Facebook Twitter

საქმე №ას-615-2020 13 მარტი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ლ.რ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ამხანაგობა „ს.პ–ი“, თავმჯდომარე - თ.ხ–ძე, წევრები - ქ.ი–ი, ნ.ა–ი, აჩ–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გასვლა, უძრავი ნივთის საკუთრებაში დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ამხანაგობა „ს.პ–ის“ თავმდჯომარემ თ.ხ–ძემ და წევრებმა - ქ.ი–მა, ნ.ა–მა და ა.ჩ–ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ლ.რ–ისა და მ.მ–ძის წინააღმდეგ, ხელშეკრულებიდან გასვლისა და უძრავი ნივთის საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით.

2. იმავე მხარეებს შორის ანალოგიურ დავის საგანზე მიმდინარეობდა სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაც, რომელიც 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ისევე როგორც წინამდევარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული სარჩელი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით), რაც ლ.რ–მა ორივე შემთხვევაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლისა და 2021 წლის 21 აპრილის განჩინებებით, ლ.რ–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც ამ უკანასკნელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ას-615-2020), ლ.რ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად. მეორე საკასაციო საჩივარი (საქმე №ას-815-2021), 2022 წლის 7 მარტის განჩინებით, მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

5. 2024 წლის 29 თებერვალს კასატორის წარმომადგენელმა შ.ქ–ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ კასატორი უარს ამბობს საკასაციო საჩივრებზე, რის საფუძველზეც, შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განჩინებით, ლ.რ–ის წარმომადგენელ შ.ქ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. გაერთიანდა ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის სამოქალაქო საქმეები – ლ.რ–ის საკასაციო საჩივრის გამო, ამხანაგობა „ს.პ–ის“, თავმჯდომარე თ.ხ–ძის და წევრების - ქ.ი–ის, ნ.ა–ისა და აჩ–ძის მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლისა და უძრავი ნივთის საკუთრებაში დაბრუნების შესახებ (საქმე №ას-615-2020) და ლ.რ–ის საკასაციო საჩივარი ამხანაგობა „ს.პ–ის“ წინააღმდეგ, ასევე, ხელშეკრულებიდან გასვლისა და უძრავი ნივთის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე (საქმე №ას-815-2021).

7. სასამართლო დამატებით დაუკავშირდა კასატორს, რომელმაც დაადასტურა საკასაციო საჩივარზე უარის თქმა (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

9. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.

10. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

11. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

12. კასატორმა საკასაციო საჩივარზე უარის თქმით განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლება, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

13. სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. ამასთან, საკასაციო სასამართლო განუმარტავს კასატორს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით.

14. სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელის ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

15. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ.რ–ს საკასაციო საჩივარზე (საქმე №ას-615-2020) სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი, ხოლო რაც შეეხება მეორე საკასაციო საჩივარს (საქმე №ას-815-2021), ამ შემთხვევაში, კასატორს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის გადახდა. ამასთან, უდავოა, რომ საქმის არსებითად განხილვამდე მოხდა საკასაციო საჩივრაზე უარის თქმა (კანონი ამ შემთხვევაში კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად უბრუნებს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხას), თუმცა, გადავადებლი სახელმწიფო ბაჟის გათვალისწინებით, არ არსებობს მეორე საკასაციო საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ.რ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ლ.რ–ის საკასაციო საჩივრებზე შეწყდეს წარმოება;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლისა და 20212 წლის 21 აპრილის განჩინებები დარჩეს უცვლელად;

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. ლ.რ–ს (ს/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზ.ბ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის (საგადასახადო დავალება №0 / გადახდის თარიღი 28.09.2020), 50% - 3000 ლარი;

6. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე