ბს-745-711(გ-06) 18 ოქტომბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა,
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ლ. ლაზარაშვილი
სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის დავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2006წ. 28 ივნისს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ბ. რ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2005წ. 1 მარტს თავდაცვის სამინისტროსა და ბ. რ-ის შორის გაფორმდა კონტრაქტი 4 წლის ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მხარეებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაეკისრებოდათ პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით. გაწეული საქმიანობის გასამრჯელო განისაზღვრა კონტრაქტის ძალაში შესვლის დღიდან, შესაბამისად განისაზღვრა კონტრაქტის მოქმედების ვადა და მისი ვადამდე შეწყვეტის პირობები. კონტრაქტის 7.3 მუხლის შესაბამისად, “თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილითა და “სამინისტროსთან” შეთანხმებით დატოვებდა სამხედრო ძალებს, ან შექმნიდა პირობებს იმისათვის, რომ “სამინისტრო” იძულებული გახდებოდა შეეწყვიტა ოთხწლიანი კონტრაქტი, “სამხედრო მოსამსახურე” უპირობოდ ხდებოდა ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსათვის მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები...”
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე – ბ. რ-მა დაარღვია კონტრაქტის პირობები, რის გამოც, მხრეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის 7.3 მუხლის შესაბამისად, მას უნდა დაკისრებოდა თავდაცვის სამინისტროსათვის 5262,40 ლარის ანაზღაურება.
ამასთან, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ზემოაღნიშნული კონტრაქტის 8.4 მუხლის თანახმად, “სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, დავის არსებობისას განსჯად სასამართლოდ ჩაითვლებოდა სამინისტროს ადგილსამყოფელი რაიონული სასამართლო ან მისი უფლებამონაცვლე.”
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ბ. რ-ს დაკისრებოდა თავდაცვის სამინიტროსათვის 5262,40 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006წ. 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება ბ. რ-ის მიმართ განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას იმ მოტივით, რომ მოცემული დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსახილველ დავას წარმოადგენდა, ვინაიდან, მოპასუხე ბ. რ-ის დადებული ხელშეკრულება (კონტრაქტი) არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ პირთან (მოპასუხე- ბ. რ-ი) საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით და, შესაბამისად, დავაც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2006წ. 20 სექტემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმის ადმინისტრაციულ კოლეგიაში გადაგზავნისას არასწორად განსაზღვრა ტერიტორიულად უფლებამოსილი სასამართლო, ვინაიდან, მართალია, დავა ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას განეკუთვნებოდა, მაგრამ ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით, იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი არ იყო. სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ბ. რ-ის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. ქუთაისი, შესაბამისად, საქმეზე უფლებამოსილ სასამართლოდ ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლო უნდა მიჩნეულიყო და საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას გადაეგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და განსჯადობის თაობაზე სასამართლოთა მოსაზრებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ბ. რ-ის მიმართ ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უფლებამოსილ ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადასაგზავნად, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამათალწარმოებით განიხილება დავა, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის “თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოს _ თავდაცვის სამინისტროს მიზანს უდავოდ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება _ სახელმწიფოსათვის სამხედრო მოსამსახურეთა კორპუსით უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
ამრიგად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოცემული საქმე სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განიხილოს. დავას იწვევს ის ფაქტი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია რამდენად არის ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით უფლებამოსილი სასამართლო, განიხილოს ეს საქმე. მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ტერიტორიულ განსჯადობაზე არ იმსჯელა, მაგრამ ის გარემოება, რომ საქმე ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გადაუგზავნა, ნიშნავს იმას, რომ სწორედ ეს სასამართლო მიიჩნია უფლებამოსილ სასამართლოდ, როგორც დარგობრივი, ისე ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სადავოდ მხოლოდ ტერიტორიული განსჯადობა გახადა და ჩათვალა, რომ უფლებამოსილ სასამართლოს მოპასუხის ადგილსამყოფელის გათვალისწინებით, ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლო წარმოადგენდა და საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაუგზავნა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თავდაცვის სამინისტროსა და ბ. რ-ს შორის 2005წ. 1 მარტს დადებული “თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” ხელშეკრულების 8.4 მუხლის თანახმად, მოცემული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავის წარმოშობისას, სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, განსჯად სასამართლოდ მიიჩნევა სამინისტროს ადგილსამყოფელი რაიონული სასამართლო ან მისი უფლებამონაცვლე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სახელშეკრულებო დათქმა ვერ შეცვლის სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ დებულებებს განსჯადობის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად აღიარებს, რომ საქართველოს საერთო სასამართლოები საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესით და მათი განხილვა ხორციელდება საპროცესო კოდექსის ნორმათა შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას უპირატესად მოქმედებს ამ კოდექსით დადგენილი ნორმები და მხარეთა მიერ დადებული შეთანხმების საფუძველზე მათი შეცვლა დაუშვებელია (სსკ-ის პირველი მუხლი).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის მე-15 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
სსკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი განსაკუთრებულ განსჯადობას ადგენს და მიუთითებს, რომ ხეკლშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო, მაგრამ, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ხსენებულ დავაზე აღნიშნული მუხლი ვერ გავრცელდება, ვინაიდან 2005წ. 1 მარტის ხელშეკრულებიდან ამ ხელშეკრულების შესრულების კონკრეტული ადგილი არ იკვეთება, იგი არ შეიცავას შესრულების ზუსტ ადგილზე მითითებას, რაც მოცემულ დავასთან მიმართებაში სსკ-ის 16.2 მუხლის გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელის განსჯადობა სსკ-ის მე-20 მუხლის შესაბამისადაც ვერ გადაწყდება, რადგან თავდაცვის სამინისტროს სარჩელი საპროცესო კანონმდებლობის ნორმათა გათვალისწინებით რამდენიმე სასამართლოს განსჯადი უდავოდ არ არის. ამასთან, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სსკ-ის დასახელებული ნორმებისაგან განსხვავებულ წესს არ ადგენს, შესაბამისად ადმინისტრაციულ პროცესშიც ეს ნორმები გამოიყენება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული სარჩელის შემთხვევაში ე.წ. “ალტერნატიულ განსჯადობას” ადგილი არ აქვს, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იგი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უნდა განიხილოს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით წამოწყებული კლასიკური დავა განსჯადობის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შორის, საკასაციო სასამართლო არაა უფლებამოსილი მოცემული საქმე პირდაპირ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნოს, რის გამოც მიიჩნევს, რომ დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უნდა დაუბრუნდეს, რომელიც საქმეს ადმინისტრაციული სამართლაწარმოებით განსახილველად უფლებამოსილ ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნის.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ბ. რ-ის მიმართ დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უფლებამოსილ ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადასაგზავნად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.