საქმე №ას-1008-2022 30 ოქტომბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი - შპს „ვ.მ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.ც–ი (მოპასუხე)
მეორე კასატორი - დ.ც–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ვ.მ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა
დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ვ.მ–მა“ (შემდგომ - მოსარჩელე, პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.ც–ის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, მეორე კასატორი) მიმართ და მოითხოვა უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, მოპასუხისათვის მცხეთის რაიონის სოფელ ........., მიწის ნაკვეთზე (ს/კ .......) მდებარე თავის საკუთრებაში არსებული წვრილფეხა საქონლის სადგომად გამოყენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის აკრძალვა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ .....) მდებარე შენობებიდან არანაკლებ 100 მეტრი მანძილისა; მოსარჩელის მიწის ნაკვეთიდან არანაკლებ 300 მეტრის მანძილზე არსებული ფეკალიების გამწმენდი ნაგებობის, წყალგაყვანილობის, კანალიზაციისა და ვენტილაციის გარეშე, საავტომობილო გზის ღერძიდან არანაკლებ 100 მეტრი მანძილის დაშორებით, ორივე მხარეს, სახანძრო უსაფრთხოების სრულ უზრუნველყოფამდე.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხის კუთვნილი წვრილფეხა საქონლის სადგომი სანიტარული ნორმების დამცავი ინფრასტრუქტურით არ არის აღჭურვილი და, ტექნიკური თვალსაზრისით, მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქონლის სადგომიდან მომდინარე არსებითი ზემოქმედება სცდება სამეზობლო თმენის ფარგლებს და დაუშვებლად ხელყოფს მოსარჩელის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთითა და მასზე განლაგებული კომერციული დანიშნულების შენობებით სარგებლობის უფლებას, მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთს შორის მანძილი 72 მეტრია. ცხვრის ფარას მოპასუხე საძოვარზე მირეკავს და უკან აბრუნებს საავტომობილო გზის გავლით, რომელიც ემიჯნება მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რა დროსაც ტერიტორია ისვრება ფეკალიებით და დგება გაუსაძლისი სუნი. ნალექის შემთხვევაში გზაზე მოფენილი ფეკალიები, წყლის ნიაღვრის მეშვეობით, აღწევს მოსარჩელის მიწის ნაკვეთამდე, იჟღინთება ნიადაგში, აბინძურებს გარემოს და ტოვებს გაუსაძლის სუნს, რაც შეუძლებელს ხდის მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე ადამიანების ყოფნას და ხელს უშლის სამეწარმეო საქმიანობას.
მოპასუხის შესაგებელი
3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, თავის მიწის ნაკვეთზე აშენებული აქვს სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობა, სადაც სეზონურად, ზამთარში ჰყავს ხუთასამდე სული ცხვარი, რაც ოჯახის საკუთრებაა. პირუტყვი აცრილი და მოვლილია. ცხვრის სადგომი და მასში მოთავსებული პირუტყვი არ აყენებს ზიანს მეზობელი ნაკვეთების მესაკუთრეთა ინტერესებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით – სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს აეკრძალა თავის საკუთრებაში არსებული წვრილფეხა საქონლის სადგომად გამოყენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაცია, მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობებიდან არანაკლებ 100 მეტრი მანძილისა, ფეკალიების გამწმენდი ნაგებობის გარეშე; მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან არანაკლებ 300 მეტრი მანძილისა წყალგაყვანილობის, კანალიზაციისა და ვენტილაციის გარეშე, საავტომობილო გზის ღერძიდან არანაკლებ 100 მეტრი მანძილის დაშორებით, ორივე მხარეს სახანძრო უსაფრთხოების სრულ უზრუნველყოფამდე.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 60 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს აეკრძალა მცხეთის რაიონის სოფელ ......... მიწის ნაკვეთზე მდებარე თავის საკუთრებაში არსებული წვრილფეხა საქონლის სადგომად გამოყენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაცია ფეკალიების გამწმენდი ნაგებობის, წყალგაყვანილობის, კანალიზაციისა და ვენტილაციის გარეშე სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფამდე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს თავის ნაკვეთზე განთავსებული აქვს რამდენიმე შენობა/ნაგებობა, რომლებშიც ფუნქციონირებს საწარმოს ადმინისტრაცია, სასტუმრო, სარდაფი, რესტორანი, სამზარეულო, საკონფერენციო დარბაზი, სამრეცხაო, საკუჭნაო, საცურაო აუზები, საუნა, ფეხბურთის მოედანი და სხვა. აპელანტს კი, თავის ნაკვეთზე წვრილფეხა საქონლის, ცხვრის ფერმა აქვს. საქონლის სადგომი (სადავო შენობა) მოსარჩელის კუთვნილი შენობებიდან დაშორებულია 72 მეტრით, უახლოესი დასახლებული შენობიდან - 40 მეტრით, ხოლო გზის ღერძიდან - 25 მეტრით. ფერმას არ გააჩნია ფეკალიების გამწმენდი ინფრასტრუქტურა - ნაგებობა და ვენტილაცია, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის ქსელი; არ არის უზრუნველყოფილი სახანძრო უსაფრთხოების წესები. სანიტარული ნორმების დაუცველობის გამო, ფერმაში არის ანტისანიტარია, დგება სუნი, რომელიც აღწევს მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთამდე.
8. პალატამ ასევე დაადგინა, რომ მოპასუხის სადავო შენობა აგებული იყო და შესაბამისი დანიშნულებით გამოიყენებოდა არა მარტო მოსარჩელის კუთვნილი ნაგებობების აშენებამდე, არამედ თავად მოსარჩელე საწარმოს დაფუძნებამდეც კი. შესაბამისად, აპელანტს, მოსარჩელის კუთვნილ ნაგებობებთან მიმართებით დასაშვები მანძილი არ დაურღვევია. შენობებს შორის დასაშვები მანძილის დარღვევა თავად მოსარჩელის მოქმედებამ, მის მიერ 100 მეტრზე ნაკლებ რადიუსში მშენებლობამ გამოიწვია. სააპელაციო პალატის აზრით, არამართლზომიერი და უსამართლოა, მეზობელმა ჯერ თავად ააშენოს ნაგებობა, რომელიც დასაშვები მანძილის დარღვევას გამოიწვევს და შემდეგ, ამის საფუძველზე, მეზობელს უკვე არსებული ნაგებობის ექსპლუატაციის აკრძალვა მოსთხოვოს. ამგვარი მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 174-ე მუხლით გათვალისწინებულ ურთიერთპატივისცემის მოვალეობას არღვევს და ბათილია. ამრიგად, პალატამ მიიჩნია, რომ თავისი კუთვნილი შენობებიდან არანაკლებ 100 მეტრის მანძილზე სადავო შენობის ექსპლუატაციის აკრძალვის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და არ დააკმაყოფილა.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ საავტომობილო გზის ღერძიდან 100 მეტრზე ნაკლები დაშორებით სადავო შენობის ექსპლუატაცია მოსარჩელის უფლებებს არღვევდა. თავისთავად ის, რომ სადავო შენობის განთავსება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს არ შეესაბამება, მოსარჩელის უფლებების დარღვევას არ იწვევს, სხვისი, ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებების დასაცავად კი, იგი სასამართლოს ვერ მიმართავს. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ საავტომობილო გზის ღერძიდან არანაკლებ 100 მეტრი მანძილის დაშორებით სადავო შენობის ექსპლუატაციის აკრძალვის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტთა დასკვნებით, ექსპერტთა დაკითხვის ოქმებითა და მოწმეთა ჩვენებებით დგინდებოდა აპელანტის მიერ სანიტარული ნორმების დაუცველობის გამო, მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე მძიმე სუნის გავრცელება, რომელიც ადამიანებში იწვევს თავის ტკივილსა და გულისრევის შეგრძნებას, ხელს უშლის მოსარჩელე საწარმოს საქმიანობას. სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა კი ქმნის ხანძრის გაჩენისა და მოსარჩელის ტერიტორიაზე მისი გავრცელების საფრთხეს. ექსპერტთა დასკვნებით დადგენილია, რომ ფეკალიების გამწმენდი ნაგებობის აშენებისა და ამოქმედების, წყალგაყვანილობის, კანალიზაციისა და ვენტილაციის სისტემის მოწესრიგებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის შემთხვევაში, მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთზე აპელანტის მხრიდან ზემოქმედება აღმოიფხვრება ან მნიშვნელოვნად შემცირდება. ამასთან, პალატის აზრით, აპელანტს სანიტარული და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა ევალებოდა სადავო შენობის აგების დროისა და საქმიანობის ხანგრძლივობის მიუხედავად.
11. პალატის მითითებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 10 მაისის დასკვნის თანახმად, ფერმებში, ფეკალიების გამწმენდი ნაგებობებიდან საცხოვრებელ დასახლებამდე სანიტარული მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 300 მ.. ამასთან, აღნიშნული მანძილის დაცვა არა კონკრეტულად მოსარჩელის, არამედ, ზოგადად, აპელანტის მეზობლად მდებარე ყველა ნაკვეთთანაა აუცილებელი. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ აპელანტის კუთვნილი ნაკვეთის საერთო ფართი 6 000 კვ.მ-ია. სადავო შენობა უახლოესი დასახლებული შენობიდან 40 მ-ით, ხოლო მოსარჩელის კუთვნილი ნაგებობიდან 72 მ-თ არის დაშორებული. ამ ვითარებაში, პალატის აზრით, საცხოვრებელი დასახლებიდან 300 მ-ში ფეკალიების გამწმენდი ნაგებობის აშენება შესაძლებელია ვერც მოხერხდეს. ამიტომ, ამ ვალდებულების დაკისრებამ, შესაძლებელია, აპელანტის საქმიანობის შეწყვეტა გამოიწვიოს. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტის კუთვნილი ნაკვეთის ფართი და კონფიგურაცია ამის საშუალებას არ იძლევა, იგი არ არის ვალდებული, ფეკალიების გამწმენდი ნაგებობება ააგოს მოსარჩელის კუთვნილი ნაგებობებიდან, მაინც და მაინც, 300 მ-ზე მეტ მანძილზე, თუმცა შეძლებისდაგვარად, ნაგებობებიდან მაქსიმალურად უნდა იყოს დაშორებული.
პირველი კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
13. პირველი კასატორის მტკიცებით, საკითხს, თუ ვინ, როდის ააშენა შენობა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ფაქტია, რომ მოპასუხის ოჯახის წევრები წლებია შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე მისდევენ მეცხოველეობას და სარგებლობენ სადავო საქონლის სადგომით. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო მოსარჩელის მიერ ნაკლიანი ნივთის შეძენას გულისხმობს, კერძოდ, შემძენმა იცოდა საქონლის სადგომში არსებული ანტისანიტარიისა და სუნის შესახებ, მოპასუხეს ეს საკითხი განსჯის საგნად არ გაუხდია პირველი ინსტანციის სასამართლოში. დაუდგენელია, როდიდან გახდა ზემოქმედება აუტანელი. როდესაც მოპასუხე ცხვრის ფარას სეზონურად მიერეკება საძოვარზე, ანტისანიტარიაც იკლებს. შესაბამისად, მოსარჩელე შეძენისას ვერ წარმოიდგენდა ამგვარ ზემოქმედებას.
14. უდავოა, რომ მოპასუხის მიწის ნაკვეთზე მდებარე საქონლის სადგომი აშენებულია შესაბამისი ნებართვისა და პროექტის გარეშე. არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.3 მუხლის თანახმად, მეფრინველეობისა და მეცხოველეობის ფერმების აშენებას ესაჭიროება საქართველოს გარემოსა და ბურნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნებართვა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხის საქმიანობა, თითქოს, სასოფლო-სამეურნეოდ მიიჩნევა, არ შეესაბამება რეალობას. მას 500-ზე მეტი წვრილფეხა საქონელი ჰყავს და ფაქტობრივად სამეწარმეო საქმიანობით არის დაკავებული.
15. არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელეს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მოპასუხის სადავო შენობა-ნაგებობის საავტომობილო გზის ღერძიდან 100 მეტრით დაშორება. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მოპასუხე საქონლის სადგომში არსებულ ცხვრის ფარას ყოველ დილით, მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე საავტომობილი გზატკეცილის გავლით მიერეკება საძოვარზე და საღამოს იმავე მარშრუტით აბრუნებს, რა დროსაც მთელი ტერიტორია ფეკალიებით ივსება, დგება საშინელი სუნი, ხოლო ნალექის დროს მოსარჩელის კუთვნილ ტერიტეორიაზეც აღწევს, იჟღინთება ნიადაგში და ხანგრძლივად ტოვებს სუნს.
16. არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხის ნაკვეთის კონფიგურაციის გამო, შესაძლოა, ვერ მოხერხდეს ფეკალიების გამწმენდი ნაგებობის აშენება მოსარჩელის ნაკვეთიდან 300 მეტრის დაშორებით, რადგან მოპასუხის ნაკვეთი 6000 კვ.მ-ია.
მეორე კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
17. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.
18. მეორე კასატორის მტკიცებით, მისი საქმიანობა ტრადიციულად მიიჩნევა, რამდენადაც მოპასუხე, ისევე, როგორც სოფლის სხვა მცხოვრებლები, წლებია მესაქონლეობას მისდევენ.
19. ამასთან, არ ვლინდება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი თავის მოთხოვნასთან მიმართებით, რამდენადაც მხარეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებობს დამატებით ორი მიწის ნაკვეთი, რომელთა მესაკუთრეებმა დავის პერიოდში სამშენებლო სამუშაოები აწარმოვეს, შესაბამისად, მოსარჩელეს არანაირი ზიანი არ ადგება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
20. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
23. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
24. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
25. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის უძრავი ქონება და მოპასუხის კუთვნილი წვრილფეხა საქონლის სადგომად გამოყენებული შენობა-ნაგებობა, მეზობელ ნაკვეთებზე მდებარეობს, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ სამეზობლო სამართლის მომწესრიგებელ ნორმათა გამოყენება. სამეზობლო ურთიერთთმენის ვალდებულებას ადგენს სსკ-ის 174-ე მუხლი (მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობისა, ვალდებული არიან, პატივი სცენ ერთმანეთს), რომელიც არ არის დეკლარაციული ხასიათის და გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ვალდებულებას, პატივი სცენ სხვისი საკუთრებისა თუ სხვა სამოქალაქო უფლებას და თავიანთი უფლებები გამოიყენონ ისე, რომ ამით ზიანი არ მიაყენონ სხვის უფლებას. მეზობელი უძრავი ქონებიდან მომდინარე ზემოქმედების არსებობა კანონის ფარგლებშია დასაშვები (სსკ-ის 175-ე მუხლი) და სამეზობლო ურთიერთობისათვის დამახასიათებელია ამ ზემოქმედებათა თმენა, რომელიც ეთანხმება მეზობლების ურთიერთპატივისცემის მოვალეობას (იხ. სუსგ №ას-1046-1007-2016, 03.02.2017წ.). სსკ-ის 176-ე მუხლი აწესრიგებს დაუშვებელ ხელყოფასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს (იხ. სუსგ №ას-526-500-2013, 29.10.2013წ).
26. სსკ-ის 174-ე მუხლის შესაბამისად, მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. აღნიშნული ნორმა, რომელიც სამეზობლო თანაცხოვრებისას მესაკუთრეთა ინტერესების დაბალანსებას ეხება, კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გარდა, მეზობლებს ავალდებულებს, პატივი სცენ ერთმანეთს. ურთიერთპატივისცემა, უწინარესად, თითოეული მესაკუთრის მიერ ქონებით სარგებლობისას, საკუთარ ვალდებულებას ეხება, პატივი სცეს მეზობლის უფლებას, რაც შესაძლოა, საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეული შეზღუდვითაც გამოიხატოს. სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილი, საკუთრებით სარგებლობის შესაძლო შეზღუდვისას, სწორედ თმენის ვალდებულებას ეხება, თუკი მესაკუთრის ნაკვეთზე მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედებანი ხელს არ უშლის მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. ამავე ნორმის მეორე ნაწილი უკავშირდება იმავე ვალდებულებას, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და მისი აღკვეთა არ შეიძლება ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. სსკ-ის 175-ე მუხლის მესამე ნაწილით, დადგენილია მესაკუთრის შესაძლებლობა, მოითხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია სამეზობლო ზემოქმედებათა თმენისას, თუკი ასეთი ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს (შდრ. სუსგ: №ას-368-352-3026, 21.10.2016წ; №ას-413-396-2016, 15.07.2016წ.).
27. უსაფუძვლოა სარჩელის დაუსაბუთებლობის თაობაზე მოპასუხის საკასაციო პრეტენზია, რადგან მოსარჩელემ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ მოპასუხე სანიტარული ნორმების დარღვევით საქმიანობს. სსსკ-ის 102-ე-105-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება ვერ გამოდგება ექსპერტიზის დასკვნის გასაბათილებლად, რომელიც დარღვევას ადგენს და რომელიც სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტის მიერ არის შედგენილი. მოპასუხეს სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით შეეძლო, სასამართლოსათვის შეეთავაზებინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნას ეჭვქვეშ დააყენებდა, სასამართლოს კი დაარწმუნებდა, რომ ფერმისგან მომდინარე ემისიები არსებით გავლენას ვერ მოახდენს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე.
28. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედება არსებითად ხელყოფს მოსარჩელის უფლებას, რადგან ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით ფერმის ფუნქციონირებით ზიანი ადგება მოსარჩელეს, რისი საწინააღმდეგოც მოპასუხის მტკიცების ტვირთი იყო და მან ვერ უზრუნველყო. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, ვინც მესაქონლეობას მისდევს, შესაბამისად, მათი უგულებელყოფა მეორე კასატორის იმ არგუმენტით, რომ წვრიფეხა და მსხვილფეხა საქონლის მოშენება და მოვლა-პატრონობა ამ სოფლისათვის ტრადიციული საქმიანობაა, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
29. საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიებსაც დაუსაბუთებლად მიიჩნევს და, კიდევ ერთხელ, განმარტავს, რომ სამეზობლო ნორმები მესაკუთრეთა ისეთ სამართლებრივ ურთიერთობებს ადგენს, როდესაც ისინი ურთიერთპატივისცემით, სამეზობლო სივრცეში არსებული საკუთრების უფლების მოვლისა და დაცვის, მათ შორის – ნორმალურ, მოსალოდნელ ზემოქმედებათა (არსებითი ან არაარსებით) თმენის ვალდებულებით არიან აღჭურვილი, რადგან სსკ-ის 176-ე მუხლი ნებისმიერ მესაკუთრეს თანაბრად იცავს. შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის გამორკვევისას ორივე მხარის ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული (იხ. სუსგ №ას-40-38-2012, 22.03.2012წ.).
30. თმენის ვალდებულება ეფუძნება კანონს (სსკ-ის 175-ე მუხლი). პალატის განსჯით, რაკი მოსარჩელისა და მოპასუხის უძრავი ქონება მომიჯნავე, მეზობელ ნაკვეთებზე მდებარეობს, მათი ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების დაბალანსებისათვის მნიშვნელოვანია სსკ-ის 174-ე მუხლი. ამასთან, თმენის დასაშვები ფარგლები უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის საშუალო გონიერი მოსარგებლის თვალთახედვიდან და არა - მოსარჩელის სუბიექტური აღქმით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს აეკრძალა წვრილფეხა საქონლის სადგომად გამოყენებული შენობის ექსპლუატაცია ფეკალიების გამწმენდი ნაგებობის, წყალგაყვანილობის, კანალიზაციისა და ვენტილაციის გარეშე სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფამდე. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის საქმინაობის ზემოაღნიშნული პირობებით გაგრძელება აღმოფხვრის მოსარჩელის უფლების დაუშვებელ ხელყოფას. რაც შეეხება გარკვეულ დისკომფორტს, რომელიც მოსარჩელის სამეწარმეო საქმიანობას შესაძლოა, მოპასუხის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე მაინც ახლდეს, პალატა მიიჩნევს, რომ სამეზობლო ზემოქმედების თმენის ვალდებულების კანონით დადგენილ ფარგლებს არ გასცდება. ამ მიმართებით გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელის კუთვნილ ნაგებობებთან მიმართებით მოპასუხეს დასაშვები მანძილი არ დაურღვევია. შენობებს შორის დასაშვები მანძილის დარღვევა თავად მოსარჩელის მოქმედებამ, მის მიერ 100 მეტრზე ნაკლებ რადიუსში მშენებლობამ გამოიწვია. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხის უფლების უფრო მეტად შეზღუდვის წინაპირობები.
31. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პრეტენზიას, რომ მოპასუხის კუთვნილი შენობის განთავსება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს არ შეესაბამება, რადგან საავტომობილო გზის ღერძიდან არანაკლებ 100 მეტრი მანძილით უნდა იყოს დაშორებული. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, შენობის საჯაროსამართლებრივ აქტებთან შესაბამისობა არ მოწმდება. დაუშვებელი ხელყოფის სსკ-ის 176-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცებისას, აღკვეთას ექვემდებარება მეზობელ ნაკვეთზე, თუნდაც მშენებლობის წესების შესაბამისად აშენებული ნაგებობიდან მომდინარე ხელშეშლა და, პირიქით, მოსარჩელე, თუ ვერ დაამტკიცებს დაუშვებელ ხელყოფას, სარჩელი არ დაკმაყოფილდება, რამდენადაც სამოქალაქო სამართალწარმოების გზით მშენებლობის წესების დარღვევა არ მოწმდება. მოსარჩელემ კი, ამ მიმართებით დაუშვებელი ხელყოფა ვერ დაამტკიცა.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
33. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორებს დაუბრუნდებათ 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ვ.მ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. დ.ც–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
3. შპს „ვ.მ–ს“ (ს/კ ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ბ–ის (პ/ნ ....... მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი და დარჩენილი 150 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 21.07.2022), 70% - 105 ლარი;
4. დ.ც–ს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ფ–ის (პ/ნ ........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება №1664778082, გადახდის თარიღი 03.10.2022), 70% - 105 ლარი;
5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე