 2023 წელი

№ას-1401-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შ.ს.ს. იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს. „ნ.ვ.დ–ვა“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შ.ს.ს. იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ს.ს. „ნ.ვ.დ–ვა“-ს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის საგარანტიო თანხის - 1500 ლარის ანაზღაურება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, შ.ს.ს. იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი მოპასუხე - ს.ს. „ნ.ვ.დ–ვა“-ს მიმართ არ დაკმაყოფილდა.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე და განმარტა, რომ აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა სრულად, ანუ დავის საგნის ღირებულება მოცემულ შემთხვევაში იყო - 1500 ლარი, რაც არ აღემატებოდა 2000 ლარს და, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის წინაპირობას.

5. ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძვლები. ნიშანდობლივია, რომ მოპასუხემ კერძო საჩივრით რეალურად სადავო გახადა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. მისი მითითებით, სასამართლომ არასწორად ჩათვალა შ.ს.ს. იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტსა (შემსყიდველი/ბენეფიციარი) და შ.პ.ს. „თ.ბ.ს“-ს (მიმწოდებელი/პრინციპალი) შორის დადებული ხელშეკრულება 100%-ით შესრულებულად, რადგან რეალურად შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა 30000 ლარს შეადგენდა, ხოლო 12403.77 ლარი ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოს ღირებულება იყო. შესაბამისად, 2021 წლის 17 ნოემბერს გაცემული NPG 1436/21 საბანკო გარანტიის პირობის, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გათვალისწინებით, უპირობოდ უნდა მომხდარიყო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 1500 ლარის ს.ს. „ნ.ვ.დ–ვა“-ს (გარანტი) მიერ შ.ს.ს. იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისათვის (ბენეფიციარი) ჩარიცხვა. ამდენად, აღნიშნული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინების გაუქმების საფუძველი იყო.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დავის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

10. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება, შესაბამისად, მოცემული ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.

11. სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრის კონკრეტულ წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე (სააპელაციო საჩივარზე) დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.

12. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე მოპასუხისათვის საგარანტიო თანხის - 1500 ლარის ანაზღაურებას მოითხოვდა, არ დაკმაყოფილდა. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სრულად, შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება მოცემულ შემთხვევაში, იყო 1500 ლარი, რაც არ აღემატებოდა 2000 ლარს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველს ქმნიდა.

13. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულს არსებითად ვერ განიხილავს, რადგან კერძო საჩივრის ფარგლებში მოწმდება მხოლოდ პროცესუალური საკითხი − მართებულია თუ არა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე, ვინაიდან, იგი სცდება კერძო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელ საკითხთა წრეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი არის სააპელაციო საჩივრის ფასი. თუ, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობაზე მითითება გავლენას ვერ მოახდენს საჩივრის დასაშვებობაზე.

14. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი).

15. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში პალატა დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა).

16. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 2000 ლარზე ნაკლები იყო, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: №ას-673-2022, 21.10.2022; №ას-1648-2018, 16.11.2018; №ას-978-2018, 04.09.2018).

17. კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ" ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.ს.ს. იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი