Facebook Twitter

საქმე №ას-615-2020 6 მარტი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - ამხანაგობა „ს.პ–ის“ თავმჯდომარე - თ.ხ–ძე

განმცხადებლის მოთხოვნა - უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ამხანაგობა „ს.პ–ის“ თავმდჯომარემ თ.ხ–ძემ და წევრებმა - ქ.ი–მა, ნ.ა–მა და ა.ჩ–ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ლ.რ–სა და მ.მ–ძის წინააღმდეგ, ხელშეკრულებიდან გასვლისა და უძრავი ნივთის საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით.

2. იმავე მხარეებს შორის ანალოგიურ დავის საგანზე მიმდინარეობდა სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაც, რომელიც 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ისევე როგორც წინამდევარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული სარჩელი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით), რაც ლ.რ–მა ორივე შემთხვევაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლისა და 20212 წლის 21 აპრილის განჩინებებით, ლ.რ–ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც ამ უკანასკნელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ას-615-2020), ლ.რ–ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად. მეორე საკასაციო საჩივარი (საქმე №ას-815-2021), 2022 წლის 7 მარტის განჩინებით, მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განჩინებით, ლ.რ–ს წარმომადგენელ შ.ქ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. გაერთიანდა ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის სამოქალაქო საქმეები – ლ.რ–ს საკასაციო საჩივრის გამო, ამხანაგობა „ს.პ–ის“, თავმჯდომარე თ.ხ–ძის და წევრების - ქ.ი–ის, ნ.ა–ისა და ა.ჩ–ძის მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლისა და უძრავი ნივთის საკუთრებაში დაბრუნების შესახებ (საქმე №ას-615-2020) და ლ.რ–ს საკასაციო საჩივარი ამხანაგობა „ს.პ–ის“ წინააღმდეგ, ასევე, ხელშეკრულებიდან გასვლისა და უძრავი ნივთის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე (საქმე №ას-815-2021).

6. საქმეთა გაერთიანებამდე ამხანაგობის თავმჯდომარემ თ.ხ–ძემ განცხადებებით მომართა უზენაეს სასამართლოს და სამოქალაქო საქმეებზე (საქმე №ას-615-2020; საქმე №ას-815-2021) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა (ასევე, №ას-615-2020 საქმეზე წარმოდგენილი იყო ამხანაგობის თავმჯდომარისა და ლ.რ–ს წარმომადგენლის - შ.ქ–ძის ერთობლივი განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო პალატა წარმოდგენილი შუამდგომლობების შესწავლისა და შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სამოქალაქო საქმეებზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების წინაპირობები არ არსებობს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. წარმოდგენილი განცხადებით ირკვევა, რომ განმცხადებელი (ამხანაგობის თავმჯდომარე) მოითხოვს ამხანაგობისა და მისი დამფუძნებელი წევრების სასარგებლოდ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - მოპასუხის სახელზე რიცხულ ქონებაზე დადებული ყადაღის გაუქმებას.

9. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა მოსარჩელისათვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული შესაძლებლობაა, რათა თავიდან აიცილოს შემდგომში მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა თუ აღსრულების გართულება, შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა, სსსკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, მხარის დისპოზიციური უფლებაა. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე, რომლის სასარგებლოდაც არის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მოითხოვს მის გაუქმებას, დადგენილი შეზღუდვის ძალაში დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას მხოლოდ ამხანაგობის თავმჯდომარე მოითხოვს, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი განცხადებებით ამხანგობის დამფუძნებელი წევრები აღნიშნულს არ ეთანხმებიან და მეტიც, სადავოდ ხდიან ამხანაგობის თავმჯდომარის ქმედებებსა და მის უფლებამოსილებას წარმოადგინოს ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების წინაპირობები.

10. პალატა, კიდევ ერთხელ, მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების უმთავრესი მიზანი დავაზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელშეწყობა და მოსარჩელის ინტერესების დაცვაა. ის წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფეტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობის მიზნიდან გამომდინარე უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე სახეზეა მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის აუცილებლობა.

11. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ამხანაგობის თავმჯდომარის გამოხატული ნება არ ადასტურებს ამხანაგობის სხვა დამფუძნებელი წევრების ნებას, რომ აღარ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა გამოყენებული უზრუნვლყოფის ღონისძიების (საქმე №ას-615-2020; საქმე №ას-815-2021) გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 191-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ამხანაგობა „ს.პ–ის“თავმჯდომარე თ.ხ–ძის განცხადება სარჩელის უზრუნევლყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე