Facebook Twitter

საქმე №ას-1452-2023 05 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ.ლ–ძე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ.ლ–ძემ (შემდგომში – „მოსარჩელე”, „მოპასუხე შეგებებული სარჩელით“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ.ბ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოსარჩელე შეგებებული სარჩელით“) მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა მისთვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

4. მოსარჩელემ წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო.

5. მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2022 წლის 18 ოქტომბერს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.

6. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 თებერვლის საოქმო განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2023 წლის 07 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. ამასთან, აპელანტმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე მძიმე ფინანსური მდგომარეობის საფუძვლით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა: ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარედგინა 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი რელევანტური მტკიცებულება; ასევე, დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი.

10. აპელანტის წარმომადგენელმა ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და აპელანტის მძიმე ფინანსური მდგომარეობის საფუძვლით იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა ამ განჩინების გადაცემიდან 10 დღის ვადით.

12. აპელანტის წარმომადგენელმა ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და იმავე საფუძვლით იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დამატებით 10 დღით გაგრძელების თაობაზე.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა ამ განჩინების გადაცემიდან 10 დღის ვადით.

14. აპელანტის წარმომადგენელმა ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში კვლავ მიმართა განცხადებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და იმავე საფუძვლით იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 აგვისტოს განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა კიდევ ერთხელ გაუგრძელდა ამ განჩინების გადაცემიდან 10 დღის ვადით. აღნიშნული განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ, მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელების შესაძლებლობას, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ვადა შეიძლება გაგრძელდეს დაუსრულებლად. ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო-სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იყოს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით არ უნდა დაირღვევს მეორე მხარის უფლება.

16. აპელანტის წარმომადგენელმა ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და აპელანტის მძიმე ფინანსური მდგომარეობის საფუძვლით იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დარჩა განუხილველი; დაუშვებლობის გამო ასევე განუხილველად დარჩა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი.

18. სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტის შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე სამჯერ დაკმაყოფილდა, კერძოდ, 18.05.2023წ., 19.06.2023წ. და ბოლოს 07.08.2023წ. განჩინებებით, რა დროსაც აპელანტს განემარტა, რომ ვადა დაუსრულებლად ვერ იქნებოდა გაგრძელებული. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 07 აგვისტოს განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად 2023 წლის 05 სექტემბერს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2023 წლის 12 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართა განცხადებით აპელანტის წარმომადგენელმა, თუმცა არც ამჯერად წარუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, ხარვეზი არ იქნა შევსებული. არამედ, აპელანტის წარმომადგენელმა მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

19. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ზემოაღნიშნული შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველი, ვინაიდან აპელანტს ერთხელ უკვე ეთქვა უარი ანალოგიური შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. მას არც პირველ შემთხვევაში და არც ამჯერად წარუდგენია სასამართლოსთვის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეეფასებინა მტკიცებულებები და ემსჯელა მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და მის თანმდევ შედეგებზე სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით. სასამართლოს განმარტებით, უტყუარი მტკიცებულებებით ქონებრივი მდგომარეობის დადასტურება კანონისმიერი პირობაა და სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში დააკმაყოფილოს ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობა. აღნიშნულის შესახებ მხოლოდ მხარის მითითება სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველს არ წარმოადგენს.

20. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2023 წლის 27 თებერვალს, საიდანაც გასულია დაახლოებით შვიდი თვე. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტს ჰქონდა საკმარისი დრო სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის ან ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი, რელევანტური მტკიცებულებების წარსადგენად, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას არც ასეთი მტკიცებულებები და არც დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი წარუდგენია.

21. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლით და ვინაიდან აპელანტის მიერ ხარვეზი არ ყოფილა შევსებული, მიიჩნია, რომ სახეზე იყო დაუშვებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.

23. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ემყარება იმ გარემოებას, რომ აპელანტმა არ შეავსო სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი. ეს დასაბუთება არის უსამართლო, რადგან აპლანტი თავისი ფინანსური მდგომარეობის გამო ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას. აღნიშნულის თაობაზე არაერთი წერილობითი შუამდგომლობა იქნა წარდგენილი, თუმცა სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა აპელანტის პოზიცია და უკანონოდ დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველი.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

25. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

27. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

28. კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მისი შუამდგომლობა მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმსჯელებს აპელანტის შუამდგომლობაზე სახემწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

30. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით იშუამდგომლა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან შუამდგომლობა იყო დაუსაბუთებელი და აპელანტს არ ჰქონდა წარდგენილი მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები. შესაბამისად, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაევალა; აპელანტმა, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის არაერთხელ გაგრძელების შემდგომ, 2023 წლის 12 სექტემბერს კვლავ მიმართა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მოთხოვნით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აპელანტი ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო ბაჟის გადახდას მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო (იხ. ს.ფ. 339), თუმცა აპელანტს არც ამ შემთხვევაში წარუდგენია სასამართლოსთვის მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები.

31. შესაბამისად, ვინაიდან აპელანტს იმავე საფუძვლით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 17 მარტის განჩინებით ერთხელ უკვე უთხრა უარი, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სახეზე იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე აპელანტის მიერ 2023 წლის 12 სექტემბერს წარდგენილი შუამდგომლობის განუხილევლად დატოვების საფუძველი.

32. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. შესაბამისად, მარტოოდნენ სიტყვიერი მითითება არ არის საკმარისი მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დასადასტურებლად.

33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.

34. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. იმავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

36. მითითებული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. შესაბამისად, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა (იხ. სუსგ საქმე Nას-237-225-2017, 16 მარტი, 2017 წელი). ამასთან, ობიექტური გარემოებების არსებობის დადასტურება თავად მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

37. მოცემულ შემთხვევაში აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ჯამში სამჯერ გაუგრძელდა. უკანასკნელ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 აგვისტოს განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა დამატებით 10 დღის ვადით გაუგრძელდა. აღნიშნულ ვადაში, 2023 წლის 12 სექტემბერს აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე აპელანტის მძიმე ფინანსური მდგომარეობის საფუძვლით, თუმცა აპელანტს სასამართლოსთვის მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი სათანადო მტკიცებულებები არ წარუდგენია. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ გაითვალისწინა და ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივარი განუხილველი დატოვა.

38. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა არაერთხელ გაუგრძელდა. ამასთან, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თავდაპირველი განჩინების მიღებიდან (17.03.2023) სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე (22.09.2023წ.) გასულია ექვს თვეზე მეტი ვადა და ამ დროის განმავლობაში სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის შემოწმების ეტაპზეა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აპელანტს ხარვეზის შესავსებად საკმარისი ვადა მიეცა, ხოლო ვადის დამატებით გაგრძელება, საქმის განხილვის დაუსაბუთებელ გაჭიანურებას გამოიწვევდა, რაც ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპს და ლახავს მოწინააღმდეგე მხარის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს.

39. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია, შესაბამისად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.

40. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, N8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).

41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს. კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).

42. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.ლ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი