Facebook Twitter

საქმე №ას-1373-2023 07 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ზ.თ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.გ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ზ.თ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „განმცხადებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.გ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ჯამურად 420 კვ.მ-ის ოდენობით, მდებარე: ქალაქი თბილისი, .........; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მხარეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივრები, რომლებიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 დეკემბრის და 2024 წლის 08 თებერვლის განჩინებებით მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. მოსარჩელემ 2023 წლის 01 ნოემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება. კერძოდ, მოითხოვა განიმარტოს კონკრეტულად რომელიც საცხოვრებელი ფართები უნდა გადაეცეს მოსარჩელეს საკუთრებაში.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი ითვალისწინებს უკვე მიღებული გადაწყვეტილების ბუნდოვანი შინაარსის განმარტებას. დაუშვებელია გადაწყვეტილების განმარტების სახით ახალი გადაწყვეტილების მიღება ან ადრე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა. მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ემყარება თავად გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ მოყვანილ მსჯელობას, დასაბუთებას, იმას თუ როგორ მივიდა საქმის განმხილველი კოლეგია სარეზოლუციო ნაწილით დადგენილ შედეგამდე, რა სამართლებრივი ნორმები იქნა გამოყენებული საქმის განხილვისას და სადავო ურთიერთობის რომელი ფაქტობრივი მოცემულობა იქნა სასამართლოს მიერ გაზიარებული კანონით დადგენილი მოცემულობის ფარგლებში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება სათანადოდ დასაბუთებულია და იგი არ საჭიროებს სასამართლოს მხრიდან დამატებით განმარტებას, მისი სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და არ საჭიროებს განმარტებას.

10. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.

11. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, წინამდებარე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ...........) მოპასუხის საკუთრებაში ირიცხება შემდეგი უძრავი ქონებები: ს.კ. N.........– ბინა 39,43 კვ.მ; N.........- სასტუმრო 97,10 კვ.მ; N........- სასტუმრო 59,80 კვ.მ; N........- ბინა 80,51 კვ.მ; N........- სასტუმრო 28,54 კვ.მ; N.........- სასტუმრო 58,69 კვ.მ; N.........- სასტუმრო 275,62 კვ.მ; N...........- სასტუმრო 312,17 კვ.მ; N........- ბინა 51,52 კვ.მ; N........- სასტუმრო 53,21 კვ.მ; N.......– ავტოსადგომი 14,85 კვ.მ; N.........- ავტოსადგომი 14,85 კვ.მ; N........- ავტოსადგომი 14,85 კვ.მ. დასახელებული უძრავი ქონების ჯამური მოცულობა მეტია ვიდრე 420 კვ.მ და არცერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის მოცულობა ინდივიდუალურად 420 კვ.მ არ არის. შესაბამისად, ბუნდოვანია როგორ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულება. კერძოდ, შესაძლებელია თუ არა ნებისმიერი საკადასტრო კოდიდან მოხდეს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება (მესაკუთრედ ცნობა) 420 კვ.მ-ზე ისე, რომ ჯამური მოცულობა იყოს 420 კვ.მ-ზე მეტი, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი გულისხმობს აღსრულების სხვა პრინციპით განხორციელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის არსებული რედაქციით დატოვებამ შესაძლოა მისი აღსრულების თვალსაზრისით ბუნდოვანება წარმოშვას.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

16. კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია, კერძოდ, მასში არ არის მითითებული მოსარჩელისათვის გადასაცემი კონკრეტული საცხოვრებელი ფართები, რამაც სამომავლოდ შესაძლოა გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემა წარმოშვას, ვინაიდან ქ. თბილისში, .......... მდებარე სადავო უძრავ ქონებაში მოპასუხის კუთნილი ფართი მეტია ვიდრე ამ გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის მიკუთვნებული 420 კვ.მ და არცერთი უძრავი ქონების ფართი ინდივიდუალურად 420 კვ.მ-ს არ შეადგენს.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

18. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისაკენ და უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და განსამარტი გადაწყვეტილებიდან არ გამომდინარეობდა.

19. სასამართლოს გადაწყვეტილებისა თუ განჩინების განმარტება არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მთლიანად ან რომელიმე კონკრეტული დებულების სადავოდ გახდის საპროცესო მექანიზმს. დაუშვებელია, მხარემ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოთხოვნას საფუძვლად დაუდოს ამა თუ იმ საკითხის არასწორად გადაწყვეტა, კანონის არასწორად გამოყენება, განმარტება ან ისეთი გარემოება, რომელმაც შეიძლება რაიმე სახით არსებითად შეცვალოს განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი მხარეთა სამართლებრივი მდგომარეობა. ამგვარი განცხადება უნდა დაემყაროს მხოლოდ კონკრეტული დებულების ბუნდოვანებას, ორაზროვნებას. განმარტების გზით არ შეიძლება გადაწყვეტილება სხვა ფაქტობრივ-სამართლებრივ შედეგს დაექვემდებაროს.

20. წინამდებარე საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ჯამურად 420 კვ.მ-ის ოდენობით, მდებარე: ქალაქი თბილისი, .......... (მე-4 პუნქტი); დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ნათლად და არაორაზროვნად არის ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს და სახეზე არ არის მისი განმარტების წინაპირობები, რის გამოც მოსარჩელეს მის განმარტებაზე მართებულად ეთქვა უარი.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (მისი მე-4 პუნქტი) გამომდინარეობს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული დასაბუთებიდან, სადაც სასამართლო მოსარჩელისათვის კონკრეტული საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მიკუთვნებაზე არ საუბრობს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმარტების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლას, რაც სცილდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით დადგენილ გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს და დაუშვებელია.

22. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება მხარეებს გასაჩივრებული აქვთ საკასაციო წესით და ამჟამად საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში მიმდინარეობს. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული და, შესაბამისად, მისი აღსრულება არ დაწყებულა. გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის შესახებ მოსარჩელის მითითება ეფუძნება მხოლოდ მის მოსაზრებებს და არა კონკრეტულ, დასაბუთებულ არგუმენტებს, რაც არ გამომდინარეობს საქარველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილების განმარტების მიზნიდან - ხელი შეეწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის აღსრულებას.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ზ.თ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი