15 ნოემბერი 2023 წელი
№ას-1204-2023 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შ.პ.ს. „ტ–სი“
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ჯ.ე–ნი“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 მაისის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „კ“-ს სარჩელი მოპასუხე შ.პ.ს. „ჯ.ე“-ს მიმართ 5723 ევროს ეკვივალენტი ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგი დასაბუთებით:
3.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 მაისის გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი და დრო მოსარჩელისათვის ცნობილი იყო (იხ. ხელწერილი, ტ.2, ს.ფ. 174). შესაბამისად, აპელანტი ვალდებული იყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან (2023 წლის 03 მაისიდან) არა უადრეს 20 (2023 წლის 23 მაისიდან) და არა უგვიანეს 30 დღისა (2023 წლის 02 ივნისის ჩათვლით) გამოცხადებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან (2023 წლის 03 ივნისიდან), რომლის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
3.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს, შესაბამისად, მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადა 2023 წლის 03 ივნისს დაიწყო და 2023 წლის 16 ივნისს 24:00 საათზე დასრულდა. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2023 წლის 29 ივნისს (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტ. 2, ს.ფ. 201-210), რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე ის დაუშვებელი იყო და არსებობდა მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
4. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაბრუნება. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი ქ. ჩ–ძე აღნიშნავს, რომ 2023 წლის 15 ივნისიდან 29 ივნისამდე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იყო საავადმყოფო ფურცელზე, შესაბამისად ვერ შეძლო კანონით გათვალისწინებულ ვადაში სააპელაციო საჩივრის წარდგენა, ხოლო როგორც კი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო ფურცელი დახურა, სასამართლოში შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომელსაც დაურთო ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაცია. შემდეგ მან დააზუსტა სააპელაციო საჩივარი, რომელსაც დაურთო მკურნალი ექიმის დანიშნულებაც. ამავე მიზეზით, მითითებულ პერიოდში, მის წარმოებაში არსებულ საქმეებზე დანიშნული ყველა სასამართლო სხდომა გადაიდო. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ვინაიდან საქმეს ერთვის საპატიო მიზეზების დამადასტურებელი მტკიცებულებები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად იკვეთება სასამართლოს მიერ გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის გაშვების გამო.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (იხ. სუსგ №ას-873-2018, 31.01.2019წ.). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი).
11. ამდენად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014წ. განჩინება, საქმეზე №ას-1161-1106-2014). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.
12. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადაოდ, რომ აპელანტისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. ამასთან, მოსარჩელეს (აპელანტს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა (16.06.2023წ.), სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს.
13. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება მოსარჩელის (აპელანტის) ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ბ.შ–ამ ჩაიბარა 2023 წლის 23 ივნისს (იხ. ხელწერილი, ტ. 2, ს.ფ. 200).
14. სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილია 2023 წლის 29 ივნისს (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტ. 2, ს.ფ. 201-210).
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
16. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი - 03.05.2023 წელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან და ამოიწურა 2023 წლის 16 ივნისს. მოსარჩელემ კი, სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2023 წლის 29 ივნისს, საპროცესო ვადის დარღვევით.
17. გაზიარებული ვერ იქნება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია მასზედ, რომ გაშვებული საპროცესო ვადა საპატიოდ უნდა ჩაითვალოს, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო კანონით განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო საჩივრის წარდგენა. უპირველესად, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლოა გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთი მაგალითია საპროცესო ვადა. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ვინაიდან, კერძო საჩივარში ასახული არგუმენტაცია ეფუძნება სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენის საპატიოდ მიჩნევას, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, აკრძალულია სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა.
18. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5 (იხ. სუსგ № ას-1615-2019, 14.01.2020წ.)).
19. კერძო საჩივრის საფუძვლებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნოს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
20. შ.პ.ს. „კ“-ს წარმომადგენელი სააპელაციო საჩივრის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს, რომ 2023 წლის 15 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. დადგენილია, რომ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა კერძო საჩივრის ავტორისათვის დაიწყო 2023 წლის 03 ივნისს და დასრულდა 2023 წლის 16 ივნისს 24:00 საათზე. შესაბამისად, შ.პ.ს. „კ“-ს წარმომადგენლის მიერ მითითებული ავადმყოფობის პერიოდის მიუხედავად, მას გონივრული ვადა ჰქონდა სააპელაციო საჩივრის წარსადგენად, რაც არ განუხორციელებია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი არის იურიდიული პირი - შ.პ.ს. „კ“ რომლის ინტერესებს სასამართლოში იცავდა კომპანიის სხვა წარმომადგენლებიც (იხ. სხდომის ოქმი, ტ.2, ს.ფ. 164-171 და მინდობილობა, ტ.2, ს.ფ. 135-136, 161; ტ.2, ს.ფ. 200 და მინდობილობა ტ.2, ს.ფ. 135-136). იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქ.ჩ–ძის მიერ სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენა გამოწვეული იყო ობიექტური (საპატიო) მიზეზით, აღნიშნული თავისთავად არ გამორიცხავდა შ.პ.ს. „კ“-ს უფლებების სხვა წარმომადგენლის მეშვეობით დაცვის შესაძლებლობას.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „ტ“-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი