Facebook Twitter

საქმე №ას-384-2023 29 მაისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება, ხელშეკრულების პუნქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „დ-იმ“ (შემდგომ - მენარდე, მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა (შემდგომ - შემკვეთი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N03.10/30/181 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ თბილისში, ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და შესაბამისი პროექტის შედგენის ვალდებულება იკისრა. სამუშაოების შეთანხმებულ ვადაში დაწყება და დასრულება ვერ მოხერხდა, რადგან სამუშაოს მიმდინარეობის პროცესში, მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, პერიოდულად ჩნდებოდა სხვადასხვა სახის დამაბრკოლებელი გარემოება. მიუხედავად ამისა, მერიამ უარი განაცხადა თითოეული სამშენებლო სამუშაოსათვის განსაზღვრული დასრულების ვადისა და სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადის ცვლილებაზე. 2021 წლის 4 აგვისტოს წერილითა და ხელშეკრულების 9.3 პუნქტის საფუძველზე მოსარჩელეს დაეკისრა პირგასმატეხლო 10 070.55 ლარი, რადგანაც სს „თ-ის“ №1 და №2 სატრანსფორმატოროსა და გადმოსახედის მოწყობის დაწყება ვერ მოხერხდა საქალაქო სამსახურის მიერ ცალმხრივად დადგენილ ვადაში. დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 10 070.55 ლარიდან 5.07 ლარამდე, კერძოდ, გამოითვალოს არა ხელშეკრულების ჯამური, არამედ თითოეული სამუშაოს ღირებულებიდან და განისაზღვროს 0.01%-ით, ნაცვლად 0.02%-ისა. ამასთან, ვინაიდან გადმოსახედის მოწყობის სამუშაოს მოცულობა არ იყო შეთანხმებული მერიასთან კორექტირებული პროექტით, მოსარჩელე ვერ უთითებს კონკრეტულად ამ სამუშაოს (გადმოსახედის მოწყობის) ღირებულებას.

3. გარდა ამისა, 2021 წლის 26 ნოემბრის წერილითა და ხელშეკრულების 9.6 პუნქტის შესაბამისად, თითოეული სამუშაოსთვის და თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.02%. შესაბამისად, ყოველდღიურად მოსარჩელეს ეკისრებოდა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 108 963.9 ლარი. პირგასამტეხლოს ჯამი 10 344 760.4 ლარია. 2021 წლის 25 ოქტომბერს მენარდემ სამუშაო ფაქტობრივად დაასრულა, თუმცა შესრულებული სამუშაოები შემოწმდა და მერიამ მიიღო 2021 წლის 25 ნოემბერს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე დაჯარიმდა 2021 წლის 6 ივლისიდან (მაშინ, როდესაც არ იყო დამდგარი სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადა) 2021 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში (მაშინ, როდესაც სამუშაოები ფაქტობრივად დასრულდა 2021 წლის 25 ოქტომბერს), თუმცა ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნების აღებას დასჭირდა 1 თვე.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს, შემცირდეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და გამოითვალოს არა თითოეული სამუშაოსთვის, არამედ ვადაში შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან და განისაზღვროს 0.01%-ით, ნაცვლად დაკისრებული 0.02%-ისა. დაკისრებული პირგასამტეხლო - 10 344 760.4 ლარი უნდა შემცირდეს 37 251.54 ლარამდე.

5. მოსარჩელის მტკიცებით, მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 9.3., 9.6. და 7.3. პუნქტები ეწინააღმდეგება როგორც კანონს, ისე საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

მოპასუხის შესაგებელი

6. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, უდავოა, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. პირგასამტეხლო/ჯარიმა დაანგარიშდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, რომელიც მოსარჩელისთვის ცნობილი იყო მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებაზე ხელმოწერის პროცესში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების სპეციფიკა და მისი გავლენა საჯარო ინტერესზე. ხელშეკრულება დადებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი 7.3., 9.3. და 9.6. პუნქტების ბათილად ცნობის ანდა პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შემცირდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაოს დაწყების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 10 070,55 ლარი 50 ლარამდე; შემცირდა 32 ტიპის სამუშაოს დასრულების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 10 344 760.4 ლარი 58 016 ლარამდე; სარჩელი მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიმართ არ დაკმაყოფილდა; 2020 წლის 4 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ სარჩელი №03.01/30/181 ხელშეკრულების 7.3., 9.3. და 9.6. პუნქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

9. მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, რომლითაც შემცირდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 26 ივლისის №12-01213032464 წერილით მოსარჩელისათვის წერილობითი დავალებით განსაზღვრული 32 ტიპის სამუშაოს დასრულების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 10 344 760.4 ლარი 58 016 ლარამდე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შემცირდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 26 ივლისის №12-01213032464 წერილით მოსარჩელისათვის წერილობითი დავალებით განსაზღვრული 32 ტიპის სამუშაოს დასრულების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 10 344 760.4 ლარი 71751 ლარამდე. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ხანგრძლივობის, დარღვევის სიმძიმისა და შემსრულებლის ბრალეულობის ხარისხის გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საქალაქო სამსახურის 2021 წლის 2 აგვისტოს წერილის საფუძველზე, კონკრეტული სამი სამუშაოს წარმოების დაწყებისათვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო, ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, პირგასამტეხლო - 10 070.55 ლარი შეუსაბამოდ მაღალი საჯარიმო სანქცია იყო და უნდა შემცირებულიყო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ ოდენობამდე - 50 ლარამდე. რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 26 ნოემბრის №12-01213302464 წერილით, მოსარჩელისათვის 32 კონკრეტული სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევის გამო, ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს დაკისრებას, ამ ნაწილშიც პალატამ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს შემდეგი შეფასება, რაკი მოსარჩელემ ხელშეკრულება შეასრულა ჯეროვნად, შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით დამკვეთს რაიმე პრეტენზია არ ჰქონდა, არც ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო შემსყიდველისათვის რაიმე სახის ზიანის წარმოშობის ფაქტი არ დასტურდებოდა, არსებობდა პირგასამტეხლოს განახევრებისა და 0,01%-მდე შემცირების შესაძლებლობა.

11. პალატის მითითებით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის გრაფიკით კონკრეტულად გაიწერა თითოეული სამუშაოს შესრულების ვადა, საბოლოო ვალდებულების შესრულების ვადა კი განისაზღვრა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2021 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. ამდენად, ვინაიდან მენარდეს სამუშაოს საბოლოო დასრულებისათვის, შემკვეთთან შეთანხმებით დადგენილი ჰქონდა 2021 წლის 20 სექტემბერი, სწორედ ამ თარიღიდან უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო. რაც შეეხება ვადის დასასრულს, საქმეზე წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 26 ნოემბრის წერილის მიხედვით, დადგინდა, რომ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა წარმოდგენილი იყო 2021 წლის 22 ნოემბერს. შესაბამისად, სამუშაოების დასრულების თარიღადი მიიჩნევა 2021 წლის 22 ნოემბერი და პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს ამ დრომდე.

12. პალატამ შეუსრულებელი სამუშაოს მოცულობისა და ვადაგადაცილებული პერიოდის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო მენარდის მიერ შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების მიხედვით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.01%-მდე. 2021 წლის 20 სექტემბრიდან 12 ოქტომბრამდე შეუსრულებელი იყო 13 141 886.15 ლარის ვალდებულება. ამდენად, ამ პერიოდისთვის არსებობდა მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს 27594 ლარის დაკისრების საფუძველი (1314x21). შემდგომ 12 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე, შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა 10 773 674.4 ლარი იყო, რის გამოც მენარდეს უნდა დაჰკისრებოდა პირგასამტეხლო 44 157 ლარი (1077x41). შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 10 344 760.4 ლარი უნდა შემცირებულიყო 71751 ლარამდე.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.

14. კასატორის მტკიცებით, დადგენილი იყო, რომ მენარდემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია, რის გამოც წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გადახდა წარმოადგენს მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენის შედეგად განსაზღვრულ მოვალის ვალდებულებას. სამოქალაქო სამართალში მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას, თავიანთი ნების შესაბამისად განსაზღვრონ ხელშეკრულების ყველა პირობა, ასევე, ნების შესაბამისად იკისრონ ვალდებულებები ან გამორიცხონ ისინი. აღნიშნული პრინციპი მოქმედებს პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებითაც, მათ შორის, მხარეები თავად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის წესს. ამასთან, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები ცალსახად და არაორაზროვნად არიან შეთანხმებულები პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპზე, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების მხარეებს პირგასამტეხლოს გამოთვლის სხვაგვარი პრინციპი დაუწესოს. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ ჯარიმა დაანგარიშდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, რომელიც მოსარჩელისთვის ცნობილი იყო მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებაზე ხელმოწერისას.

15. კასატორის მტკიცებით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის დაზუსტებული წერილობითი დავალებით, მენარდეს დაევალა ვაკის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულება, თანდართული სამუშაოების წარმოების გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნული დაზუსტებული წერილობითი დავალება მენარდეს ჩაჰბარდა 2021 წლის 17 ივნისს, თუმცა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ 2021 წლის 26 ივლისის მონიტორინგის დროსაც კი არ იყო დაწყებული სამუშაოები, კერძოდ: თელასის სატრანსფორმატორო N1 მოწყობა; თელასის სატრანსფორმატორო N2 მოწყობა; გადმოსახედის მოწყობა. ამდენად, მოსარჩელეს სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაეწყო 17 ივნისიდან არაუგვიანეს 2 დღისა. რაკი ეს პირობა მენარდემ არ შეასრულა, ამოქმედდა ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც წერილობითი დავალების მიღებიდან სამუშაოების დაწყების 2 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში, მენარდეს აკისრებდა საჯარიმო სანქციას - ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ს.

16. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელეს განესაზღვრა სამუშაოთა დასრულების კონკრეტული თარიღები, რომელთაგან ამ უკანასკნელმა 32 კონკრეტულ სამუშაოზე დაარღვია შესრულების ვადა. სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა საბოლოოდ წარმოდგენილია 2021 წლის 22 ნოემბერს, რაც ადასტურებს, რომ ვალდებულება შესრულებულია ვადის გადაცილებით. ამდენად, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, წერილობითი დავალებით გათვალისწინებული კონკრეტული სამუშაოს მიწოდების ვადის დარღვევისათვის, მენარდეს დაეკისრა საჯარიმო თანხა, ჯამურად - 10 344 760.4 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

17. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნა სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) და 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლებიდან გამომდინარეობს.

20. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლო 10 070.55 ლარი 50 ლარამდე, ხოლო 10 344 760.4 ლარი 71 751 ლარამდე შეამცირა. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა მენარდისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

21. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს ოდენობა არაპროპორციულად შემცირდა.

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიქეტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ. სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016 წ.; №ას-327-2019. 27.05.2019 წ.; №ას-825-2019, 5.09.2019 წ.; №ას-1511-2018, 26.03. 2019 წ.).

23. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის მოთხოვნის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ამასთან, პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ.: სუსგ №ას-1336-2019, 30.03.2022წ.; №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).

24. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო სამუშაოს დაწყების ვადის გადაცილებისთვის - ხელშეკრულების ღირებულების 0.02% - 10 070.55 ლარი და ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0.02 %. პალატა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ კრედიტორის მოლოდინის, დარღვევის ხასიათისა და შედეგების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 0.02%-ის 0.01%-მდე შემცირების საფუძველი არ არსებობდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შემცირებული პირგასამტეხლო ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას. შესაბამისად, პალატის განჯით, სამუშაოს დაწყებისა და ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს პროცენტი იყო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული.

25. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშების თაობაზე და განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. სუსგ №ას-164-160-2016, 28.07.2016წ., №ას-971-2019, 28.10.2019წ.; №ას-603-2021, 14.12.2021წ.). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამ მიმართებით იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას და მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად შეამცირა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშებული პირგასამტეხლო და გამოითვალა ფაქტობრივად შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან.

26. საკასაციო სასამართლო კრედიტორისა და მოვალის მტკიცების ფარგლების, ვადაგადაცილბით სამუშაოს დაწყების, ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების და ამით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს გონივრულ და სამართლიან ოდენობად - მოსარჩელის მიერ ვადაგადაცილბით სამუშაოს დაწყებისათვის შემკვეთის მიერ დაკისრებულ პირგასამტეხლოს - 10 070.55 ლარს, ხოლო ვადაგადაცილებით ფაქტობრივად შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე 0,02%-ს - 143 502 ლარს, ჯამურად, 153 572.55 ლარს მიიჩნევს.

27. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. შემცირდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 26 ივლისის №12-01213032464 წერილით მოსარჩელისათვის წერილობითი დავალებით განსაზღვრული 32 ტიპის სამუშაოს დასრულების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 10 344 760.4 ლარი 143 502 ლარამდე; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 2 აგვისტოს №12-01212142486 წერილით მოსარჩელისათვის წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამი ტიპის სამუშაოს დაწყების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს - 10 070,55 ლარის შემცირების თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. საბოლოოდ, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 153 572.55 (10 070.55 + 143 502) ლარით.

28. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სსსკ-ის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 8 957.85 ლარის (13 957.85 ლარს - 5000 ლარი, რომელიც მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაიხადა) გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „დ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. შემცირდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 26 ივლისის №12-01213032464 წერილით მოსარჩელისათვის წერილობითი დავალებით განსაზღვრული 32 ტიპის სამუშაოს დასრულების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 10 344 760.4 ლარი 143 502 ლარამდე.

5. დანარჩენ ნაწილში შპს „დ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

6. შპს „დ-ის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 8 957.85 ლარის გადახდა;

7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიორგი მიქაუტაძე

ვლადიმერ კაკაბაძე