№ას-1584-2023 28 თებერვალი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.ხ–ი, ი.ნ–ა (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ტ–ძე, ბ.ტ–ძე, ე.ტ–ძე (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელით მოპასუხეები)
მოპასუხე/შეგებებული სარჩელით მოსარჩელე - ლ.ნ–ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.10.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა, წინარე საკუთრების უფლების გაუქმება (სარჩელით)/თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.ტ–ძემ, ბ.ტ–ძემ, ე.ტ–ძემ (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მოსარჩელეები“) წარადგინეს სარჩელი ი.ხ–ის, ი.ნ–ას (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „კასატორები“), ლ.ნ–ას (შემდეგში ტექსტში კასატორებთან ერთად მითითებული, როგორც "მოპასუხეები") მიმართ და მოითხოვეს:
- 2015 წლის 23 ივნისს ი.ტ–ძესა და ა.ნ–ას შორის დადებული, შპს „რ–ს“ კაპიტალში ი.ტ–ძის 100% წილთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების, რომელიც დამოწმებულია ნოტარიუს ზ.ბ–ის მიერ რეგისტრაციის ნომრით N150661079 და დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში გადაწყვეტილებით NB15154359/3, შეწყვეტილად აღიარება;
- შპს ,,რ–ს“ კაპიტალში ი.ტ–ძის 100%-იან წილზე საჯარო რეესტრში ა.ნ–ას სახელზე დარეგისტრირებული წინასწარი საკუთრების უფლების გაუქმება.
2. მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელი წარადგინეს და მოითხოვეს:
- მოსარჩელეებს მოპასუხეების სასარგებლოდ დაეკისროთ 2015 წლის 23 ივნისის ხელშეკრულების ფარგლებში ა.ნ–ას მიერ გადახდილი 408 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.10.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ. 383-402). გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.10.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.3, ს.ფ. 97-126). სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.12.2023 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და კასატორებს განესაზღვრათ ვადა მის შესავსებად (ტ.3, ს.ფ.142-145). კასატორებმა ხარვეზი ნაწილობრივ შეავსეს (წარმოადგინეს ხელმოწერილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი). ამავე სასამართლოს 29.01.2024 წლის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის სრულად შესავსებად (უნდა წარმოედგინათ ან მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი) ვადა 10 დღით. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (იხ.: განჩინება, ტ.3, ს.ფ. 207-210).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
7. დადგენილია, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.01.2024 წლის განჩინება გაეგზავნა კასატორების წარმომადგენელს - ნ.ზ–ას საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ სამუშაო ადგილის მისამართზე (იხ.: ვადაში მოქმედი მინდობილობები საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებით, ტ.1, ს.ფ.221-224; საკასაციო საჩივარი, ტ.3, ს.ფ.132; გზავნილი, ტ.3, ს.ფ.211) და ჩაჰბარდა თანამშრომელს 31.01.2024 წელს (იხ.: ჩაბარების დასტური, ტ.3, ს.ფ.213).
8. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით. კერძოდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
10. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებისთვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 01.02.2024 წელს და ამოიწურა 12.02.2024 წელს, ვინაიდან ხარვეზის შევსების ბოლო დღე იყო შაბათი. ამდენად, კასატორებს ხარვეზი 12.02.2024 წლის ჩათვლით უნდა შეევსოთ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის.
11. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1207-2023, 01.11.2023წ.; №ას-802-2023, 30.10.2023წ.).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.ხ–ისა და ი.ნ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე