საქმე №ას-1619-2022 27 დეკემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ე–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ე–იმ“ (შემდგომ – მსესხებელი, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.ბ–ის“ (შემდგომ – ბანკი, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ 3 695 284 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის - 11 492 333 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის 2009 წლის 14 ივლისს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება და მსესხებლისათვის გადასაცემი საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 5 000 000 აშშ დოლარით, ხოლო უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა თბილისში, ........ და კ...... ქუჩების მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება. შეთანხმების მიხედვით, ბანკს უნდა დაეფინანსებინა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო (შავი კარკასი - 50%-ით, ხოლო თეთრი კარკასი - 100%-ით), თუმცა ვალდებულება არ შეასრულა და მოსარჩელემ ვერ შეძლო უკვე აღებული კრედიტის დროული დაფარვა. 2010 წლის 31 ოქტომბრისთვის ბანკის მიმართ მსესხებლის დავალიანება განისაზღვრა 3 840 957 აშშ დოლარით. რაკი არსებობდა ბანკის მხრიდან იპოთეკის საგნის აუქციონის წესით რეალიზაციის საშიშროება, 2012 წლის 26 ივნისს მოპასუხესთან გაფორმდა შეთანხმების აქტი. ბანკმა გადაიფორმა გარემონტებული, მოპირკეთებული 5 000 კვ.მ 1 კვ.მეტრი 700 აშშ დოლარად მოსარჩელის მხრიდან გამოსყიდვის უფლებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 300-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბანკის მოთხოვნა მოსარჩელის მიმართ დაკმაყოფილებულად მიიჩნეოდა 4 331 740 აშშ დოლარის ნაწილში, რაც ბანკმა რეალურად არ შეასრულა.
3. ბანკმა სარჩელით მიმართა სასამართლოს. 2014 წლის 18 ნოემბერს სასამართლომ მხარეებს შორის დაამტკიცა მორიგების აქტი, რომლის თანახმად, უკვე გადაცემული 5 582 კვ.მ მოსარჩელეს უნდა გამოესყიდა 662 აშშ დოლარად. მორიგების პირობების შესრულება მოსარჩელემ ვერ შეძლო ბანკის ბრალეულობის გამო. ბანკს სურდა, რომ მოსარჩელეს ბინები არ გაეყიდა და, საბოლოოდ, ბინები ჩაითვალა 0 ლარად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება გადავიდა მოპასუხის საკუთრებაში და შემდგომ კი გაყიდა, ბანკმა დავალიანება არ გაქვითა. ამავდროულად, მსესხებელს დააკარგვინა შესაძლებლობა, ამ ფართების რეალიზაციის გზით დაეფარა სესხი.
4. 2019 წელს მსესხებლის სარჩელის საფუძველზე დაიწყო სასარჩელო წარმოება, რომლითაც არ განხილულა ბანკის მხრიდან 5582 კვ.მ უძრავი ქონების 0 ლარად მითვისების ფაქტი, რადგან მოსარჩელისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ამ უძრავი ქონებების ღირებულება ბანკს არ ჰქონდა გამოკლებული მოსარჩელის ვალისთვის. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 3 695 284 (5582 კვ.მ X 662 აშშ დოლარი) აშშ დოლარის ეკვივალენტი 11 492 333 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
მოპასუხის შესაგებელი:
5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეებს შორის ზუსტად ამ საკითხებთან დაკავშირებით ყველა ფაქტობრივი გარემოება დადგენილი იყო სასამართლოს მიერ ამავე მხარეებს შორის არსებული დავის ფარგლებში, სადაც მსესხებლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს პრეიუდიციული მნიშვნელობა ენიჭება მოცემული დავის მიმართ.
6. არასწორი იყო მოსარჩელის მითითება, რომ ბანკმა მორიგების აქტში აღნიშნული ქონება 0 ლარად ჩაითვალა. ბანკის მხრიდან ქონების საკუთრებაში მიღების ნაცვლად მსესხებლის დავალიანება 3 924 270 აშშ დოლარით შემცირდა, რაც გათვალისწინებული იყო 2012 წლის 26 ივნისის შეთანხმებით. 2014 წლის 18 ნოემბრის მორიგების აქტით მხარეებმა დაადასტურეს ბანკის მიმართ დავალიანების არსებობა და შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი, რომელიმე პირობის დარღვევის შემთხვევაში ბანკს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა 5 005 997,68 აშშ დოლარის გადახდა და, დავალიანების დაფარვის მიზნით, იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაცია. ხოლო, თუკი რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა, ბანკს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა მსესხებლისა და ნ.მ–ძის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაცია. მორიგების განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსასრულებლად მიექცა ამხანაგობის 75 უძრავი ქონება, მაგრამ მოსარჩელის არცერთი ქონებიდან არ აღსრულებულა. მოსარჩელე მოითხოვს, ბანკმა გადაუხადოს ის თანხა, რომელიც 18.11.2014 წლის მორიგებით თავად უნდა გადაეხადა.
7. გარდა ამისა, მოთხოვნა ხანდაზმულია. მოსარჩელე მოთხოვნას 18.11.2014 წლის მორიგების აქტს აფუძნებს, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც ამ პერიოდიდან უნდა აითვალოს, რაც სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით, 2017 წლის 19 ნოემბერს დასრულდა. სარჩელი კი, 2022 წელს არის წარდგენილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, ერთი მხრივ, ბანკს და, მეორე მხრივ, მსესხებელ ნ.მ–ძეს, ამხანაგობა „ტ.ვ–ას“, მ.თ–სა და დ.ს–ს შორის დამტკიცდა მორიგება. მორიგების აქტით გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის ვალდებულებები - მოპასუხის მიერ დავალიანების დაფარვა და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მსესხებლის სარჩელი იმ პირობებში, როდესაც ვალდებულება მან დაარღვია. აღნიშნული დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2020 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მსესხებლის სარჩელი ბანკის მიმართ, მოპასუხისთვის 10 392 386 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის - 30 865 386 ლარის დაკისრების თაობაზე, რაც, მოსარჩელის განმარტებით, ბანკის მიერ დასაკუთრებულ ქონებათა საბაზრო ღირებულებასა და მსესხებლის დავალიანებას შორის სხვაობა იყო.
12. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს უძრავი ქონების - 5 582 კვ.მ ღირებულების, 1 კვ.მ – 662 აშშ დოლარის დაკისრებას მოპასუხისთვის, თუმცა მორიგების აქტის 2.2.3 პუნქტით გათვალისწინებული გამოსყიდვის უფლება მხარეს უნდა განეხორციელებინა მორიგების აქტის გაფორმებიდან 24 თვის განმავლობაში და 2.2.4 პუნქტის მიხედვით, ეს უფლებამოსილება ძალაში იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის ჯეროვნად შეასრულებდა მორიგების აქტის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრულ პირობას, რაც გულისხმობს მორიგების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში არსებული პროექტის შესაბამისად თბილისში, ........... და ........... ქუჩების მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი კორპუსის დასრულებას. მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში კი, ბანკი უფლებამოსილი იყო, მიემართა სასამართლოსთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა იქნებოდა 5 005 997.68 აშშ დოლარი. უდავოა, რომ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით განხორციელებულია სააღსრულებო წარმოება. მოცემულ შემთხვევაში, მორიგების აქტის პირობების შესრულებაზე/დარღვევაზე მოსარჩელე დავობს დამოუკიდებელი სასარჩელო წარმოებით, მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ქონების გამოსყიდვა მორიგების აქტით გათვალისწინებული არ არის, ხოლო, მეორე მხრივ, არც აღსრულების ეტაპზე და არც საჯარო რეესტრში უძრავი ქონების ბანკის სახელზე რეგისტრაციისას ან/და უძრავ ქონებაზე მიბმული ვალდებულების გაუქმებისას მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების არცერთ ეტაპზე მსესხებელს საჩივარი არ წარუდგენია.
13. დავალიანების ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ბანკს, მოსარჩელეს, ამხანაგობა „ტ.ვ–ასა“ და ხ.გ– შორის 2012 წლის 26 ივნისს გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ 14.07.2009 წლის გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 01.11.2010 წლის ხელშეკრულებიდან, 7.12.2010 წლის ხელშეკრულებიდან, 22.06.2011 წლის ხელშეკრულებიდან და 29.06.2011 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელისა და ხ.გ–ის დავალიანება ბანკის წინაშე 8 437 483,88 აშშ დოლარი იყო. გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა ........... და ........... ქუჩების მიმდებარედ არსებული 37 ფართი. აღნიშნული გარიგებით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: ბანკის მიერ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება ჩაითვალოს მოპოვებულად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მსესხებლისა და ხ.გ–ის ვალი ბანკის წინაშე ჩითვალა ნაწილობრივ შესრულებულად (ბანკის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვალა 4 311 740 აშშ დოლარის ნაწილში). ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემით ვალდებულების მოცულობა შემცირებულია და მისი ოდენობა მხარეებისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდანვე.
14. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის მანამდე არსებულ ყველა ურთიერთობას ახლებურად არეგულირებდა მორიგების აქტი, რომელიც სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული იყო. შესაბამისად, სასამართლოს კვლევის საგანი ვერ გახდებოდა მორიგების აქტის გაფორმებამდე არსებული ურთიერთობა, დავალიანების მოცულობა და შეთანხმებამდე წინმსწრები მოლაპარაკებები, თუ ისინი მორიგების აქტში ასახული არ იყო. შესაბამისად, ვერც მორიგების პირობები ვერ გახდებოდა ხელახალი მსჯელობის საგანი.
15. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ 18.11.2014 წლის სასამართლოს განჩინებაზე 2015 წლის 18 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რაც მოპასუხემ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღსასრულებლად 2016 წლის 31 მარტს წარუდგინა. სააღსრულებო წარმოებისას აუქციონის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია მსესხებელს წერილობით ეცნობა 2017 წლის 14 თებერვალს. ამდენად, ყველაზე გვიან მოსარჩელისათვის ამ თარიღიდან უნდა გამხდარიყო ცნობილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, თუ რა ფარგლებში და რა მოცულობის ვალდებულების დასაფარად რეალიზდებოდა ქონება. შესაბამისად, ყველაზე გვიან ამ თარიღიდან ექნებოდა მსესხებელს თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნა. სახელშეკრულებო მოთხოვნებისთვის სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სამწლიანი ვადა დასრულდა 2020 წელს, სარჩელი კი წარდგენილია 2022 წელს. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნაზე სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გავრცელების თაობაზე, რადგან სასარჩელო მოთხოვნა იყო არა უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა, არამედ თანხის დაკისრება, რაც გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული მორიგების აქტიდან. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნაზე ვრცელდებოდა სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
17. კასატორის მტკიცებით, მისთვის მორგების მთავარი ინტერესი იყო, რომ ბანკს მიეცა ფართების გამოსყიდვისა და გაყიდვის უფლება, რითაც ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებაც შესრულდებოდა და კომპანია მოგებასაც მიიღებდა. მოსარჩელის კრედიტორული დავალიანება უზრუნველყოფილი იყო როგორც მოპასუხის, ისე მოსარჩელის ქონებით, რომელიც უკვე აღრიცხული იყო ბანკის საკუთრებად. ეს გამოიწვია იმან, რომ ბანკმა მსესხებლის ვალი არ გამოაკლო უკვე გადაცემულ ქონებას. შესაბამისად, ვალი უნდა გადახდილიყო როგორც მსესხებლის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვით, ისე ბანკისათვის გადაცემული ქონების მსესხებლის მიერ გამოსყიდვის ან გასხვისების გზით. აღსანიშნავია, რომ 18.11.2014 წლის მორიგების აქტით გაუქმდა ყველა იქამდე არსებული შეთანხმება, მათ შორის, 2012 წლის 26 ივნისის შეთანხმებაც და ყველა მანამდე არსებული ხელშეკრულება მოიცვა მორიგების აქტმა.
18. მოსარჩელემ ბანკის ბრალეული ქმედების გამო ვერ გამოისყიდა 5 582 კვ.მ. თუკი ბანკს სურდა, რომ მსესხებელს ვერ შეძლებოდა ბინების რეალიზაცია, მას კვადრატული მეტრი 662 აშშ დოლარად უნდა ჩაეთვალა და გამოეკლო მსესხებლის დავალიანებისათვის, მაგრამ ბანკი ასე არ მოიქცა და ბინები 0 ლარად მიითვისა. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ ბანკმა აღნიშნული ფართები გაყიდა, ამ თანხით მოსარჩელის დავალიანება არ გაქვითა. მორიგების პირობები დაირღვა. განჩინების მიღებიდან 2 წლის შემდეგ ბანკმა დაიწყო მსესხებლის სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, შემდგომ მსესხებლის სახელზე რიცხული ქონება აუქციონზე გაყიდა. ბინების რეალიზაციის შედეგად ბანკმა მიიღო 1 486 698 აშშ დოლარი. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ვერ გამოისყიდიდა ფართებს, ბანკს უნდა გაეყიდა დასახელებული ქონება და ჩაეთვალა მოსარჩელის ვალში. აღნიშნული გამომდინარეობს სამართლის პრინციპებიდან, თავად მორიგების აქტისა და გამოსყიდვის ინსტიტუტის სამართლებრივი ბუნებიდან. სხვა ლოგიკური ახსნა შეუძლებელია, რატომ უნდა ეჩუქებინა მოსარჩელეს ბანკისათვის თავისი ქონება, თუკი გამოუსყიდველობის შემთხვევაში ბანკი მის ღირებულებას ვალს არ გამოაკლებდა? მორიგების აქტში გამოსყიდვის საშუალების გამოყენება ერთგვარი უზრუნველყოფის საშუალება იყო ბანკისათვის, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ვერ დაფარავდა ვალს და ვერ გამოისყიდდა ბანკისათვის გამოსყიდვის უფლებით გადაცემულ უძრავ ქონებას, ბანკს შეეძლებოდა დასახელებული გამოსასყიდი ქონებიდან მოთხოვნის დაკმაყოფილება მისი რეალიზაციის გზით. ბანკი ასეც მოიქცა, ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა სრულად მიითვისა, მსესხებლის ვალის შემცირების გარეშე.
19. 2012 წლის შეთანხმების აქტში გათვალისწინებული იყო ბანკის მიერ დადგენილი ფასი 700 დოლარი, მაგრამ 2014 წლის მორიგების აქტში ბანკმა არ ისურვა ფართების 700 დოლარდ ვალში გაქვითვა და მხარეები 662 აშშ დოლარზე შეთანხმდნენ. 2012 წლის შეთანხმებით სსკ-ის 300 მუხლი გაუქმებულ იქნა და აისახა ახალ შეთანხმებაში 2014 წლის მორიგების აქტში. 2014 წლის მორიგების აქტით გათვალისწინებული თანხა ნიშნავდა არამხოლოდ იმას, რომ 662 აშშ დოლარად მსესხებელს შეეძლო ფართის გამოსყიდვა, არამედ იმასაც, რომ, თუ მსესხებელი ვერ გამოისყიდიდა ფართს, ბანკს ქონება 662 აშშ დოლარად უნდა მიეღო და 1 კვ.მ გამოეკლო ვალისთვის. ვალის არსებობა უნდა შეწყვეტილიყო ქონების გამოსყიდვით ან ვალში გაქვითვით.
20. სასამართლოს მიერ მითითებულ საქმეზე მოსარჩელე დავობდა იმას, რომ ბანკმა არ შეასრულა პირობა და მოსარჩელეს შეუზღუდა ბინების 662 აშშ დოლარად გამოსყიდვისა და შემდგომ უფრო ძვირად რეალიზაციით მოგების მიღების უფლება. დასახელებული სასამართლო წარმოებისას მოსარჩელე დავობდა ნამეტ თანხაზე, კერძოდ, რა მოგება უნდა ენახა მსესხებელს ფართების რეალურ საბაზრო ღირებულებით გაყიდვის გზით. საბოლოოდ, მოსარჩელემ მოგება ვერ ნახა, ბანკი კი, მის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. ამჟამად კი, მოსარჩელე მორიგების აქტის შესახებ განჩინებას კი არ ასაჩივრებს, არამედ განჩინების აღსრულების შემდგომ ვალდებულების გაქვითვის პროცესში წარმოქმნილ დარღვევაზე დავობს. ამდენად, არ იკვეთება იგივე სასარჩელო მოთხოვნა იმავე საფუძვლით.
21. რაც შეეხება ხანდაზმულობას, რაკი უძრავი ქონების ჩათვლაზეა საუბარი, დასახელებული ურთიერთობა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით თავისი ბუნებით სახელშეკრულებო ურთიერთობაა, შესაბამისად, უნდა გავრცელდეს 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა. ამასთან, ბანკმა ვალს რომ არ გამოაკლო ფართების ღირებულება, მოსარჩელემ მხოლოდ 2020 წლის 7 თებერვალს შეიტყო, როდესაც ბანკმა გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
22. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
23. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
25. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
26. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
27. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ნოემბრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტით განსაზღვრული იმ უძრავ ქონებათა გამოსასყიდი ფასის ბანკისათვის დაკისრებას, რომელიც თავად უნდა გამოესყიდა.
28. პალატა მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, ერთი მხრივ, ბანკსა და, მეორე მხრივ, მსესხებელს, ნ.მ–ძეს, ამხანაგობა „ტ.ვ–ას“, მ.თ–სა და დ.ს–ს შორის დამტკიცებული მორიგების აქტის შემდეგ პირობებზე:
„1. მოპასუხეებმა დაადასტურებს, რომ 14.07.2009 წლის §501989-1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეულია და მსესხებლის დავალიანებს ბანკის მიმართ არის 5 005 997,68 აშშ დოლარი და 31914 ლარი;
2. მორიგების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში, არსებული პროექტის შესაბამისად, სრულად იქნება დასრულებული საცხოვრებელი კორპუსები (I-IV კორპუსი), მდებარე თბილისი, ........... და ........... ქუჩების მიმდებარედ (რაც გულისხმობს მის ექსპლუატაციაში მიღებას, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადებითი დასკვნის გაცემას ან/და აღნიშნულის ბანკის მიერ დადასტურებას);
3. მორიგების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 24 თვის ვადაში, მსესხებელის ან/და მის მიერ დასახელებული პირის მიერ დაფარული იქნება მსესხებლის დავალიანება ბანკის მიმართ, არანაკლებ 1 478 768 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთან, 15.09.2014 წლიდან დავალიანება ყოველკვარტალურად უნდა შემცირდეს არანაკლებ 200 000 აშშ დოლარით;
4. მორიგების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 24 თვისა, მსესხებლის ან/და მის მიერ დასახელებული სხვა პირის მიერ სრულად იქნება შეძენილი მოსარგებლისგან 5582 კვ.მ უძრავი ქონება (მდებარე თბილისი, ........... და ........... ქუჩების მიმდებარედ). 1 კვ.მ-ის ღირებულება განისაზღვრება 662 აშშ დოლარით (დღგ-ს ჩათვლით). ამასთან, 15.09.2014 წლიდან მოსარჩელისგან ყოველკვარტალურად შეძენილი უნდა იქნას არანაკლებ 900 კვ.მ. ფართი. მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი განახორციელოს აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მორიგების აქტის გაფორმებიდან გასულია 24 თვე, ან/და 24 თვის ვადაში დარღვეულია მორიგების აქტის რომელიმე პირობა;
5. უძრავი ქონების შეძენის უფლებამოსილება ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულად და ჯეროვნად იქნება შესრულებული მშენებლობის დასრულების პირობები; თავის მხრივ, ბანკი კისრულობს ვალდებულებას გამოათავისუფლოს მის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკისგან უძრავი ქონება - 1 კვ.მ. ფართის 662 აშშ დოლარის ოდენობით სესხის შემცირების სანაცვლოდ;
6. მსესხებლის მიერ მორიგების პირობების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ბანკი იღებს ვალდებულებას, მის წინაშე არსებული ვალდებულება ჩათვალოს შესრულებულად. ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს შესაბამისი წერილი იპოთეკით დატვირთულ და დაგირავებულ ქონებაზე შეზღუდვის შეწყვეტის თაობაზე;
7. მორიგების აქტის ნებისმიერი პირობის დარღვევისას ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც: - მსესხებელს და ნ.მ–ძეს ბანკის სასარგებლოდ დაეკისრებათ 5 005 997,68 აშშ დოლარი; - დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცევა ამხანაგობა „ტ.ვ–ას კუთვნილი უძრავი ქონება (მდებარე თბილისი, ......... და ........... ქუჩების მიმდებარედ ნაკვეთი №3/60, ს/კ .......; ნაკვეთი №3/62 6515 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად, ს/კ ......; ნაკვეთი №3/60, ს/კ .........); ასევე, მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე; მცხეთა ..... დასახლება, ღვინის ქარხნის ტერიტორია, ს/კ ....... და ...... ასევე, დაგირავებული მოძრავი ნივთები. - აღსასრულებლად იქნება მიქცეული ასევე სხვა ქონებებიც, რაც წარმოადგენს №501989-ა ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკად დატვირთულ ან/და დაგირავებულ ქონებას; - თუ რეალიზაციით მიღებული თანხა (ან თუ შეუძლებელია მათი რეალიზაცია) საკმარისი არ აღმოჩნდება ბანკის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცევა მსესხებლის და ნ.მ–ძის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე.“
29. მოსარჩელის მტკიცებით, რაკი მან დაარღვია მორიგების პირობები და ვერ გამოისყიდა ბანკისათვის გადაფორმებული 5 582 კვ.მ უძრავი ქონება, ამ ფართის მორიგების აქტით დადგენილი გამოსასყიდი ღირებულება ბანკის წინაშე მოსარჩელის ვალს უნდა გამოჰკლებოდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან ამგვარი პირობა არც მორიგების აქტიდან იკითხება და ამგვარ შინაარს არც სსკ-ით მოწესრიგებული გამოსყიდვის ინსტიტუტი არ მოიაზრებს, პირიქით, ეს განმარტება გამოსყიდვის შინაარს ეწინააღმდეგება.
30. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მორიგების აქტის თანახმად, მსესხებლის მიერ ფართების გამოსყიდვის - 1 კვადრატულ მეტრში 662 აშშ დოლრის გადახდის, შემთხვევაში (სხვა პირობებთან ერთად) ამ უკანასკნელის ვალდებულება შესრულებულად მიიჩნეოდა. უდავოა, რომ მსესხებელს ეს თანხა ბანკისათვის არ გადაუხდია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოითხოვს თავისი ვალდებულების ამ თანხის ფარგლებში შესრულებულად მიჩნევას და, რაკი ბანკმა ეს თანხა არ გაქვითა გადახდისუუნარობის საქმისწარმეობისას მოთხოვნილ თანხაში - ამ უკანასკნელისათვის დაკისრებას, რაც დაუსაბუთებელია. მნიშვნელოვანია, რომ მორიგების აქტის დამტკიცებისას უძრავი ქონება უკვე ბანკის საკუთრებად ირიცხებოდა და მორიგების აქტით დადგინდა მსესხებლის მიერ გამოსყიდვის უფლება. რაც შეეხება თავის დროზე სადავო უძრავ ქონებათა ბანკის საკუთრებად აღრიცხვას, მოპასუხის მტკიცებით, ბანკის მხრიდან ქონების საკუთრებაში მიღების ნაცვლად მსესხებლის დავალიანება 3 924 270 აშშ დოლარით შემცირდა და მორიგების აქტში უკვე შემცირებული ვალი 5 005 997,68 აშშ დოლარი აისახა. მოპასუხის ეს მტკიცება მოსარჩელეს არ უარუყვია. ამ ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ მხოლოდ ის მიუთითა, რომ 18.11.2014 წლის მორიგების აქტით გაუქმდა ყველა იქამდე არსებული შეთანხმება, მათ შორის, 2012 წლის 26 ივნისის შეთანხმებაც (სადაც მითითებულია ქონებათა ბანკისათვის გადაცემის სანაცვლოდ მსესხებლის ვალის შემცირების თაობაზე) და ყველა მანამდე არსებული ხელშეკრულება მოიცვა მორიგების აქტმა. პალატა, კიდევ ერთხელ, აღნიშნავს, რომ მორიგების აქტის დამტკიცების დროისათვის ქონება უკვე ბანკის საკუთრებად იყო რეგისტრირებული, შესაბამისად, მოსარჩელის ამ დასაბუთების მიხედვით, ქონების ბანკის სახელზე აღრიცხვა კვლევის საგანი აღარ უნდა იყოს, მაშინ, როდესაც კასატორი თავადვე მიუთითებს მორიგების აქტის გაფორმებამდე არსებულ ურთიერთობაზე და აღნიშნავს - „რატომ უნდა ეჩუქებინა მოსარჩელეს ბანკისათვის უძრავი ქონება?“. ამდენად, მოსარჩელის პოზიცია დაუსაბუთებელი და არათანმიმდევრულია და საკასაციო პალატა იზიარებს ბანკის სახელზე ქონების აღრიცხვისას მისი ღირებულებით მსესხებლის ვალის შემცირების თაობაზე გასაჩივრებული განჩინების დასკვნას.
31. მოსარჩელის მტკიცება, რომ ქონებათა ბანკის საკუთრებად აღრიცხვას ერთგვარი უზრუნველყოფის დატვირთვა ჰქონდა ბანკისთვის, დაუსაბუთებელია, რადგან ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის უზრუნველსაყოფად უძრავი ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით უნდა დატვირთულიყო. საკასაციო პალატა სსკ-ის 509-ე მუხლის სამართლებრივ ბუნებაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გამყიდველს ენიჭება უფლება განსაზღვრულ ვადაში თავდაპირველ ფასად (თუ სხვა რამეს არ ითვალისწინებს შეთანხმება) გამოისყიდოს ხელშეკრულების საგანი (სსკ-ის 510-ე მუხლი). ასეთი გარიგების დროს მყიდველს შეზღუდული აქვს საკუთრება; მას არა აქვს უფლება, გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე გაასხვისოს ნასყიდობის საგანი (სსკ-ის 513-ე მუხლი; იხ. ას-876-834-2013,25 თებერვალი, 2016 წელი). მოცემულ შემთხვევაში, მორიგების აქტით მხარეები შეთანხმდნენ, ბანკის საკუთრებად აღრიცხული სადავო 5 582 კვ.მ-ის მოსარჩელის მიერ 1 კვადრატული მეტრის 662 აშშ დოლარად გამოსყიდვის თაობაზე კონკრეტულ ვადაში. რადგან მოსარჩელემ დადგენილ ვადაში ვერ გამოისყიდა ნივთი, ბანკი გახდა ქონების სრულფასოვანი მესაკუთრე და ამ უკანასკნელს არაფერი ზღუდავდა, თავისი შეხედულებისამებრ განეკარგა საკუთრება.
32. თუ სასამართლო დაადგენს, რომ მოთხოვნა წარმოშობილია და არ შეწყვეტილა, მან უნდა იმსჯელოს, რამდენად განხორციელებადია ის. განსახილველ შემთხვვევაში, რაკი დადგინდა, რომ მოთხოვნა არ წარმოშობილა, საკასაციო სასამართლო მის ხანდაზმულობაზე აღარ იმსჯელებს.
33. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
34. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორებს დაუბრუნდებათ 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ე–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „ე–ის“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს დ.ც–ძის (პ/ნ .......) მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №16633037208, გადახდის თარიღი 05.04.2023), 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე