საქმე №ას-330-2021 30 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.გ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – გ.მ–ძე, მ.ვ–ი (მოსარჩელეები)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე -
კ.მ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.მ–ძისა (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“) და მ.ვ–ის (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოსარჩელეები“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეთა სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ ნ.გ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“ (თავდაპირველი მოპასუხე - მ.ს–ას უფლებამონაცვლე)) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., საკადასტრო კოდით №......, და ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეთ მესაკუთრეებს.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2008 წლის 17 მარტს, ერთი მხრივ, გ.ნ–ს (წარმოდგენილი რწმუნებულ ვ.ნ–ის მიერ) და, მეორე მხრივ, დ.ს–ას შორის დაიდო ურთიერთგამიჯვნის ხელშეკრულება, რომლითაც ხელშეკრულების მხარეებმა გამიჯნეს უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, .........., ფართი 182.06 კვ.მ., ს/კ ......... (45 კვ.მ. დ.ს–ას საკუთრებაა (ი/მ „გ.ჩ–ძის“ მიერ შედგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მწვანედ დაშტრიხული), ხოლო 137.06 კვ.მ. - გ.ნ–ის (ი/მ „გ.ჩ–ძის“ მიერ შედგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ლურჯად დაშტრიხული);
2.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ფართი 43.47 კვ.მ., ს/კ ......, საკუთრების უფლებით ირიცხებოდა გ.ნ–ის სახელზე. აღნიშნული უძრავი ნივთი შემდგომში დაიყო ორ ნაწილად და 42.42 კვ.მ. ფართი აღირიცხა საკადასტრო კოდით ........., ხოლო 1.05 კვ.მ. - საკადასტრო კოდით ......... ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება ამჟამად რეგისტრირებულია ნ.ნ–ის საკუთრებად საჯარო რეესტრში, საკადასტრო კოდით: .........;
2.3. 2012 წლის 27 იანვარს, ერთი მხრივ, გ.ნ–სა და, მეორე მხრივ, მოსარჩელეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეებმა შეიძინეს ქ. თბილისი, ....... მდებარე 1.05 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდით №........... მოსარჩელეთა საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად, 1.05 კვ.მ. ფართის მქონე უძრავი ქონების საკადასტრო კოდი შეიცვალა და გახდა №......... ამავე მისამართზე, მოსარჩელეთა საკუთრებაში, გარდა აღნიშნული ფართისა, ასევე რეგისტრირებულია 109.00 კვ.მ., საკადასტრო კოდით №........., და 4 კვ.მ., საკადასტრო კოდით №...........;
2.4. მოცემული მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, თავდაპირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ფართი №5, მე-2 სართული, 51.57 კვ.მ., ს/კ ....., წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას;
2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 28.12.2018წ. №008970018 დასკვნით დადგენილია შემდეგი: ქ. თბილისში, ....., II სართულზე მდებარე №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 1.05 კვ.მ. ფართში (ფართი №6ბ) მოხვედრა ფაქტობრივი მდგომარეობით შესაძლებელია მხოლოდ №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 42.42 კვ.მ. ფართის გავლით, რომლის ნაწილი (კიბის უჯრედისა და დერეფნის ფართის გამოკლებით, რომელიც წარმოადგენს საერთო სარგებლობას) ფაქტობრივი მდგომარეობით თავდაპირველი მოპასუხის მფლობელობაშია. ქ. თბილისში, ........, II სართულზე მდებარე №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1.05 კვ.მ. ფართი (ფართი №6ბ) და №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 109 კვ.მ. ფართი ფაქტობრივი მდგომარეობით წარმოადგენენ მომიჯნავე ფართებს. ქ. თბილისში, ......., II სართულზე მდებარე №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1.05 კვ.მ. ფართი (ფართი №6ბ) და №........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 109 კვ.მ. ფართი ფაქტობრივი მდგომარეობით ერთმანეთისგან გამიჯნული არიან ყრუ კედლით. ქ. თბილისში, ........, II სართულზე მდებარე №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1.05 კვ.მ. ფართი (ფართი №6ბ) და №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 42.42 კვ.მ. ფართი ფაქტობრივი მდგომარეობით ერთმანეთისგან გამიჯნული არ არიან. კერძოდ, ხსენებულ ფართებს შორის, ზუსტად მიჯნაზე, არსებული მდგომარეობით გამყოფი კედელი მოწყობილი არ არის. ამასთან, 1.05 კვ.მ. ფართის ნაწილზე მოწყობილია მცირე ზომის სათავსო, რომელიც შემოსაზღვრულია ვიტრაჟით, კედლებით და მათზე მოწყობილი შესასვლელი ღიობით და რომელიც მოიცავს ზემოთხსენებული 1.05 კვ.მ. ფართის ნაწილს;
2.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის ადგილზე დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ მოსარჩელეთა ფართს ემიჯნება მოპასუხის ფართი, მათ შორის სადავოს წარმოადგენს 1.05 კვ.მ., რომელიც მოსარჩელეთა მხრიდან არის ამოშენებული, ხოლო მოპასუხის მხრიდან აქვს პატარა შესასვლელი, რომელსაც მოპასუხე იყენებს სათავსოდ, ხოლო მოსარჩელე მხარე - რეკლამის განსათავსებლად, პეკინის ქუჩის ფასადის მხრიდან. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ფართი გაიტიხრა იმის გამო, რომ იყო ვიწრო, ვერ იყენებდნენ და მხოლოდ გარეთა ფასადი გამოიყენებოდა რეკლამის განთავსების მიზნით, მათ თვითმიზანს ფართში მოხვედრა არასოდეს წარმოადგენდა, მიზნობრიობა ცალსახად მხოლოდ კომერციული დანიშნულების იყო, თუმცა მოპასუხე მხარემ ფართი სათავსოდ მოაწყო, რაც ხელს უშლის მოსარჩელე მხარეს ფართის თუნდაც ფასადის გამოყენებაში. ამავე ადგილზე დათვალიერების ოქმით დგინდება ისიც, რომ აზომვითი ნახაზების სპეციალისტმა, ლევან ბებიამ გამიჯვნა განახორციელა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად ისე, რომ ფართი თავად ადგილზე არ უნახავს. მისივე განმარტებით, სადავო 1.05 კვ.მ. ფართი წარმოადგენს წინა ფასადს, სადაც რეკლამა არის განთავსებული, პლუს შიგნითა ფართს, რომელსაც გვერდითა მხრიდან ჰქონდა გამოსასვლელი და მოგვიანებით მოხდა მისი ამოშენება.
3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დაედასტურებინა მოპასუხის მიერ მოსარჩელეთა საკუთრებაში აღრიცხული სადავო ფართის ფლობის ფაქტი. პალატის მითითებით, მტკიცებულებათა ერთობლიობით დგინდება, რომ უძრავი ნივთი, ს.კ. ........, საერთო ფართით 43.47 კვ.მ., მდებარე მეორე სართულზე, საკუთრებაში ჰქონდა გ.ნ–ს. 2012 წლის 26 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N882012032487-07 გადაწყვეტილებით, შიდა გამიჯვნის ნახაზის საფუძველზე განხორციელდა ამ ფართის დაყოფა, რის შედეგადაც წარმოიშვა ორი უძრავი ნივთი, ს/კ. ......... (42.42 კვ.მ) და ს/კ .......(1.05 კვ.მ.). ორივე მათგანზე საკუთრების უფლება ეკუთვნოდა გ.ნ–ს. 2012 წლის 27 იანვარს გ.ნ–სა და მოსარჩელეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, ს/კ. ....... (1.05 კვ.მ.). შედეგად აღნიშნულ ნივთზე დარეგისტრირდა მოსარჩელეთა საკუთრების უფლება (იხ. ტომი 1, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 882011555063; საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება N882012032487-07; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 88201203248; 26.01.2012წ. შიდა გამიჯვნის ნახაზი; ნასყიდობის ხელშეკრულება, ს.ფ. 24-26, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 27-28, 33-34, 96-97, 98-99). ამასთან, სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 28.12.2018 წლის №008970018 დასკვნა დააყრდნო 26.01.2012წ. შიდა გამიჯვნის ნახაზსა და სადავო ფართის ფაქტობრივი ადგილმდებარეობა განსაზღვრა 2012 წლის 26 იანვრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის ადგილზე დათვალიერების ოქმით ცალსახად დადასტურდა მოპასუხის მხრიდან სადავო ფართის ფლობის ფაქტიც.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ გამოდგებოდა მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 28.12.2018 წლის დასკვნის უარსაყოფად, რადგან დასკვნა ემყარება 2012 წლის 26 იანვრის მდგომარეობით შესრულებულ შიდა გამიჯვნის ნახაზს. ამასთან, სადავო ფართის ფაქტობრივი ადგილმდებარეობა განსაზღვრულია საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით. რაც შეეხება ზემოთ მითითებულ ნახაზს, იგი შედგენილია 2008 წლის მონაცემებით, რომელთა ავთენტურობა დადასტურებული არ არის საჯარო რეესტრის მონაცემებით.
5. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები დაეყრდნენ რა საჯარო რეესტრში, 26.01.2012 წლის გამიჯვნის ნახაზის საფუძველზე, გ.ნ–ის სახელზე რეგისტრირებულ უფლებას, 2012 წლის 27 იანვარს მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინეს უძრავი ნივთი, ს/კ........... (1.05 კვ.მ.), რომლის შეძენის მიზანი სარეკლამო აბრის განთავსება იყო.
6. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილია რა ფართის ზუსტი ადგილმდებარეობა, რომლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის შესახებ ერთმნიშვნელოვნად საუბრობს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 28.12.2018წ. №008970018 დასკვნაც, მოპასუხე ფლობს მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და ამით ხელს უშლის მესაკუთრეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების რეალიზაციას.
7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 170.1. და 172.1. მუხლებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხე მხარე არის ნივთის მფლობელი, რომელსაც არ წარუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნული გარემოებები კი, სსკ-ის 172.1. მუხლის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
13. საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 28.12.2018წ №008970018 დასკვნას, თუმცა, აღნიშნული დასკვნით ცალსახად არ დგინდება სადავო ფაქტობრივი გარემოება, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში წარდგენილია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 14.03.2018წ. №001715519 დასკვნაც, სადაც მითითებულია, რომ №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართი და ამავე მისამართზე მდებარე რამდენიმე მესაკუთრის სახელზე რეგისტრირებული ფართი (მათ შორის, მოსარჩელის) მოიცავს გადაფარვას. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულებების წარდგენა, რაც ნათელს გახდიდა მოპასუხის მიერ №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის ფლობას.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვა, ეფუძნება სსკ-ის 172.1 მუხლს, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.
16. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით [სსსკ-ის 102-ე მუხლი].
17. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 105-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის, როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ საქმე №ას-839-805-2016, 6 მარტი, 2017 წელი).
19. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
20. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაშია ქ. თბილისი, ........ №7ა-ში მდებარე 1.05 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდით №.......... (იხ. წინამდებარე განჩინების 2.3. ქვეპუნქტი).
21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის ადგილზე დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ მოსარჩელეთა ფართს ემიჯნება მოპასუხის ფართი, მათ შორის სადავოს წარმოადგენს 1.05 კვ.მ., რომელიც მოსარჩელეთა მხრიდან არის ამოშენებული, ხოლო მოპასუხის მხრიდან აქვს პატარა შესასვლელი, რომელსაც მოპასუხე იყენებს სათავსოდ, ხოლო მოსარჩელე მხარე - რეკლამის განსათავსებლად, პეკინის ქუჩის ფასადის მხრიდან. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ფართი გაიტიხრა იმის გამო, რომ იყო ვიწრო, ვერ იყენებდნენ და მხოლოდ გარეთა ფასადი გამოიყენებოდა რეკლამის განთავსების მიზნით, მათ თვითმიზანს ფართში მოხვედრა არასოდეს წარმოადგენდა, მიზნობრიობა ცალსახად მხოლოდ კომერციული დანიშნულების იყო, თუმცა მოპასუხე მხარემ ფართი სათავსოდ მოაწყო, რაც ხელს უშლის მოსარჩელე მხარეს ფართის თუნდაც ფასადის გამოყენებაში (იხ. წინამდებარე განჩინების 2.6. ქვეპუნქტი).
22. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია, რომ სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 28.12.2018წ №008970018 დასკვნით (იხ. წინამდებარე განჩინების 2.5. ქვეპუნქტი) ცალსახად არ დგინდება მოპასუხის მიერ სადავო ფართის ფლობის ფაქტი, გასაზიარებელი არ არის, რადგან სასამართლომ აღნიშნული სადავო ფაქტობრივი გარემოება დაადგინა ასევე ზემოთ მითითებული ადგილზე დათვალიერების ოქმით, რის საფუძველზეც მართებულად დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა ვინდიკაციური სარჩელი.
23. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ნ.გ–ს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს ი/მ მ.ს–ას (პ/ნ .......) მიერ 2021 წლის 16 აპრილს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი