საქმე №ას-1498-2019 3 აგვისტო, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „პ.კ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – მ.ჩ–ი, ფ.ბ–ლი, გ.გ–ძე (მოსარჩელეები)
თავდაპირველი მოპასუხე - სს „ე- პ.ჯ–ია“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შპს „პ.კ–ი“-ს მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 აგვისტოს განჩინებით შპს „პ.კ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ჩ–ის (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“), ფ.ბ–ლისა (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“) და გ.გ–ძის (შემდგომში - „მესამე მოსარჩელე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოსარჩელეები“) სარჩელი მოპასუხისა და სს „ენერგო- პ.ჯ–იას“ (შემდგომში - „თავდაპირველი მოპასუხე“) მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 4 500 ლარის ოდენობით, მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 2 500 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ - 2 500 ლარის ოდენობით; სარჩელი თავდაპირველი მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოპასუხის საკუთრებაში არსებული ფიდერი №21-დან გამავალი 6 კვტ. სიმძლავრის საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაცემამ გამოიწვია მოსარჩელეთა კუთვნილი ოთხი მსხვილფეხა პირუტყვის დაღუპვა;
2.2. ქ. თბილისში, .......... ტერიტორიაზე, 6 კვტ. საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი, 400 კვა სიმძლავრის სატრანსფორმატორო ქვესადგური, ხაზობრივი ნაგებობის წერტილოვანი ობიექტი - 105 საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე (იხ. ტ. І, ს.ფ. 41-42, 86-91, 202-213);
2.3. მსხვილფეხა პირუტყვი, №03 67204 და №03 67210 საყურე ნიშნებით, რეგისტრირებულია პირველი მოსარჩელის სახელზე. მსხვილფეხა პირუტყვი, საყურე ნიშნით №03 67012, რეგისტრირებულია მესამე მოსარჩელის სახელზე, ხოლო მსხვილფეხა პირუტყვი, საყურე ნიშნით №03 68000, - მეორე მოსარჩელის სახელზე;
2.4. 2014 წლის 20 ოქტომბერს 18:18 საათზე ქ. თბილისში, ..........ში, ინტერპლასტის ქარხნის უკანა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე გაწყდა მაღალი ძაბვის დენის სადენები, რომლებიც დაეცა საძოვარზე მყოფ ოთხ ძროხას. აღნიშნული შემთხვევის შედეგად დაიღუპა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ოთხი მსხვილფეხა პირუტყვი, საყურე ნიშნებით - №03 67204, №03 67210, №03 67012 და №03 68000 (იხ. ტომი I, ს.ფ. 20-21; 27-30; 31-37; 92).
3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 992-ე და მე-1000 მუხლებით და არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად იქნა დადგენილი პასუხისმგებელი პირი მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით. სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისში, .......... ტერიტორიაზე, 6 კვტ. საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი, 400 კვა სიმძლავრის სატრანსფორმატორო ქვესადგური, ხაზობრივი ნაგებობის წერტილოვანი ობიექტი - 105 საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე. ამასთან, წარდგენილია მოპასუხის 2015 წლის 26 ნოემბრის ცნობა, რომლის თანახმად, თეთრიხევჰესის ქვესადგურის 6 კვ. სალტებზე მიერთებული და მოპასუხის საკუთრებაში არსებული №17 ფიდერის და მისი განშტოებების №19, 20, 21, 22, 23, 24, 25 და 26 ჩართვა-გამორთვაზე და შეკეთებაში ჩაყენებაზე პასუხისმგებელ პირად, რომელსაც აქვს თავდაპირველი მოპასუხის ქვემო ქართლის დისპეჩერთან მოლაპარაკების უფლება, დანიშნულია გ.თ–ი. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ცნობით თავად მოპასუხე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მის საკუთრებაშია №17 ფიდერი და მისი განშტოებებიც, მათ შორის, ფიდერი №21. მოპასუხეს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ ვინ იყო მანამდე შესაბამისი უფლებამოსილი პირი, არ წარუდგენია, ამასთან, აღნიშნული არც საქმეში წარდგენილი სხვა დოკუმენტებით დასტურდება.
4. სააპელაციო პალატამ მიუთითა შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ 2018 წლის 16 ნოემბრის ცნობაზე, რომლის თანახმად, უფლებამოსილი პირის მიერ 18:00 საათზე, დისპეჩერ ბ–ის მოთხოვნით, გამოირთო ფიდერი №2 და ფიდერი №21 და ჩადგა შეკეთებაში, ხოლო 18:35 საათის მონაცემებით, დისპეჩერ ბ–ის მოთხოვნით, ფიდერი №2 გამოვიდა შეკეთებიდან და ჩაირთო, ხოლო ფიდერი №21 დამიწდა (იხ. ტომი I, ს.ფ. 174). სასამართლოს მითითებით, შეტყობინება ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნისა და პირუტყვის დაზიანების შესახებ საპატრულო პოლიციაში შესულია 2014 წლის 20 ოქტომბრის 18:18 საათზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ შესაბამისი ფიდერის გამორთვა და დამიწება მოხდა სწორედ შესაბამისი შემთხვევის დადგომის გამო, მის შემდეგ და არა - პირიქით. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული ფიდერი №21-დან გამავალი 6 კვტ. სიმძლავრის საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანება/გაწყვეტასა და მოსარჩელეთა ქონებისათვის ზიანის მიყენებას (ოთხი მსხვილფეხა პირუტყვის დაღუპვა) შორის მიზეზშედეგობრიობა დადასტურებულად მიიჩნია.
5. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო არ ადგენს ობიექტურ ჭეშმარიტებას. ყოველ სამოქალაქო საქმეზე საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები დგინდება მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილების საფუძველზე, შეჯიბრობითობის პირობებში, იმის გათვალისწინებით, თუ რომელი მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იძლევა უფრო სარწმუნო ინფორმაციას სადავო ფაქტებთან დაკავშირებით. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტის კონსტატაციის შესახებ აქტი, რომლითაც დგინდება, რომ ორივე მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზები იკვეთება სწორედ ინტერპლასტის ქარხნის უკანა მხარეს არსებულ ტერიტორიაზე; ამავე აქტით დაფიქსირებული ფ№2-ისთვის განკუთვნილი დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის ბოძი; 2014 წლის პერიოდში მოპასუხის მიერ თანამშრომლებისათვის ხელფასის გაცემის შესახებ ცნობა არ იძლევა იმ მტკიცებულებებით მიღებული ინფორმაციის გამომრიცხავ ცნობებს, რომლებსაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
11. საკასაციო საჩივრის თანახმად, არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ 2014 წლის 20 ოქტომბერს დაზიანდა მხოლოდ ფიდერი №21-დან გამომავალი ელექტროგადამცემი ხაზი და, რომ მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის დაცემამ გამოიწვია ცხოველების დახოცვა. ასევე არასწორია ის ფაქტი, რომ 2015 წლამდე გ.თ–ი წარმოადგენდა მოპასუხის ინტერესებს „ქვემო ქართლის“ დისპეჩერებთან ურთიერთობაში. მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა წერილობითი მტკიცებულება 2015 წლიდან თინაშვილის წარმომადგენლობის თაობაზე, რაც გამორიცხავს მის უფლებამოსილებას მანამდე არსებული პერიოდის განმავლობაში.
12. განსახილველ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელეთა მოთხოვნა გამომდინარეობს დელიქტური პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი სპეციალური ნორმიდან - სსკ-ის მე-1000 მუხლიდან, რომელიც ადგენს პასუხისმგებლობას ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის [1. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. 2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით. 4. რადიაციული ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული ზიანი უნდა აანაზღაუროს მისმა გამომყენებელმა.].
13. პასუხისმგებლობა ნივთიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის ყოველთვის დგება ბრალის მიუხედავად. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის მე-1000 მუხლი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის წესს ამკვიდრებს და, განსხვავებით დელიქტური ვალდებულების ზოგადი დანაწესისაგან (სსკ-ის 992-ე მუხლი), ბრალის მიუხედავად, ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუკი მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლუატაციას შედეგად მოჰყვა პირის ან ნივთის დაზიანება (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-543-518-2016, 23 დეკემბერი, 2016 წელი). სსკ-ის მე-1000 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ ზიანის მიყენების წყაროა მომეტებული საფრთხის შემცველი მოწყობილობა ან საგანი, რომლის მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს ამგვარ ობიექტსა თუ მოქმედებასთან დაკავშირებული ზიანი. მომეტებულ საფრთხეში იგულისხმება ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელება შეიცავს ზიანის მიყენების აშკარა შესაძლებლობას და რომლის კონტროლირებაც აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს (იხ. სუსგ საქმე №ას-40-37-2015, 24 დეკემბერი, 2015 წელი; შდრ. სუსგ საქმე №ას-1287-1208-2015, 26.02.2016). მე-1000 მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს ნებისმიერ ისეთ ნივთს, რომელიც თავისი თვისებებით მომეტებული საფრთხის შემცველია. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას ადამიანის მიერ მასზე სრული კონტროლის შეუძლებლობის გამო (იხ. სუსგ საქმე №ას-40-37-2015, 24 დეკემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-1295-1215-2017, 15 მაისი, 2018 წელი). სსკ-ის მე-1000 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, პირი მოვალეა, აუნაზღაუროს დაზარალებულს მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანი, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით (იხ. სუსგ საქმე №40-37-2015, 24 დეკემბერი, 2015 წელი).
14. განსახილველ შემთხვევაში კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების წინააღმდეგ, რომლის თანახმად, მოპასუხის საკუთრებაში არსებული ფიდერი №21-დან გამავალი 6 კვტ. სიმძლავრის საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაცემამ გამოიწვია მოსარჩელეთა კუთვნილი ოთხი მსხვილფეხა პირუტყვის დაღუპვა (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1. ქვეპუნქტი). მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მოსარჩელეებისთვის მიყენებულ ზიანში მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი სათანადო მტკიცებულებები, რაც მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
16. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 475 ლარის 70% – 332,5 ლარი.
17. რაც შეეხება კასატორის მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელეების) შუამდგომლობას საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე იურიდიული მომსახურების ხარჯის - დავის საგნის 4%-ის კასატორისთვის დაკისრების თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა ნაწილობრივ დასაბუთებულია [სსსკ-ის 53.1. მუხლი: იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით].
18. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი. ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი კანონმდებელი მიიჩნევს ქონებრივ დავებში დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს, ხოლო არაქონებრივ დავებში არაუმეტეს 2000 ლარს, რაც წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ (იხ. სუსგ საქმე №ას-923-889-2016, 3 თებერვალი, 2017 წელი).
19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამართალწარმოების კონკრეტულ ეტაპზე, რომელიც საკასაციო განაცხადის დასაშვებობის შემოწმებას ეხება, რა დროსაც, სასამართლო ვალდებულია, სსსკ-ის 391.5. მუხლის წინაპირობების მიხედვით, შეამოწმოს და დაადგინოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე არც სასამართლოსა და არც მხარეთა მიერ არ ხდება ადამიანური და დროითი რესურსების იმგვარი გამოყენება, როგორც ამას საჭიროებს საქმის არსებითი განხილვა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო სამართალწარმოების მოცემული ეტაპისა და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით ადვოკატის მომსახურების ხარჯი უნდა ანაზღაურდეს 50 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „პ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „პ.კ–ს“ (ს/კ: ........) დაუბრუნდეს დ.ქ–ის (პ/ნ: .......) მიერ 2019 წლის 18 ნოემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 475 ლარის 70% – 332,5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. მ.ჩ–ის, ფ.ბ–ლისა და გ.გ–ძის შუამდგომლობა საპროცესო ხარჯების დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, შპს „პ.კ–ს“ მ.ჩ–ის, ფ.ბ–ლისა და გ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით 50 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი