Facebook Twitter

საქმე №ას-1437-2019 30 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.ს–ძე (ი.ს–ძის უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – დ.ს–ძე, ლ.ნ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით დ.ს–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) (ი.ს–ძის (შემდგომში - „თავდაპირველი მოსარჩელე“) უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომლითაც თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელი დ.ს–ძისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და ლ.ნ–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2015 წლის 15 იანვარს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ.ა.ჯ“-სა (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი) და დ.ხ–სს შორის გაფორმდა ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №8209, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 10 000 აშშ დოლარი 12 თვის ვადით, წლიური 30% სარგებლის დარიცხვით. აღნიშნული სესხით გადაიფარა 11.12.2013 წელს გაცემული №5695 სესხი, სადაც ძირითადი მსესხებელი იყო დ.ჩ–ძე, ხოლო თავდებები - დ.ხ–სი და პირველი მოპასუხე. სესხი უზრუნველყოფილი იქნა თავდაპირველი მოსარჩელის, პირველი მოპასუხისა და ნ.ტ–ძის სოლიდარული თავდებობით;

2.2. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ.ა.ჯ“-სა და დ.ხ–სს შორის 15.01.2015 წლის სესხის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის, თავდაპირველი მოსარჩელე და დ.ხ–სი ერთმანეთთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ;

2.3. დ.ხ–სმა ჯეროვნად არ შეასრულდა მასსა და შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ.ა.ჯ“-ს (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი) შორის 15.01.2015 წელს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რის გამოც სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 28.06.2016 წელს გასცა №151214151/172216 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო საქმე A16063968), რომლის თანახმად, დ.ხ–სსა და თავდაპირველ მოსარჩელეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ.ა.ჯ“-ის (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი) სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი ვალდებულების შესრულება;

2.4. 15.01.2015 წელს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ.ა.ჯ“-სა და დ.ხ–სს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით, განხორციელდა თავდების - თავდაპირველი მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ....... (ყოფ. ......) №5/ ქალაქი თბილისი, ქუჩა ......, ს/კ ........ და ........, იძულებით საჯარო აუქციონზე რეალიზაცია;

2.5. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 იანვრის №01/02-1725 დასკვნის თანახმად, აუქციონზე გატანილი თავდაპირველი მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ........ (ყოფ. ........) №5/ქალაქი თბილისი, ქუჩა ........ №1, ს/კ ....... და ......, შეფასდა 72 000 ლარად (საბაზრო ღირებულება (დამრგვალებით)). თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 04 აპრილის განკარგულების საფუძველზე, ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონების შემძენი 13.04.2017 წელს დასრულებულ განმეორებით იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა მეორე მოპასუხე, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 3600 ლარად. 04.04.2017 წლის №16063968-028/001 განკარგულების საფუძველზე, მეორე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ;

2.6. მეორე მოპასუხის მიერ აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ........ (ყოფ. ........) №5/ქალაქი თბილისი, ქუჩა ........ №........, გადაყვა სს „ბ.რ–კას“ იპოთეკა;

2.7. 2017 წლის 23 მაისს თავდაპირველმა მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების მიმართ და ზიანის სახით 68 400 ლარის ანაზღაურება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეები წინასწარი განზრახვით, შეთანხმებულად მოქმედებდნენ თავდაპირველი მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების აუქციონზე შეუსაბამოდ დაბალ ფასად დაუფლებისა და მისთვის ზიანის მიყენების მიზნით. თავდაპირველი მოსარჩელის განმარტებით, პირველმა მოპასუხემ, როგორც სოლიდარულმა მოვალემ, ნაცვლად იმისა, რომ გაეთვალისწინებინა სოლიდარული მოვალის - თავდაპირველი მოსარჩელის უფლებები და ინტერესები, მეუღლესთან ერთად ხელოვნურად შექმნა ისეთი ვითარება, რომ დღის წესრიგში თავდაპირველი მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების იძულებით საჯარო აუქციონზე გასვლის საკითხი დამდგარიყო, რათა შეუსაბამოდ დაბალ ფასად შეეძინათ 20-ჯერ მეტი ღირებულების მქონე უძრავი ქონება. პირველმა მოპასუხემ თავისი მეუღლე აუქციონში ჩართო იმ მიზნით, რომ ფორმალურად შეექმნა უძრავი ქონების მართლზომიერად შეძენის საფუძველი. სინამდვილეში კი მეორე მოპასუხე ინფორმირებული იყო მეუღლის ვალდებულებების შესახებ და იგი მეუღლესთან ერთად განზრახ მოქმედებდა თავდაპირველი მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების მიზნით.

3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა ქმედების კანონსაწინაღმდეგოობა, არამართლზომიერება ან/და უფლების კეთილსინდისიერად განხორციელების სტანდარტის დარღვევა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. სასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების სტანდარტის გათვალისწინებით, ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად მოსარჩელე მხარეს ეკისრება. ამასთან, ზიანი უნდა შეფასდეს ობიექტური მოცემულობით და არა - სუბიექტური დამოკიდებულებით.

4. სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის პოზიციის საპირისპიროდ, მიუთითა მოპასუხეთა განმარტებაზე, რომ, იმ შემთხვევაში, თუ მეორე მოპასუხე არ მიიღებდა აუქციონში მონაწილეობას, აუქციონზე გატანილი უძრავი ქონება დაუბრუნდებოდა თავდაპირველ მოსარჩელეს და სასესხო ვალდებულების მთელი ტვირთი დაეკისრებოდა სესხის მეორე თავდებს - პირველ მოპასუხეს, რომლის უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშებიც, დ.ხ–სის შეუსრულებელი ფულადი ვალდებულებების გამო, უკვე დაყადაღებული იყო. მოპასუხეთა მიერ უძრავი ქონების შეძენა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ დ.ხ–სის დავალიანების დაფარვა არ მომხდარიყო პირველი მოპასუხის, როგორც თავდები პირის, კუთვნილი ქონებიდან (სადავო არ არის გარემოება, რომ აღნიშნულ საქმეზე პირველი მოპასუხე 2016 წლის 06 ივლისს დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში, რითაც შეეზღუდა რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის უფლება. ყადაღა დაედო მის საკუთრებაში არსებულ სამ უძრავ ქონებას, ასევე მის საბანკო ანგარიშებს).

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოპასუხე მხარის განმარტებაზე, რომ, მართალია, მათ უძრავი ქონება 3600 ლარად შეიძინეს, თუმცა ქონებას გადმოყვა სს „ს.ბ–ის“ 32 000 აშშ დოლარის ღირებულების იპოთეკა. საგულისხმოა, რომ მითითებული გარემოება (იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა) მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია (იხ: სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი) ანუ, აუქციონზე პირველი მოპასუხის მიერ შეძენილ ქონებას აქვს უფლებრივი ნაკლი (ადევს იპოთეკა) და ის საკმაოდ სოლიდური თანხითაა დატვირთული, რაც პირადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, სწორედ შემძენის ტვირთად იქცეს, ქონების რეალიზაციის შედეგად.

6. სააპელაციო პალატის განმარტებით, ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, დელიქტური ვალდებულებებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ მიუთითა, თუ რაში გამოიხატება მოპასუხე მხარის მოქმედების არამართლზომიერება ან/და რომელი სამართლის ნორმა დაარღვიეს მოპასუხეებმა, ან რატომ უნდა ემოქმედა პირველ მოპასუხეს (მეუღლე - მეორე მოპასუხე) უშუალო, პირადი მოვალის დ.ხ–სის ოჯახის ქონებისადმი უფრო მეტი გულისხმიერებით, ვიდრე - თავისი ოჯახის მიმართ.

7. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს აქვს სუბიექტური დამოკიდებულება მოპასუხეთა ქცევის მიმართ და მიაჩნია, რომ აუქციონზე მეორე მოპასუხის მიერ ქონების შეძენა უსამართლოა. თუმცა, სამართლიანობა შეიძლება განისაზღვროს როგორც განსხვავებული ინტერესების მიმართ თანაბარი მიდგომა, ამავე დროს, იგი სუბიექტური კატეგორიაა და თითოეული ინდივიდი მას განსხვავებულად აღიქვამს. პალატის მითითებით, „გულისხმიერებასა თუ სამართლიანობას სხვადასხვა პროფესიისა თუ ხელობის ადამიანები არაერთგვაროვნად აფასებენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ზნეობრივ და გარემოში არსებულ სხვა ფაქტორებზე. არსებობს მოსაზრება, რომ გულისხმიერებისა და სამართლიანობის კონცეფციაზე გავლენას ახდენს სწორედ ის დეტერმინატორები, რომლებიც მართავენ კულტურული ფასეულობების ჩამოყალიბების პროცესს ამა თუ იმ სახელმწიფოში” (ბ.გომარდი, უშუალო წყარო: დ.კერესელიძე, „კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები“). სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს აქვს იმგვარი პრეტენზია, რომ მოპასუხეს ჯერ მოსარჩელის ქონება უნდა „გადაერჩინა“ და შემდეგ ეზრუნა საკუთარ ინტერესებზე. ამგვარი მიდგომა არაა გამართლებული, მათ შორის, არც საქართველოში დამკვიდრებული სოციალური სამართლიანობის სტანდარტით, რადგან, სსკ-ის 8.3. მუხლის თანახმად, ინდივიდის მოქმედება სამართლიანობის კრიტერიუმებთან ურთიერთკავშირში უნდა იქნეს განსაზღვრული, ამას მოითხოვს კეთილსინდისიერების პრინციპი. პირი უნდა მოიქცეს ისე, როგორც მას სურს, მოექცნენ ანუ როგორც ამას მიუკერძოებელი პირი თუ ობიექტური დამკვირვებელი სამართლიანად შეაფასებდა. ამდენად, იმთავითვე გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა პირის ინტერესები იმ მოცულობით, რომ ამან არ გამოიწვიოს თავად ამ პირის ინტერესების არათანაბარზომიერი შეზღუდვა.

8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დგინდებოდა დელიქტური პასუხისმგებლობის ისეთი წინაპირობა, როგორიცაა მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. სასამართლოს განმარტებით, მართლწინააღმდეგობა არ არის ის, რომ თავდებმა პირმა (და მისმა მეუღლემ) საკუთარი უფლებების მიმართ მეტი ლოიალობა გამოიჩინა, ვიდრე - ძირითადი მოვალის ოჯახის ქონებრივი უფლებების მიმართ. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა (სსკ-ის 316.2. მუხლი) საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის და არა უპირობოდ, მეორე მხარის უფლებების უპირატესად დაცვისათვის, საკუთარი უფლების ხელყოფის ხარჯზე. სააპელაციო პალატამ გააანალიზა უძრავი ქონების აუქციონზე შეძენის მიმართ მოპასუხეთა კანონიერი ინტერესი და მიიჩნია, რომ კონკრეტულ სიტუაციაში მოპასუხე მხარის ქმედება ობიექტური აუცილებლობით იყო ნაკარნახევი.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. საკასაციო საჩივრის თანახმად:

14.1. სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანი უნდა გამხდარიყო მოპასუხეთა ქმედებების მართლზომიერებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი სოლიდარულ ვალდებულებაში, როდესაც თითოეული მოვალე პასუხისმგებელია ვალდებულების მთლიანად შესრულებაზე. პასუხისმგებლობის ამგვარი იურიდიული ბუნება, ხასიათი (სოლიდარული პასუხისმგებლობა) მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კრედიტორთან ურთიერთობაში, არამედ - სოლიდარულად პასუხისმგებელ პირთა შორის ურთიერთობისას და ერთმანეთს შორის უფლება-მოვალეობების განსაზღვრისას;

14.2. სოლიდარულად ვალდებულ პირს, რომელმაც გაისტუმრა ვალი (ფულითა თუ ქონების ხარჯზე), უფლება აქვს რეგრესის წესით მოითხოვოს სოლიდარულად ვალდებული დანარჩენი პირებისაგან გადახდილის დაბრუნება. ურთიერთშორის სარეგრესო მოთხოვნის აღძვრის შესაძლებლობა ადასტურებს თითოეული მათგანის პასუხისმგებლობას როგორც ურთიერთშორის, ისე - კრედიტორის მიმართ. კანონის თანახმად, დაუშვებელია სოლიდარულად ვალდებულმა პირმა კრედიტორის მიმართ მოთხოვნა შეასრულოს სოლიდარულად პასუხისმგებელ დანარჩენ მოვალეთა ქონების ხარჯზე, სხვა შემთხვევაში ვალდებულების სრულად შემსრულებელ ერთ-ერთ მოვალეს არ ექნებოდა სარეგრესო სარჩელის უფლება. ამდენად, სოლიდარული მოვალეები ერთმანეთის უფლებებსა და ქონებას გულისხმიერებით, მაშასადამე, კეთილსინდისიერებით უნდა მოეპყრან;

14.3. ამასთან, თუნდაც იმ დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, რომ თავდაპირველი მოსარჩელის (თავდების) ქონების ხარჯზე დაიფარა ვალი ქონების რეალიზაციით, პირველი მოპასუხისათვის, როგორც უსაფუძვლოდ გამდიდრებული პირისათვის, მაინც უნდა დაეკისრებინა სასამართლოს პასუხისმგებლობა. პირველმა მოპასუხემ დაზოგა თავდაპირველი მოსარჩელის ქონების რეალიზაციის ხარჯზე ის თანხა, რისი გასტუმრების ვალდებულებაც, როგორც სოლიდარულად პასუხისმგებელ პირს, ეკისრებოდა. ამ მხრივ სასამართლოს არ შეუფასებია დავის არსი;

14.4. ამდენად, თავდაპირველ მოსარჩელეს უდავოდ გააჩნია მოთხოვნა პირველი მოპასუხის მიმართ სოლიდარული ვალდებულებისა და თავდებობის მომწესრიგებელი ნორმების თანახმად;

14.5. ამასთან, თუ მოპასუხეებს ვალისაგან თავის დაღწევა სურდათ და მხოლოდ ამიტომ მიიღეს აუქციონზე ამ ქონების შეძენის გადაწყვეტილება, მაშინ ვალითა და იპოთეკით დატვირთული ქონება აღარ უნდა შეეძინათ. მოპასუხე არაფერს დაკარგავდა, თუ აუქციონზე თავდაპირველი მოსარჩელის ქონების შეძენის ნაცვლად, გაისტუმრებდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალს, რამეთუ კანონის ძალით მას შეეძლო გადახდილი თანხა რეგრესის წესით მიეღო ძირითადი მოვალისა და თავდაპირველი მოსარჩელისაგანაც, სოლიდარული ვალდებულებითი და სოლიდარული თავდებობის ურთიერთობიდან გამომდინარე. მოპასუხეებმა კი კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევით მიიღეს ვალზე 20-ჯერ მეტი ღირებულების ქონება;

14.6. ზემოაღნიშნულ გარემოებას სააპელაციო სასამართლომ არ მისცა ისეთი შეფასება, როგორსაც მას აძლევს უზენაესი სასამართლო (იხ. 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება ბანკის საქმეზე). კერძოდ, უზენაესი სასამართლო კეთილსინდისიერების პრინციპს განმარტავს როგორც კეთილსინდისიერ მართლზომიერებას. შესაბამისად, მართლზომიერი ქცევაც უნდა მოექცეს კეთილსინდისიერების კონტროლქვეშ. მართლზომიერი მოქმედება არ შეიძლება გაიგივდეს კეთილსინდისიერ მოქმედებასთან ავტომატურად და საჭიროა სახეზე იყოს ე.წ. „კეთილსინდისიერი მართლზომიერება“;

14.7. ზოგადად, ამა თუ იმ პირის მოქმედება საკუთარი ინტერესებით არის ნაკარნახევი, მაგრამ აღნიშნულის განზოგადება ყველა შემთხვევის მიმართ აზრს დაუკარგავს სხვისი ქონებისა და უფლებებისადმი გულისხმიერების მოთხოვნას ისეთ შემთხვევებში, როდესაც სუბიექტები ერთიანი ურთიერთობის მონაწილები არიან. სადავოდ ქცეულ შემთხვევაში მოპასუხეთა ინტერესი ორმაგად იქნა დაცული მოსარჩელესთან შედარებით. მოპასუხის ოჯახმა ვალისგანაც გაითავისუფლა თავი და მოსარჩელის ქონებაც დაისაკუთრა, რომელიც მოემსახურა მოპასუხეთა ინტერესებს. მოსარჩელემ კი დაკარგა საკუთრების უფლება.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს [სსკ-ის 8.3. მუხლი: სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი; სსკ-ის 361.2. მუხლი: ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას]. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. უფლების განხორციელებისას პირმა უნდა დაიცვას კეთილსინდისიერება და მართლზომიერება. სსკ-ის 115-ე მუხლი [სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას] კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ავალდებულებს მონაწილე სუბიექტებს, რომ უფლებები ბოროტად არ გამოიყენონ. ეს უკანასკნელი მათი ზნეობრივი მოვალეობაცაა. ამ შემთხვევაში, საუბარია პირის მიერ უფლების იმგვარად გამოყენებაზე, როდესაც მეორეს ზიანი ადგება (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).

16. კეთილსინდიერება სუბიექტური კატეგორიაა და საკუთარი უფლებებითა და მოვალეობებით ისეთ სარგებლობას გულისხმობს, რა დროსაც დაცული უნდა იყოს სხვათა უფლებებისა და მოვალეობებისადმი გულისხმიერად მოპყრობის პრინციპი. სხვათა ინტერესების გათვალისწინება საკუთარი ინტერესების უგულებელყოფას არ ნიშნავს. მხარეს არც ის მოეთხოვება, რომ სხვისი ინტერესი საკუთარ ინტერესზე მაღლა დააყენოს (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2019, გვ. 360; უშუალო წყარო: Principles, Definitions and Model Rules of European Private Law, p.136).

17. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია მოპასუხეთა კანონიერი ინტერესი უძრავი ქონების აუქციონზე შეძენის მიმართ (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი). გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ მეორე მოპასუხის მიერ აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებას გადაყვა სს „ბ.რ–კას“ იპოთეკა (იხ. წინამდებარე განჩინების 2.6. ქვეპუნქტი). აღნიშნული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს კასატორის პრეტენზიის საფუძვლიანობას მოპასუხეთა არაკეთილსინდისიერებაზე.

18. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სსკ-ის 992-ე მუხლით [პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი] გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წარმოშობის საფუძვლების არსებობა.

19. სსკ-ის 992-ე მუხლი არასახელშეკრულებო ზიანის ცენტრალური ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი (ე.წ. „გენერალური დელიქტი“).

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა სამართალდარღვევის ობიექტური ნიშანია და მისი არსებობა არ არის დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას.

21. განსახილველ შემთხვევაში კანონმდებლობით არ არის შეზღუდული ნებისმიერი პირის უფლება მონაწილეობა მიიღოს იძულებით საჯარო აუქციონში და შეიძინოს სარეალიზაციოდ გატანილი ქონება. შესაბამისად, მეორე მოპასუხის მიერ იძულებით საჯარო აუქციონზე ქონების შეძენა მართლსაწინააღმდეგო ქმედებად ვერ შეფასდება. ამასთან, მოპასუხეთა ქმედება არც უფლების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს, რადგან მათი ინტერესი საკუთარი ქონებრივი უფლებების დაცვა იყო და არა - მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება.

22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის აპელირებას, რომ პირველ მოპასუხეს, აუქციონზე ქონების შეძენის ნაცვლად, მსესხებლის ფულადი ვალდებულება უნდა დაეფარა, რადგან, სასამართლოს შეფასებით, მას არ ჰქონდა ვალდებულება, მათ შორის, არც კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, საკუთარ ინტერესზე წინ დაეყენებინა მოსარჩელის ქონებრივი ინტერესები და მოპასუხისთვის აღნიშნულის დავალდებულება სცდება სამართლის რეგულირების სფეროს.

23. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ მოახდინა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ დაამტკიცა მოპასუხეთა მიერ მისთვის ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რაც გახდა სასამართლოს მიერ მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი