26 ოქტომბერი, 2023 წელი,
საქმე №ას-653 -2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ჯ.მ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ქ.ჩ–ძე (მოპასუხე)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჯ.მ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული აპელანტი, კასატორი ან ბავშვის მამა) და ქ.ჩ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან ბავშვის დედა) 2012 წლის 22 სექტემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 1106-ე და 1151-ე მუხლები), ჰყავთ ერთი შვილი, 2013 წლის 11 მაისს დაბადებული - ბ.მ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ბავშვი, მოსარჩელისა და მოპასუხის შვილი ან არასრულწლოვანი).
2. მხარეები 2014 წლის 14 სექტემბერს განქორწინდნენ.
3. არასრულწლოვანი თერჯოლის რაიონის სოფელ ..... დედასთან ერთად ცხოვრობს.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განჩინებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული განჩინება) მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის მიხედვით მოსარჩელეს შვილთან ურთიერთობისათვის შემდეგი წესი განესაზღვრა: ყოველი თვის პირველ, მესამე და მეოთხე კვირის შაბათს 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, კვირას 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე; ყოველი თვის მეორე კვირის ხუთშაბათს 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, პარასკევს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; მამას მიეცა უფლება ბავშვი გამოეყვანა საბავშვო ბაღიდან 16:00 საათიდან და მითითებულ დრომდე ემყოფებინა თავისთან, ბავშვის წაყვანა და უკან დაბრუნება დაევალა მოსარჩელეს.
5. კანონიერ ძალაში შესული განჩინების საფუძველზე, მოსარჩელე ურთიერთობს შვილთან.
6. მოსარჩელე 2014 წლის 8 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ.ქ–თან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც მოსარჩელის მეუღლე), ჰყავთ ორი შვილი, 2015 წლის 3 აგვისტოს დაბადებული - ე. და 2018 წლის 14 აპრილს დაბადებული - ქ.
7.სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნის მიხედვით, მამა-შვილს შორის, ასევე ოჯახის სხვა წევრებთან შეინიშნება დადებითი და პოზიტიური ურთიერთობა. ბავშვს მათთან აქვს ხშირი ურთიერთობა და ყველა მის მიმართ დადებითადაა განწყობილი. ოჯახში არის იდეალური საცხოვრებელი პირობები. ბავშვისთვის ცალკე ოთახია გამოყოფილი, რომელიც აღჭურვილია ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ინვენტარით და ნივთებით.
ოჯახი შეძლებს ბავშვის მათთან ყოფნის შემთხვევაში შეუქმნან აღზრდა-განვითარებისათვის სასურველი, თბილი და მზრუნველი გარემო. ბავშვის ნორმალურად განვითარების მიზნით მშობლებმა მას უნდა შეუქმნან ემოციური კომფორტის განცდა და ორივე მშობელთან ურთიერთობის საშუალება, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ბავშვის ფიზიკურ, ემოციურ კოგნიტურ და სოციალურ განვითარებას.
8. არასრულწლოვანი 2019-2020 სასწავლო წლიდან შპს „მ.ჭ–ძის საავტორო სკოლის“ მოსწავლეა.
9. ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესწავლისა და მამასთან ღამით დარჩენის საკითხის შესწავლის მიზნით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ცენტრის ფსიქოლოგის კვლევის საფუძველზე, 2021 წლის 25 იანვრს მომზადდა დასკვნა რომლის მიხედვით დადგინდა:
არასრულწლოვნის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ინტერესები:
- არასრულწლოვნის ინტერპერსონალურ საკომუნიკაციო სტილზე დაკვირვება, სიტუაციური რეაქციები, ბიჰევიორული და ემოციური თავისებურებები მიუთითებდა მის გახსნილობაზე ნეიტრალურ თემებთან, მის ინტერესებთან, გატაცებებთან დაკავშირებით. ვერბალური და არავერბალური მახასიათებლები გამოხატავდა თანამშრომლობისადმი მზაობას. განსაკუთრებულად პოზიტიური ემოციებით აფორმებდა ოჯახური ცხოვრების აღწერას, დედასთნ, მამასთან, დებთან, ბებია-ბაბუასთან, ბიძაშვილებთან ურთიერთობის ეპიზოდებს. არასრულწლოვანი მშობლების მიმართ პოზიტიური მიკუთვნებულობის განცდას გამოხატავს, განქორწინების მიუხედავად ამჟღავნებს ორივე მათგანთან ახლო, ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას და გამოთქვამს მშობლებთან მეტ-ნაკლებად თანაბარი დროის გატარების სურვილს;
- არასრულწლოვანი გამოახატავდა ინტერესს მოსამართლის, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მიმართ. აქტიურად იკვლევდა გარემოს, გამოირჩეოდა ექსპრესიულობით, კომუნიკაბელურობით. დადებითად იხსენებდა მეგობრებთან ურთიერთობის დეტალებს, ვრცლად და ხალისით საუბრობდა საყვარელ თამაშებზე, დღიურ აქტივობებზე;
- არასრულწლოვანი არ ავლენდა ინერტულობას - შეკავების რეაქციებს (შეკითხვებისათვის თავის არიდება, საუბრის გადატანა). არ გამოხატავდა შიშებს, იმპულსურობას, ემოციური ლაბილობის ნიშნებს ან ზოგადი ენერგიის დაქვეითებას, ყურადღების დეფიციტს, ეგოცენტრულობასა და აგრესიულობას.
არასრულწლოვნის მამასთან ღამის თევით დარჩენის საკითხის განხილვა:
- ბავშვი პერიოდულად დღის განმავლობაში რჩება მამის საცხოვრებელ ტერიტორიაზე და დებთან, მამასთან ერთად ჩართულია დღიურ აქტივობებში. არასრულწლოვნისათვის მისაღებია მამის საცხოვრებელი გარემო და ოჯახის წევრების მიმართაც ავლენს დადებით რეაქციებს, გამოხატავს იქ პერიოდულად წასვლის, დროის გატარებისა და დარჩენის სურვილს, თუმცა, საუბრიდან იკვეთება, რომ ბავშვი ემორჩილება წესს, რა საათებში იყოს მამასთან, რომელ პერიოდში დედასთან, რაც რიგ შემთხვევებში მისივე სურვილის საწინააღმდეგოა (მაგ. ერთ-ერთ დაბადების დღის აღნიშვნის პროცესში მამის საცხოვრებლის დატოვება მოუხდა);
- არასრულწლოვანი ადაპტირებულია დედის საცხოვრებელ გარემოსთანაც.
მცირეწლოვნის ასაკისა და მისივე სურვილის გათვალისწინებით, მამა-შვილის ურთიერთობის გასაღრმავებლად აუცილებელია, ბავშვის მამასთან ღამის თევით დარჩენის ხელშეწყობა და მის ყოველდღიურ რუტინაში მშობლებთან ურთიერთობის ანალოგიური ფორმების განმტკიცება. მამასთან ღამის დარჩენის წახალისება მნიშვნელოვანია რამდენიმე ნიშნით: წაახალისებს მამა-შვილს შორის რეგულარულ კომუნიკაციას, დამოუკიდებელი აქტუალური გამოცდილების მიღების პირობებში. გაუღრმავებს ურთიერთობას დედასთან. არასრულწლოვანს განუმტკიცებს გაცდას, რომ მშობლები თანაბარ პირობებში ზრდიან. აღნიშნული წარმოადგენს დედასთან მოკავშირეობისა და მშობლებისადმი შერჩევითი მიდგომის ფორმირებისგან პრევენციულ საშუალებას, რამდენადაც არასრულწლოვანს არ შეექმნება საფუძველი, დედასთან, როგორც ფიზიკურად მეტად ხელმისაწვდომ მშობელთან, სიახლოვის გაძლიერებული მოტივაცია ჰქონდეს ფსიქოლოგიური უსაფრთხოების დარღვევის ფონზე (რადგან მამასთან ურთიერთობის დეფიციტი აქვს);
- არასრულწლოვანი არ იგრძნობს სოციალურ გაუცხოებას, დებისა და თანატოლებისაგან განსხვავებულობას, თუ მას ექნება თანაბარ პირობებში ინტერაქციისა და ურთიერთობის ინიცირების შესაძლებლობა ორივე მშობელთან. აღნიშნული დადებითად აისახება მის თვითშეფასებაზე, აკადემიურ მიღწევებზე;
- გასათვალისწინებელია, რომ არასრულწლოვნის განვითარების ფსიქოსოციალური კრიზისიდან გამომდინარე (ერიქსონის ფსიქო-სოციალური განვითარების თეორია) მნიშვნელოვანია ბავშვი მშობლებისაგან გრძნობდეს ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილებას, მზრუნველობისა და ყურადღების თანაბარი სიხშირით გამოვლენას, რამდენადაც ემოციური მხარდაჭერის ხარისხი და მშობლებთან სანდო ურთიერთობა განსაზღვრავს სხვა სოციალური გარემოს გამოკვლევის, ინტერესების გაფართოების ფორმას. მშობლებისაგან თანაბრად გამოვლენილი მხარდაჭერის მიხედვით არასრულწლოვანს უყალიბდება ავტონომიურობის განცდა, ინიციატივიანობა, სამართლიანობის განცდა და მიზანმიმართულობა. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანს აქვს ემოციური კავშირი, ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილების დეფიციტი, მას ექმნება ფსიქო-სოციალური სირთულეები, უმყარდება დანაშაულის განცდა, არასრულფასოვნების შეგრძნება, რასაც განამტკიცებს სოციალიზაციის პროცესში არასრულწლოვნის პასიურობას, აკადემიურ პრობლემებს, თანატოლებთან, მშობლებთან ურთიერთობისას თავის არიდების ან აგრესიულ რეაქციებს, არაორგანიზებულობის ქცევით გამოვლინებებს.
დასკვნა/რეკომენდაციები:
- აუცილებელია არასრულწლოვნის მამასთან ღამის თევით დარჩენის წახალისება ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. სასურველია თანდათანობით გაიზარდოს ღამის მამასთან გატარებული დღეების რაოდენობა, ეტაპობრივად, რაც სიახლის შფოთვას შეუმცირებს ბავშვს;
- აუცილებელია მამა-შვილის ურთიერთობის გაღრმავება თანდათანობითი,
თანმიმდევრული ხელშემწყობი სტრატეგიებით როგორც მამის, ისე დედის აქტიური მონაწილეობით. შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვა დააზიანებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს მამასთან დაახლოების პროცესში, აუცილებელია მამა-შვილს შორის რეგულარული კომუნიკაციის ფორმირება, დამოუკიდებელი აქტუალური გამოცდილების მიღების პირობებში;
- მნიშვნელოვანია მშობლებს შორის დიალოგი და ინფორმაციის პერიოდული გაცვლა ბავშვის ინტერესების, დღისა და ღამის რუტინასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რათა სიტუაციურმა გაურკვევლობამ არ გამოიწვიოს არასრულწლოვანში დაუცველობისა და ნევროტულობის გრძნობის გაძლიერება;
- მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვანმა თვითონ მიიღოს მონაწილეობა მამის საცხოვრებელ გარემოში საკუთარი ფიზიკური გარემოს მოწყობის პროცესში, საკუთარი ინიციატივების გათვალისწინებით, რაც დამატებითი ფსიქოლოგიური უსაფრთხოების განმტკიცების პირობა იქნება მისთვის;
- აუცილებელია დედ-მამის ინტენსიური მშობლური ჩართულობა არასრულწლოვნის აღზრდის პროცესში, რაც მისი ფსიქოემოციური, სოციალური, მატერიალური, საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილებას შეუწყობს ხელს. მეორე მხრივ, არასრულწლოვანი მოახდენს სასამართლო დავის ფარგლებში განცდილი სტრესის კომპენსირებას. არ ექნება დანაკარგის განცდა, ეყოლება დედისა და მამის ქცევითი მოდელები, რაც დადებითად აისახება მის თვითშეფასებაზე, თვითეფექტურობაზე, სოციალურ მორგებებზე, ხელს შეუწყობს ჯანსაღ თვითიდენტიფიკაციას, სამომავლოდ ჯანსაღ პარტნიორულ ურთიერთობებს;
- აუცილებელია, რომ მშობლებმა არ გამოავლინონ პათოგენური მშობლობის
პრაქტიკის შემდეგი ფორმები - არ გამოხატონ ბავშვის თანდასწრებით კრიტიკა, უარყოფითი მოლოდინები ყოფილი მეუღლის მიმართ, არ შეადარონ თავი მეორე მშობელს, იმ ფორმით, სადაც თვითონ იქნება დამცველი და ბავშვის მხარდამჭერი, არ მოახდინოს მშობელთაშორისი თემების განხილვისას ბავშვის მხრიდან მისი მისამართით სიბრალულის განცდის პროვოცირება. არ შეუწყოს ხელის მამის/დედის მიმართ განმსჯელი პოზიციის დაკავებას, მისი მხრიდან მამისაგან/დედისგან მიტოვებისა და არაადეკვატურობის აზრების კულტივირებით. ზემოთ აღნიშნული ჩარევის ფორმები (ნებისმიერი სიხშირით გამოვლენის შემთხვევაში) უარყოფითად იმოქმედებს არასრულწლოვნის მიჯაჭვულობისა და უსაფრთხოების განცდაზე და წარმოადგენს ბავშვის პიროვნებაზე პათოლოგიურ ზემოქმედებას;
- აუცილებელია შეხვედრიდან-შეხვედრამდე მამას ჰქონდეს რეგულარული
სატელეფონო კომუნიკაცია ბავშვთან (ვიდეო თუ აუდიტორული მიმოწერა), ჰკითხოს დღის განრიგის, გატაცებების, გატარებული დროის, ემოციური მდგომარეობისა და ა.შ. შესახებ;
- აუცილებელია დედამ ხელი შეუწყოს მამის მიერ გამოხატული ინიციატივების დაკმაყოფილებას და პერიოდული საუბრით გაუძლიეროს არასრულწლოვანს მამასთან ერთად აქტივობებში მონაწილეობის ინტერესი;
- აუცილებელია დედამ წაახალისოს არასრულწლოვანი დედასთან სატელეფონო თუ აუდიო, ვიდეო ფორმით კომუნიკაციისკენ, კერძოდ, გაუზიაროს ინფორმაცია დღიური აქტივობების, გეგმების, პირადი შთაბეჭდილებების, საკუთარი აზრების, ინტერესებისა და ემოციების, გატაცებების, გატარებული დროის შესახებ. პერიოდულად დაუფიქსიროს, რომ თვითონ დედას აქვს აღნიშნული სურვილი, ამასთან, ესაუბროს მამის ემოციურ მდგომარეობაზე (რომ ენატრება, უხარია მასთან კომუნიკაცია, მზრუნველობის, მცირეწლოვნის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის ინტერესი აქვს...), რაც მამასთან ღამით დარჩენის სიახლის გამო შესაძლო შფოთვითი რეაქციების თავიდან არიდების პირობაა;
- მნიშვნელოვანია მამასთან დარჩენამდე რამდენიმე დღით ადრე ინფორმირებული იყოს არასრულწლოვანი, მასთან ერთად დაგეგმილი იყოს შეხვედრის დღის აქტივობები, რათა მოზარდისათვის ეს პროცესი პროგნოზირებადი იყოს და უსაფრთხოდ აღიქმებოდეს, მოლოდინების განმტკიცებისათვის აუცილებელია დედისა და მამის მხრიდან ინიციატივები და პერიოდული დიალოგი შვილთან;
- რეკომენდირებულია აღნიშნული ინტერვენციების რეალიზებისა და მხარეებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისათვის უფროსებმაც და არასრულწლოვნებმა გაიარონ ფსიქოლოგიური კონსულტაცია.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 1 თებერვალს გამართულ სხდომაზე ფსიქოლოგმა განმარტა, რომ ბავშვი გამოხატავდა მამასთან და მის ოჯახის წევრებთან ურთიერთობის სურვილს და არ ჰქონდა მათთან ურთიერთობის პრობლემა.
ბავშვს აქვს სურვილი ღამე დარჩეს მამასთან, რაც მან პირდაპირ მიუთითა. პირველ ეტაპზე ბავშვი კვირაში ერთხელ მაინც უნდა დარჩეს მამასთან ღამისთევით. დაკვირვების შედეგად, ოპტიმალური იქნებოდა ბავშვის მამასთან კვირაში ორჯერ ღამისთევით დარჩენა.
სასურველია ბავშვი კვირაში 2 დღე დარჩეს მამასთან - პარასკევი და შაბათი, რადგან მამა ჩაერთოს ბავშვის სასწავლო პროცესშიც. შემდეგ კი, დაკვირვების შედეგად, ეს დღეები უნდა გაიზარდოს.
11. იმავე სხდომაზე არასრულწლოვანის საპროცესო წარმომადგენელმა განმარტა - „ბავშვთან გასაუბრების შემდეგ იგრძნობოდა, რომ მას ღამისთევით სურდა მამასთან დარჩენა, თუ ამის წინააღმდეგი დედა არ იქნებოდა და დედა მას წაახალისებდა“. მისი მოსაზრებით, ბავშვი კვირაში ორჯერ მაინც უნდა დარჩეს მამასთან ღამისთევით.
12. ხოლო ცენტრის წარმომადგენლის განმარტებით, ღამისთევით ბავშვის დარჩენა ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. იგი ეთანხმება ფსიქოლოგის პოზიციას. მისი მოსაზრებით, თავიდან 6 თვის განმავლობაში კვირაში 1 დღე უნდა დარჩეს ბავშვი მამასთან ღამისთევით, შემდეგ კი ეტაპობრივად ეს დროს უნდა გაიზარდოს, კვირაში 2 დღე და ასე შემდეგ.
13. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ კანონიერ ძალაშე შესული განჩინებით დადგენილი ბავშვთან ურთიერთობის წესის შეცვლის მოთხოვნით. იგი ამტკიცებდა, რომ არასრულწლოვანი გაიზარდა, მას სურვიილი აქვს უფრო მეტი დრო გაატაროს მამასთან, დებთან და ბიძაშვილებთან.
14. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარდგენილი შესაგებლით გამორიცხა მოთხოვნა და მიუთითა, რომ არ იკვეთებოდა კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.
15. თერჯოლის მაგისტრი სასამართლოს 2019 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს განესაზღვრა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის მიზნით ბავშვის წაყვანის უფლება თავის საცხოვრებელ ადგილას ღამე დარჩენის უფლებით ყოველი თვის პირველ და მესამე პარასკევ დღეს სკოლაში სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ კვირა დღის 17:00 სააათამდე, ხოლო ყოველი თვის მეორე და მეოთხე კვირის ოთხშაბათს სკოლაში სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ პარასკევი დღის 09:00 საათამდე სასწავლო პროგრამის და ბავშვის სურვილის გათვალისწინებით მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე;
მოსარჩელეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან შვილთან ურთიერთობის მიზნით მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, განესაზღვრა სასწავლო დაწესებულებისათვის დადგენილი არდადეგების პერიოდში ყველა სახის არდადეგების პირველი ნახევრის პერიოდში ბავშვის წაყვანის უფლება თავის საცხოვრებელ ადგილას და ასევე დასასვენებლად წაყვანის უფლება საქართველოს ტერიტორიაზე, რა დროსაც დედას მიეცა შვილის მონახულების უფლება ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით ბავშვის სურვილის გათვალისწინებით;
სასამართლოს მიერ დანიშნულ დღეებში გადაწყვეტილებით განსაზღვრული საათების დაცვით არასრულწლოვანის წაყვანა და დაბრუნება უნდა უზრუნველეყო მოსარჩელეს.
16. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
17. მოპასუხემ შეგებებული სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ითხოვა.
18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო და შეგებებული სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს განესაზღვრა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის მიზნით ბავშვის წაყვანის უფლება თავის საცხოვრებელ ადგილას (მისამართზე: თერჯოლის რაიონი, სოფელი ..........), ღამე დარჩენის უფლებით ყოველი თვის პირველ და მესამე შაბათ დღეს - დილის 11:00 საათიდან, კვირა დღის - დილის 11:00 საათამდე, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე (ბავშვის წამოყვანა მამასთან და მისი დაბრუნება ძირითად საცხოვრებელ ადგილას დაევლა ჯ.მ–ძეს საკუთარი ხარჯებით);
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონალურ ცენტრს, როგორც არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს დაევალა, გამოყოს ფსიქოლოგი, რათა დახმარება გაუწიოს არასრულწლოვანს მამასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში; მშობელი, რომელთანაც იქნება ბავშვი, ვალდებულია სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ცენტრთან შეთანხმებით, უზრუნველყოს არასრულწლოვნის ვიზიტი ფსიქოლოგთან (არდადეგების პერიოდში ეს საკითხი გადაწყდეს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ცენტრთან შეთანხმებით, ბავშვის ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით). კონსულტაციების ხანგრძლივობა/ინტენსივობა განისაზღვროს ფსიქოლოგის მიერ;
მხარეებს დაევალათ, იქონიონ ინტენსიური ჩართულობა არასრულწლოვნის აღზრდის პროცესში მისი ფსიქო-ემოციური, სოციალური და საგანმანათლებლო საჭიროებების ხელშეწყობის თვალსაზრისით; ასევე დადგინდა, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონალურმა ცენტრმა, შესაბამისი სოციალური მუშაკის ან სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, საჭიროების აღმოფხვრამდე ზედამხედველობა განახორციელოს თითოეული მშობლის ბავშვთან დამოკიდებულებაზე, იქონიოს აქტიური კომუნიკაცია ბავშვთან, რათა გამოარკვიოს წინამდებარე გადაწყვეტილების პოზიტიური კუთხით აღსრულების დამაბრკოლებელი წინაპირობების არსებობა.
19. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :
19.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე (მოწმეთა ჩვენებებზე, ვიდეო ჩანაწერებზე, ფოტოსურათებზე, ფსიქოლოგების დასკვნებზე) რომლითაც უტყუარად დასტურდებოდა თუ, რა კომფორტულად და ლაღად გრძნობს ბავშვი თავს მამასთან და რომ მათი ამჟამინდელი ურთიერთდამოკიდებულება იძლევა ბავშვთან ურთიერთობის დროის გაზრდის, მათ შორის ღამე დარჩენის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაუსაბუთებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება, ნაწილობრივ მართებულია.
22. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 1197-ე (შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ), 1198.1 (მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით) 1198.5 (მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება) და 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები) მუხლებიდან გამომდინარეობს.
23. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა კონვენციამ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ.
კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.
კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს“ (შდრ. სუსგ N ას-440-2020, 13.04.2021წ.).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვთან ურთიერთობის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, შვილთან ურთიერთობა ჰქონდეს, რომელიც ეფექტიანი, ბავშვის საუკეთესო ინეტერსებზე ორიენტირებული და მის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაზე უნდა იყოს დაფუძნებული.
ბავშვს არა მხოლოდ აქვს უფლება, იზრდებოდეს და ვითარდებოდეს ჯანსაღ, მასზე მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში, ამასთან, მისი უფლებაა, დაცული იქნეს ყველა ისეთი შესაძლო ქმედებისაგან, მათ შორის მშობლის ქმედებისაგანაც, რომელიც ბავშვის ფსიქოემოციური განვითარებისა და მისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია.
ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას შეუნარჩუნდეს მისი ურთიერთობა მასთან არმცხოვრებ მშობელთანაც, მოცემულ შემთხვევაში - მამასთან, რათა გაძლიერდეს ერთჭერქვეშ არმყოფი მშობლის მონაწილეობა და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში; შესაბამისად, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, მამას ბავშვის თავისთან დროებით წაყვანის უფლება არ უნდა შეეზღუდოს (შდრ. სუსგ-ები: Nას-63-59-2017, 13.11.2018წ.; N ას-1837-2019, 16.06.2020წ ; N ას- 440-2020, 13.04.2021წ.).
25. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს (კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).
26. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც.
ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება პრიორიტეტული მნიშვნელობა ჰქონდეს მშობლის ინტერესებთან მიმართებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც – ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი (შდრ. სუსგ-ები: Nას-198-2019, 28.05.2019წ.; N ას-440-2020, 13.04.2021წ.).
27. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ბავშვის უფლებების დაცვის მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული კანონმდებლობის სისტემური ანალიზიდან გამომდინარე თვალნათელია, რომ ბავშვის უფლებების უზრუნველყოფა არ გულისხმობს ერთი რომელიმე უფლების სხვა უფლებასთან მიმართებით უპირატესად რეალიზების, ან დაცვის უფრო მაღალი სტანდარტით სარგებლობის შესაძლებლობას.
ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებულია ყველა რელევანტური უფლებებით, სახელმწიფო გარანტიებით/ინსტრუმენტებით, ერთნაირად სარგებლობის შესაძლებლობა და ხარისხი.
მათ შორის გარანტირებულია ბავშვისაგან განცალკევებით მცხოვრებ მშობელთან ბავშვის ურთიერთობის უფლებასაც. თუმცა, ეს უფლება აბსოლუტურ უფლებად არ შეიძლება ჩაითვალოს, არამედ მშობლისა და ბავშვის უფლებათა შეპირისპირების თვალსაზრისით, ბავშვის უფლება უპირატესად ითვლება და მშობელს, გარკვეული პირობების არებობისას, შესაძლოა ჩამოერთვას კიდეც ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობა (სსკ-ის 1205-1206 მუხლები). ამ უფლების შემზღუდავი სახელმწიფო ინსტრუმენტი მოქმედებს მხოლოდ მაშინ და მშობლის უფლება არარეალიზებადია, თუკი მშობლის მოვალეობის არასათანადო შესრულება წინააღმდეგობაშია ბავშვის თუნდაც ერთ რომელიმე ინტერესთან (ჯანმრთელობა, ემოციური განვითარება, სწავლა და ა.შ.),
ე.ი. მშობლის ბუნებითი უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა აბსოლუტურ და შეუზღუდავ უფლებად და, ამა თუ იმ პიროების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ კონტროლს ექვემდებარება.
28. ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისა და დადგენისას საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოს ინკვიზიციური სამართალწარმოების ელემენტებით აღჭურავს, რაც სასამართლოს მიერ საქმეზე დასადგენ გარემოებათა წრის განსაზღვრასა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ მტკიცებულებების საკუთარი ინიციატივით გამოთხოვაში გამოიხატება (სსსკ-ის 354.1-ე მუხლი). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ძირითადი არგუმენტი იმას შეეხება, რომ ფსიქოლოგისა და სოცალური მუშაკის დასკვნები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გადაწყვეტილებას, რადგან არცერთი მათგანი ცალსახად არ ადასტურებს მოთხოვნის მართებულობას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად, მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხილეთ, ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ 1988წ., და მონორი რუმინეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ, 2005წ.). ამ კონტექსტში, მე–8 მუხლის არსებითი მიზანია პირის დაცვა საჯარო ხელისუფლების მხრიდან დისკრეციული ქმედებისაგან.
გარდა ამისა, ოჯახური ცხოვრების „პატივისცემას“ ახასიათებს პოზიტიური ხასიათის ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ მე-8 მუხლი მოიცავს მშობელთა უფლებას, მიიღონ ზომები, რაც საშუალებას მისცემს მათ, ხელახლა გაერთიანდნენ თავიანთ შვილებთან, თუმცა, ეროვნული ხელისუფლების ვალდებულება, განახორციელოს ღონისძიებები ოჯახის გაერთიანების ხელშეწყობის მიზნით, არ არის აბსოლიტური ხასიათის კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად.
თუკი მშობელთან კონტაქტი საფრთხეს უქმნის ამ ინტერესებს ან აბრკოლებს ამ უფლებების განხორციელებას, ეროვნული ხელისუფლება პასუხისმგებელია შექმნას სამართლიანი ბალანსი (იხილეთ ჰოკანენი, ციტირებულია ზემოთ, § 58). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი(No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი)“ - იხ. ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი # N. 71776/12; 02.02.2016წ.)
29. მშობლის უფლების შემზღუდავი ნორმები გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (სსკ-ის 1205-1207-ე მუხლები), თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით მოპასუხის (მამის) უფლების - ჰქონდეს შვილთან სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესით ურთიერთობა - შეზღუდვის განმაპირობებელი გარემოებები არ გამოვლენილა;
შესაბამისად, არასრულწლოვნის კანონით დაცული უფლება, იქონიოს კავშირი მამასთან, თანხვედრაშია ამ უკანასკნელის ინტერესთან და მთლიანობაში ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, ოჯახური ცხოვრების კონცეფციის ჭრილში.
30. ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს: „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში;
კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“ (შდრ: სუსგ-ები N ას-1062-996-2012, 22.01.2013წ ; N ას-53-51-2016, 06.07.2016წ; N ას-1139-1095-2016, 25.09.2017წ, N ას-604-563-2017, 13.10.2017წ.).
31. საკასაციო სასამართლო მოპასუხის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ნებისმიერ დავაში უპირატესობა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ენიჭება. საკასაციო სასამართლოს არერთი განმარტებით, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა ბავშვის, როგორც უფლებებისა და კანონიერი ინტერესების მფლობელ სუბიექტად აღიარება და არა მისი დაცვის ობიექტად მიჩნევა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII).
კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
სასამართლოსათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვა და ინდივიდუალური შეფასება, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში იქ, სადაც სადავო საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა სწორედ ბავშვის უფლებებს მიენიჭოს.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ - იხ. სუსგ- ები: N ას-967-916-2015, 15.12.2015წ; N ას-1141-1061-2017 17.10.2017წ; N ას-861-2019, 03.10.2019წ; N ას-1232-2019, 05.06.2020წ.
32. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ზავადკა პოლონეთის წინააღმდეგ (Zawadka v. Poland, No 48542/99, 23.06.2005, საბოლოო გახდა 12.10.2005წ.), კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ეროვნული სასამართლოების უმოქმედობა, გადაედგათ ნაბიჯები, რათა მომხდარიყო მომჩივნის - მამის უფლების რეალიზება, იძულებით აღსრულება, ენახა საკუთარი შვილი, როდესაც დედამ უარი განაცხადა, დამორჩილებოდა მშობლებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებას. საბოლოოდ, მომჩივანმა, დაჰკარგა მუდმივი კონტაქტი ბავშვთან, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დამდგარა ეჭქვეშ მისი უნარები, ყოფილიყო მშობელი (შდრ. სუსგ-ები N ას-1232-2019, 05.06.2020წ; N ას -1149-1081-2015, 06.05.2016წ.)
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახური გარემო არ განიმარტება მშობლებისა და შვილების მარტოოდენ ერთ ჭერქვეშ ცხოვრების უფლებად და ამ გზით ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვად, არამედ ოჯახური გარემო გულისხმობს ასევე ბავშვთან ურთიერთობის ხელმისაწვდომობას მშობლისათვის, რაც სწორედ ბავშვის პრიორიტეტული ინტერესებითაა ნაკარნახევი (ბავშვის უფლებათა კონვენციის 7.1 მუხლი);
მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (შდრ. სუსგ N ას-1232-2019, 05.06.2020წ.).
34. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი უთითებდა, რომ ბავშვი კომფორტულად და ლაღად გრძნობდა მასთან თავს და, რომ მათი ამჟამინდელი ურთიერთდამოკიდებულება იძლეოდა ბავშვთან ურთიერთობის დროის გაზრდის, მათ შორის მამასთან ღამე დარჩენის საფუძვლებსაც.
აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხის ძირითადი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ ფსიქოლოგისა და სოცალური მუშაკის დასკვნები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გადაწყვეტილებას, რადგან არცერთი მათგანი არ ადასტურებდა მოთხოვნის მართებულობას.
35. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის ზემოხსენებულ არგუმენტს და, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს მხარეებისგან დამოუკიდებელი სუბიექტების მტკიცებულებათა (ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკის დასკვნები) დამაჯერებელ, არაორაზროვან და სარწმუნო ხასიათზე, რომელთა შინაარსით ერთმნიშვნელოვნად დგინდება არასრულწლოვნის სურვილი მამასთან დარჩეს ღამისთევითაც. ასევე აშკარაა, რომ მათ შორის კიდევ უფრო მყარი ემოციური კავშირის დასამყარებლად საჭიროა მამამ შვილთან რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს, შესაბამისად, ღამისთევით ბავშვის მამასთან დარჩენა ემსახურება უპირველეს ყოვლისა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს (იხ. ფსიქოლოგისა და არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენლის ჩვენებები). საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე განჩინების მე-7 ქვეპუნქტში აღწერილ სოციალური მუშაკის მიერ შეფასებულ მამის საცხოვრებელ პირობებზეც, რომელთა ანალიზის შესაბამისად არასრულწლოვანს კასატორის საცხოვრებელ სახლში მაქსიმალურად კარგი გარემო აქვს შექმნილი.
ზემოაღნიშნული გარემოებები ასევე წინამდებარე განჩინებაში მოყვანილი საერთაშორისო და ეროვნული ნორმატიული აქტების ანალიზი საკასაციო სასამართლოს დასკვნით იძლევა შესაძლებლობას და აუცილებელსაც ხდის კასატორმა (ჯ.მ–ძე) მეტი დრო გაატაროს შვილთან, მათ შორის ღამისთევით წაიყვანოს იგი თავის საცხოვრებელ სახლში.
36. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
37. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების აუცილებლობა და იგი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
38.1. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოწინააღმდეგე მხარეს, კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300ლარის ნახევრის, 150 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3 და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ჯ.მ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ჯ.მ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. ჯ.მ–ძეს (პ/ნ ......) არასრულწლოვან შვილთან ბ.მ–ძესთან (პ/ნ .......; დაბადებული 2013 წლის 11 მაისს) ურთიერთობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა. კვირის დღეებში - ყოველი კვირის სამშაბათსა და პარასკევს სასწავლო პროცესის დასრულებიდან ან დღის 15:00 საათიდან იმავე დღის 18:00 საათამდე, არასრულწლოვანის წაყვანისა და უკან დედის, ქ.ჩ–ძის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
ბ. ყოველი თვის შაბათს 11:00 საათიდან მომდევნო დღის (კვირის) 11:00 საათამდე, წაიყვანოს ბავშვი თავის საცხოვრებელ ადგილას (თერჯოლის რაიონი, სოფელი ..........) ღამე დარჩენის უფლებით, უკან დედის, ქ.ჩ–ძის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
გ. ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების ნახევარი არასრულწლოვანმა ბ.მ–ძემ გაატაროს მამის, ჯ.მ–ძის საცხოვრებელ ადგილას და ასევე მამას მიეცეს ბავშვის დასასვენებლად წაყვანის უფლება საქართველოს ტერიტორიაზე, რა დროსაც დედას ქ.ჩ–ძეს მიეცეს შვილის მონახულების უფლება ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, არასრულწლოვანის წაყვანისა და უკან დედის, ქ.ჩ–ძის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით.
5. ქ.ჩ–ძეს ჯ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისროსდ, მის მიერ საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე