Facebook Twitter

26 დეკემბერი 2023 წელი №ას-1292-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შ.პ.ს. „ჯ.უ.ე.ფ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე _ გ.მ–ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.მ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - შ.პ.ს. „ჯ.უ.ე.ფ–ი“-ს მიმართ, ზიანის - 67 253.06 ლარის ანაზღაურების შესახებ.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის - 30 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება დაეფუძნა შემდეგს:

5.1. მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, რომლის მისამართია: თბილისი, დოდაშვილის .......... შენობა 3, 22.11.კვ.მ. ს/კ ......... მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1950 წლის 27 სექტემბრის №2534 გადაწყვეტილებით მიღებული იქნა მიწის საკუთრებაში გადაცემის შესახებ წინადადება და მათ შორის - გ.ა. ძე მ–ს, გამოეყო მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ 1953 წელს მიღებული იქნა საექსპლუატაციოდ და აღირიცხა.

5.2. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს მიყენებული ზიანის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 09 აგვისტოს №005578721 დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით დათვალიერებით დადგინდა შემდეგი: შენობის დაზიანების მიზეზის, ცენტრალური წყალსადენის მილის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზობრივი კავშირის არსებობის გამო, ს.დ–ის ქუჩაზე წყალსადენის მილის ხშირი დაზიანების შედეგად სასმელი წყალი ჟონავს და შენობის საძირკვლებში აღწევს, რამაც აღნიშნულ მისამართზე არსებული შენობის საძირკვლების ქვეშ გრუნტები ნაწილობრივ გამორეცხა, დაასველა, გააწყლოვანა და ამით მზიდუნარიანობა შემცირდა. თავის მხრივ, ყოველივე ამან გამოიწვია ჯდენითი და ნგრევის პროცესების განვითარება. ამავე დასკვნის თანახმად, შენობა ორსართულიანი ბარაკის ტიპის, თიხის აგურით ნაშენებია, რომელიც აგებულია მე-19 საუკუნის 80-იან წლებში, მისი მაქსიმალური ზომები გეგმაში შეადგენს 5.4*7.5 მ-ს. შენობის სიმაღლე მიწის დონიდან დაშენების თავის ნიშნულამდე 5.8. მ-ია. შენობის პირველი სართული კაპიტალური ნაგებობაა, მეორე სართული კი, ფაქტობრივად მაღალი სხვენია და იგი ფარდულის ტიპისაა ხის კარკასით და თუნუქის შემაკავებული კედლებითა და სახურავით. შენობის საძირკველი ამოყვანილია ბუტობეტონით, კედლების სიგანე პირველ სართულზე, გარე პერიმეტრზე შეადგენს 0.25 მ-ს, ტიხრებისა - 0.15 მ-ს. შენობა ექსპლუატაციისას მრავალჯერადად გადაკეთდა მიშენება-დაშენების სახით. კედლებსა და ჭერზე გაკრულია თაბაშირმუყაოს ფილები, სველ წერტილებში კედლებსა და იატაკზე გაკრულია კერამიკული ფილები. გარეგანი გამოკვლევით აღმოჩნდა, რომ: აღნიშნული შენობა ფაქტობრივად დაშლილია, დარღვეულია კედლებს შორის კავშირი, იატაკი უკანა მხარეს დახრილია ქუჩის მიმართულებით, უკანა კედელი, რომელიც ფაქტობრივად საყრდენია, ჩაძირულია გრუნტში და დახეთქილია. დაშლილია საძირკვლები. გარე ტერიტორიის გარეგანი დათვალიერებით აშკარაა ანალოგიური სიტუაცია, კერძოდ, შენობის გზისპირა კედლის გასწვრივ მოწყობილი საყრდენი კედელი ისევე, როგორც, შენობის ფარგლებში არსებული, ანალოგიურად დაძირულია გრუნტში და გაჩენილი აქვს 1-3 სმ-ის სიგანის ბზარები. ქუჩაში კი, შენობის სიახლოვეს (-3-5 მ-ის დაცილებით) ასფალტის საფრის მრავალჯერადი დაკერების კვალია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ცენტრალური წყალსადენის მილი ხშირად ზიანდებოდა. ამასვე ადასტურებს დამკვეთის მიერ წარმოდგენილი ფოტო და ვიდეომასალა, დაზიანებების ხასიათიდან და გავრცელების კონფიგურაციიდან გამომდინარე, აშკარაა ცენტრალური წყალსადენის მაგისტრალის დაზიანებასა და ჯდენითი დეფორმაციების შედეგად ბზარების წარმოქმნის პროცესს შორის მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება შენობის მდგრადობასა და სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობის საკითხს, რა თქმა უნდა, აღნიშნული შენობა დღეისთვის მოქმედ სამშენებლო ნორმებს არ შეესაბამება და კონსტრუქციულად არამდგრადი ნაგებობაა, მაგრამ შენობაზე ბზარები ფაქტია, რომ სეისმური ან სხვა რაიმე დინამიკური დატვირთვის ზეგავლენით არ წარმოშობილა, თუმცა მისი მდგრადობა გარკვეული ტიპის დატვირთვების მიმართ შესუსტებულია.

5.3. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქ. თბილისში, ს.დ–ის 35-ში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „დოდაშვილი 35“-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ........) მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანებების გამომწვევი მიზეზების გამოვლენის მიზნით გარეგნული დათვალიერებით დადგინდა შემდეგი: შენობის დაზიანების მიზეზი ცენტრალური წყალსადენის მილის დაზიანებებთან მიზეზობრივი კავშირის არსებობის გამო, არის ს.დ–ის ქუჩაზე წყალსადენის მილის ხშირი დაზიანების შედეგად სასმელი წყლის გაჟონვა და შენობის საძირკვლებში შეღწევა, რამაც აღნიშნულ მისამართზე არსებული შენობის საძირკვლების ქვეშ გრუნტები ნაწილობრივ გამორეცხა, დაასველა, გააწყლოვანა და ამით მზიდუნარიანობა შეამცირა. თავის მხრივ, ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია ჯდენითი და ნგრევის პროცესების განვითარება.

5.4. მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ფართი შეადგენს 22.11 კვ.მ.-ს. საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაცია შეუძლებელია და იგი ექვემდებარება დემონტაჟს.

5.5. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე შესრულებული პროექტის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, შესასრულებელ სამუშაოთა სრული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება განისაზღვრა 67 253.06 ლარით.

5.6. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შეთხვევაში, მოსარჩელე მხარემ დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში დაამტკიცა მოპასუხის მიერ მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, სრულად უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება და მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის არსებობის დადასტურება. მოპასუხეს კი, ხსენებული ექსპერტიზის დასკვნის საპირისპიროდ არ წარმოუდგენია სამართლებრივად ვარგისი, სარწმუნო და დამაჯერებელი არცერთი მტკიცებულება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სწორად დაადგინა მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის უარყოფა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს და გაიზიარეს საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და, შესაბამისად, არასწორად დაადგინეს მოპასუხის ბრალეულობა მოსარჩელის კუთვნილი შენობა-ნაგებობის დაზიანებაში.

6.2. მოპასუხის კუთვნილი მილის მრავალჯერადი დაზიანების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. საქმეში არსებული ვიდეომასალით დასტურდება მხოლოდ სასმელი წყლის მილის ერთჯერადი დაზიანების ფაქტი, რა დროსაც, სადავო სახლი უკვე დანგრეული იყო.

6.3. აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნა გამოტანილ იქნა გარეგნული დათვალიერებით მიღებული მონაცემების საფუძველზე, ისე, რომ არ გამოკვლეულა არც საძირკვლები და არც ნიადაგი გეოლოგიურად. შესაბამისად, ექსპერტიზის მითითება, თითქოს ზიანი წარმოშობილია კომპანიის კუთვნილი მილის მრავალჯერადი დაზიანების შედეგად, უსაფუძვლოა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო შენობა-ნაგებობის ნაწილი (რომელიც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჩაძირულია გრუნტში და დახეთქილია) განთავსებულია ქუჩაში, ტროტუარის ქვეშ. ტროტუარი დაფარულია გუდრონით და ატარებს წყალს. შესაბამისად, ატმოსფერული ნალექების დროს (წვიმა, თოვლი) წყალი ტროტუარიდან ჩვეულებრივ შეიძლებოდა ჩადინებულიყო მიწისქვეშა ოთახში.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება დაზიანდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მილიდან გადინებული წყლის შედეგად. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა და არასწორად დაადგინეს მოპასუხის ბრალეულობა მოსარჩელის კუთვნილი შენობა-ნაგებობის დაზიანებაში.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის კუთვნილი მილის დაზიანების შედეგად გამოდინებულ წყალსა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დაზიანებას შორის.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წყლის ჩამოდინებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია, ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.

ამდენად, კანონი მომეტებული საფრთხის წყაროს (მაგ: წყალი) პრაქტიკული რეალიზაციის შემთხვევაში, მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის ადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობას, მიუხედავად მისი ბრალისა, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს ზიანის დადგომის ფაქტი და ის, რომ ეს ზიანი სწორედ მოპასუხის ნაგებობიდან მომდინარეობდა (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-90-90-2018, 11.05.2018წ.; №ას-1293-2020, 18.12.2020წ.; №ას-1177-2020, 22.01.2021წ.).

13. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში, ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობა განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ აღდგეს ვითარება, რომელიც არსებობდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ დადგებოდა რომ არა ვალდებულების დარღვევა. აღნიშნული მუხლის თანახმად, ზიანის გამომწვევმა პირმა უნდა აღადგინოს ის თავდაპირველი ვითარება, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა. ნატურით რესტიტუციის დამაბრკოლებელ გარემოებას პირველადი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა წარმოადგენს (სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლი).

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო მესამე ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

15. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების დასადასტურებლად, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 09 აგვისტოს №005578721 დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზი ცენტრალური წყალსადენის მილის დაზიანებებთან მიზეზობრივი კავშირის არსებობის გამო, არის ს.დ–ის ქუჩაზე წყალსადენის მილის ხშირი დაზიანების შედეგად სასმელი წყლის გაჟონვა და შენობის საძირკვლებში შეღწევა, რამაც აღნიშნულ მისამართზე არსებული შენობის საძირკვლების ქვეშ გრუნტები ნაწილობრივ გამორეცხა, დაასველა, გააწყლოვანა და ამით მზიდუნარიანობა შეამცირა. თავის მხრივ, ყოველივე აღნიშნულმა გამოიწვია ჯდენითი და ნგრევის პროცესების განვითარება.

ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა მასზეც, რომ შენობაზე ბზარები არ წარმოშობილა სეისმური ან სხვა რაიმე დინამიკური დატვირთვის ზეგავლენით, თუმცა მისი მდგრადობა გარკვეული ტიპის დატვირთვების მიმართ შესუსტებულია. ექსპერტი მიიჩნევს, რომ აშკარაა ცენტრალური წყალსადენის მაგისტრალის დაზიანებასა და ჯდენითი დეფორმაციების შედეგად ბზარების წარმოქმნის პროცესს შორის მიზეზობრივი კავშირი. ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შედგენილ დასკვნაში კატეგორიულადაა მითითებული სახლის დაზიანების აშკარა მიზეზზე - მოპასუხის კუთვნილი წყალსადენი მილის ხშირ დაზიანებებთან მიზეზობრივი კავშირის არსებობაზე.

16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგო, სათანადო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მითითებულ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანება მოპასუხის კუთვნილი წყლის მილსადენიდან გამოდინებულმა წყალმა გამოიწვია.

17. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1127-1047-2017, 2017 წლის 18 ოქტომბერი).

კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ არასათანადო შედავების პირობებში ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გაქარწყლება და დადასტურება იმისა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის დაზიანება განაპირობა არა მოპასუხის კუთვნილი წყლის მილის გაუმართაობამ, არამედ - სხვა მიზეზმა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზიანის ოდენობა საკასაციო საჩივრით შედავებული არ ყოფილა.

18. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოსარჩელემ უზრუნველყო მოპასუხის კუთვნილი წყლის მილის დაზიანებასა და მიყენებულ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის, ასევე, ზიანის ოდენობის დადასტურება, ხოლო მოპასუხემ, ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წამოყენებული მოთხოვნებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გაქარწყლება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სარჩელი ზიანის - 30000 ლარის დაკისრების ნაწილში, მართებულად დაკმაყოფილდა.

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

20. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 1050 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.პ.ს. „ჯ.უ.ე.ფ–ი“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. „ჯ.უ.ე.ფ–ი“-ს (ს/ნ .....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1500 ლარის (საგადახდო დავალება №7, გადახდის თარიღი: 23.10.2023წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 1050 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი