საქმე №ას-1223-2023 27 დეკემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „გ.ს–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ლ.მ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „გ.ს–მა“ (შემდგომ - მენარდე, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ლ.მ–ის“ (შემდგომ - შემკვეთი, მოპასუხე) მიმართ 524 443 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელის განმარტებით, 2010-2011 წლებში მას და მოპასუხეს შორის არსებობდა საქმიანი ურთიერთობა, კერძოდ, 2010 წლის 3 მარტს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას, სავაჭრო ცენტრის კომპლექსური ენერგოპროექტის სამუშაოთა შერულებას, რაც მოიცავდა საკუთარი საშუალებებით, მასალითა და დანადგარებით მოპასუხის ტერიტორიაზე გარე ელექტრომომარაგების კვანძის მოწყობას (მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორის დაყენება) და დარჩენილი ყველა სავაჭრო და სხვა დანიშნულების ობიექტების გამრიცხველიანებას. მოპასუხე ვალდებული იყო, სრულად დაეფინანსებინა სამუშაოების ყველა ხარჯი, მათ შორის გადაეხადა აღებული საბანკო სესხის ძირითადი თანხა 450 000 ლარი და ამ სესხზე დარიცხული პროცენტი 46 900 ლარი. ასევე, მოპასუხე შეთანხმების შესაბამისად ვალდებული იყო, 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 ივლისამდე სრულად გადაეხადა მოსარჩელისათვის 374 000 ლარი, რაც მოიცავდა დარჩენილი უკლებლივ ყველა სავაჭრო ობიექტების ობიექტების გამრიცხველიანებისათვის საჭირო მასალების ღირებულებას და უშუალოდ სამუშაოების შემსრულებელთა სახელფასო ფონდს საშემოსავლო გადასახადის დარიცხვით. მოსარჩელის მხრიდან სრულყოფილად იქნა შესრულებული შეთანხმების ყველა პირობა, თუმცა მოპასუხემ, ნაცვლად 374 000 ლარისა, 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 ივლისამდე აუნაზღაურა მხოლოდ 98 500 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 275 500 ლარი. ზოგადად შეუფასებელია ის ზიანი, რაც მოსარჩელემ მიიღო მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით, თუმცა, რაც ნათელია 2011 წლის 1 ივლისის ვითარებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსის (1,66) შესაბამისად, 275 500 ლარი იყო 165 963 აშშ დოლარი. დღევანდელი მოცემულობით ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით (3.16) 165 963 აშშ დოლარი შეადგენს 524 443 ლარს, სწორედ ამ ოდენობის თანხით გამდიდრდა უსაფუძვლოდ მოპასუხე მოსარჩელის ხარჯზე.
მოპასუხის შესაგებელი
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 2010 წლის 3 მარტის შეთანხმებით, მოსარჩელემ იკისრა მოპასუხის ტერიტორიაზე გარე ელექტრომომარაგების კვანძის მოწყობისა და დარჩენილი სავაჭრო ობიექტების გამრიცხველიანების ვალდებულება, რისთვისაც მოპასუხეს უნდა გადაეხადა შესაბამისი ანაზღაურება. შეთანხმების 1.4 პუნქტის მიხედვით მოპასუხეს უნდა გადაეხადა მოსარჩელისთვის 374 000 ლარი, რაც მოიცავდა დარჩენილი სავაჭრო ობიექტების გამრიცხველიანებისათვის საჭირო მასალის ღირებულებას და სახელფასო ფონდს. მოსარჩელე უთითებს, რომ მის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია სრულად და მოპასუხეს გადასახდელი აქვს თანხა, ხოლო მოპასუხე უთითებს, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს სამუშაოების შესრულების ფაქტს, რის გამოც არ არსებობს თანხის დაკისრების საფუძველი. ამდენად, სადავოა მენარდის მიერ სამუშაოს შესრულება.
8. სააპელაციო პალატის მითითებით, ხელშეკრულების მხარე, რომელიც უთითებს მის მიერ ვალდებულების შესრულებაზე, მოვალეა, აღნიშნული დაადასტუროს სათანადო მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა. საგადასახადო ორგანოში წარმოქმნილი დავალიანებების თაობაზე მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ვერ მიიჩნევა მოსარჩელის მიერ 2010 წლის 3 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ფაქტის დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებად და საფუძვლად ვერ დაედება მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება მენარდის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტი, შემკვეთისათვის თანხის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა უსაფუძვლოა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
9. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. კასატორის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა, რომ შესრულებული სამუშაო ანაზღაურებული ჰქონდა. მას კი, თავისი პოზიციის დამადასტურებლად არცერთი რელევანტური მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
11. სასამართლომ არ გამოიყენა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები, არ იხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის ფუძემდებლური კეთილსინდისიერების პრინციპით და უგულებელყო სსკ-ის 361-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება ვალდებულების არსებობას გულისხმობს.
12. სააპელაციო სასამართოს უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 154-ე მუხლი და დაეკმაყოფილებინა სისხლის სამართლის საქმიდან მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობა. გამოძიება დაწყებულია ამავე ფაქტზე, შესაბამისად, მასალები პირდაპირ დაკავშირებულია წინამდებარე საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. მოსარჩელის მოთხოვნა ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული საზღაურის გადახდაა, შესაბამისად, ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლი.
19. განსახილველ საქმეზე მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდა, თუმცა მოპასუხემ მოსარჩელის მიერ ზემოხსენებული ვალდებულების შესრულება სადავოდ გახადა. შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე მენარდის მოთხოვნა მაშინ დაკმაყოფილდება, თუ ის დაამტკიცებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა, ანუ შესრულებულ სამუშაოთა მტკიცების ტვირთი მენარდეს ეკისრება. შესაბამისად, მოსარჩელეს სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაემტკიცებინა, თუ რა ხარჯი გაწია მან 2010 წლის 3 მარტის ხელშეკრულების შესასრულებლად. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ არ დასტურდება მენარდის მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ დადგენილი გარემობის მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო, დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ამ ფაქტებს.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ფაქტების დამტკიცების პროცესი საკმაოდ დეტალურად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, განსაზღვრულია მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) წრე, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობა და განკუთვნადობა, მტკიცების ტვირთის (მოვალეობის) განაწილება მხარეთა შორის, ანუ რომელმა მხარემ რა გარემოება უნდა დაამტკიცოს, მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, მტკიცებულებათა შეფასების ზოგადი წესები და ა.შ. (იხ.: სუსგ №ას-928-2023; 16 ნოემბერი, 2023 წელი).
22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 105-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს მათი სარწმუნოობისა და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გამოტანის უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები – სარწმუნოდ. მტკიცებულებები ფასდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლოს თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება, წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე ასკვნის მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე. პალატა განმარტებით მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობისა თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არა მარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი, წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო (იხ.: საქმე №ას-459-438-15, 7 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-878-2018, 29 აგვისტო, 2018 წელი; №ას-372-2023 6 ოქტომბერი, 2023 წელი).
23. საკასაციო პალატა რელევანტური მტკიცებულების არარსებობის გამო, არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მის მიერ სამუშაოთა შესრულების თაობაზე ამდენად, კასატორმა ვერ შეძლო სასამართლოსთვის იმგვარი დასაშვები მტკიცებულება წარმოედგინა, რომელიც სარწმუნოს გახდიდა მისი პოზიციის მართებულობას. ასეთ მტკიცებულებად კი, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება არასაკმარისია, რადგან კასატორი პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარეა და, შესაბამისად, მისი ახსნა-განმარტება, თუ გამყარებული არ არის სხვა რელევანტური მტკიცებულებებით, სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს (იხ.: სუსგ №ას-851-2021, 24 ნოემბერი, 2021 წელი).
24. ამდენად, ხელშეკრულების შესრულებული ნაწილის მიმართ კანონი ადგენს შეთანხმებული საზღაურის ანაზღაურების ვალდებულებას. ამასთან, შესრულებულ სამუშაოთა მტკიცების ტვირთი მენარდეს ეკისრება. მოსარჩელემ 524 443 ლარის ღირებულების სამუშაოთა შესრულების ფაქტი ვერ დაამტკიცა, რის გამოც მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე მისი მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
25. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად ძირითადად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
27. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
28. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით კასატორს გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის დასრულებამდე. აქედან გამომდინარე, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „გ.ს–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „გ.ს–ს“ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - (8 000 ლარის) 30%-ის - 2 400 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე