საქმე №ას-238-2024 1 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ს.მ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ს.მ., კ.მ–ი (მოპასუხეები)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით - ს.მ–ნ
მესამე პირი - სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ს.მ–მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.მ–ის და კ.მ–ის (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაერთო ს.მ–ნი.
ს.მ–ნმა წარადგინა სარჩელი ს.მ–ის მიმართ და სარჩელში მესამე პირად მიუთითა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.
ს.მ–მა და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ს.მ–ნის სარჩელი არ ცნეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს.მ–ის და ს.მ–ის სარჩელები არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორის წარმომადგენლისათვის - ნ.დ–ათვის ცნობილი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, რაც დასტურდება საქმეში განთავსებული აქტით ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ (იხ. ტ. 3, ს.ფ. 107). არც კასატორი და არც მისი წარმომადგენელი აღნიშნულ სხდომაზე არ გამოცხადებულან. საქმეში წარმოდგენილია ს.მ–ის მიერ ნ.დ. სახელზე გაცემული მინდობილობა, რომელიც ძალაშია 2027 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით (იხ. ტ. 3, ს.ფ.27-29). შესაბამისად, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის თაობაზე ინფორმირების მომენტში ნ.დ–ძეს ჰქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და იგი ვალდებული იყო მარწმუნებლისათვის ეცნობებინა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის შესახებ. თავის მხრივ, კასატორის წარმომადგენელი ვალდებული იყო ვადაში გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა განჩინების ასლი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა არ მიუმართავს სასამართლოსათვის, რათა ჩაებარებინა განჩინების ასლი. ამასთან, კასატორი არ წარმოადგენს პირს, ვისთან გადაწყვეტილების ასლის გაგზავნის ვალდებულებაც სასამართლოს ჰქონდა სსსკ-ის 46-ე მუხლის თანახმად.
ამდენად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2024 წლის 14 იანვარს და ამოიწურა 2024 წლის 3 თებერვალს. ვინაიდან 2024 წლის 3 თებერვალი იყო არასამუშაო დღე, სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს, 2024 წლის 5 თებერვალს.
შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2024 წლის 5 თებერვლის ჩათვლით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორის წარმომადგენლის მიერ განცხადება გასაჩივრებული განჩინების ჩაბარების შესახებ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღიანი ვადის დარღვევით - 2024 წლის 8 თებერვალს (იხ. ტ. 3 ს.ფ. 126), ხოლო საკასაციო საჩივარი სასამართლოში გაგზავნილია ფოსტის მეშვეობით - 2024 წლის 19 თებერვალს (იხ. ტ. 3, ს.ფ. 144), ანუ გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 399-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 397-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური