აქმე №ას-1527-2023 26 იანვარი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - დ.ა–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ა–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით დ.ა–ძის (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ნ.ა–ვას (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის საოქმო განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2023 წლის 2 ნოემბერს 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც უწყება კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა. მოწინააღმდეგე მხარემ აპელანტის გამოუცხადებლობის გამო არ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტა, მაგრამ თანხმობა განაცხადა სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 70-78-ე, 187-ე, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე, 276-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და განჩინების გაუქმება მოითხოვა.
7. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, 2023 წლის 2 ნოემბერს 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ სასამართლომ არ შეატყობინა აპელანტის ადვოკატს. სასამართლოს სხდომის დღეს 11:00 საათზე აპელანტმა მიაკითხა რწმუნებულს ოფისში, აცნობა სხდომის შესახებ, თუმცა მან უთხრა, რომ პროცესს ვერ დაესწრებოდა, რამდენადაც მიემგზავრებოდა ზესტაფონის სასამართლოში სხვა სასამართლო პროცესზე. ადვოკატმა დაწერა შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე და სასამართლოში გაატანა აპელანტს. გარდა შუამდგომლობისა, აპელანტს სასამართლოსათვის უნდა ჩაებარებინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ახალი მტკიცებულებები, რაც საქმეში არ იყო. აპელანტი მოხვდა საცობში, ამასთან, დაუჯდა მობილური ტელეფონის ელემენტი, სასამართლოში მიაღწია 12:40 საათზე, როდესაც სასამართლოს უკვე გამოცხადებული ჰქონდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მისი ადვოკატის პროცესზე მოწვევა, ისევე როგორც მოწმის - ნოტარიუს ო.ზ–ძის სასამართლო პროცესზე მოწვევა იყო აუცილებელი, სასამართლომ კი, ეს ვალდებულებები არ შეასრულა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
11. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას.
12. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
14. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
15. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და შედავებული არ არის, რომ აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 2 ნოემბერს 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (იხ. სასამართლო შეტყობინების შესახებ აქტი, ტ. 3, ს.ფ. 121).
16. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება, შეუძლია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ჩამონათვალის გარდა მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში/კერძო საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ №ას-1410-1330-2017, 30.01.2018წ.; №ას-1270-2018, 2.11.2018წ.; №ას-1098-2023, 4.12.2023წ.).
16. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
17. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. სასამართლომ რომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა (სუსგ №ას-780-780-2018, 22.10.2019წ.; №ას-484-2023, 16.05.2023წ.).
18. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის მიხედვით, სხდომის შესახებ არ ეცნობა მის წარმომადგენელს. პალატა მიუთითებს სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამდენად, რაკი უწყება თავად აპელანტს ჩაჰბარდა, სასამართლო არ იყო ვალდებული უწყება მისი წარმომადგენლისთვისაც ჩაებარებინა. როგორც კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, მან თავად აცნობა დაგვიანებით ადვოკატს პროცესის შესახებ - სხდომის დღეს. რაც შეეხება შუამდგომლობას სხდომის გადადების თაობაზე, როგორც აღინიშნა, მხარე ვალდებულია წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში, მხარეს წინასწარ არ უცნობებია პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე. ამასთან, ვერც სათანადო მიზეზზე ვერ მიუთითა, თუ რატომ ვერ მოახერხა სასამართლოს ინფორმირება წარმომადგენლის სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აპელანტს უნდა დაესაბუთებინა, რატომ იყო შეუძლებელი პროცესზე გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოს ინფორმირება, თუმცა მან აღნიშნული ტვირთი სათანადოდ ვერ გასწია, რაც გამორიცხავს აპელანტის გამოუცხადებლობის საფუძვლით მიღებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.
19. კერძო საჩივრის ავტორის განმარტება იმის თაობაზე, რომ სასამართლო პროცესზე დროულად გამოუცხადებლობა გადატვირთულმა და შეფერხებულმა სატრანსპორტო მოძრაობამ გამოიწვია, ვერ მიიჩნევა შემაფერხებელ გარემოებად და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად. ამასთან, მხარემ წინასწარ უნდა გაითვალისწინოს ყველა შემაფერხებელი გარემოება, იმ პროცესუალური შედეგების თავიდან ასაცილებლად, რაც მოჰყვება მის გამოუცხადებლობას (იხ. სუსგ №ას-1051-985-2010, 23.12.2010წ.; №ას-517-490-2015, 2.07.2015წ.).
20. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.ა–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე