Facebook Twitter

საქმე №ას-105-2024 29 თებერვალი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ფ.მ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ჩ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმისწარმოების განახლება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა (სარჩელში), საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ.ჩ–მა (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ფ.მ–ძის (შემდგომ - პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი), ნ.მ–ძისა (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი) და ნ.მ–ძის (შემდგომ - მესამე მოპასუხე, მესამე აპელანტი) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის, გამოთავისუფლებისა და მესაკუთრისათვის გადაცემის მოთხოვნით. შეგებებული სარჩელი აღძრეს მეორე და მესამე მოპასუხეებმაც და საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა მოითხოვეს საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა და მესაკუთრისათვის ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა; მეორე და მესამე მოპასუხეების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბის განჩინებით, პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

5. სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტი სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 14 ნოემბერს, 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. მან სასამართლოში სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა წარადგიდა, რომელსაც ერთვის პირველი აპელანტის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა.

6. სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ მიიჩნია აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად და მიუთითა, რომ ცნობაში არ არის მითითებული ის გარემოებები, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში. ამასთან, პირველი აპელანტის ავადმყოფობა უსასრულოდ ვერ იქნება გათვალისწინებული, შესაბამისად, მოწინააღდეგე მხარის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება პირველმა აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, განჩინების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება მოითხოვა.

8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ინფორმაცია, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლებდა პროცესზე გამოცხადებას, პროცესამდე მიაწოდა სასამართლოს და შესაბამისი მტკიცებულება - ჯანმრთელობის მდგოამრეობის შესახებ ცნობა წარადგინა. წინა სასამართლო სხდომაზეც იმავე საფუძვლით ვერ გამოცხადდა, რაც სასამართლომ გაითვალისწინა.

9. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გაუგებარია მსგავსი საფუძვლის გაუთვალისწინებლობა და მხარის უფლებების შეზღუდვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

12. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადასტურებულია და კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის შემდეგ გარემოებებს:

13. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის განხილვა სასამართლოს სხდომაზე დანიშნა 2023 წლის 3 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თუმცა პირველი მომჩივანის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის გათვალისწინებით სასამართლო სხდომა 2023 წლის 14 ნოემბერს, 12:00 საათზე გადაიდო.

14. 2023 წლის 14 ნოემბერს, 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე პირველი აპელანტი ინფორმირებული იყო სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, თუმცა არ გამოცხადდა. მან 2023 წლის 11 ნოემბერს სასამართლოში წარადგინა ჯანმრთელოს მდგომარეობის შესახებ ცნობა და შუამდგომლობა, რომლითაც ავადმყოფობის გამო გონივრული ვადით პროცესის გადადება ითხოვა, რაც სააპელაციო სასამართლომ გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად არ მიიჩნია და მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

15. კერძო საჩივრით პირველი აპელანტი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საპატიო მიზეზით, კერძოდ, ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა.

16. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია აპელანტის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესი, თუმცა კანონის ამ სპეციალური დათქმის პარალელურად, საკითხის მოწესრიგებისათვის განსაზღვრულია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ნორმების გამოყენება.

17. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები, ხოლო 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობაც, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ სარჩელი დარჩეს განუხილველად.

18. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (სუსგ №ას-1668-2019, 28.02.2020წ.; №ას-1380-2019, 24.12.2019წ.).

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას მხარე სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით არ ედავება და მათი არსებობა არც საქმის მასალებით არ დგინდება, მხარე განმარტავს, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ავადმყოფობით, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობასაც საკასაციო პალატა შეაფასებს სსსკ-ის 241-ე მუხლის იმ კონტექსტით, რომელიც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს.

21. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს იმავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუს. №ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ.; №ას-1410-1330-2017; 30.01.2018წ.;).

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, მისი ძირითადი პრინციპის - დისპოზიციურობის გათვალისწინებით, მხარეებს ავალდებულებს, თავიანთი უფლება-მოვალეობანი კეთილსინდისიერად განახორციელონ. მხარე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ინფორმირებულია საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე და საპატიო მიზეზით არ ცხადდება, ვალდებულია, სასამართლოს წინასწარ აცნობოს ამ მიზეზის შესახებ კანონით დადგენილი წესით. დასახელებული ვალდებულების დარღვევისათვის კი, კანონმდებელი ადგენს ერთგვარი პროცესუალური სანქციის გამოყენების წინაპირობებს.

23. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

24. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა მიიჩნიოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამასთან, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

25. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სსსკ-ის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სსსკ-ის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.

26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, როდესაც მხარე სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, გამოუცხადებლობის შეუძლებლობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს. დაუშვებელია სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მხოლოდ ფორმალურად განმარტება. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობის მიმართ საპროცესო კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნები შესაძლებელია სასამართლომ არც კი შეაფასოს კრიტიკულად იმ შემთხვევაში, თუკი თავად ცნობის შინაარსი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ პირს არ შეუძლია სასამართლოში გამოცხადება, რამდენადაც თავად სამედიცინო ცნობა არაფრით განსხვავდება საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მტკიცებულებებისაგან და მას რაიმე წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ იგი სასამართლომ მტკიცებულებათა კვლევისათვის დადგენილი სტანდარტით უნდა შეამოწმოს (იხ. სუსგ საქმე №ას-955-917-2014, 24.07.2015წ.; №ას-187-179-2016, 6.05.2016წ.; №ას-516-516-2018, 13.07.2018წ.; №ას-1674-2019, 14.09.2020წ.).

27. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განიმარტოს კანონმდებლის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებასა და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე მკურნალი ექიმის რეკომენდაცია, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე (იხ. სუსგ საქმე №ას-929-2019 1.08.2019წ.).

28. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ ჯანმრთლეობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის დასადასტურებლად, ვინაიდან, ცნობა გაცემულია სასამართლო სხდომამდე ხუთი დღით ადრე - 2023 წლის 9 ნოემბერს, რისი გათვალისწინებითაც, წარმოდგენილი მტკიცებულებით პირველი აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა სასამართლო სხდომის დღეს - 2023 წლის 14 ნოემბერს შეუძლებელია. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, კანონმდებელი მოითხოვს ისეთი ცნობის არსებობას, სადაც პირდაპირ იქნება აღნიშნული სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ზემოხსენებული ცნობა ამგვარ მითითებას არ შეიცავს. ამასთან, არც მისი შინაარსიდან (მოკლე ანამნეზის თანახმად, პაციენტი გასინჯვისას უჩივის ყოველდღიურ, მოჭერით, საშუალო ინტენსივობის თავის ტკივილს, პერიოდულ თავბრუხვევას, არამდგრადობის შეგრძნებას, რომელიც წარმოიშობა თავის პოზიციის შეცვლასთან დაკავშირებით, სიარულის დროს და მოსვენებისასაც გრძელდება წამების განმავლობაში, ასევე – ხმაურს ყურებში, ძირითადად ღამით, რაც არღვევს ძილს, ემოციურ სისუსტეს (ლაბილობას), ადვილად გაღიზიანებადობას, შფოთვას, არტერიული წნევის ცვალებადობას) არ ირკვევა, შეეძლო თუ არა შესაბამისი ანამნეზის არსებობის პირობებში მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. პალატა მიუთითებს, რომ თუკი ასეთი ვითარება იარსებებდა, როგორც წესი, პაციენტს ჯანმრთელობის შესახებ ცნობაში რეკომენდაციის სახით მიეთითებოდა აღნიშნულის შესახებ, რაც წარმოდგენილი ცნობით არ დგინდება.

29. პალატის მითითებით, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის უნდა წარმოედგინა თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს საფუძველს შეუქმნიდა რწმენისათვის, რომ სხდომაზე პირველი აპელანტის გამოუცხადებლობა საპატიო იყო, თუმცა მას ამგვარად არ უმოქმედია. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ 2023 წლის 3 ოქტომბერს დანიშნული სასამართლო სხდომაც სწორედ იმავე შინაარსის ცნობის საფუძველზე გადაიდო, იმ განსხვავებით, რომ ცნობის გაცემის თარიღია – 2023 წლის 25 სექტემბერი.

30. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში კერძო საჩივრის ავტორის ინტერესებს განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენელი იცავდა. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი მინდობილობის გაუქმების მტკიცებულება. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ გაუქმებული მინდობილობის პირობებშიც კი, როდესაც პირველ აპელანტს 2023 წლის 14 ნოემბერს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ 2023 წლის 4 ოქტომბერს ეცნობა, არც ის გარემოება არ დასტურდება, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, მინდობილობა ახალი წარმომადგენლისთვის გაეფორმებინა. ამდენად, მას, სასამართლო სხდომამდე საკმაო დრო ჰქონდა, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველეყო წარმომადგენლისათვის მინდობილობის გაფორმება, რაც არ გაუკეთებია, ეს კი, დამატებით არ ქმნის კერძო საჩივრის ავტორის მიმართ ობიექტური რწმენის შესაძლებლობას, მისი სხდომაზე გამოცხადების საპატიოობასთან დაკავშირებით.

31. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე საქმიწარმოება 2016 წლიდან მიმდინარეობს და თითქმის რვაწლიანი სამართალწარმოების გათვალისწინებით საქმე სააპელაციო სასამართლოს მიერ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ამასთან, იმავე შინაარსის ჯანმრთელობის შესახებ ცნობის საფუძველზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კერძო საჩივრის ავტორს საკუთარი საპროცესო უფლებების გამოყენების საშუალება მისცა, რაც გამოიხატა სასამართლო სხდომის ერთხელ უკვე გადადებით, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობდა კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობის - სასამართლო სხდომის გადადების დაკმაყოფილების საფუძველი.

32. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე