Facebook Twitter

საქმე №ას-1022-2019 30 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ი.ტ–ხი, ლ.ს–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.კ–ძე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები – ი.ტ–ხი, ნ.გ–ძე, მ.გ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მინიჭება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ვ.კ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისში, ......... მდებარე, მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს (ს.კ. №........) დაუდგინდა აუცილებელი მისასვლელი გზა ი.ტ–ხის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), ი.ტ–ხისა (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და ლ.ს–ძის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) კუთვნილი, ქ. თბილისში, ......... მდებარე მიწის ნაკვეთების (ს.კ. №.......... და №.........) გავლით, „ჯეოლენდის“ ტოპოგეგმის მიხედვით (ტ. III, ს.ფ.184); დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოცემულ დავაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი;

2.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 აპრილის №ას-70-68-2014 გადაწყვეტილებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს აუცილებელი მისასვლელი გზის მოწყობის, აუცილებელი გზის მოსაწყობად სასაზღვრო მიჯნისა და სხვა ნაგებობების აღების დავალების მოთხოვნის ნაწილში (ტ. II, ს.ფ. 271, 342);

2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. და მე-2 პუნქტების გაუქმებით და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აუცილებელი გზის დადგენა მოითხოვა (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.10.2018წ. და 18.05.2019წ.-ის სხდომის ოქმები);

2.4. მოსარჩელე წარმოადგენს ქ.თბილისში, ....... (ს.კ. .......) მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს (ტ. I, ს.ფ. 38);

2.5. სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2011 წლის 06 სექტემბრის №016457-2011/03 დასკვნით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ............ (ს.კ. .........) მცხოვრებ პირებს საცხოვრებელ სახლში მისასვლელი გზა არ გააჩნიათ მეზობელ ნაკვეთებზე გავლის გარეშე (ტ. I, ს.ფ. 7);

2.6. სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის 2013 წლის 14 ივნისის №002445913 დასკვნით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ……… მდებარე (მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ) უძრავ ქონებას (სახლთმფლობელობას) ამჟამად არ გააჩნია ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან …….. ქ. №3-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე გადაადგილების გარეშე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არსებული გასასვლელის სიგანე არ შეესაბამება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის საჭირო, ნორმატივით განსაზღვრულ მინიმალურ მანძილს (სიგანეს) (ტ. II, ს.ფ. 195);

2.7. სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის 2012 წლის 17 თებერვლის №005035-2012/03/1 დასკვნით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ....... არსებული ნაკვეთის ნულოვანი დონის მინიმალური ცვლილებით შესაძლებელია მოხვედრა საკადასტრო კოდით ........ და .......ნაკვეთებზე გადაადგილებით (ტ. I, ს.ფ. 224-229);

2.8. ქ.თბილისში, ……… მდებარე, №…….. საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი წარმოადგენს პირველი და მესამე მოპასუხეების თანასაკუთრებას (ტ. I, ს.ფ. 156), ხოლო №……..საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი - მეორე მოპასუხის საკუთრებას (ტ. III, ს.ფ. 133);

2.9. საფეხმავლო ბილიკი (ფაქტობრივად არსებული), რომელიც ქ.თბილისში, ........არსებულ უძრავ ქონებას სამხრეთის მხრიდან აკავშირებს ....... ქუჩასთან, არ წარმოადგენს ჯეროვან კავშირს საჯარო გზასთან (იხ. სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის 2018 წლის 14 აგვისტოს №005679618 დასკვნის დანართი №1, შავი ფერის ტრაექტორია).

3. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის 2013 წლის 14 ივნისის №002445913 დასკვნაზე, რომლის მიხედვით, ..... ქ. №3-ში მდებარე სახლთმფლობელობის დაკავშირება ........ ქუჩასთან სამხრეთის მხრიდან შესაძლებელი იქნება ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდგომ, საფეხმავლო ბილიკით. სამხრეთის მხრიდან არსებული სივრცის მინიმალური სიგანე შეადგენს 1,2 მ-ს. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ტექნიკური სამუშაოების ჩატარება (მოხრეშვა, მოკირწყვლა, მოასფალტება, ბეტონის დასხმა და სხვ.), აღნიშნული გზით სარგებლობა შესაძლებელი იქნება წლის ნებისმიერ დროს. შესაბამისი პროექტის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სამხრეთის მხრიდან სამანქანო გზის მოწყობა, თუმცა აღნიშნული დაკავშირებული იქნება კაპიტალურ ხარჯებთან და შესაძლებელია საჭირო გახდეს არსებული მრავალწლოვანი ნარგავების მოჭრა (ტ. II, ს.ფ. 195).

4. სასამართლომ ასევე მიუთითა სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2011 წლის 06 სექტემბრის №016457-2011/03 დასკვნაზე, რომლის მიხედვით, ტექნიკური თვალსაზრისით მიწის ნაკვეთიდან (ს.კ …..) ……. ქუჩასთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება, თუ ბეტონის კედელთან მოეწყობა კიბე, სათანადოდ შემუშავებული მშენებლობის პროექტის საფუძველზე, რომელიც შეთანხმებული იქნება ქ.თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან (ტ. I, ს.ფ. 7);

5. სააპელაციო პალატის მითითებით, სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის 2018 წლის 14 აგვისტოს №005679618 დასკვნისა და ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, ……ქ. №3-ში მდებარე უძრავი ქონების სამხრეთის მხრიდან …….. ქუჩასთან დამაკავშირებელი ბილიკი (ფაქტობრივად არსებული) კვეთს მესამე პირთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ ……) საზღვრებს, ამასთან, ბილიკის რელიეფური მდებარეობის გათვალისწინებით, იმისთვის, რომ აღნიშნული ბილიკით სარგებლობა წელიწადის ყველა სეზონზე შესაძლებელი იყოს, აუცილებელია სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება. რაც შეეხება ექსპერტის მიერ შემოთავაზებულ საფეხმავლო ბილიკის მოწყობის ტრაექტორიას იმდაგვარი კონფიგურაციით, რომ ის არ კვეთდეს სხვის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს (იხ. დანართი №1 მწვანე ფერით მონიშნული ტრაექტორია), ექსპერტის განმარტებითვე, აღნიშნული დაკავშირებულია ქ.თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი პროექტის არსებობასთან. სამანქანე გზის მოწყობა კი დაკავშირებულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემულ ნებართვებთან და დიდ ხარჯთან (ტ. III, ს.ფ. 173-183, იხ. ადგილზე დათვალიერების 21.03.2019წ. ოქმი).

6. სააპელაციო პალატამ ზემოთ მითითებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ სამხრეთის მხრიდან ფაქტობრივად არსებული ბილიკი არ წარმოადგენს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელ კავშირს საჯარო გზასთან, ვინაიდან ის კვეთს სხვა პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და, ამავე დროს, შესაბამისი სამუშაოების ჩატარების და ხარჯების გაღების გარეშე, მისი გამოყენება წლის ყველა დროს შეუძლებელია. გარდა ამისა, სამხრეთის მხრიდან არსებული სივრცის მინიმალური სიგანის გათვალისწინებით (1.2მ.), პალატის მოსაზრებით, შეუძლებელია საფეხმავლო ბილიკით მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაში საშუალო მოცულობის ისეთი ნივთების შეტანა-გამოტანა, როგორიცაა, მაგალითად, ავეჯი.

7. სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, რომ ……… №31-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული გასასვლელის მინიმალური სიგანე ნაკლებია ავტოტრანსპორტის მოძრაობისთვის საჭირო, ნორმატივით გათვალისწინებულ მინიმალურ მანძილზე, არ შეიძლება გახდეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო, ამავე ექსპერტიზის დასკვნით შემოთავაზებული სამანქანე გზის მოწყობის ჰიპოთეტური ალტერნატივის გათვალისწინებით.

8. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ……..ქ. №31-დან №3-ში გასასვლელი სამანქანე გზად არ გამოდგება, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების სამხრეთის მხრიდან .......... ქუჩასთან დამაკავშირებელ საფეხმავლო ბილიკთან შედარებით, მისი ჯეროვანი გამოყენება .......... ქუჩასთან დასაკავშირებლად შესაძლებელია და არსებული მდგომარეობით უალტერნატივო კავშირია საჯარო გზასთან.

9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ გააჩნია ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან, ობიექტური საჭიროება წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებელ პირობას, რასაც კანონმდებლობა მკაფიო შედეგს - აუცილებელი გზის უფლებას უკავშირებს (სსკ-ის 180-ე მუხლი).

10. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა, აუცილებელი გზის მოწყობის მეშვეობით, სამართლიანი კომპენსაციის პირობებში უნდა მოხდეს, რითაც დაუშვებლად არ უნდა იქნეს ხელყოფილი მესაკუთრის უფლებები ანუ გარკვეული თმენის ვალდებულება სწორედაც რომ შესატყვისი კომპენსაციით უნდა იქნეს ანაზღაურებული. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს მოპასუხეებისთვის კომპენსაციის ანაზღაურება, რადგან ამ მიმართებით საქმეში შეგებებული სარჩელი წარმოდგენილი არ არის, რაც სამომავლოდ დამოუკიდებელი დავის საგანი შეიძლება გახდეს.

11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მეორე და მესამე მოპასუხეებმა (შემდგომში - „კასატორები) შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მეორე და მესამე მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

14. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

16. საკასაციო საჩივრის თანახმად:

16.1. სააპელაციო სასამართლომ გამოიჩინა უპრეცედენტო მიკერძოება მოსარჩელის მიმართ. სააპელაციო სასამართლო შეეცადა დახმარებოდა მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის გამართვაში. 2019 წლის 15 მაისის სხდომაზე სასამართლომ დააზუსტებინა მოსარჩელეს მოთხოვნა, მათ შორის, ამოაღებინა მოთხოვნა სამანქანო გზით კავშირზე და შეახსენა მას, ხომ არ ჰქონდა წარმოდგენილი სქემატური ნახაზი, რომლითაც უნდა მომხდარიყო მოპასუხეთა მხრიდან აუცილებელი გზით დაკმაყოფილება. სასამართლოს განმარტებით, ამგვარი მოთხოვნა ემყარებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის განჩინებას, თუმცა, ამ განჩინებაში მსგავსი მითითება არ არსებობს. ამასთან, აღნიშნულ განჩინებაში საუბარია მხოლოდ 2013 წლის 18 ივნისის ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც ეხება სამხრეთის მხარეს და არა - მოპასუხეთა მხარეს. მოსარჩელეს მხოლოდ ამ თვალსაზრისით შეეძლო მტკიცებულების წარმოდგენა განჩინებაზე მითითებით, ხოლო სრულიად სხვა შინაარსის მტკიცებულების საქმეში ჩადება და მისი გამოყენება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში საპროცესო დარღვევაა;

16.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება იზოლირებულია საჯარო სივრციდან და დაკავშირება ტექნიკურად შეუძლებელია. 18.06.2013 წლის ექსპერტიზის დასკვნით, .......... ქ. №33-ში მდებარე სახლთმფლობელობის დაკავშირება .......... ქუჩასთან სამხრეთის მხრიდან შესაძლებელი იქნება ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდგომ, ხოლო 2018 წლის 14 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნაში გამოიკვეთა დაკავშირების სამი ვარიანტი. გარდა ამისა, 2011 წლის ექსპერტიზის დასკვნით, ტექნიკური თვალსაზრისით მიწის ნაკვეთის .......... ქუჩასთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება, თუ მოეწყობა კიბე;

16.3. 2019 წლის 21 მარტს ჩატარებული დათვალიერების შედეგად, დადგინდა, რომ .......... №3-ის სამხრეთით არის საფეხმავლო ბილიკი, რომელიც არის მიწაყრილი, უსწორმასწორო. ექსპერტის განმარტებით, ამ ბილიკზე გადაადგილება შესაძლებელია. ამასთან, შესაძლოა მოეწყოს როგორც საფეხმავლო, ისე - სამანქანო გზა. ექსპერტის განმარტებით, .......... №3-ის ეზოს ღობე პირდაპირ ესაზღვრება .......... ქუჩას, დონეთა შორის სხვაობა შეიძლება აღმოიფხვრას კიბით (დაახლოებით ორი სართულის მანძილია);

16.4. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ მოსარჩელის ოჯახი ყოველთვის სარგებლობდა სამხრეთის მხრიდან არსებული ბილიკით და ჭიშკარიც ჰქონდა ამ მხრიდან. მას შემდეგ, რაც მოპასუხეების ოჯახი დაინგრა და მათ პრაქტიკულად მიატოვეს სახლი, მოსარჩელემ დაიწყო მათი ეზოდან სიარული და პარალელურად ხელოვნურად გაანადგურა სამხრეთის მხარეს არსებული საფეხმავლო ბილიკის ის მონაკვეთი, რომელიც მას აკავშირებდა გასასვლელთან;

16.5. ექსპერტებმა ი.ქ–ძემ და რ.ჯ–მა გამოკითხვისას დაადასტურეს, რომ სამხრეთის მხრიდან არსებული ტერიტორია არავის საკუთრებაში არ არის და, თუ გაიწმინდება ჩაყრილი ფოთლებისა და ხის ტოტებისაგან, შეიძლება დაკავშირება;

16.6. სასამართლომ არ შეისწავლა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ფიზიკური მდებარეობა, კერძოდ, მას ორი მხრიდან ესაზღვრება საჯარო სივრცე. აღნიშნული დასტურდება 2011 წლის 6 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნით;

16.7. 2018 წლის 14 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნის საპირისპიროდ, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სამხრეთის მხარეს არსებული საფეხმავლო ბილიკი კვეთს სხვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს;

16.8. გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქმეში არსებულ დაახლოებით ათამდე ექსპერტიზის დასკვნის რეალურ შინაარსს. არცერთი ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირ ან ირიბად არ მიუთითებს, რომ მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთი იზოლირებულია საჯარო გზებიდან. ექსპერტიზის დასკვნის ფრაზები, რომლებიც გადაწყვეტილებაშია მოცემული, ასახავს მხოლოდ სიტუაციურ სურათს, რომ კონკრეტულ დროსა და სივრცეში გზის ინფრასტრუქტურა არ არსებობს და არა - იმას, რომ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი მოწყვეტილია კავშირს საჯარო გზასთან - .......... ქუჩასთან;

16.9. ეჭვს არ იწვევს, რომ მიწის ნაკვეთის დაკავშირება .......... ქუჩასთან ტექნიკურად შესაძლებელია, რომლის გადაჭრისათვის საჭიროა ხარჯი. ქალაქის მეორეხარისხოვანი გზებით უზრუნველყოფა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ვალდებულებას. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ მოსარჩელემ მიმართა მერიას გზის მოწყობის მოთხოვნით და მიიღო უარი. არასწორია კავშირის არაჯეროვნად მიჩნევა, რადგან მის აღსადგენად საჭიროა სამუშაოების ჩატარება და დანახარჯების გაღება. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, თუკი კავშირის დამყარება ტექნიკურად შესაძლებელია და მხოლოდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, საკუთრების შეზღუდვის ვალდებულება არ წარმოიშობა.

17. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 170.1. მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მესაკუთრის უფლებები – ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით [სსკ-ის 170.1. მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას]. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, თუ ხდება ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აკრძალვა. კანონით ან ხელშეკრულებით დადგენილ შემთხვევაში, მესაკუთრეს შეიძლება შეეზღუდოს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება და დაეკისროს თმენის ვალდებულება. სწორედ ასეთი თმენის ვალდებულებაა გათვალისწინებული სსკ-ის 180.1. მუხლით, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

18. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ სსკ-ის 180.1. მუხლით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.; სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-744-801-2011, 13 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი).

19. აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და ფუნქციური დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი (იხ. სუსგ საქმე №ას-1869-2018, 25 ოქტომბერი, 2019 წელი).

20. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ, როცა აუცილებელ გზაზეა საუბარი, აქ, ცხადია, მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა არ იგულისხმება, მხედველობაშია ასევე სამანქანე გზა (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 1999, გვ. 109; ასევე სუსგ საქმე №ას-144-486-07, 26 ივლისი, 2007წ.).

21. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინების დასაბუთებაზე, რომლითაც საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს: საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ შემოთავაზებულ ალტერნატივას აუცილებელი გზის მოწყობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში კასატორმა ასევე დასაბუთებული პრეტენზია წარმოადგინა, კერძოდ, სააპელაციო პალატის დასკვნით, .......... ქN3-ში მდებარე სახლთმფლობელობის დაკავშირება .......... ქუჩასთან სამხრეთის მხრიდან შესაძლებელი იქნება ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდგომ. სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.07.01-89 მე-8 ცხრილის მოთხოვნათა შესაბამისად, ქალაქის მეორეხარისხოვან გასასვლელებში ფეხით მოძრაობისათვის განკუთვნილი მინიმალური სიგანე შეადგენს 0,75სმ-ს. სამხრეთის მხრიდან არსებული სივრცის მინიმალური სიგანე შეადგენს 1,2მ-ს, რაც საკმარისია .......... ქN3-ში მდებარე სახლთმფლობელობის დასაკავშირებლად საფეხმავლო ბილიკით .......... ქუჩასთან. იმ შემთხვევაში თუ მოხდება ტექნიკური სამუშაოების ჩატარება (მოხრეშვა, მოკირწყვლა, მოასფალტება, ბეტონის დასხმა და სხვ.) აღნიშნული გზით სარგებლობა შესაძლებელი იქნება წლის ნებისმიერ დროს. შესაბამისი პროექტის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია სამხრეთის მხრიდან სამანქანო გზის მოწყობა, თუმცა აღნიშნული დაკავშირებული იქნება კაპიტალურ ხარჯებთან და შესაძლებელია საჭირო გახდეს არსებული მრავალწლოვანი ნარგავების მოჭრა. სააპელაციო სასამართლოს ეს მოსაზრება დამყარებულია სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 18 ივნისის დასკვნაზე, თუმცა სასამართლოს ამ შემთხვევაში დასკვნა არ შეუფასებია საკმარისობის თვალსაზრისით, ერთი მხრივ, ექსპერტი მსჯელობს სამომავლო შესაძლებლობაზე, მოეწყოს საფეხმავლო ბილიკი, ხოლო სამანქანო გზის მოწყობას უკავშირებს პროექტის შესაძლო არსებობას, მის დამტკიცებას და იმგვარი კაპიტალური სამუშაოების ჩატარებას, რომელსაც, შესაძლოა, მრავალწლიანი ნარგავების მოჭრა მოჰყვეს შედეგად, ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ექსპერტი არ გვთავაზობს დასკვნაში შემოთავაზებული საფეხმავლო თუ სამანქანო გზის მოწყობის გეგმას. ამ კუთხით გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს დამაჯერებელ მსჯელობას, ხოლო სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ არ გამოუკვლევია შემოთავაზებული გზის მოწყობის შესაძლებლობა (იხ. ტ 2, ს.ფ. 339-340).

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ საფეხმავლო ბილიკი (ფაქტობრივად არსებული), რომელიც ქ.თბილისში, .......... ქ. №3-ში არსებულ უძრავ ქონებას სამხრეთის მხრიდან აკავშირებს .......... ქუჩასთან, არ წარმოადგენს ჯეროვან კავშირს საჯარო გზასთან (იხ. წინამდებარე განჩინების 2.9. ქვეპუნქტი). სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის 2018 წლის 14 აგვისტოს №005679618 დასკვნისა და ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, .......... ქ. №3-ში მდებარე უძრავი ქონების სამხრეთის მხრიდან .......... ქუჩასთან დამაკავშირებელი ბილიკი (ფაქტობრივად არსებული) კვეთს მესამე პირთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ ……) საზღვრებს, ამასთან, ბილიკის რელიეფური მდებარეობის გათვალისწინებით, იმისთვის, რომ აღნიშნული ბილიკით სარგებლობა წელიწადის ყველა სეზონზე შესაძლებელი იყოს, აუცილებელია სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება. რაც შეეხება ექსპერტის მიერ შემოთავაზებულ საფეხმავლო ბილიკის მოწყობის ტრაექტორიას იმდაგვარი კონფიგურაციით, რომ ის არ კვეთდეს სხვის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს (იხ. დანართი №1 მწვანე ფერით მონიშნული ტრაექტორია), ექსპერტის განმარტებითვე, აღნიშნული დაკავშირებულია ქ.თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი პროექტის არსებობასთან. სამანქანე გზის მოწყობა კი დაკავშირებულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემულ ნებართვებთან და დიდ ხარჯთან (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).

23. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის 2018 წლის 14 აგვისტოს №005679618 დასკვნაზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრში №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საფეხმავლო გზით დაკავშირება .......... ქუჩასთან სამხრეთის მხრიდან სიტუაციურად შესაძლებელი იქნება ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდგომ იმ მოცემულობით, როგორც ეს ნაჩვენებია დანართ №1-ზე. დანართ №1-ზე მწვანე ფერით მოცემული საფეხმავლო ბილიკი გაივლის ტერიტორიას, რომელიც ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის არ არის რეგისტრირებული საკუთრებაში, ხოლო შავი ფერით მოცემულია ტრაექტორია, რომელიც მცირედი ნაწილით გაივლის ........საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (იხ. დანართი №1). შავი ფერით მოცემული ტრაექტორიის გათვალისწინების შემთხვევაში კეთილმოსაწყობი იქნება №........ საკ. კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრიდან ....... საკ.კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრამდე ბილიკი, ვინაიდან №........ საკ.კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ტერიტორიაზე ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის ფაქტობრივი მდგომარეობით არსებობს საფეხმავლო კეთილმოწყობილი ბილიკი. დანართ №1-ზე მოცემული მწვანე ფერით ტრაექტორიით ვარიანტის შემთხვევაში ტექნიკური სამუშაოები ჩასატარებელი იქნება სრულად (ტექნიკურ სამუშაოებში იგულისხმება მოხრეშვა, მოკირწყვლა, მოასფალტება, ბეტონის დასხმა ან/და სხვა სამუშაო). საფეხმავლო ბილიკები უნდა მოეწყოს ქ.თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი პროექტის საფუძველზე (იხ. ტ. 3. ს.ფ. 177).

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სამხრეთის მხრიდან ფაქტობრივად არსებული ბილიკი არ წარმოადგენს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელ კავშირს საჯარო გზასთან.

25. რაც შეეხება კასატორთა მითითებას სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2011 წლის 06 სექტემბრის №016457-2011/03 დასკვნაზე, რომლის თანახმად, ტექნიკური თვალსაზრისით მიწის ნაკვეთიდან.......... ქუჩასთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება, თუ ბეტონის კედელთან მოეწყობა კიბე, სათანადოდ შემუშავებული მშენებლობის პროექტის საფუძველზე, რომელიც შეთანხმებული იქნება ქ. თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან (ტ. I, ს.ფ. 7), საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კიბე ვერ იქნება განხილული სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელ (საკმარის) კავშირად. შესაბამისად, კასატორთა აღნიშნული პრეტენზია ვერ იქნება გაზიარებული.

26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის 2013 წლის 14 ივნისის №002445913 დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ ქ. თბილისში, .......... ქ. №3-ში მდებარე (მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ) უძრავ ქონებას (სახლთმფლობელობას) ამჟამად არ გააჩნია ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან .......... ქ. №31-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე გადაადგილების გარეშე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არსებული გასასვლელის სიგანე არ შეესაბამება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის საჭირო, ნორმატივით განსაზღვრულ მინიმალურ მანძილს (სიგანეს) (იხ. წინამდებარე განჩინების 2.6. ქვეპუნქტი).

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი გაანალიზების შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების სამხრეთის მხრიდან .......... ქუჩასთან დამაკავშირებელ საფეხმავლო ბილიკთან შედარებით, .......... ქ. №31-დან №3-ში გასასვლელი, მართალია, სამანქანე გზად არ გამოდგება, თუმცა მისი ჯეროვანი გამოყენება .......... ქუჩასთან დასაკავშირებლად შესაძლებელია და არსებული მდგომარეობით უალტერნატივო კავშირია საჯარო გზასთან.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი], ამასთან, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით [სსსკ-ის 102-ე მუხლი]. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ [სსსკ-ის 105-ე მუხლი].

29. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე - სამართლებრივ შეფასებებთან დაკავშირებით, ხოლო კასატორებს წარმოდგენილი არ აქვთ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

32.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.ტ–ხისა და ლ.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ი.ტ–ხსა (პ/ნ: .......) და ლ.ს–ძეს (პ/ნ: .......) დაუბრუნდეთ ნ.ტ–ის (პ/ნ: ......) მიერ 2019 წლის 18 ივლისს №8199545566 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი