საქმე №ას-728-2021 14 თებერვალი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „კ.ს–ო“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ.კ–ი“, შპს „მ....“, შპს „ი.მ–ი“, შპს „ G-S“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „კ.ს–ომ“ (შემდგომ - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ.კ–ის“ (შემდგომ - პირველი მოპასუხე), შპს „ G-S-ის“ (შემდგომ - მეორე მოპასუხე), შპს „მ....-ისა“ (შემდგომ - მესამე მოპასუხე, ასევე ერთობლივად აპელანტები) და შპს „ი.მ–ის“ (შემდგომ - მეოთხე მოპასუხე, ერთობლივად მოპასუხეები) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. 2017 წლის 16 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის დაიდო ექსკლუზიური მიწოდების ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, მოპასუხეებმა იკისრეს ქვიშის (ნედლეული) მიწოდების ვალდებულება ექსკლუზიურად მოსარჩელისათვის. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხეებმა უხეშად დაარღვიეს ხელშეკრულება. მათ შეწყვიტეს ნედლეულის მიწოდება და, ნაცვლად მოსარჩელისა, ნედლეულს აწვდიდნენ სხვა, მოპასუხის დამფუძნებლის მონაწილეობით შექმნილ კომპანიას. ხელშეკრულებებით ამ ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო 100 000 ლარი, რაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
3. მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებათა შეწყვეტა ზიანს აყენებს მოსარჩელეს. ზიანი მოპასუხეთათვის იყო მოსალოდნელი და განჭვრეტადი, ვინაიდან მოპასუხეთა დამფუძნებელი ფლობს წილს მოსარჩელე კომპანიაში. ზიანის ოდენობა დასტურდება აუდიტორიული დასკვნით, კერძოდ, მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის სახით პირველ მოპასუხესთან ხელშეკრულების შეწყვეტის გამო დაკარგა 2 244 450 ლარი; მეორე მოპასუხესთან ხელშეკრულების შეწყვეტის გამო - 1 404 402 ლარი; მესამე მოპასუხესთან - 683 098 ლარი; მეოთხე მოპასუხესთან - 2 011 347 ლარი.
მოპასუხის შესაგებელი
4. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, მათ არ დაურღვევიათ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. გარდა ხელშეკრულებაში აღნიშნული ლიცენზიისა, მოპასუხეები ფლობდნენ სხვა ლიცენზიასაც, რომლითაც მესამე პირებისთვის ქვიშის მიწოდების შესაძლებლობა ჰქონდათ, რამდენადაც ის არ წარმოადგენდა ამ ხელშეკრულების საგანს და არ იყო შებოჭილი ექსკლუზიურობით. მოპასუხეთა მტკიცებით, მოსარჩელემ თავად დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულებები - არ მოაწესრიგა კარიერამდე მისასვლელი გზა. ამასთან, მას დავალიანება ჰქონდა მოპასუხეთა წინაშე. პირველი მოპასუხის განმატებით, მან ამის გამო შეწყვიტა ხელშეკრულება ცალმხრივად და ამის შესახებ აცნობა მოსარჩელეს. მეორე და მესამე მოპასუხის განმარტებით, მათ ხელშეკრულება არ შეუწყვეტიათ, არამედ შეაჩერეს მოსარჩელისთვის ქვიშის მიწოდება, ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო.
5. მესამე მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ იგი უფლებამოსილი იყო, მიეწოდებინა გარეცხილი ქვიშა მესამე პირებისთვის, რადგან ეს უკანასკნელი არ ყოფილა მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების საგანი. ხოლო ხელშეკრულების საგანი - გაურეცხავი ქვიშა სხვა პირებისათვის არ მიუწოდებია.
6. მეოთხე მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელეს მასთან დადებული ნამდვილი წერილობითი ხელშეკრულება არ წარმოუდგენია. სარჩელზე თანდართული ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი კომპანიის დირექტორის – მიხეილ გ–ის მიერ, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით. მტკიცებულებად წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე ხელს აწერს გ. გ–ი, რომელსაც არ ჰქონდა კომპანიის წარმომადგენლობის უფლებამოსილება. მხარეებს შორის არსებობდა ქვიშის მიწოდების თაობაზე ზეპირი შეთანხმება, კერძოდ, მოპასუხის მიერ ქვიშის მიწოდების შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა დაეფარა მისი ღირებულება. მოპასუხის განმარტებით, თვეების განმავლობაში არაერთი თხოვნის მიუხედავად, მოსარჩელემ ეს ვალდებულება არ შეასრულა.
7. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხეთა მითითებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 1.5 წლის წმინდა მოგება (7 კომპანიის თანამშრომლობის პირობებში) დაახლოებით 700 400 ლარია და არა - მის მიერ მოთხოვნილი ოდენობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. საჩხერის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელის სასარგებლოდ მეორე მოპასუხეს დაეკისრა 125 321 ლარი (საიდანაც 60000 ლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 65321 ლარი – მიუღებელი შემოსავალი); პირველ მოპასუხეს დაეკისრა 194 393 ლარი (საიდანაც 90000 ლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 104393 ლარი – მიუღებელი შემოსავალი); მესამე მოპასუხეს დაეკისრა 61 772 ლარი (საიდანაც 30000 ლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 31772 ლარი – მიუღებელი შემოსავალი). დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და პირველმა, მეორე და მესამე მოპასუხემ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება პირველი და მესამე მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება მეორე მოპასუხისათვის დაკისრებული 125 321 ლარიდან, მიუღებელი შემოსავლის სახით, 65 321 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება, მოსარჩელის სასარგებლოდ მეორე მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს, 60 000 ლარის, დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად; საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე მოპასუხეთა სააპელაციო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით ირკვევა, რომ მოსარჩელესა და მეოთხე მოპასუხეს შორის ნედლეულის ექსკლუზიურად მიწოდების (ნასყიდობა) თაობაზე 16.06.2017 წლის თარიღით, წერილობითი ხელშეკრულების ყოველი გვერდის ბოლოს, მარცხენა მხარეს და ბოლო გვერდზე, მარჯვენა მხარეს, გრაფაში: „მხარეთა ხელმოწერები შესრულებულია არა საწარმოს დირექტორის, არამედ სხვა პირის მიერ“. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მეოთხე მოპასუხესთან ნასყიდობის თაობაზე წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებისა და ექსკლუზიური შეთანხმების დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლოა, ყოფილიყო მისთვის ზიანისა და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მეოთხე მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დასაბუთებული იყო.
12. საქმეზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 03.01.2019წ. საიჟინრო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ „საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ იტავაზაში და სოფელ ......... ტერიტორიაზე აპელანტთა კუთვნილ კარიერებამდე მისასვლელი სატრანსპორტო გზები ვერ აკმაყოფილებენ მოქმედი ნორმების-სპ 37.13330.2012 საწარმოო ტრანსპორტის snip 2.05.07-91-ის აქტუალიზირებული რედაქციის მოთხოვნებს. კარიერებთან მისასვლელი სატრანსპორტო გზები მოწყობილი იყო იმ ტერიტორიისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი საფრით - ქვიშით. ექსპერტიზის ჩატარების დროს ვიზუალურად გზების მოხრეშვა ან გზის მოწყობის სხვა სამუშაოები არ შეინიშნებოდა. ამასთან, აღნიშნული კატეგორიის გზის სავალი ნაწილის სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 9.0 მეტრი, ხოლო გზას უნდა ჰქონოდა გვერდული სიგანით არანაკლებ 2.0 მეტრი და გზას უნდა ჰქონდეს განივი დახრა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი გზები დაპროფილებული არ იყო, მათ გვერდული არ გააჩნიათ, რიგ ადგილებში გზის სიგანე იყო 3-4 მეტრი“. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, მოპასუხემ დაძლია მტკიცების ტვირთი, დაადასტურა, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა გადაზიდვისათვის კარიერამდე მისასვლელი სატრანსპორტო გზის მოწესრიგებისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება. პალატამ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, ხელშეკრულება არ შეიცავდა კონკრეტულ პირობებს, რა მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო გზები და რა წესით უნდა შეკეთებულიყო, ფაქტობრივად, ვითარების გათვალისწინებით, ქვიშა-ღორღით დატვირთული მძიმე ტექნიკის გადაადგილების მიზნით ჩვეულებრივი გამოყენებისათვის ვარგისად ვერ მიიჩნეოდა.
13. პალატამ დაასკვნა, რომ ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, ვლინდებოდა მოსარჩელის მიერ თავისი ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც მოპასუხეებს აძლევდა უფლებას, უარი ეთქვათ ექსკლუზიური მიწოდების (ნასყიდობა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე. შესაბამისად, მოსარჩელის მსჯელობა, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულება ექსკლუზიურად ქვიშის მიწოდებაზე, პალატამ არ გაიზიარა, რაც გამორიცხავდა ამ საფუძვლით მათთვის ზიანისა და პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობის არსებობას.
14. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მხარეთა შორის სადავო იყო ხელშეკრულებებში გამოხატული ნება გარიგების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ, რა უნდა ყოფილიყო ნასყიდობის საგანი, რომლის შეძენის ექსკლუზიური უფლებაც მოსარჩელეს ჰქონდა. 2017 წლის 16 ივნისის ხელშკრულებების 2.1. და 4.1.1.-4.1.3. მუხლების ანალიზის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ გარიგების საგანი იყო ე.წ. კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშა, კერძოდ, ლიცენზიების საფუძველზე მოპოვებული და მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 16 მილიმეტრიან საცერში, ბაზარზე არსებული სტანდარტებისა და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიხედვით გაცხრილული (ანუ გადამუშავებული) ნედლეული. შესაბამისად, მითითებული ზომისაგან (10-16 მმ) განსხვავებული ან წყლით გარეცხვის შემდეგ მიღებული (გამდიდრებული) პროდუქციის რეალიზაციის უფლება თავად მოპასუხეებს ჰქონდათ. მოსარჩელემ კი, ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მოპასუხე სწორედ ექსკლუზიური შეთანხმების საგნის (10-16 მმ ზომის) რეალიზაციას ახდენდა, რაც გამორიცხავდა ამ ვალდებულების დარღვევის გამო, ზიანის ანაზღაურებასა და პირგასამტეხლოს დაკისრებასაც.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, მეორე მოპასუხემ აღიარა ის ფაქტი, რომ 2017 წლის 16 ივნისს, მოსარჩელესთან გაფორმებულ ექსკლუზიურ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული №1002589 ლიცენზია გაყო და გამოყოფილი ნაწილი გაასხვისა პირველ მოპასუხეზე, რითაც დაარღვია ხელშეკრულების პირობა. რაკი ხელშეკრულების 7.3 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი დაარღვევდა ექსკლუზიურად მიწოდების პირობებს და მიაწოდებდა ნედლეულს სხვა მესამე პირს, მას დაეკისრებოდა ჯარიმის სახით პირგასამტეხლო 100 000 ლარი. პალატამ მიიჩნია, რომ მეორე მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 60000 ლარის დაკისრების თაობაზე საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება დასაბუთებული იყო, რაც გამორიცხავდა ამ ნაწილში მისი გაუქმებას.
16. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე მოსარჩელის მსჯელობა და აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ თავად მოსარჩელის მოქმედებამ გამოიწვია მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტა, მოპასუხის მხრიდან თავისი წილი ვალდებულების დარღვევის გათვალისწინებით, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრული იყო და არ არსებობდა ამ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი.
17. 2019 წლის 18 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე აპელანტთა მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც მოპასუხეებს უარი ეთქვათ დამატებითი მტკიცებულებების (მოსარჩელეზე რეალიზებისა და მისგან პროდუქციის შესყიდვის თაობაზე ზედნადებების რეესტრების, ასევე – შპს „ს–ის“ ქვიშის მოსარჩელისათვის მიყიდვისა და ქვიშის შესყიდვის ზედნადებების) მიღებაზე, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული განჩინებით ირკვეოდა, რომ სასამართლომ მოპასუხეს უარი უთხრა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარდგენილი იყო დაგვიანებით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარემ ვერ დაასაბუთა შუამდგომლობის მოსამზადებელ ეტაპზე წარუდგენლობის საპატიო მიზეზები, რაც ადასტურებდა გასაჩივრებული საოქმო განჩინების დასაბუთებულობას და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.
18. ექსპერტიზის დანიშვნაზე 2019 წლის 14 იანვრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნაზე პალატამ განმარტა, ვინაიდან სადავო იყო დოკუმენტზე ხელმომწერი პირის იდენტურობა, პალატის განსჯით, სადავო საკითხის გადასაწყვეტად ექსპერტიზის დანიშვნაზე სასამართლოს განჩინება დასაბუთებული იყო, გამომდინარეობდა სსკ-ის 162-ე მუხლის მოთხოვნებიდან, რაც გამორიცხავდა მისი გაუქმების შესახებ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
19. 2019 წლის 14 იანვრის იმ საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის 2016 წლის იანვრიდან 2019 წლის 14 იანვრამდე (განჩინების გამოტანის თარიღი) ნებისმიერი ტიპის ქვიშის მიწოდების დამადასტურებელი სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების წარმოდგენაზე, პალატამ განმარტა, ვინაიდან მხარეთა შორის ხელშეკრულებები გაფორმდა 2017 წლის 16 ივნისს, ამასთან, მოსარჩელე დავობს ამ ხელშეკრულებათა შეწყვეტით წარმოშობილი მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზე, ხელშეკრულებების გაფორმებამდე პერიოდში მოპასუხის სამეწარმეო-საფინანსო დოკუმენტაცია მოცემული დავის ფარგლებში ვერ შეფასდებოდა, რაც გამორიცხავდა 2016 წლის იანვრიდან - 2017 ივნისამდე პერიოდის დოკუმენტაციის გამოთხოვაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.
20. რაც შეეხება სხვა მესამე პირებზე მიწოდებული პროდუქციის აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების საგადასახადო ორგანოდან - სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობაზე უარს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს საოქმო განჩინებაც დასაბუთებული იყო, რადგან იმ პირთა დოკუმენტაციის გამოთხოვა, რომლებიც ამ დავის ფარგლებში მოპასუხეებს არ წარმოადგენენ, მიზანშეუწონელი იყო.
21. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არც 2019 წლის 14 იანვრის იმ საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე პრეტენზია, რომლითაც საქმეს დაერთო მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის, ხელშეკრულების დედანი დოკუმენტი. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, 2019 წლის 11 იანვარს დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები ვერ მიიჩნეოდა დაუშვებელ მტკიცებულებად, ვინაიდან ისინი სასამართლო დავალების საფუძველზე წარადგინეს. ამასთან, 2018 წლის 14 დეკემბრიდან - 2019 წლის 14 იანვრამდე სასამართლო სხდომა არ გამართულა. რაც შეეხებოდა ხელშეკრულების დედანს, რომელზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობასაც სადავოდ ხდიდა მოსარჩელე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი წარდგენა სრულად გამომდინარეობდა სსკ-ის 135-ე მუხლიდან, ასევე – შეესაბამებოდა ამავე კოდექსის 137-ე მუხლის მოთხოვნებს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
22. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
23. კასატორის მტკიცებით, არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მეოთხე მოპასუხესთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებისა და ექსკლუზიური შეთანხმების დარღვევის ფაქტი. მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა ხელშეკრულება, რომელიც მეოთხე მოპასუხემ თავად მიაწოდა მოსარჩელეს. ამასთან, ხელშეკრულება რომც არ იყოს ნამდვილი, ის დადასტურებული და მოწონებულია მოპასუხის მიერ. ეს უკანასკნელი დიდი ხნის განმავლობაში ასრულებდა ხელშეკრულებას, მიიღო მოგებაც და არ არსებობს საფუძველი, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან გათავისუფლდეს. შეწყვეტის შესახებ თავად მეოთხე მოპასუხის წერილები ადასტურებს ხელშეკრულების ნამდვილობას. გარდა ამისა, იგი ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მართავდა მოლაპარაკებებს, რაც გარიგების მოწონობისა და დადასტურების მაჩვენებელია. ხელშეკრულებაში მითითებული იყო მიხეილ გ–ი და, დიდი ალბათობით, მისი სახელით ხელი მოწერილი იყო მისი პარტნიორისა და ძმის, გ. გ–ის, მიერ. შესაბამისად, მოსარჩელეს არ ჰქონდა საფუძველი, ევარაუდა, რომ ბიზენსპარტნიორი მოატყუებდა და „არაუფლებამოსილი“ პირის მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებას მიაწვდიდა.
24. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელეს დააკისრა გზატკეცილის საქალაქთაშორისო პარამეტრით დაგების ვალდებულება, წიაღით მდიდარ სალიცენზიო ტერიტორიაზე, სადაც მცირე ოდენობითაც კი სხვა მასალის შეტანა და დაყრა ისჯება კანონით. ეს საკითხი პირველი ინსტანციის სასმართლომ გამოიკვლია და დაასკვნა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ფორმით გზის მშენებლობა შეუთავსებელი იყო ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობასთან. ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელეს გზა არ უნდა დაეგო. ხელშეკრულებაში მითითებულია კარიერებამდე მისასვლელი გზა, რომელიც მოსარჩელემ მოაწესრიგა და შემდგომ მუნიციპალიტეტმა დააგო, ხოლო გზების მეორე ნაწილი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული, „კარიერში“ არსებული გზებია და სალიცენზიო ტერიტორიაზე მდებარეობს, რაც თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, კერძოდ, დასკვნა შეეხება კარიერების შიდა გზებს, რომელიც, ექსპერტის მითითებით, მოწყობილია ტერიტორისათვის დამახასიათებელი ბუნებივი საფრით - ქვიშით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქმიანობას მოსარჩელე ასრულებდა უნაკლოდ, რასაც ისიც ადასტურებს, რომ არცერთ მოპასუხეს პრეტენზია არ წარუდგენია გზების საკითხზე, ეს საფუძველი ხელშეკრულების შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ შესაგებელში მიუთითეს. მათ ხელშეკრულება შეწყვიტეს იმის გამო, რომ მოსარჩელის პარტნიორები ითხოვდნენ შემოსავლების სამსახურის ბაზაზე წვდომას და არა გზების მოწყობის საფუძვლით. ამასთან, მოსარჩელეს ხელშეკრულება რომც დაერღვია, ეს ავტომატურად ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვველი ვერ იქნებოდა, მოპასუხეს ამისათვის უნდა მიემართა მოსარჩელისათვის და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად. მხარეს არასოდეს მიუთითებია, რომ ვერ სარგებლობდა გზით მოუწესრიგებლობის გამო და არ მოუთხოვია ნაკლის გამოსწორება.
25. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ექსკლუზივის საგანი იყო მხოლოდ 10-16 მმ საცერში გაცრილი ქვიშა და სხვაგვარი ქვიშის გაყიდვა მოპასუხეებს არ შეეძლოთ. პირველ რიგში, დოკუმენტურად დადასტურებულია, მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულების დარღვევის - მესამე პირებზე გაცხრილული ქვიშის მიწოდების ფაქტები. შესაბამისად, გაუცხრილავი ქვიშის გაყიდვა მოპასუხეთა დარღვევების მხოლოდ ერთი კომპონენტია. ამასთან, ხელშეკრულებიდან ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ექსკლუზივს არ ექვემდებარებოდა მხოლოდ უკვე გარეცხილი, გამდიდრებული ქვიშა. ხელშეკრულების ეს პუნქტი სხვაგვარად ვერ განიმარტება.
26. საყურადღებოა ისიც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ 1 წლით შეზღუდა მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლები, რითაც უგულებელყო ზიანის პრევენციული ფუნქცია. საწარმოები შეთანხმდენენ, რომ ხელშეკრულება 2040 წლამდე იქნებოდა ძალაში. ქვიშა არის ამ ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ლიკვიდური აქტივი. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ ქვიშის მიუწოდებლობით გამოწვეული შედეგი არ იყო განჭვრეტადი, აბსურდია.
27. სასამართლომ მართებულად მიუთითა მეორე მოპასუხის აღიარებაზე, თუმცა არ გაავრცელა იგივე მუხლი სხვა მოპასუხეთა აღიარებაზე. ხელშეკრულებათა დარღვევის ფაქტები აღიარა ყველა მოპასუხემ.
28. სასამართლოს მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს საკუთარი ინიციატივით შემცირება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. მოპასუხეს არ მიუთითებია გარემოებებზე, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
29. კასატორი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილშიც ასაჩივრებს, რომლითაც არ დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე სააპელაციო მოთხოვნა, კერძოდ, მეოთხე მოპასუხის დირექტორის ხელმოწერაზე ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე; დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე; მოპასუხეთა შუამდგომლობის საფუძველზე საპატიო მიზეზის მითითების გარეშე წარმოდგენილი მტკიცებულებების დართვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
30. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების გაცნობის შემდეგ ასკვნის, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ დასაბუთებული შედავება წარმოადგინა.
32. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მისი მოთხოვნა მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) სსკ-ის 477-ე (1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება), 629-ე (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებს, ხოლო მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლებს ეფუძნება.
33. მოსარჩელე მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას აფუძნებს მოპასუხეებთან დადებული ქვიშის ექსკლუზიურად მიწოდების ხელშეკრულებათა 7.3. პუნქტებს, რომლის თანახმადაც „იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი დაარღვევს ექსკლუზიურად მიწოდების პირობებს და მიაწოდებს ნედლეულს სხვა მესამე პირს, მას დაეკისრება ჯარიმის სახით პირგასამტეხლო 100 000 ლარის ოდენობით“. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხეებმა დაარღვიეს მისთვის ხელშეკრულების საგნის ექსკლუზიურად მიწოდების პირობა და შესაბამისი ლიცენზიით მოპოვებული ქვიშა მიაწოდეს სხვასაც. მოპასუხეთა შესაგებლის მიხედვით, მათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგანი სხვა მესამე პირთათვის არ მიუწოდებით, რადგან მესამე პირებისთვის მიწოდებული ქვიშა არ წარმოადგენდა მოპასუხეებთან დადებული ხელშეკრულებების საგანს. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გარიგების საგანი იყო კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშა, კერძოდ, ლიცენზიების საფუძველზე მოპოვებული და მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 16-მილიმეტრიან საცერში, ბაზარზე არსებული სტანდარტებისა და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიხედვით გაცხრილული (ანუ გადამუშავებული) ნედლეული. შესაბამისად, მიიჩნია, რომ მითითებული ზომისაგან (10-16 მმ) განსხვავებული ან წყლით გარეცხვის შემდეგ მიღებული (გამდიდრებული) პროდუქციის რეალიზაციის უფლება თავად მოპასუხეებს ჰქონდათ. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ დასკვნას და მიუთითებს ხელშეკრულებათა 4.1.2 პუნქტზე, რომელიც ცალსახად და არაორაზროვნად ადგენს მხარეთა მიერ შეთანხმებულ ექსკლუზივის საგანს. „გამყიდველი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ექსკლუზიურად, მხოლოდ მყიდველს მიყიდოს შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე მოპოვებული და გადამუშავებული პროდუქცია (კვარცმინდვრიშპარიანი ქვიშა), გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამყიდველი პროდუქციის რეალიზაციას მოახდენს ქვიშის გამდიდრების (წყლით გარეცხვის) შემდეგ“. შესაბამისად, ექსკლუზიურ მიწოდებას არ ექვემდებარებოდა მხოლოდ წყლით გარეცხვის შემდეგ გამდიდრებული ქვიშა, ხოლო გაუცხრილავი თუ გაცხრილული ქვიშა ექსკლუზივიდან გამონაკლისს არ წარმოადგენდა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გაურეცხავი ქვიშის მიწოდება მესამე პირისათვის მოსარჩელის გვერდის ავლით ხელშეკრულების დარღვევა იყო. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ ქვიშის 10-16 მმ საცერში გაცრას, აღნიშნული სტანდარტის დაცვა წარმოადგენდა მოპასუხის ვალდებულებას იმ შემთხვევაში, როდესაც იგი მოსარჩელეს გაცხრილულ ქვიშას მიაწვდიდა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს ის დასკვნაც, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხეთა მიერ ექსკლუზიური შეთანხმების საგნის რეალიზაციის ფაქტი, არასწორია.
34. მოპასუხეები რომ მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქვიშას მესამე პირებს აწვდიდნენ, დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით. შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ პირველმა მოპასუხემ 19.09.2018 წელს შეწყვიტა მოსარჩელისათვის ქვიშის მიწოდება და აწვდიდა მესამე პირს - „საჩხერის ქვიშას“ (რომელიც მოპასუხეებმა ერთობლივად დააფუძნეს მოსარჩელესისათვის ქვიშის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ). აღნიშნულს ადასტურებს საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირველი მოპასუხის მენეჯერიც. ზემოხსენებული მასალებით დასტურდება 2018 წლის სექტემბრამდე დარღვევებიც, ხოლო 2018 წლის სექტემბრის შემდგომ ქვიშის მესამე პირისათვის გასხვისების ფაქტს არც მოპასუხეები არ უარყოფენ. მათი მტკიცებით, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო მოშალეს ხელშეკრულება და დაიწყეს ქვიშის მესამე პირისათვის მიწოდება (იხ. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი, სადაც ყველა მათგანი ხელშეკრულების მოშლაზე მიუთითებს).
35. შემკვეთის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულებაზე მენარდის უარს ნარდობის ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები არ ითვალისწინებს (გარდა 647.2 მუხლისა, რომელიც განსხვავებულ შემთხვევას აწესრიგებს), რის გამოც მენარდის ხელშეკრულებიდან გასვლისას თუ მოშლისას გამოიყენება ვალდებულებითი სამართლის შესაბამისი ზოგადი ნორმები. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა შესაგებელი სსკ-ის 399.2 (თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაცაა, ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ. შესაბამისად, გამოიყენება 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მუხლს ეფუძნება. ამავე კოდექსის 405-ე მუხლი კი, ადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის წესსა და სავალდებულო წინაპირობებს.
36. მოპასუხეთა მტკიცებით, მოსარჩელემ არ შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, არ მოაწესრიგა კარიერამდე მისასვლელი გზა. მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, პალატის მითითებით, კუთვნილ კარიერებამდე მისასვლელი სატრანსპორტო გზები ვერ აკმაყოფილებს მოქმედი ნორმების-სპ 37.13330.2012 საწარმოო ტრანსპორტის snip 2.05.07-91-ის აქტუალიზებული რედაქციის მოთხოვნებს. კარიერებთან მისასვლელი სატრანსპორტო გზები მოწყობილი იყო იმ ტერიტორიისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი საფრით - ქვიშით. ექსპერტიზის დროს გზების მოხრეშვა ან გზის მოწყობის სხვა სამუშაოები არ შეინიშნებოდა. ამასთან, აღნიშნული კატეგორიის გზის სავალი ნაწილის სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 9 მეტრი, ხოლო გზას უნდა ჰქონოდა გვერდული სიგანით არანაკლებ 2 მეტრი და განივი დახრა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი გზები „დაპროფილებული“ არ იყო, მათ გვერდული არ გააჩნიათ, არაერთ ადგილში გზის სიგანე იყო 3-4 მეტრი.
37. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებებით (4.3.1.პუნქტი) ნაკისრ ვალდებულებაზე - „მყიდველი ვალდებულია, მოაწესრიგოს კარიერამდე და კარიერში ნედლეულის უფრო სწრაფად და ეფექტურად გადაზიდვისათვის მისასვლელი სატრანსპორტო გზა და უზრუნველყოს მისი მოვლა პატრონობა“. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ამ ვალდებულების ინტერპრეტირება იმდაგვარად, რომ მის მიერ მოწყობილი გზა უნდა აკმაყოფილებდეს საწარმოო ტრანსპორტის ,,snip 2.05.07-91-ის“ მოთხოვნებს, არასწორია. უფრო მეტიც, პალატა იზიარებს მოსაჩელის მტკიცებას, რომ ზემოაღნიშნული სტანდარტით კარიერებამდე მისასვლელი გზის მოწყობა შეუსაბამოა ლიცენზიით გათვალისწინებულ სამუშაოებთან. მოსარჩელის მიერ სატრანსპორტო გზის მოწესრიგების თაობაზე ვალდებულების კისრების მიზანი თავად სახელშეკრულებო პირობაშივეა მითითებული - კარიერში ნედლეულის უფრო სწრაფად და ეფექტურად გადაზიდვა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ კარიერებამდე მისასვლელ გზაზე მოპასუხეთა სატვირთო მანქანები შეფერხებით მოძრაობდნენ და გზა შესაბამისი გამოყენებისათვის ვარგისი არ იყო. მეორე მხრივ კი, მოსარჩელის მიერ გზების პერიოდულად მოწესრიგება დადგენილია მოწმეთა ჩვენებით, შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ზედნადებებითა და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით (მოსარჩელე ქირაობდა მძიმე ტექნიკას გზების გასასწორებლად).
38. მოპასუხეებს რომ ხელშეკრულებები მოსარჩელის მიერ ზემოხსენებული ვალდებულების დარღვევის საფუძვლით არ შეუწყვეტიათთ, ამყარებს მათ მიერ მოსარჩელის წინაშე გზების მოუწესრიგებლობის თაობაზე პრეტენზიის არქონა. მით უფრო, რომ, როგორც აღინიშნა, ხელშეკრულების მოშლა დასაშვები იყო მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ (პუნქტი 35-ე). მოპასუხეებს არც ხელშეკრულების შეწყვეტის ვადები არ დაუცავთ და არც წინასწარ არ გაუფრთხილებიათ მოსარჩელე. ამასთან, მათ დამატებითი ვადის დაწესებისა თუ გაფრთხილების სსკ-ის 405.2 მუხლით გათვალისწინებულ გამომრიცხველ გარემოებებზე არ მიუთითებიათ. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არ ვლინდებოდა ხელშეკრულებათა მოშლის წინაპირობები, რის გამოც მოპასუხეთა მიერ მოსარჩელისათვის ხელშეკრულების საგნის მიწოდების შეწყვეტა და მესამე პირისათვის მიწოდება არამართლზომიერი იყო. აქედან გამომდინარე, სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია.
39. ამასთან, საკასაციო სასამართლო მეოთხე მოპასუხესთან მიმართებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოპასუხესთან ქვიშის მიწოდების ექსკლუზიურობის თაობაზე შეთანხმება, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მეოთხე მოპასუხესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ იყო შესრულებული ამ უკანასკნელის დირექტორის მიერ. რაკი წერილობით ხელშეკრულებას ხელს არ აწერდა უფლებამოსილი პირი, იგი ნამდვილად ვერ მიიჩნეოდა და უფლება-მოვლეობებს არ წარმოშობდა, ხოლო სხვა მტკიცებულება, რომელიც ექსკლუზიურობის თაობაზე მხარეთა შეთანხმებას დაადასტურებდა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. ამდენად, მეოთხე მოპასუხის მიმართ მოსარჩელემ მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობები ვერ დაადასტურა, რის გამოც არ არსებობდა მეოთხე მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფლების წინაპირობები.
40. პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შესურულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ.: სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26, 2019 წელი). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გ. ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010 წ. გვ. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ.: ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93; შდრ: სუსგ №ას-157-2023, 7.03.2023წ.; №ას-213-2023, 11.04.2023წ.)
41. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გ. ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გ. სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (იხ.: სუსგ №ას-1597-2019, 13.12.2019წ.).
42. მოპასუხეთა მიერ ვალდებულების დარღვევის არსებობა უდავოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.
43. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის არგუმენტს და მიუთითებს, რომ მოპასუხეები შეთანხმებულ პირგასამტეხლოს ოდენობას შესაგებლით არ შესდავებიან, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე არ უნდა ემსჯელა.
44. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე უფლება აქვს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის აშკარად შეუსაბამო პირგასამტეხლო საქმის გარემოებათა გათვალისწინებით დაიყვანოს თანაზომიერების ფარგლებამდე. პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ეს უფლებამოსილება არის ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ჩაერიოს მხარეთა ხელშეკრულების თავისუფლებაში და, მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პირგასამტეხლო შეამციროს. პირველ რიგში, ასეთი წინაპირობაა თავად მხარის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზეა მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე მსჯელობისას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ფასდება ვალდებულების დარღვევის ხარისხი, მათ შორის, მხარეთა სახელშეკრულებო ინტერესის განმარტების კონტექსტით. კვალიფიციური შედავების გარეშე კი, შეუძლებელია, დადგინდეს, რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსის, ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა, რაც ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მაქსიმალურობას უწყობს ხელს (იხ.: ნათია ჩიტაშვილი „პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია“, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 2/2020).
45. ამდენად, მართალია, სსკ-ის 420-ე მუხლი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაცული იყოს შინაარსობრივი ბალანსიც, ანუ სამართლიანი ბალანსი მხარეთა შორის, თუმცა სასამართლომ მხარეთა თანასწორობა მისთვის კანონით დაწესებული ჩარჩოს ფარგლებში უნდა დაიცვას. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. იხ.: სუსგ №ას-1033-2018, 30.10.2018წ. პ.23; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ., პ.17). სარჩელის აღძვრა და ამ სარჩელისაგან თავდაცვა მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული წესითა და საშუალებების გამოყენებით. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ საშუალებას, როგორიცაა - შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. სწორედ მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი დისპოზიციურობის პრინციპის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) ერთგვარი გამოხატულებაცაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც, გარკვეულწილად, დავაში ჩართვასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე. ამასთან, სწორედ შესაგებლის შინაარსიდან განისაზღვრება, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად, ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელიც ვერ გამოიყენება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი, შესაგებელი, მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში, მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება (შდრ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, თბილისი 2020, იხ. 201-ე და 2321 -ე მუხლების კომენტარები). როგორც საკასაციო პალატამ ერთ-ერთ გაჩინებაში განმარტა, შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი, გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით), დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია, მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; განსხვავებით მტკიცების ტვირთისაგან, რომელსაც მოსამართლე აქტიურად ხელმძღვანელობს და კარნახობს მხარეებს, თუ ვინ უნდა ამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი, იგი პასიურია ფაქტების მითითებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ვერ დაეხმარება მხარეს სარჩელის/შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთების შედგენაში. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება შესაბამისი (რელევანტური) ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს (იხ.: სუსგ №ას-354-2021, 25.06.2021წ. პ.101, 102).
46. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში (იხ.: სუსგ №ას-576-2022, 7.07.2022წ.). ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენომადე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ.: სუსგ №ას-888-2020, 10.12.2020წ.). თუკი მოპასუხე არ ედავება პირგასამტეხლოს ოდენობას, იგულისხმება, რომ მოპასუხე „თანახმაა“, დაეკისროს პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით, თუნდაც მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრება, აღარ ამართლებს სასამართლოს მიერ ხელშეკრულების თავისუფლების არსში „შეჭრას“ და ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფულადი თანხის შესახებ პირობის შინაარსობრივი თვალსაზრისით კონტროლს. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმადაც, სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის განსაზღვრა მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების საფუძველზეა შესაძლებელი (იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.; №ას-1098-2021, 26.07.2022წ.).
47. ამდენად, პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას იწყებს მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში. იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას არ მოითხოვს ან მოითხოვს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მოთხოვნის წარდგენა დაუშვებელია, სასამართლო თავისი ინიციატივით, შესაბამისი პროცესუალურად ნამდვილი შეცილების უფლების გარეშე, პირგასამტეხლოს ვერ შეამცირებს, თუნდაც იგი შეუსაბამოდ მაღალი იყოს. უფრო მეტიც, მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის თაობაზე წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნისას მოპასუხის მიერ შესაგებლით მისი ოდენობის შეუდავებლობისას, შესაბამისი წინაპირობების დამტკიცებისას, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სრულად დაკისრებას იწვევს, თუნდაც ის იყოს შეუსაბამოდ მაღალი, ვინაიდან შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ მიჩნევას, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეცილება და მტკიცება სჭირდება (იხ. ქ. მესხიშვილი, ,,პირგასამტეხლო, თეორიული ასპექტები“, „სასამართლო პრაქტიკა“, ჟურნალი „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა“, III გამოცემა, 2014, გვ. 23).
48. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ.: სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-310-2022, 16.12.2022წ.). „როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა“ (იხ.: სუსგ №ას-189-2022, 16.09.2022წ.; №ას-453-2023, 24.07.2023წ.; №ას-1210-2023, 18.01.2024წ.)
49. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რაკი გამოვლინდა მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს დაკისრების სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, ხოლო ისინი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს ოდენობას არ შესდავებიან, პირველ, მეორე და მესამე მოპასუხეს უნდა დაეკისროთ სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი პირგასამტეხლო.
50. მოსარჩელის მეორე მოთხოვნა ხელშეკრულების უკანონოდ მოშლის გამო მისთვის მიყენებული ზიანის - მიუღებელი შემოსავლის მოპასუხეთათვის დაკისრებას უკავშირდება. რაკი დადგინდა, მოსარჩელეს ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება არ დაურღვევია, რის გამოც არ ვლინდებოდა ხელშეკრულების მოშლის წინაპირობები, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია (გრძელვადიანი ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამორიცხავს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების უფლებას - იხ. გ. ვაშაკიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 399).
51. რაც შეეხება დროის რა მონაკვეთისთვის უნდა ანაზღაურდეს მიუღებელი შემოსავალი, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეთათვის იმ მოგების დაკისრებას, რასაც იგი მიიღებდა ხელშეკრულებათა მოქმედების ვადაში - 2040 წლამდე. ამ მოთხოვნას იგი აფუძნებს აუდიტის დასკვნას, რომლითაც დაანგარიშებულია მოპასუხეებთან გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად მოსარჩელის მიერ 12 თვის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავლის დაანგარიშებისას, მართალია, მნიშვნელოვანია ქონებრივი მდგომარეობის განვითარების დინამიკა, სადაც მოქმედებს პრეზუმფცია, რომ დაზარალებული, მართლაც მიიღებდა იმ შემოსავალს, რომელზეც ის აპელირებს რეტროსპექტიული პერსპექტივიდან, თუმცა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ ხელშეკრულებათა მოშლისას, რომელიც მხოლოდ ერთი წელი იყო ძალაში, შემდგომი 22 წლის მისაღები მოგების მოსარჩელისათვის ანაზღაურება ზედმეტი კომპენსაცია იქნებოდა. მეორე მხრივ, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საწარმოს საქმიანობა სრულად იყო დამოკიდებული მოპასუხეებთან დადებულ ხელშეკრულებებზე, რადგან თავად მოსარჩელეს არ აქვს ქვიშის მოპოვების ლიცენზია და ხელშეკრულების საგნის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ის ვერ მოახერხებს ჩამნაცვლებელი საგნის მოპოვებას. ამ მიმართებით გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამ საქმიანობისთვის სპეციფიკური ღონისძიებები, მაშინ, როდესაც საწარმო ფაქტობრივად ვეღარ გააგრძელებს ფუნქციონირებას. ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავალი, პირგასამტეხლოს ოდენობის გათვალისწინებით, უნდა გამოითვალოს მოსარჩელის სამი წლის განმავლობაში მისაღები შემოსავალით - შეწონილი წმინდა მოგებით. შესაბამისად, პირველ მოპასუხეს უნდა დაეკისროს - 313 179 ლარი, მეორე მოპასუხეს - 195 963 ლარი და მესამე მოპასუხეს - 95 316 ლარი.
52. კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილშიც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე მისი სააპელაციო პრეტენზია. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულზე კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. პალატა იზიარებს ამ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და მიაჩნია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი არ არსებობს (იხ. 17-21 პუნქტები).
53. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირველ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 313 179 ლარისა და პირგასამტეხლოს - 100 000 ლარის გადახდა, მეორე მოპასუხეს - 195 963 ლარისა და 100 000 ლარის გადახდა, ხოლო მესამე მოპასუხეს – 95 316 ლარისა და პირგასამტეხლოს, 100 000 ლარის, გადახდა. სარჩელი მეოთხე მოპასუხის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
54. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელეს თითოეული მოპასუხის მიმართ სარჩელზე გადახდილი აქვს 5000-5000 ლარი, სააპელაციო საჩივარზე 7 000 ლარი, ხოლო საკასაციო საჩივარზე – 8 000 ლარი. სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრებათ ამ უკანასკნელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „კ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „კ.ს–ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს „ჯ.კ–ს“ დაეკისროს 313 179 ლარისა და პირგასამტეხლოს - 100 000 ლარის გადახდა შპს „კ.ს–ოს“ სასარგებლოდ;
5. „ G-S“-ს დაეკისროს 195 963 ლარისა და 100 000 ლარის გადახდა შპს „კ.ს–ოს“ სასარგებლოდ;
6. შპს „მ....-ს“ დაეკისროს 95 316 ლარისა და პირგასამტეხლოს - 100 000 ლარის გადახდა შპს „კ.ს–ოს“ სასარგებლოდ;
7. შპს „კ.ს–ოს“ სარჩელი შპს „ი.მ–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
8. შპს „ჯ.კ–ს“ შპს „კ.ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს 5 000 ლარის გადახდა;
9. შპს „მ....-ს“ შპს „კ.ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს 5 000 ლარის გადახდა;
10. შპს „ G-S“-ს შპს „კ.ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს 5 000 ლარის გადახდა;
11. შპს „ჯ.კ–ს“, შპს „მ....-ს,“ შპს „ G-S“-ს შპს „კ.ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 15 000 ლარის გადახდა;
12. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე