Facebook Twitter

საქმე№ას-525-2022

21 ოქტომბერი 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ი.თ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - უძრავი ქონების უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

საცხოვრებელი სადგომის, მდებარე ქ. რუსთავი, .......... უმკვიდროდ ცნობა და მოსარჩელის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1 მოსარჩელის ძმამ თ.თ–მა, 1991 წელს, ა.მ–გან შეიძინა ქ. რუსთავში, .......... მდებარე ბინა №22. თ.თ–ი ამ მისამართზე 1991 წლის 5 მარტიდან არის რეგისტრირებული და გარდაცვალებამდე ამ ბინაში ცხოვრობდა. შეძენილი ბინის მის სახელზე გაფორმება არ მომხდარა. გარდა იმისა, რომ მოსარჩელის ძმა ამ ბინაში ჩაეწერა და ცხოვრობდა, კომუნალური გადასახადებიც დღემდე თ.თ–ის სახელზეა აღრიცხული. გარდაცვალებამდე თ.თ–ი საცხოვრებელ ბინას უწყვეტად ფლობდა. მისი სამკვიდრო მიიღო მოსარჩელემ და წარმოადგენს. უფლებამონაცვლეს.

2.2 რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ა.მ–ი გარდაცვლილად გამოცხადდა. მამკვიდრებლის სამკვიდრო მემკვიდრეობით არავის მიუღია. შესაბამისად, უძრავი ქონება უმკვიდროდ უნდა გამოცხადდეს და მოსარჩელეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს.

3. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის საცხოვრებელი სადგომის მართლზომიერად დაკავების დამადასტურებელი მტკიცებულება, არ დგინდება ჰყავს თუ არა ა.მ–ს ანდერძისმიერი მემკვიდრეები და არც კომუნალური გადასახადების გადახდის შესახებ ინფორმაციაა წარმოდგენილი. მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1 რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი.თ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. უმკვიდროდ იქნა ცნობილი 27.02.1980 წელს, საქართველოს სსრ რუსთავის სახალხო დეპუტატების საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ №255 ორდერით მოქალაქე ა. ი. ოღლი მ–ზე გადაცემული საცხოვრებელი ბინა, მდებარე - ქ. რუსთავი, ........ (ყოფილი .......) ქუჩა №16, ბინა №22 (ფართობი 32.78 კვ.მ.) და ი.თ–ს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა.

4.2 რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი.თ–ის სარჩელი.

5.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.3 საქართველოს სსრ რუსთავის სახალხო დეპუტატების საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 27.02.1980 წელს, მოქალაქე ა.მ– სახელზე, გაცემულ იქნა №255 ორდერი, რომლითაც, ა.მ–ს მიეცა ქ. რუსთავში, ........., ბინა №22-ში მდებარე 32.78 კვ.მ საცხოვრებელი ბინის დაკავების უფლება. ორდერში ოჯახის შემადგენლობის გრაფაში მითითებულია ა.მ. ძმა - ა. მ–ი. ა. მ–ი 14.07.1992 წელს მოიხსნა რეგისტრაციიდან.

5.4 რუსთავის საქალაქო სასამართლოს 10.09.2019 წლის გადაწყვეტილებით ა.მ–ი გამოცხადდა გარდაცვლილად.

5.5 სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ 18.07.2019 წელს გაცემული ცნობის მიხედვით ა.მ. შვილების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება, ხოლო საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში 10.09.2019 წელს გარდაცვლილ ა.მ. სამკვიდრო ქონებაზე ჩანაწერი რეგისტრირებული არ არის.

5.6 დადგენილია, რომ ქ. რუსთავში, .......... მდებარე ბინა №22-ზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

5.7 თ.თ–ი 1991 წლის 05 მარტიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. რუსთავი, ........... ქ. რუსთავში, ........ მდებარე ბინა №22-ში ელ.ენერგიის და ბუნებრივი აირის მომხმარებლად (აბონენტად) რეგისტრირებულია - თ–ი.

5.8 2010 წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა თ.თ–ი. სამკვიდრო მიიღო ძმამ - ი.თ–მა.

5.9 პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ აწ გარდაცვლილი ა.მ–ი უძრავ ქონებაში შესახლებულ იქნა 1980 წლის 27 თებერვალს N255 ორდერის საფუძველზე. ა.მ–ს სადავო უძრავი ქონების პრივატიზაცია არ განუხორციელებია. არც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში და არც ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემთა ბაზაში არ ფიქსირდება სადავო უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ა.მ–ი სადავო ქონების მესაკუთრეს არ წარმოადგენს, რაც განსახილველ შემთხვევაში სპეციალური კანონის მოწესრიგების გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს.

5.10 პალატამ ყურადღება გაამახვილა „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის N107-ე დადგენილებასა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის 73-ე ბრძანებულებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე,“ რომლითაც, ორდერი წარმოადგენდა დოკუმენტს, რომელიც საცხოვრებელ ბინაში შესახლების ერთადერთი საფუძველი იყო და შესახლებულ პირს ბინით სარგებლობის სრულ უფლებას ანიჭებდა, ამასთან, ხსენებული ბრძანებულება ბინის ორდერს ფართობის კანონიერ სარგებლობაში ქონის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევს და თავის მხრივ, ორდერის გაცემა ცალსახად უკავშირდებოდა მხარეთა შორის, კერძოდ, ფიზიკურ პირსა და სახელმწიფოს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, თუმცა პრივატიზაციის განხორციელების და სარგებლობაში გადაცემული ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში აღრიცხვის გარეშე, დაკავებული ბინა (საცხოვრებელი სადგომი) - ისევ სახელმწიფოს ბინათა ფონდში რჩებოდა. შესაბამისად, ვინაიდან „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს და რამდენადაც წინამდებარე შემთხვევაში ა.მ–ი სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ გვევლინება, პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ განსახილველ შემთხვევაზე ხსენებული კანონის დანაწესები ვერ გავრცელდება.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.თ–მა, მისი გაუქმება მოითხოვა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6.2 კასატორის განმარტებით, საქმეზე მცდარად არის გამოყენებული საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა. მცდარია ასევე სააპელაციო სასამართლოს მითითება, როცა იგი ა.მ–ს არ მიიჩნევს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ. ა.მ–ზე გაცემული იყო ორდერი, რაც ნიშნავს სახელმწიფოს მიერ ბინის განკარგვას და გარდა ა.მ–ა, სხვა არც ერთ პირს უფლება არ აქვს მოიპოვოს საკუთრების უფლება ბინაზე - მოახდინოს მისი პრივატიზაცია. ამ კუთხით ა.მ–ი უთანაბრდება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მესაკუთრეს.

6.3 კასატორი განმარტავს, რომ ორდერის გაცემით სახელმწიფომ განკარგა ქონება და დღეს ის მის ფონდში არ ირიცხება. კასატორი მიიჩნევს, რომ მითითებულიდან გამომდინარე, ადგილი აქვს კანონის არასწორ განმარტებას, რის გამოც სასამართლო გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

6.4. კასატორმა, ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია საპროცესო ნორმების დარღვევით. სააპელაციო სასამართლოს არა აქვს ნამსჯელი ი.თ–ის 21.12.2021 წლის სააპელაციო შესაგებელში მითითებულ შუამდგომლობაზე, რომელიც შეეხებოდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო. შუამდგომლობა ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე (პრიმა) მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, „თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადებას თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით“.

6.5. კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2021 წლის 21 სექტემბერს, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა 20 დღის ვადაში. 2021 წლის 22 ოქტომბრიდან დაიწყო გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა და ამოიწურა 4 ნოემბერს. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2021 წლის 08 ნოემბერს. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირს. მასში მოხსენიებულია მოსარჩელეები - „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობით. ასეთ დავებში სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არის ყოველთვის მოპასუხე.

6.6. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. კასატორის საცხოვრებელი სადგომის დათმობის შესახებ გარიგება დასტურდება 1991 წლის 5 მარტიდან რეგისტრაციით და ასევე აბონენტად რეგისტრაციით.

6.7. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, პირველი პუნქტი, რომლითაც, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

6.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით, ი.თ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

11. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის (მოპასუხე) შედავებების საფუძვლიანობა.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის I მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. ამავე კანონის მე-2 მუხლის, I პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციით, კომუნალური გადასახადების გადახდით ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდით. ამავე კანონით განსაზღვრულია რეგისტრაციის მნიშვნელობა, კერძოდ, კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, რეგისტრაციის ფაქტს ადგილი უნდა ჰქონდეს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონის ამოქმედებამდე და არსებული წესის მიხედვით (ანალოგიური შინაარსის ნორმა მოცემული 2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედ კანონში ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ . იხ. 11 მუხლის მე-2 პუნქტი).

15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, იმისთვის, რომ დადგინდეს ქონება არის თუ არა უმკვიდრო, სრულყოფილად გამოკვლეული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები: არსებობენ თუ არა კანონისმიერი მემკვიდრეები; არსებობენ თუ არა ანდერძისმიერი მემკვიდრეები; ჰქონდა თუ ადგილი მემკვიდრეთაგან სამკვიდრო მასის მიღებაზე უარის თქმას; ჰქონდა თუ არა ადგილი მემკვიდრეთათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას (იხ.სუსგ. №ას-293-2020, 21.10.202წ.).

17. "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია და არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება (უმკვიდრო ქონება), მოსარგებლე უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი მოსარგებლეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

18. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს სსრ რუსთავის სახალხო დეპუტატების საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 27.02.1980 წელს, გაცემულ იქნა №255 ორდერი, რომლითაც, ქ. რუსთავში, .......... მდებარე 32.78 კვ.მ საცხოვრებელი ფართი სარგებლობაში გადაეცათ ა. და ა.მ–ებს. ა.მ–ი 14.07.1992 წელს მოიხსნა რეგისტრაციიდან. იმ პერიოდში მოქმედი საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით, მხარეთა შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება სადავო უძრავ ქონებაზე მოშლილად ითვლება რეგისტრაციიდან მოხსნის და სხვა დასახლებულ პუნქტში გადასვლის დღიდან. განსახილველ შემთხვევაში, ა. მ–ი 14.07.1992 წელს მოიხსნა რეგისტრაციიდან. ამდენად, მას არ შეიძლება გააჩნდეს რაიმე უფლება იმ ფართზე, რომელიც ორდერის საფუძველზე სარგებლობაში გადაეცათ ა. და ა. მ–ებს.

19. დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 10.09.2019 წლის გადაწყვეტილებით ა.მ–ი გამოცხადდა გარდაცვლილად. გარდაცვლილის ქონებაზე სანოტარო წესით სამკვიდროს მიღების ფაქტი არ დასტურდება.

20. დადგენილია, რომ თ.თ–ი (მოსარჩელის ძმა) 1991 წლის 05 მარტიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. რუსთავი, ......... ამავე მისამართზე ელ.ენერგიის და ბუნებრივი აირის მომხმარებლად (აბონენტად) რეგისტრირებულია - თ–ი. თ.თ–ი გარდაიცვალა 2010 წლის 15 ნოემბერს. გარდაცვლილი თ.თ–ის სამკვიდრო მოსარჩელე ი.თ–მა მიიღო და 2014 წლის 3 აგვისტოს მასზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა.

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნა განხორციელებადია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე; მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებული; არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ უნდა არსებობდნენ. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

22. წინამდებარე შემთხვევაში, მართალია წარმოდგენილია თ.თ–ის სადავო მისამართზე რეგისტრაციის ბარათი და კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, თუმცა მოხმობილი სამართლებრივი ნორმებისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, პალატის შეფასებით, უპირველესად, უნდა განისაზღვროს ურთიერთობის მონაწილე სუბიექტები, რათა სასამართლომ მიუსადაგოს ამ ურთიერთობას შესაბამისი სამართლებრივი ნორმა. პალატა აღნიშნავს, იმისათვის, რომ განსახილველი დავა სპეციალური კანონით მოწესრიგდეს აუცილებელია ურთიერთობა საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის არსებობდეს.

23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აბესალომ მანაფოევი უძრავ ქონებაში შესახლებულ იქნა 1980 წლის 27 თებერვალს N255 ორდერის საფუძველზე. პალატა მიუთითებს, საქართველოს საბინაო კოდექსის საფუძველზე მიღებულ „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილებაზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენდა მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. ამავე დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული იყო, რომ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემოდათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ. მოხმობილი ნორმების შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის (ბინის) პრივატიზაციისას თანაბარი უფლებებით სარგებლობენ ის პირები, ვინც წარმოადგენენ ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლებს ან მათი ოჯახის წევრებს. აღნიშნული ნორმატიული აქტი არ აყენებს საცხოვრებელი სახლის (ბინის) არცერთ დამქირავებელს ან მისი ოჯახის წევრს პრივილეგირებულ მდგომარეობაში.

24. მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ ბინის პრივატიზაციის უფლება ჰქონდა ა.მ–ს, თუმცა მის მიერ ეს უფლება გამოყენებული არ ყოფილა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა.მ–ს სადავო უძრავი ქონების პრივატიზაცია არ განუხორციელებია და ქ. რუსთავში, ....... N16-ში მდებარე N22 ბინა მის საკუთრებად არც ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება და არც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ფიქსირდება კონკრეტულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. შესაბამისად, ა.მ–ი ბინის მესაკუთრედ ვერ იქნება მიჩნეული. აღნიშნული ფაქტი კი სამართლებრივად გამორიცხავს "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებას.

25. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (სუსგ.№ას-873-2018, 31.01.2019წ.). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი).

28. ამდენად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259.1 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014წ. განჩინება, საქმეზე №ას-1161-1106-2014). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

29. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესზე, რომლითაც გათვალისწინებულია გამონაკლისი შემთხვევები, რომლის თანახმად, სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. შესაბამისად, სასამართლო თავისი ინიციატივით გადაწყვეტილებას უგზავნის სსსკ-ის 46-ე მუხლში მითითებულ ან პატიმრობაში მყოფ პირებს, თუ მათ არ ჰყავთ წარმომადგენელი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან, დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება - სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავაზე.

30. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ს1“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება - სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავაზე.

31. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ქონების სააგენტო ამ დავაში გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამავდროულად იგი წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 46-ე მუხლში დასახელებულ პირს, ამდენად, მასზე ვრცელდება სსსკ-ის 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამონაკლისო შემთხვევა და არ ეკისრება სასამართლოში გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების ვალდებულება. მოპასუხეს 2021 წლის 13 ოქტომბერს გაეგზავნა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, (იხ. ს.ფ 147-148), რომელიც ჩაბარდა 2021 წლის 26 ოქტომბერს (იხ. ს. ფ. 149). სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, 2021 წლის 08 ნოემბერს, წარდგენილი იქნა სააპელაციო საჩივარი (იხ. ს.ფ 152), გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დაცვით.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევასთან დაკავშირებით.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილი საკასაციო პრეტენზიის გაზიარების წინაპირობები, რის გამოც დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული.

პროცესის ხარჯები.

კასატორი - ი.თ–ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის, I ნაწილის, „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.თ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე