Facebook Twitter

საქმე №ას-391-2021 29 თებერვალი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ჯ.ლ. და ტ–ბი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.კ.უ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინება გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ს.კ.უ–მა“ (შემდგომ - მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია, მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ.ლ. და ტ–ბის“ (შემდგომ - დამზღვევი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ 108 962.88 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ გასცა გენერალური სადაზღვევო პოლისი, სადაც მზღვეველი მოსარჩელეა, დამზღვევი - მოპასუხე, ხოლო მოსარგებლე - შპს „მ.ს–ო“ (შემდგომ - მოსარგებლე, მესამე პირი). დამზღვევმა, 2017 წლის 13 დეკემბერს კონტრაჰენტისგან მიიღო 8 ცალი 40-ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის თაობაზე დაკვეთა, მარშრუტი ფოთი - ჟეტისუ (ყაზახეთი). ეს კონტეინერები დაიზღვა გენერალურ სადაზღვევო პოლისის ფარგლებში. სადაზღვევო პოლისის მონაცემების მიხედვით, დაზღვევის საგანს შეადგენს, როგორც კონტეინერის ძარის დაზღვევა, ასევე - პასუხისმგებლობის დაზღვევა კონტეინერის დაგვიანებაზე. ხელშეკრულების თანახმად, თუკი კონტეინერის მოცდენის პერიოდი 60 დღეზე მეტი იქნებოდა, დამზღვევს შეეძლო, მოსარგებლისთვის კონტეინერების მთლიანი ღირებულება აენაზღაურებინა. გენერალური პოლისის თანახმად კი, მზღვევლის მიერ მოსარგებლისთვის ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, მზღვეველი სუბროგაციის წესით მოითხოვს დამზღვევისაგან ამ თანხის ანაზღაურებას.

3. სადავო კონტეინერები უნდა დაბრუნებულიყო 2018 წლის 15 იანვრამდე, რაც არ განხორციელებულა. კონტეინერების მოცდენის გამო დამზღვევს კონტეინერის მესაკუთრის მიმართ უკვე 2018 წლის 8 მაისისთვის წარმოშობილი ჰქონდა დავალიანება 57 540 აშშ დოლარი. 2018 წლის 21 სექტემბერს მზღვეველს, დამზღვევსა და მოსარგებლეს შორის გაფორმდა სადაზღვევო შემთხვევის აქტი №676880, რომლის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მზღვეველი მოსარგებლეს აუნაზღაურებდა ზარალს სადაზღვევო თანხის ფარგლებში - 41 600 აშშ დოლარს, ხოლო ზიანზე პასუხისმგებელს/რეგრესორს წარმოადგენდა მოპასუხე. რეგრესის წესით მისაღები თანხა შესაბამისად 41 600 აშშ დოლარით (108 962,38 ლარი) განისაზღვრა. მოსარჩელემ მოსარგებელს აუნაზღაურა კონტეინერების საბაზრო ღირებულება 108 962.88 ლარი, რომლის ანაზღაურებაც სუბროგაციის წესით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს.

მოპასუხის შესაგებელი

4. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, დაზღვევის ხელშეკრულებითა და გენერალური სადაზღვევო პოლისით სახელშეკრულებო მომსახურების ვადა განისაზღვრა 12 თვით, 2018 წლის 26 იანვრის ჩათვლით, შესაბამისად, ამ თარიღის შემდგომ დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებით ვერც დამზღვევი და ვერც ბენეფიციარი ვერ ისარგებლებდა. ამდენად, ამ თარიღის შემდგომი ანგარიშგება ვერ ჩაითვლება ხელშეკრულების საფუძველზე და მის ფარგლებში შესრულებად. ამასთან, სადაზღვევო თანხის გაცემის ვალდებულება წარმოიშვა არა კონტეინერების მოცდენის, არამედ კონტეინერების დაკარგვის გამო, რადგან ისინი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა.

5. სადაზღვევო შემთხვევის აქტი მხარეებს შორის 2018 წლის 21 სექტემბერს გაფორმდა, ხოლო მოსარჩელის მიერ მოსარგებლისთვის 108 962.88 ლარის ანაზღაურების შესახებ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს. გარდა ამისა, მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო თანხის რეგრესის წესით დამზღვევისათვის დაკისრების შესახებ პირობა ეწინააღმდეგება თავად დაზღვევის არსს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 108 962.88 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კონტეინერები უნდა დაბრუნებულიყო 2018 წლის 15 იანვრამდე, რაც არ განხორციელებულა. იმ პერიოდისათვის, როდესაც დამზღვევმა მზღვეველს 2018 წლის 8 მაისის წერილით ამცნო კონტეინერების დაბრუნების შეუძლებლობის შესახებ, კონტეინერების მოცდენის ვადა უკვე აჭარბებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ზღვრულ ვადას - 60 დღეს. ამ მოცემულობის საფუძველზე სადაზღვევო პოლისის მე-2 სექციის შესაბამისად დამზღვევს წარმოეშვა კონტეინერების სრული ღირებულების გადახდის ვალდებულება. აპელანტის 2018 წლის 18 მაისის წერილის (რომლითაც იგი დამზღვევს სთხოვდა მოსარგებლისათვის ზიანის ანაზღაურებას), სადაზღვევო პოლისისა და 2018 წლის 21 სექტემბრის სადაზღვევო შემთხვევის აქტის საფუძველზე სადაზღვევო კომპანიამ შეასრულა ვალდებულება მოსარგებლის მიმართ და კონტეინერების მესაკუთრეს გადაუხადა კონტეინერების სრული ღირებულება 108 962.38 ლარი.

10. მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობაზე, თუ დამზღვევი დაარღვევს მოსარგებლის მიმართ ნაკისრ ვალდებულებას და არ გადაუხდის მას კონტეინერის ღირებულებას პირგასამტეხლოს დაფიქსირებიდან 60 დღის განმავლობაში, მზღვეველი იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს მოსარგებლეს აღნიშნული თანხა, რის შემდეგაც მოსარგებლის ყველა უფლება თანხის მოთხოვნასთან (ზიანის ანაზღაურებასთან) დაკავშირებით დამზღვევის მიმართ გადაეცემა მზღვეველს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დამზღვევის მხრიდან ხელშეკრულების სადავო პირობა დადასტურებულია არა ერთხელ, ხოლო სადაზღვევო შემთხვევის აქტში აღიარებული აქვს, რომ ზიანზე პასუხისმგებელ პირს მზღვევლის წინაშე წარმოადგენს თვითონ, პალატამ მიიჩნია, რომ გამოხატული ნების ნამდვილობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება. ამ შეთანხმების შედეგად კი, პალატის მოსაზრებით, მზღვეველი და დამზღვევი შეთანხმდნენ მესამე პირის (მოსარგებლის) მოთხოვნის მზღვევლისათვის გადაცემის შესახებ, რაც არ ეწინააღმდეგება დაზღვევის არსს და შეესაბამება კანონის მოთხოვნას.

11. სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდთან მიმართებით, პალატამ მიიჩნია, რომ დაზღვეულისთვის კონტეინერების გადაცემის ვადის დარღვევის შედეგად წარმოშობილი ვალდებულება ექცეოდა დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა გენერალური სადაზღვევო პოლისის პირობაზე, რომლის მიხედვითაც კონტეინერი დაზღვეულად ჩაითვალა დაზღვეულის მიერ მისი დამზღვევისთვის გადაცემის მომენტიდან, ხოლო კონტეინერის დაზღვევა სრულდებოდა მას შემდეგ, რაც იგი რეისის შემდეგ დაზღვეულს დაუბრუნდებოდა მფლობელობაში. კონკრეტულ შემთხვევაში უდავო იყო, რომ მოპასუხემ 40-ფუტიანი 8 კონტეინერის გადაზიდვის თაობაზე დაკვეთა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურების ვადაში, 2017 წლის 13 დეკემბერს მიიღო. აგრეთვე, სადავო არაა, რომ კონტეინერები მოპასუხეს გადაეცა 2017 წლის 18 დეკემბერს და უკან უნდა დაბრუნებულიყო 2018 წლის 15 იანვრამდე. კონკრეტულად ამ კონტეინერების დაზღვევის დრო განისაზღვრა 18.12.2017 წლიდან 27.01.2018 წლით; არც ამ პერიოდში და არც შემდგომში კონტეინერები ყაზახეთიდან არ დაბრუნებულა, რის გამოც თავდაპირველად წარმოიშვა მოსარგებლისთვის ყოველი დაგვიანებული დღისათვის კონტეინერების დაგვიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო 60 დღის დაგვიანების შემდგომ - კონტეინერის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. პალატის მოსაზრებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადის ბოლო რიცხვებში პოლისის გაცემა კონტეინერების დაგვიანებით გამოწვეულ ზიანზე შეთანხმებით აზრს დაჰკარგავდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

13. არასწორია შესყიდვის ხელშეკრულებით მხარეთა შორის ზიანის ანაზღაურების რეგრესული უფლების შეთანხმების შესახებ სასამართლოს დასკვნა, ასეთი შინაარის დებულებას არ შეიცავს დაზღვევის ხელშეკრულების არცერთი პუნქტი, ხოლო, რაც შეეხება გენერალური სადაზღვევო პოლისის იმ ნაწილს, სადაც საუბარია მზღვევლის მიერ მოსარგებლისათვის ზიანის ანაზღაურების შემდგომ დამზღვევისაგან რეგრესის წესით კომპენსაციის მიღებაზე, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებას. ეს პირობა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით არ გათვალისწინებულა და მოგვიანებით გაჩნდა პოლისში, რაც სადაზღვევეო კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მიზანშეუწონელი იყო სუბროგაციის გამოყენება. გარდა ამისა, მზღვევლის მიერ მოსარგებლისათვის გადახდილი თანხის დამზღვევისათვის მოთხოვნა ეწინააღმდეგება თავად დაზღვევის არსს. გამოდის, რომ დამზღვევისათვის ხელშეკრულება ნებისმიერ შემთხვევაში ზიანის მომტანი იქნება, ხოლო მზღვეველს არანაირი რისკის გაწევა არ უწევს და ყოველთვის უპირატესობა აქვს.

14. საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად გარემოება იმის შესახებ, თითქოს, მზღვევლის მიერ მოსარგებლისათვის თანხის ანაზღაურების საფუძველი გახდა არასადაზღვევო შემთხვევა, რაც გათვალისწინებულია გენერალური სადაზღვევო პოლისის მე-2 სექციით, აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ მეტყველებს თავად გენერალური პოლისის მე-2 სექცია, სადაც საუბარია კონტეინერების „დაგვიანებით დაბრუნებაზე“, კონკრეტულ შემთხვევაში კი, კონტეინერები საერთოდ არ დაბრუნებულა, შესაბამისად, არც მე-2 სექციით განსაზღვრული წინაპირობა არ დამდგარა. მართალია, 2019 წლის 1 მარტს მხარეთა შორის გაფორმებულ შეთანხმებაში ჯერ კიდევ კონტეინერების მოცდენაზე ვსაუბრობდით, რადგან დამზღვევი იმედოვნებდა, რომ კონტეინერები დაბრუნდებოდა, რის გამოც მხარე იძულებული იყო, გაეფორმებინა ამგვარი შეთანხმება, თუმცა შემდგომ კონტეინერების დაბრუნების მოლოდინი აბსურდული აღმოჩნდა, ისინი დღემდე არ დაბრუნებულა. შესაბამისად, შემთხვევა არასწორად დაკვალიფიცირდა არასადაზღვევოდ. რეალურად, სადაზღვევო შემთხვევაა, რომელიც სხვაგვარად საჭიროებდა დადასტურებას და რომლის ანაზღაურების საკითხი განსხვავებულად არის მოწესრიგებული. ამდენად, ვლინდება სადაზღვევო შემთხვევა, რომლის ანაზღაურების ვალდებულება სადაზღვევო კომპანიას რეგრესის უფლების გარეშე აქვს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

18. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

20. პალატის მსჯელობის საგანია სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მზღვევლის მიერ მესამე პირისათვის ანაზღაურებული ზიანის რეგრესის წესით დამზღვევისათვის დაკისრება.

21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 839-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო. პალატა მიუთითებს, რომ ზიანის დაზღვევის ხელშეკრულების ობიექტი შეიძლება იყოს არა მარტო დამზღვევის ქონება, არამედ დამზღვევის სამოქალაქო პასუხისმგებლობაც. დაზღვევის მოცემული სახის მიზანია, ერთი მხრივ, გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირისათვის (დაზარალებულისათვის) ზიანის მიყენების გამო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს თვით მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც დაზარალებულის ქონების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის საიმედო გარანტიას წარმოადგენს (იხ. მ. ცისკაძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი II, თბილისი, 2001, გვ. 161,162).

22. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 26.01.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული 26.01.2017წ. გენერალური პოლისით დაიზღვა მოპასუხის პასუხისმგებლობა სადავო კონტეინერის დაგვიანებისათვის. ხელშეკრულების თანახმად, დაზღვევის ერთ-ერთი რისკად განისაზღვრა დამზღვევის პასუხისმგებლობა მის მიერ მოსარგებლისათვის კონტეინერების დაბრუნების ვადებისა და მოცდენის ვადების ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების დანართისა და პოლისის თანახმად, დადგინდა დამზღვევის მიერ კონტეინერის ღირებულების გადახდის ვალდებულება, თუ კონტეინერის მოცდენის პერიოდი აღემატებოდა 60 დღეს. დადგენილია, რომ კონტეინერები მათი დაბრუნებისათვის განსაზღვრულ თარიღამდე - 2018 წლის 15 იანვრამდე არ დაბრუნებულა, ამასთან, კონტეინერების მოცდენის ვადამ გადააჭარბა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ზღვრულ ვადას, რის გამოც დამზღვევს წარმოეშვა კონტეინერების სრული ღირებულების გადახდის ვალდებულება.

23. ხელშეკრულების დანართითა და პოლისით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევი დაარღვევს ნაკისრ ვალდებულებას და არ გადაუხდის მოსარგებლეს კონტეინერის დაგვიანებით გამოწვეულ ზარალს 60 დღის განმავლობაში, მზღვეველი იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს მოსარგებლეს აღნიშნული თანხა, რის შემდეგაც მოსარგებლის ყველა უფლება თანხის მოთხოვნასთან (ზიანის ანაზღაურებასთან) დაკავშირებით დამზღვევის მიმართ გადაეცემა მზღვეველს. პალატა მიიჩნევს, რომ ამ პირობის შეთანხმებით დადგინდა მზღვევლის მიერ დამზღვევისაგან რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურების უფლება.

24. საკასაციო პალატის განმარტებით როგორც სუბროგაციის, ისე რეგრესის შემთხვევაში მზღვევლის აღჭურვა ე.წ. დამატებითი უფლებით, მზღვევლის მიერ დაზარალებული პირის სასარგებლოდ განხორციელებული ანაზღაურების შედეგია. ამ ორ ინსტიტუტს შორის განსხვავება მდგომარეობს ზიანის ანაზღაურების ადრესატებსა და ზიანის ანაზღაურების საფუძვლებში, კერძოდ, სუბროგაციის შემთხვევაში ზიანი ანაზღაურდება დამზღვევის, ხოლო რეგრესის შემთხვევაში - მესამე პირის სასარგებლოდ. ამასთან, როგორც საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურების წინაპირობა დამზღვევის ბრალეულობაა, კერძოდ, „მზღვეველს რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურების უფლების გამოყენება შეუძლია იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ზიანიდან გამომდინარე. მზღვეველს დამზღვევის მიმართ რეგრესის უფლება შეუძლია გამოიყენოს იმ შემთხვევაში, როდესაც დამზღვევი დაარღვევს სახელშეკრულებო ვალდებულებებს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგრესი არ გვექნება (შდრ: Graber Christoph, Kölliker Isabel, Insurers’ Right of Recovery (Subrogation/Recourse), IBA Insurange Committee Substantive Project, report 2016, p.158, Https: www.prager-dreifuss.com)“. (იხ. სუსგ №ას-812-2022, 5 ოქტომბერი, 2022 წელი).

25. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული რეგრესის თაობაზე პირობა ეწინააღმდეგება დაზღვევის ძირითად არსს, კერძოდ, პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის მიზანს ეწინააღმდეგება რეგრესის თაობაზე შეთანხმების ის შინაარსი, რომელიც მზღვევლის მიერ დამზღვევის მიმართ, დამზღვევის ბრალეულობის მიუხედავად, რეგრესის წესით ანაზღაურების მოთხოვნას, ანუ დამზღვევის არაბრალეულ პასუხისმგებლობას აწესებს. შესაბამისად, რეგრესის წესით თანხის მოპასუხისათვის დაკისრებისათვის გადამწყვეტია მისი ბრალეულობა. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს დამზღვევის ბრალეული პასუხისმგებლობის თაობაზე მსჯელობას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დამზღვევისათვის სადავო თანხის დაკისრების საფუძველი, მათ შორის გახდა მზღვეველს, დამზღვევსა და მოსარგებლეს შორის 2018 წლის 21 სექტემბრის შეთანხმება. 2018 წლის 21 სექტემბრის შეთანხმების მიხედვით, „ზიანზე პასუხისმგებელ პირად/რეგრესორად“ მოპასუხე განისაზღვრა, ხოლო „რეგრესის წესით მისაღებ თანხად - 41 600 აშშ დოლარი/108 962.38 ლარი“ მიეთითა, რითაც დამზღვევმა ფაქტობრივად მოსარგებლისათვის მიყენებულ ზიანში საკუთარი ბრალეულობა აღიარა და იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის მოსარგებლისათვის გადახდილი თანხა რეგრესის წესით აენაზღაურებინა. ამდენად, მოპასუხემ უკვე დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის პირობებში, ზიანის ანაზღაურების ეტაპზე დაადასტურა საკუთარი ვალდებულება რეგრესის თაობაზე.

26. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა კასატორის ის პრეტენზიაც, რომლის თანახმადაც, რეალურად იკვეთებოდა არა კონტეინერების მოცდენა, არამედ რომელიღაც სხვა სადაზღვევო რისკი (დაზიანება, განადგურება, ქურდობა/ყაჩაღობა/ძარცვა). მნიშვნელოვანია, რომ მან 2018 წლის 8 მაისის წერილით მზღვეველს მოსთხოვა მოსარგებლისათვის სწორედ კონტეინერების მოცდენით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი რომელიმე სხვა სადაზღვევო რისკის რეალიზაციის თაობაზე მტკიცებულება.

27. ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილია, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში დამზღვევს მოსთხოვოს მოსარგებლისათვის კონტეინერების 60 დღეზე მეტი ხნით მოცდენის გამო გადახდილი კონტეინერის ღირებულების რეგრესის წესით ანაზღაურება, შესაბამისად, არ არსებობს თანხის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველი.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად ძირითადად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

31. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-812-2022, 5 ოქტომბერი, 2022 წელი).

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 5 448.14 ლარის 70% - 3 813.70 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ.ლ. და ტ–ბის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს „ჯ.ლ. და ტ–ბს“ (ს/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 5 448.14 ლარის (საგადასახადო დავალება №19419, გადახდის თარიღი 05.03.2021), 70% - 3 813.70 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე