26 დეკემბერი 2023 წელი
№ას-1626-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე _ ა.(ა).ი.პ. „ს.ფ.ფ-ლზ“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ა.(ა).ი.პ. „ს.ფ.ფ-ლზ“-ს მიმართ და მოითხოვა:
1.1. პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების 2.1.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 88 200 ლარის, ხოლო 2.1.2 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის -- 588 000 ლარის დაკისრება.
1.2.ზიანის, 28 644 ლარის, ანაზღაურება.
2. მოპასუხეს შედავება არ განუხორციელებია. მას სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით შესაგებელი არ წარუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულების 2.1.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის (29.11.2017წ.-18.09.2018წ.) შემცირებული პირგასამტეხლო - 882 ლარი, ხოლო ხელშეკრულების 2.1.2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის (29.11.2017წ.- 18.09.2018წ.) შემცირებული პირგასამტეხლო - 5880 ლარი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 28644 ლარის ანაზღაურება.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლებით:
5.1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 08 აპრილის N728 განკარგულების საფუძველზე, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2015 წლის 28 მაისს გაფორმდა უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება, რომლის საგანიც იყო ქ. თბილისში, ...... მდებარე 3636 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: N1; N2 (საერთო ფართობი - 218,94 კვ.მ); N3 (საერთო ფართობი - 362,77 კვ.მ); N4; N5; N6; N7; N8; N9; N10; N11; N12; N13; N14 და N15 (ს/კ N.........).
5.2. ხელშეკრულების 2.1.1 პუნქტის თანახმად, უზუფრუქტუარი ვალდებული იყო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი საინტეგრაციო ცენტრის მოწყობის მიზნით, უზრუნველეყო ქონების სარეკონსტრუქციო ან/და სარემონტო სამუშაოების შესრულება, ასევე, ავეჯით/ტექნიკით აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 თვის ვადაში.
5.3. ხელშეკრულების 2.1.2 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, ხელშეკრულების 2.1.1 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, უზუფრუქტუარი ასევე ვალდებული იყო, უზრუნველეყო არანაკლებ 2000000 ლარის ხარჯის გაწევა.
5.4. ხელშეკრულების 2.1.3 პუნქტის თანახმად, უზუფრუქტუარს ევალებოდა ხელშეკრულების 2.1.1 მუხლით განსაზღვრულ საინტეგრაციო ცენტრში ეტაპობრივად 90 ადამიანის დასაქმება, უზუფრუქტის არსებობის ვადით.
5.5. ხელშეკრულების 2.1.8 პუნქტის მიხედვით, უზუფრუქტუარი ვალდებული იყო, მესაკუთრის მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 30 კალენდარული დღისა, მესაკუთრისათვის წარედგინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.
5.6. ვალდებულების შეუსრულებლობისათვის უზუფრუქტუარს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, რომელიც გათვალისწინებული იქნა ხელშეკრულების მე-4 მუხლით.
5.7. მოსარჩელე უძრავ ქონებას პერიოდულად ადგილზე ათვალიერებდა (2016 წლის 17 აგვისტოს, 2016 წლის 30 ნოემბერს, 2017 წლის 22 მაისს, 2018 წლის 04 ივნისს).
5.8. მოსარჩელის 2016 წლის 28 ნოემბრის N4/60689, 2017 წლის 11 აპრილის N4/17537, 2017 წლის 08 ნოემბრის N4/58642, 2018 წლის 22 იანვრის N4/3684, 2018 წლის 05 მარტის N4/12686, 2018 წლის 11 აპრილის N4/19884 და 2018 წლის 15 აგვისტოს N4/45720 წერილებით მოპასუხეს ეცნობა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს თაობაზე.
5.9. სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის N1/1 – 1248 ბრძანების საფუძველზე, შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2015 წლის 28 მაისს გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება.
5.10. 2018 წლის 01 აგვისტოს მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ სააგენტოს აუცილებელი თანხმობის გარეშე განხორციელდა №2/1 შენობა-ნაგებობის სრული, ხოლო №3/1 და №5/1 შენობების ნაწილობრივი დემონტაჟი.
5.11. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელი იყო, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების განსაზღვრა.
5.12. უდავო იყო, რომ მოპასუხემ დაარღვია უზუფრუქტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის ხარისხს, დარღვევის შედეგად კრედიტორისათვის მიყენებულ ზიანს და თავად ვალდებულების ოდენობას. პალატის განსჯით, არსებულ ვითარებაში, მზარდი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის დაკისრება არაგონივრული იყო და უსაფუძვლოდ წარმოშობდა კრედიტორის გამდიდრების საფრთხეს, ამავდროულად, გაუმართლებლად მძიმე მდგომარეობას უქმნიდა მოვალე სუბიექტს, რაც ერთობლივად ეწინააღმდეგებოდა თავად უზრუნველყოფის ინსტიტუტს.
5.13. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს ოდენობა დადგენილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად შემცირდა, კერძოდ, ნაცვლად მოთხოვნილი შეუსაბამოდ მაღალი ოდენობისა (ჯამურად - 676 200 ლარი), ვალდებულების დარღვევის ხარისხის, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობისა და სახელშეკრულებო ღირებულების შესაბამისად, მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულად შემცირდა მეასედ ოდენობამდე და არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, მართებულად განისაზღვრა 6762 ლარით (882 ლარს + 5880 ლარი).
5.14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 28 644 ლარის ანაზღაურება, შესაბამისად დამატებით პირგასამტეხლოს სახით 88 200 ლარისა და 588 000 ლარის მოთხოვნა ვალდებულების დარღვევისათვის, პალატამ არაგონივრულად მიიჩნია.
5.15. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში აპელანტის პრეტენზია სამართლებრივად უსაფუძვლოდ მიიჩნია და დაასკვნა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლო 882 და 5880 ლარით.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
6.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა უსაფუძვლოდ შეამცირეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია. კვალიფიციური შედავების არარსებობისას და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მეწარმე სუბიექტია, სააპელაციო სასამართლომ დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არის შეუსაბამოდ მაღალი შეთანხმებული პირგასამტეხლო. გასაჩივრებული განჩინება არ მოიცავს ისეთ გარემოებებზე მითითებას, რომლებიც საფუძვლად დაედებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენებას. მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის არარსებობის პირობებში, მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება.
6.2. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ზიანის დაკავშირება პირგასამტეხლოსთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რამაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
10. კასატორის საკასაციო პრეტენზია შეეხება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, არსებობდა თუ არა სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობები.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს.
12. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები წარმოადგენს.
13. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სარჩელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მოცემული სამართლებრივი შეფასებები სასამართლოს არ ბოჭავს და ყოველთვის შეუძლია, განსხვავებულად შეაფასოს სადავო სამართალურთიერთობა.
14. საკასაციო სასამართლოს მრავალჯერ განუმარტავს პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის მოვალეობის წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“ (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1373-2018, 17.01.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; №ას-953-918-2016, 22.11.2016წ.).
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე უფლება აქვს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის აშკარად შეუსაბამო პირგასამტეხლო საქმის გარემოებათა გათვალისწინებით დაიყვანოს თანაზომიერების ფარგლებამდე. პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ეს უფლებამოსილება არის ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ჩაერიოს მხარეთა ხელშეკრულების თავისუფლებაში და, მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პირგასამტეხლო შეამციროს. პირველ რიგში, ასეთი წინაპირობა თავად მხარის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნაა კვალიფიციური შედავების ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვლინდება მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე მსჯელობისას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ფასდება ვალდებულების დარღვევის ხარისხი, მათ შორის, მხარეთა სახელშეკრულებო ინტერესის განმარტების კონტექსტით. კვალიფიციური შედავების გარეშე კი, შეუძლებელია, დადგინდეს, რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსის, ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა, რაც ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მაქსიმალურობას უწყობს ხელს (შდრ. იხ. ნათია ჩიტაშვილი „პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია“, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 2/2020).
16. ამდენად, მართალია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაცული იყოს შინაარსობრივი ბალანსიც, ანუ სამართლიანი ბალანსი მხარეთა შორის, თუმცა სასამართლომ მხარეთა თანასწორობა მისთვის კანონით დაწესებული ჩარჩოს ფარგლებში უნდა დაიცვას. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. ს.უ.ს.გ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ. პ.23; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ., პ.17). სარჩელის აღძვრა და ამ სარჩელისაგან თავდაცვა მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული წესითა და საშუალებების გამოყენებით. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ საშუალებას, როგორიცაა - შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. სწორედ მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი დისპოზიციურობის პრინციპის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი) ერთგვარი გამოხატულებაცაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც, გარკვეულწილად, დავაში ჩართვასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე. ამასთან, სწორედ შესაგებლის შინაარსიდან განისაზღვრება, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად, ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელიც ვერ გამოიყენება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი, შესაგებელი, მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში, მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება (შდრ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, თბილისი 2020, იხ. 201-ე და 2321 -ე მუხლების კომენტარები).
17. როგორც საკასაციო პალატამ ერთ-ერთ გაჩინებაში განმარტა, შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი, გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით), დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია, მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; განსხვავებით მტკიცების ტვირთისაგან, რომელსაც მოსამართლე აქტიურად ხელმძღვანელობს და კარნახობს მხარეებს, თუ ვინ უნდა ამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი, იგი პასიურია ფაქტების მითითებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ვერ დაეხმარება მხარეს სარჩელის/შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთების შედგენაში. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება შესაბამისი (რელევანტური) ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-354-2021, 25.06.2021წ. პ.101, 102).
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე - პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-328-2023, 20.06.2023წ.; №ას-576-2022, 07.07.2022წ.) ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება მოვალეს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-888-2020, 10.12.2020წ.).
19. სასამართლოს პრაქტიკა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება წარმოიშობა მოვალის მიერ ამგვარი მოთხოვნის სასამართლოს წინაშე გაცხადებისას, აღიარებულიაიურიდიულ ლიტერატურაშიც _ „იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას არ მოითხოვს ან მოითხოვს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მოთხოვნის წარდგენა დაუშვებელია, სასამართლო თავისი ინიციატივით, შესაბამისი პროცესუალურად ნამდვილი შეცილების უფლების გარეშე, პირგასამტეხლოს ვერ შეამცირებს, თუნდაც იგი შეუსაბამოდ მაღალი იყოს. უფრო მეტიც, მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი... შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ მიჩნევას, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეცილება და მტკიცება სჭირდება (იხ. მესხიშვილი ქ. „პირგასამტეხლო, თეორიული ასპექტები, სასამართლო პრაქტიკა“, ჟურნალი „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა“, III გამოცემა, 2014, გვ. 23).
20. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენას სავალდებულო ხასიათი აქვს (საქართველოს 28.12.2007 წლის კანონი №5669-სსმ), რაც იმით გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს, კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნევა შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად მიიჩნევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ.).
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებული შესაგებლის მოპასუხის მიერ წარუდგენლობა ერთგვარ პრეზუმფციას ეფუძნება, კერძოდ, შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობისას არსებობს ვარაუდი, რომ მოპასუხემ აღიარა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-654-961-2009, 28.12.2009). შესაბამისად, თუკი მოპასუხე „თანახმაა“, დაეკისროს პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით, თუნდაც მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრება, აღარ ამართლებს სასამართლოს მიერ ხელშეკრულების თავისუფლების არსში „შეჭრას“ და ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფულადი თანხის შესახებ პირობის შინაარსობრივი თვალსაზრისით კონტროლს. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმადაც, სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის განსაზღვრა მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების საფუძველზეა შესაძლებელი (იხ. ს.უ.ს.გ-ები №ას-827-2021, 03.12.2021წ.; №ას-1098-2021, 26.07.2022წ.).
22. ამრიგად, პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას იწყებს მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში. იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას არ მოითხოვს ან მოითხოვს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მოთხოვნის წარდგენა დაუშვებელია, სასამართლო თავისი ინიციატივით, შესაბამისი პროცესუალურად ნამდვილი შეცილების უფლების გარეშე, პირგასამტეხლოს ვერ შეამცირებს, თუნდაც იგი შეუსაბამოდ მაღალი იყოს. უფრო მეტიც, მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის თაობაზე წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის პირობებში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა თუ სხდომაზე გამოუცხადებლობა, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრებას იწვევს, თუნდაც ის იყოს შეუსაბამოდ მაღალი, ვინაიდან შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ მიჩნევას, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეცილება და მტკიცება სჭირდება (ქ. მესხიშვილი, ,,პირგასამტეხლო, თეორიული ასპექტები“, ,,სასამართლო პრაქტიკა“, ჟურნალი „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა“, III გამოცემა, 2014, გვ. 23).
23. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2015 წლის 28 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა უზუფრუქტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეს უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, .......... ქ. N5ა-ში მდებარე 3636 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ს/კ-ით №..... (N1; N2 (საერთო ფართობი - 218,94 კვ.მ); N3 (საერთო ფართობი - 362,77 კვ.მ); N4; N5; N6; N7; N8; N9; N10; N11; N12; N13; N14 და N15). დადგენილია, რომ ხელშეკრულების 2.1.1 პუნქტის თანახმად, უზუფრუქტუარი ვალდებული იყო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი საინტეგრაციო ცენტრის მოწყობის მიზნით, უზრუნველეყო ქონების სარეკონსტრუქციო ან/და სარემონტო სამუშაოები, ავეჯით/ტექნიკით აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 თვის ვადაში. ხელშეკრულების 2.1.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, ხელშეკრულების 2.1.1 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, უზურფრუქტუარი ასევე ვალდებული იყო, უზრუნველეყო არანაკლებ 2 000 000 ლარის ხარჯის გაწევა.
მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი, კერძოდ, ხელშეკრულების 2.1.1 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, უზუფრუქტუარს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 300 ლარი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 2.1.2 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, უზუფრუქტუარს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო დარჩენილი გაუწეველი ხარჯის 0.1 %, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
უდავოა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების ზემოხსენებული პუნქტები, რის გამოც, მოსარჩელე წინამდებარე სარჩელით ითხოვს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების 2.1.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 88200 ლარის, ხოლო 2.1.2 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის - 588 000 ლარის დაკისრებას.
სასარჩელო მოთხოვნების წინააღმდეგ მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, არც სასამართლო სხდომებზე გამოცხადებულა და არც გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით არ უსარგებლია.
24. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არც შესაგებლით და არც სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სადავოდ არ გაუხდია, სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური ღირებულებების _ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს არ წარმოშობია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება შეეფასებინა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობა და შეემცირებინა იგი. ამდენად, იკვეთება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლები).
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
26. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებისთვის სამართლებრივი შეფასების შეცვლით, საქმის ქვემდგომ სასამართლოში დაბრუნების გარეშე, შესაძლებლად მიიჩნევს სარჩელის დაკმაყოფილებას, ვინაიდან, საქმე არ საჭიროებს ფაქტების ხელახლა დადგენას ან მტკიცებულებათა ხელმეორედ გამოკვლევას.
27. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია) ნაწილის თანახმად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის _ 20000 ლარის გადახდა (პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 5000 ლარი, სააპელაციო სასამართლოში - 7000 ლარი, საკასაციო სასასამართლოში - 8000 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ნოემბრის №2ბ/744-2020 განჩინება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
4. ა.(ა).ი.პ. „ს.ფ.ფ-ლზ“-ს (ს/ნ ....) ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 676 200 (ექვსასსამოცდათექვსმეტიათასორასი) ლარის გადახდა.
5. ა.(ა).ი.პ. „ს.ფ.ფ-ლზ“-ს (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 20000 (ოციათასი) ლარის გადახდა (პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 5000 ლარი, სააპელაციო სასამართლოში - 7000 ლარი, საკასაციო სასასამართლოში - 8000 ლარი).
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი