საქმე №ას-565-2022 29 თებერვალი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
I კასატორი - შპს „ე.ტ.ს–მა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.ბ–ი“ (მოპასუხე)
II კასატორი - სს „თ.ბ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე.ტ.ს–მა“
მესამე პირი - „კ.ე.გ.კ–ია“ (E)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ე.ტ.ს–მამ“ (შემდგომ - მსესხებელი, მოსარჩელე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ.ბ–ის“ (შემდგომ - ბანკი, მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 31 მაისს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. დამტკიცებული სესხი 10 262 023 აშშ დოლარი გრაფიკის შესაბამისად, 2022 წლის 1 ივნისამდე უნდა დაბრუნებულიყო. სესხით უნდა დაფინანსებულიყო მოსარჩელის მიერ სამი სასაწყობე ნაგებობის (ფოლადის კონსტრუქციები) შეძენა, ტრანსპორტირება და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოსარჩელის საიჯარო მიწის ნაკვეთზე აშენება. გირავნობის გარდა სესხს უზრუნველყოფდა Export Development Canada-ს (EDC) – (შემდგომ - მესამე პირი) მიერ გაცემული კლიენტის დაფინანსების გარანტია.
3. დამტკიცებული კრედიტიდან მოსარჩელის მიერ მიღებულად დაფიქსირდა 8 778 133,37 აშშ დოლარი, თუმცა მოსარჩელემ რეალურად მიიღო 7 564 047,25 აშშ დოლარი, რადგან ბანკმა სხვადასხვა საკომისიოს სახით ჩამოაჭრა ჯამურად 1 214 086,5 აშშ დოლარი, აქედან 199 870,5 აშშ დოლარი - კრედიტის გაცემის საკომისიო, 888561 აშშ დოლარი - სესხის უზრუნველყოფის საკომისიო, 25 655 აშშ დოლარი - სესხის უზრუნველყოფის ადმინისტრირების, ხოლო 100 000 აშშ დოლარი - მშენებლობის მონიტორინგის საკომისიო. ბოლო ტრანში კი - 1 483 889,63 აშშ დოლარი მოსარჩელეს აღარ მიუღია, რადგან 2017 წლის 16 ოქტომბრის შეტყობინებით ბანკმა კანონის დარღვევით, ცალმხრივად ვადამდე შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება და გამოიხმო სესხი 8 845 743,83 აშშ დოლარი. მოგვიანებით, კლიენტის დაფინანსების გარანტიის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ თავისი მოთხოვნები სრულად დაუთმო მესამე პირს/გარანტს, სადაც მოთხოვნის ოდენობა განისაზღვრა 9 014 099,47 აშშ დოლარით. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, მესამე პირმა მოსარჩელისგან მოითხოვა ამ თანხის გადახდა.
4. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის ჩამოჭრილი მშენებლობის მონიტორინგის საკომისიო - 100 000 აშშ დოლარი, რადგან არაფერი აშენებულა, რომლის მონიტორინგის ღირებულებაც მოიაზრებოდა ამ თანხაში, შესაბამისად, ბანკს მომსახურება არ გაუწევია.
5. მოპასუხეს უნდა დაეკისროს ზედმეტად გადახდილი 140 794,23 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის საკომისიოს სახით გადახდილი 888 691 აშშ დოლარი წარმოადგენდა კლიენტის დაფინანსების გარანტიის გათვალისწინებულ საგარანტიო თანხას, რომელიც გარანტიის გაცემის სანაცვლოდ, მოპასუხეს მესამე პირისათვის უნდა გადაეხადა. შეთანხმების თანახმად, საკომისიო უნდა ყოფილიყო სესხის თანხის 8,52%. ვინაიდან მოსარჩელეს რეალურად მიღებული აქვს 8 778 133,37 აშშ დოლარი, უზრუნველყოფის საკომისიო 747 896,96 (8 778 133,37 X 8,52%) აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო, რაც 140 794,23 აშშ დოლარით ნაკლებია რეალურად გადახდილ 888 691 აშშ დოლარზე.
6. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის გაცემის საკომისიო განისაზღვრა ფიქსირებული თანხით – 199 870,5 აშშ დოლარით (2,13 პუნქტი), რაც გაცემული სესხის (8 778 133,37 აშშ დოლარის) 2,2756%, ხოლო კრედიტის მთლიანი თანხის (10 262 023 აშშ დოლარის) 1,9%-ია. აღნიშნული პროცენტი მნიშვნელოვნად აღემატება ბანკის მიერ საჯაროდ (ვებგვერდით) შეთავაზებულ 0,4 პროცენტს. ამდენად, ხელშეკრულების ეს პირობა ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და კრედიტის გაცემის საკომისიო უნდა დაანგარიშდეს რელურად გაცემული თანხიდან (8 778 133,37 აშშ დოლარიდან) ბანკის მიერ საჯარო შეთავაზებული ტარიფის (0,4%) შესაბამისად, რაც 35 112,5 აშშ დოლარია. სხვაობა კი - 165 457,9 აშშ დოლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
7. საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომაც ბანკმა მოსარჩელეს უკანონოდ დაარიცხა პროცენტი და პირგასამტეხლო - 371 656,52 აშშ დოლარი, რომელიც მოსარჩელისათვის ზიანს წარმოადგენს და უნდა აუნაზღაურდეს. ასეც რომ არ იყოს, დარიცხული პირგასამტეხლო - დღიურად 0.1% შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
მოპასუხის შესაგებელი
8. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა მსესხებლის მიერ სესხის ზედიზედ ორჯერ ვადაგადაცილება და დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლა. სწორედ ამიტომ მოეთხოვა სესხის ძირითად თანხასთან ერთად სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაუყოვნებლივ ანაზღაურება. ამავე დროს ეცნობა, რომ საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტა არ აჩერებდა პროცენტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვას.
9. რადგან სესხით მშენებლობა დაფინანსდა, ბუნებრივია, ბანკისთვის მნიშვნელოვანი იყო სესხის მიზნობრიობის კონტროლი. ამასთან, თავად კონტროლიც სპეციფიკური იყო. მშენებლობის მონიტორინგის საკომისიოს დანიშნულება იყო ბანკის შიდა გარანტია მსესხებლის საქმიანობის შესასწავლად და საკრედიტო ურთიერთობის გაგრძელების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, არ არსებობს 100 000 აშშ დოლარის დაბრუნების საფუძველი.
10. კრედიტის გაცემის საკომისიო წარმოადგენს ფიქსირებულ საკომისიოს და ის განისაზღვრა სესხის მოცულობისა და არასტანდარტულობის გათვალისწინებით. მოსარჩელის მიერ მითითებული 0,4% ბანკის მხრიდან ფიზიკური პირებისთვის შეთავაზებული პროცენტია და მასზე მითითება არასწორია.
11. რაც შეეხება სესხის უზრუნველყოფის საკომისიოს, კრედიტის გაცემის საკომისიოს მსგავსად, ფიქსირებული თანხაა, დათვლილია სესხის სრული თანხიდან და შეადგენდა 8,66%-ს. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული 8,52%-ის ნაწილში 2016 წლის აპრილში შევიდა ცვლილება და საკომისიო 8,66% გახდა.
12. ბანკის მტკიცებით, ყველა მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა 100 000 აშშ დოლარისა და 28 960,24 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; მოსარჩელეს უარი ეთქვა 140 794,23 აშშ დოლარისა და 371 656,52 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე. 31.05.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.13 პუნქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
14. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ მშენებლობის მონიტორინგის საკომისიოს განსაზღვრის მიზანს წარმოადგენდა საბანკო კრედიტის მიზნის შესრულების გაკონტროლება - საბანკო კრედიტით დაფინანსდა კონკრეტული მშენებლობა და უნდა გაკონტროლებულიყო ბანკის გადაწყვეტილების მიზნობრიობა. საბანკო კრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ ფოთის ინდუსტრიულ ზონაში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე სამი სასაწყობე ნაგებობის მოწყობა/აშენება BEHLEN Industries LP-სგან მიწოდებული კონსტრუქციისა და მომსახურების გამოყენებით. უდავოა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ისე შეწყდა ბანკის მხრიდან, რომ მოსარჩელესა და BEHLEN Industries LP-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება შესრულებული არ არის - საწყობის მონტაჟი არ არის დაწყებული და შეძენილი კონსტრუქციები განთავსებულია საბაჟო ტერმინალში. ამდენად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ არ არსებობდა შესრულება, შესაბამისად, არც მისი გადახდის ვალდებულება ვლინდებოდა და, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის შესაბამისად, როგორც ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხა, უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე, ექვემდებარებოდა დაბრუნებას.
17. მოთხოვნის გამომრიცხავ გარემოებად მოპასუხე მიუთითებდა ხანდაზმულობაზეც. მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან საკომისიო 2017 წლის 10 იანვარს ჩამოეჭრა, ხოლო სარჩელი აღძრულია 2020 წლის 19 ოქტომბერს, გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა აღნიშნული მსჯელობა და სწორად განმარტა, რომ უსაფუძვლოდ მიღებულის უკუქცევისათვის გამოიყენება სსკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო ვადა – 10 წელი. შესაბამისად, მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო.
18. რაც შეეხება მოთხოვნას სესხის უზრუნველყოფის საკომისიოს სახით გადახდილი 888 691,19 აშშ დოლარიდან ზედმეტად გადახდილი 140 794,23 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის პოზიციას გამორიცხავდა თავად კლიენტის დაფინანსების გარანტიისა და მასში შესული ცვლილების შეთანხმება, რომლის თანახმად საგარანტიო საკომისიოს განაკვეთი 8,52% შეიცვალა 8,66%-ით. საკითხი, თუ რომელი თანხიდან უნდა დაანგარიშდეს საკომისიოს პროცენტი, კრედიტს ეტაპობრივად (ტრანშებად) ითვისებდნენ და საფუძველს მოკლებულია პოზიცია, რომ ბანკს სესხის უზრუნველყოფის საკომისიო თითოეული ტრანშისთვის ცალ-ცალკე დაეწესებინა. ამდენად, პალატის შეფასებით, არასწორი იყო მოსარჩელის პოზიცია, რომ საკომისიო რეალურად გაცემული კრედიტიდან უნდა დანგარიშებულიყო. შესაბამისად, არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის წინაპირობა არ ვლინდებოდა.
19. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი აპელანტის მტკიცება, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ პროცენტი და პირგასამტეხლო დააკისრა და მიუთითა, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა, კრედიტორს მიანიჭა უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. კონკრეტულ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შეწყდა მსესხებლის მხრიდან საკრედიტო ვალდებულების დარღვევის საფუძვლით. შეწყვეტის შესახებ წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევდა ჯარიმისა და პროცენტის დარიცხვის შეწყვეტას. მათ დარიცხვასთან დაკავშირებით გასაზიარებელია მოპასუხის პოზიცია, რომ მოსარჩელეს თანხა დაერიცხა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის ფარგლებში, რომლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.
20. სესხის გაცემის საკომისიოსთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, როგორც ხელშეკრულების დადების დროისთვის, ასევე შემდგომში მოქმედი ნორმატიული აქტების გათვალისწინებით ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს, სხვადასხვა მომსახურებაზე დააწესოს საკომისიო, ხოლო კანონი გარკვეულ შემთხვევებში ადგენს საკომისიოს მაქსიმალურ ზღვარს. ამასთან, კრედიტის გაცემის საკომისიოს ზღვრის დადგენისას ბანკი არაა შეზღუდული კონკრეტული სესხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე დაადგინოს საკომისიოს ოდენობა, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს ბანკის მხრიდან ზოგადად დადგენილი ოდენობისგან. ეს არ გულისხმობს პირისათვის არათანაბარი მდგომარეობის შექმნას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება სესხის გაცემის საკომისიოს 0,4%-ით დაანგარიშებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სწორად ეთქვა უარი ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. რაც შეეხება იმ გარემოებას, თუ რომელი თანხიდან უნდა განისაზღვროს ის, კონკრეტული საკომისიოს დანიშნულების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ რეალურად გაცემული კრედიტიდან უნდა დაანგარიშებულიყო. ამ მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ზედმეტად ჰქონდა გადახდილი 28 960,24 აშშ დოლარი (8 778 133,37X1.947%-199870,50), რაც სსკ-ის 976-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე ექვემდებარებოდა დაბრუნებას.
პირველი კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
21. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
22. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, არცერთმა სასამართლომ არ იმსჯელა საბანკო კრედიტის შეწყვეტის მართლზომიერებზე, რომელიც მოცემული დავის საკვანძო საკითხია. მოსარჩელე მუდმივად ამტკიცებდა, რომ 2017 წლის 11 სექტემბრის დავალიანების არსებობის შეტყობის მომენტში მოსარჩელეს ბანკის მიმართ დავალიანება არ ჰქონდა. ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულება წარმოიშვა 2017 წლის 10 ოქტომბრიდან, მანამდე ყოველი თვის 10 რიცხვში მსესხებელს მხოლოდ პროცენტის გადახდის ვალდებულება ჰქონდა, რომელსაც იხდიდა. შესაბამისად, 2017 წლის 16 ოქტომბერს ხელშეკრულების შეწყვეტა იყო უკანონო სსკ-ის 873-ე მუხლიდან გამომდინარე. ბანკმა ამ ქმედებით დაარღვია სახელშეკრულებო კეთილსინდისიერების პრიციპიც.
23. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის დოკუმენტით მსესხებელს ეცნობა პროცენტის დარიცხვის გაგრძელების შესახებ, რაც ბანკის მიერ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას წარმოადგენს. გაუგებარია, თუკი ბანკმა მიუღებელი შემოსავალი დაარიცხა მსესხებელს, რატომ მისწერა პროცენტის დარიცხვის შესახებ. ამასთან, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ პროცენტის დარიცხვა ეწინააღმდეგება სსკ-ის 625-ე და 403-ე მუხლებსა და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
24. კრედიტის გაცემის საკომისიოსთან დაკავშირებულ მსჯელობაში სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაზე მითითებით, რომელიც არ უკავშირდება ჩვენს მოთხოვნას. მოსარჩელე ხელშეკრულების ამ პუნქტის ბათილობას სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე ითხოვდა, რადგან ამორალური პირობა იყო და ეწინააღმდეგებოდა სსკ-ის მე-8 მუხლსაც.
25. გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია მოპასუხისათვის 140 794.23 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, რადგან სასამართლომ არ გასცა პასუხი მოპასუხის არგუმენტს, რომ პროცენტის 8.52-დან 8.66-მდე გაზრდის შესახებ მოსარჩელემ არაფერი იცოდა, მოპასუხე და მესამე პირი აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელის თანხმობის გარეშე შეთანხმდნენ. გაუგებარი დარჩა, სასამართლომ რატომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს კრედიტის გაცემის საკომისიო ფაქტობრივად მიღებული სესხიდან უნდა გადაეხადა, ხოლო კრედიტის უზრუნველყოფის საკომისიო - მთლიანი სესხიდან. მით უფრო, რომ კლიენტის დაფინანსების გარანტიის შინაარსიდან დგინდება, რომ საკომისიოს პროცენტი უნდა გამოთვლილიყო არა დამტკიცებული სესხიდან, რომელიც მოსარჩელეს სრულად არ მიუღია, არამედ ფაქტობრივად მიღებული სესხიდან.
მეორე კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
26. გასაჩივრებული განჩინებით ბანკს არასწორად დაეკისრა მშენებლობის მონიტორინგის საკომისიოს - 100 000 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. საკომისიოს მიზანი იყო ბანკის შიდა გარანტია მსესხებლის საქმიანობის შესასწავლად და საკრედიტო ურთიერთობის გაგრძელების უზრუნველსაყოფად. განსახილველ შემთხვევაში საკითხი უკავშირდებოდა იმდენად არასტანდარტულ მიზნობრიობას (სამი სასაწყობე ნაგებობის მოწყობა-აშენება, BEHLEN Industries LP-საგან გამოგზავნილი კონსტრუქციისა და მომსახურების გამოყენებით), რომ ამ სფეროს ცოდნა და კვალიფიციური დასკვნა მოითხოვდა სპეციალურ ცოდნას. სასამართლომ ბანკის მიერ მონიტორინგის გაუწევლობის შესახებ ისე დაასკვნა, რომ არ შეაფასა სესხის გაცემისთვის შესრულებული პროცედურები, რაც სწორედ მშენებლობის მონიტორინგის ნაწილი იყო. ამასთან, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე, რადგან მოთხოვნა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა. მშენებლობის მონიტორინგის ბოლო საკომისიო მსესხებელმა 2017 წლის იანვარში გადაიხადა, სარჩელი 2020 წლის ოქტომბერში აღძრა, შესაბამისად, ის ხანდაზმულია.
27. გაურკვეველი და დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ ბანკს კრედიტის გაცემის საკომისიო უნდა მიეღო რეალურად გაცემული თანხიდან. მხარეთა მიერ საკომისიოს თანხა განსაზღვრული იყო ფიქსირებულად, ამასთან, სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა იმ პუნქტის ბათილობაზე, რომლითაც საკომისიოს კონკრეტული ოდენობაა განსაზღვრული. სესხი გაცემული იყო ტრანშებად სხვადასხვა დროს, სესხის გაცემის ფიქსირებული საკომისიოს გადახდა კი წინასწარ ერთიანი ფორმით შეთანხმდა, რაც მოწმობს მის ფიქსირებულ ბუნებას და მისი პროცენტულ მაჩვენებელში გადაყვანა მხარეთა ნება თავიდანვე არ ყოფილა. გარდა ამისა, მსესხებელმა საკომისიო გადაიხადა ხელშეკრულების საფუძველზე და მისი უკან დაბრუნება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე არასწორია. სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა კი გასულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
28. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
29. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება, გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო, არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979.1 მუხლი (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე, სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით).
31. შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი ან ამგვარი საფუძველი, ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა, ან შემდგომ შეწყდა. შესრულების უკან მოთხოვნისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: ერთი პირის მიერ მეორისათვის სამართლებრივი სიკეთის შესრულების საფუძველზე გადაცემა; მეორე პირის მიერ შესრულების საფუძველზე სამართლებრივი სიკეთის შეძენა; შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა. შესაბამისად, კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; სამართლებრივ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა.
32. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი 140 794.23 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ კლიენტის დაფინანსების გარანტიის შეთანხმებიდან გამომდინარე, საგარანტიო საკომისიო პროცენტის 8.52-დან 8.66-მდე გაზრდის შესახებ მოსარჩელისათვის არ იყო ცნობილი, მოპასუხე და მესამე პირი აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელის თანხმობის გარეშე შეთანხმდნენ. კრედიტის უზრუნველყოფის საკომისიო - არა მთლიანი სესხიდან (10 262 023 აშშ დოლარი), არამედ ფაქტობრივად მიღებული თანხიდან (8 778 133.37 აშშ დოლარი) უნდა დათვლილიყო. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ კლიენტის დაფინანსების გარანტიისა და, მასში შესული ცვლილების შეთანხმების თანახმად, საგარანტიო საკომისიოს განაკვეთი 8,52% შეიცვალა 8,66%-ით. ცვლილება შევიდა ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესახებაც მხარისათვის ცნობილი იყო. რაც შეეხება, თუ რომელი თანხიდან უნდა დაანგარიშდეს საკომისიოს პროცენტი, მხარეთა შეთანხმებიდან დგინდება, რომ კონკრეტული საკომისიო არის სესხის უზრუნველყოფის საკომისიო, რომელსაც ფინანსური ორგანიზაცია აწესებს ერთგვარად გადახდის ვალდებულების შესრულების გარანტიისათვის და პირდაპირ დაკავშირებულია კრედიტის მთლიან თანხასთან, რაც ხელშეკრულებით 10 262 023 აშშ დოლარი იყო. თანხას მოსარჩელე იღებდა ეტაპობრივად (ტრანშებად) და საფუძველს მოკლებულია პოზიცია, რომ ბანკს სესხის უზრუნველყოფის საკომისიო თითოეული ტრანშისთვის ცალ-ცალკე დაეწესებინა. შესაბამისად, მოპასუხისათვის 140 794.23 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნას საფუძველი არ აქვს.
33. რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ თანხის დაკისრებას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებლი პრაქტიკის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ კრედიტით სარგებლობა არ გადაიქცევა უსასყიდლოდ, არამედ მსესხებელს შესაძლოა, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დაეკისროს მიუღებელი შემოსავალი, ანუ შეიცვალოს სარგებლის დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის დარიცხვის ოდენობა დამოკიდებულია არა ხელშეკრულების შეწყვეტაზე, არამედ მოვალის მიერ კრედიტორისათვის კრედიტად მიღებული თანხის უკან დაბრუნების მომენტზე (შდრ. სუსგ №ას-64-2022, 24 თებერვალი, 2023 წელი). თუმცა განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ბანკისათვის 371 656,52 აშშ დოლარის დაკისრებას მოითხოვს იმაზე მითითებით, რომ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომაც ბანკმა მოსარჩელეს უკანონოდ დაარიცხა პროცენტი და პირგასამტეხლო - 371 656,52 აშშ დოლარი, რომელიც მოსარჩელისათვის ზიანს წარმოადგენს და უნდა აუნაზღაურდეს. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს, რომ დარიცხული 371 656,52 აშშ დოლარიდან რამდენია მიუღებელი შემოსავალი და რამდენი პირგასამტეხლო, არ დგინდება. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ დარიცხული 371 656,52 აშშ დოლარის (რომლის მოთხოვნის უფლება ბანკმა მესამე პირს დაუთმო), როგორც არაკანონიერად დარიცხული თანხის, მოვალის მიერ თავდაპირველი კრედიტორისათვის (ცედენტისათვის) დაკისრების მოთხოვნა არასწორია. თანხის დარიცხვის მართლზომიერებას სასამართლო განსახილველ დავაში ვერ შეამოწმებს, მით უფრო, რომ მოსარჩელის მიერ ამ თანხის მესამე პირისათვის ანაზღაურება არ დასტურდება, შესაბამისად, პალატა თანხას მოსარჩელის ზიანად ვერ განიხილავს, როგორც ამას თავად უთითებს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოვალეს შეუძლია, მიუღებელი შემოსავლის დარიცხვისა თუ მისი ოდენობის თაობაზე მოთხოვნის ახალ მფლობელს შესაგებელის ფარგლებში ედავოს, ისევე, როგორც პირგასამტეხლოს თაობაზე. ამასთან, მართალია, მოვალეს შეუძლია ახალი კრედიტორის წინააღმდეგ სარჩელიც აღძრას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, თუმცა როგორც აღინიშნა, მითითებული საკითხი მოცემული დავის ფარგლებში განსახილველი არ არის.
34. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბანკისათვის 100 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობა მართებულია. დადგენილია, რომ სსკ-ის 867-ე მუხლის საფუძველზე გაცემული კრედიტის ხელშეკრულებით დადგინდა მშენებლობის მონიტორინგის საკომისიოს ხარჯი - 100 000 აშშ დოლარი. რამდენადაც საბანკო კრედიტით დაფინანსდა კონკრეტული მშენებლობა, საკომისიოს განსაზღვრის მიზანი ცალსახაა, რომ საბანკო კრედიტის მიზნის შესრულების გაკონტროლება იყო. დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ისე შეწყდა ბანკის მხრიდან, რომ მოსარჩელესა და მის კონტრაჰენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება (სასაწყობე ნაგებობის მოწყობა/აშენება) შესრულებული არ არის, კერძოდ, საწყობის მონტაჟი არ დაწყებულა და შეძენილი კონსტრუქციები განთავსებულია საბაჟო ტერმინალში (მშენებლობის მონიტორიგის მიზნით ბანკის მხრიდან მომსახურების გაწევა დაუდასტურებელია). შესაბამისად, მშენებლობის მონიტორინგის საკომისიო - 100 000 აშშ დოლარი, როგორც უსაფუძვლოდ გადახდილი, დაბრუნებას ექვემდებარება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბანკს ამ მოთხოვნის უარსაყოფად დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარუდგენია.
35. არ არის გასაზიარებელი კასატორის არც მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული პრეტენზია. მართალია, ხელშეკრულების საფუძველზე შესრულდა, მაგრამ, როგორც დადგინდა, მშენებლობა (სასაწყობე ნაგებობის მოწყობა/აშენება) და მისი მონიტორინგი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო არ განხორციელებულა, შესაბამისად, სამართლებრივი შედეგი - უსაფუძვლოდ გადახდილის დაბრუნება კონდიქციური ნორმების საფუძველზე მიიღება. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის მიმართ კი, გამოიყენება სსკ-ის 128-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო ვადა - 10 წელი (ეს ვადა დადგენილია ყველა იმ ურთიერთობისათვის, რომელიც არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას (შდრ. სუსგ №ას-472-448-2013, 5 დეკემბერი, 2013 წელი; №ას-841-2021, 24 ივნისი, 2022 წელი; №ას-964-2022, 30 ოქტომბერი, 2023 წელი). ასეც რომ არ იყოს და მოთხოვნის სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადის გამოყენებასთან დაკავშირებით მოპასუხის შესაგებელი გავიზიაროთ, მოთხოვნა ხანდაზმული მაინც არ იქნებოდა. სსკ-ის 130.1 მუხლიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარმოშობის მომენტი ხელშეკრულების შეწყვეტას უკავშირდება და არა - მშენებლობის საკომისიოს გადახდის ბოლო შენატანს (2017 წლის იანვარი), როგორც ამას მოპასუხე მიუთითებდა. ხელშეკრულება კი 2017 წლის 16 ოქტომბრით დათარიღებული შეტყობინებით შეწყდა. სარჩელი წარდგენილია 3-წლიანი ვადის დაცვით 2020 წლის 16 ოქტომბერს (იხ. საფოსტო გზავნილი - ტ.1, ს.ფ. 278). ამასთან, თავდაპირველად სარჩელი მოპასუხის მიმართ წარდგენილ იქნა 2020 წლის 9 ოქტომბერს, რომელსაც სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით უარი ეთქვა მიღებაზე (სსკ-ის 140.2 მუხლი). ამდენად, კასატორის არგუმენტი მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით ამ კუთხითაც დაუსაბუთებელია.
36. რაც შეეხება სესხის გაცემის საკომისიოს, მოსარჩელემ მოითხოვა 165 457,9 აშშ დოლარის მოპასუხსათვის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულებით კრედიტის გაცემის საკომისიო განისაზღვრა ფიქსირებული თანხით 199 870,5 აშშ დოლარით, რაც კრედიტის მთლიანი თანხის (10 262 023 აშშ დოლარის) 1,9%-ია. ხოლო ბანკის მიერ საჯაროდ (ვებ-გვერდით) შეთავაზებული პროცენტი 0,4 იყო, რის გამოც ხელშეკრულების ეს პირობა ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და კრედიტის გაცემის საკომისიო უნდა დაანგარიშდეს რელურად გაცემული თანხიდან (8 778 133,37 აშშ დოლარიდან) ბანკის მიერ საჯარო შეთავაზებული ტარიფის (0,4%) შესაბამისად. ზედმეტად გადახდილი თანხა კი, დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ გაზიარებული არ იყო მოსარჩელის პოზიცია სესხის გაცემის საკომისიოს 0,4%-ით დაანგარიშებასთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტული საკომისიოს დანიშნულების გათვალისწინებით, ის რეალურად გაცემული კრედიტიდან უნდა დაანგარიშებულიყო.
37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის გასაზიარებელი კასატორის პრეტენზია სესხის გაცემის საკომისიოს 0.4%-ით განსაზღვრასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, საყურადღებოა, რომ მითითებული საკომისიო ხელშეკრულებით ფიქსირებულად დადგინდა და პროცენტულად არ განსაზღვრულა. თუმცა პრეტენზიის უარყოფის ძირითადი საფუძველი ისაა, რომ ამ საფუძვლით სესხის (საბანკო კრედიტის) ხელშეკრულების ან მისი ნაწილის ბათილად ცნობისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) ფაქტობრივი შემადგენლობა - შეუსაბამობა ერთი მხარის შესრულებასა და მეორე მხარის საპასუხო შესრულებას შორის; „თვალშისაცემი განსხვავება“. ამასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს გარიგების დადების ყველა წინაპირობა. არის თუ არა ეს ზღვარი გადალახული, დგინდება ცალკეული შემთხვევისათვის დამახასიათებელი გარემოებების ერთიანი შეფასებიდან ბაზრის წესებისა და რისკების გათვალისწინებით. ბ) სუბიექტური წინაპირობები - როცა ერთი მხარე ბოროტად იყენებს მეორე მხარის: უმწეო მდგომარეობას; გამოუცდელობას; მდგომარეობას, როცა მხარეს არა აქვს შესაძლებლობა, შეაფასოს ორივე მხარის მოქმედების დადებითი და უარყოფითი ფაქტორები (გონივრული განსჯის უუნარობა); უნებისყოფობას (ნების მნიშვნელოვან სისუსტეს); გ) როცა ერთი მხარე სარგებლობს მეორე მხარის ასეთი მდგომარეობით გამორჩენის მიღების მიზნით (იხ. თ.ზამბახიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელვერსია, მუხლი 623, ამორალურობა, როგორც ბათილობის საფუძველი, ველი 23-25).
38. განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ წინაპირობებზე მოსარჩელეს არ მიუთითებია, ხოლო ის, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის გაცემის საკომისიოს პროცენტი ბანკის მიერ საჯაროდ (ვებგვერდით) შეთავაზებული პროცენტზე მაღალი იყო, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ განსაზღვრული საკომისიო საბანკო სექტორში დადგენილი საშუალო პროცენტის გათვალისწინებით, არ იყო არაგონივრული ოდენობა, მით უფრო, სესხის მოცულობის გათვალისწინებით. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ, გარიგება კერძო ავტონომიის ფარგლებშია დადებული და საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე „სუსტ მხარეს“ არ წარმოადგენდა. ამ უკანასკნელზე არც თავად მოსარჩელე არ მიუთითებს.
39. რაც შეეხება საბანკო კრედიტის ხელშეკრულების იმდაგვარად განმარტებას, რომ სესხის გაცემის საკომისიო ყოველი ტრანშის გაცემისას, ფაქტობრივად გაცემული თანხის შესაბამისად უნდა დაანგარიშებულიყო, საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს სსკ-ის 52-ე მუხლზე (ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან) და განმარტავს, რომ „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენა უნდა განიმარტოს ნების გამომვლენისა და მიმღების მიზნებისა და ინტერესების გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ გარიგებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით გარიგებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსება ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტების დროს უნდა დადგინდეს მხარის შინაგანი ნების შესაბამისობა მის გამოხატულებასთან. ხელშეკრულების განმარტების მიზანი მისი შინაარსის დადგენაა. განმარტებას შეიძლება საჭიროებდეს, როგორც მთელი ხელშეკრულება, ასევე მისი რომელიმე ნაწილი ან თუნდაც რომელიმე პუნქტი (პირობა). ხელშეკრულების პირობები იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ ყველა მათგანს მიეცეს მნიშვნელობა და არა რომელიმე მათგანს წაერთვას ძალა (შდრ. სუსგ №ას-1817-2019, 15 ივნისი, 2020 წელი; №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი).
40. ზემოაღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, არასწორია ხელშეკრულების ჩანაწერის - „საკომისიო კრედიტის გაცემისათვის - ფიქსირებული 199 870.5 აშშ დოლარი, რომლის გადახდაც მოხდება პირველივე ტრანშის გაცემისას“ (ხელშეკრულების 2.13 პუნქტი), იმდაგვარად განმარტება, რომ ამ შეთანხმების მიზანს სესხის გაცემის საკომისიოს ფაქტობრივად გაცემული თანხიდან დაანგარიშება წარმოადგენდა. დადგენილია, რომ მხარეთა ნების ავტონომიურობის პირობებში დადებული ხელშეკრულებით სესხის გაცემის საკომისიო განისაზღვრა ფიქსირებულად - 199 870.5 აშშ დოლარი, ამასთან, ხელშეკრულებითვე განისაზღვრა, რომ გაცემის საკომისიო წინასწარ გადაიხდებოდა და არა - სათითაო ტრანშის გაცემისას, რაც მხარეთა ნების სხვაგვარად განმარტების შესაძლებლობას არ იძლევა. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ საკომისიოს გამოთვლა ფაქტობრივად გაცემული სესხიდან არასწორია. რის გამოც საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ 28 960,24 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
41. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, სარჩელი ბანკისათვის 28 960,24 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
42. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 1 749.6 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ე.ტ.ს–მის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება სს „თ.ბ–ისათვის“ 28 960,24 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. შპს „ე.ტ.ს–მის“ სარჩელი სს „თ.ბ–ისათვის“ 28 960,24 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
5. შპს „ე.ტ.ს–მსს“ დაეკისროს 1 749.6 ლარის გადახდა სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ;
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე