საქმე №ას-969-2023
28 თებერვალი 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - გ.კ–ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ო.შ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო
საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და
ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლით
გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 გ.კ–იას უკანონო მფლობელობიდან, გამოთხოვილ იქნეს, ქ. თბილისში, ....... მდებარე, 80.01 კვ.მ ნახევარსარდაფი, ს/კ №......... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე, ო.შ–ძეს;
1.2 მოპასუხე, გ.კ–იას, მოსარჩელე - ო.შ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიური საიჯარო ქირის - 504 ლარის ანაზღაურება, 2021 წლის 04 აპრილიდან, უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში, ო.შ–ძისთვის გადაცემამდე.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1 მოსარჩელის განმარტრებით, სადავო უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისში, ....., 80.01 კვ.მ ნახევარსარდაფი, ო.შ–ძეს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გადასცა ძმამ - გ.შ–ძემ. თავის მხრივ, გ.შ–ძეს, უძრავი ქონება საკუთრებაში დაურეგისტრირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე.
2.2 გ.კ–ია, ფლობს და არ ათავისუფლებს მოსარჩელის ქონებას. მოპასუხემ მისი კუთვნილი ბინის იატაკი ჩაანგრია, რომელიც, ამავდროულად მოსარჩელის ნახევარსარდაფის ჭერს წარმოადგენს და გააკეთა ჩასასვლელი რკინის კიბით. აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება. მოპასუხის ქმედებით ირღვევა მისი საკუთრების უფლება, რადგან ვერ სარგებლობს კუთვნილი ფართით და ადგება ზიანი, რაც აუდიტორ ექსპერტის დასკვნის შესაბამისად, ქონების საბაზრო ღირებულებაზე დაყრდნობით, შეადგენს თვეში 504 ლარს.
3. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გ.შ–ძემ ნახევარსარდაფზე საკუთრების უფლება მიიღო უკანონოდ და ეს იცოდა მოსარჩელემაც. ამასთან, ო.შ–ძე არ არის სრულყოფილი მესაკუთრე უძრავი ქონების, რადგან საჯარო რეესტრში რეგისტრირებული აქვს ნახევრად სარდაფი, ხოლო რეალური მდგომარეობით, უძრავი ქონება წარმოადგენს მიწისპირა სართულს. უძრავი ქონება თავისი არსით მოიცავს ორ სართულს, რომელთაგან პირველი არის ნახევრად სარდაფი, უფანჯრო, ხოლო მეორე სართულს აქვს ფანჯრები. ო.შ–ძის მიერ რეგისტრირებულ ნახაზში არ არის მითითებული ფანჯრები, რაც იმას გულისხმობს, რომ საკუთრებაში დარეგისტრირებული აქვს მხოლოდ პირველი სართული. ის ფაქტი, რომ უძრავი ქონება ორ სართულად იყო დაყოფილი, მოპასუხის მოსაზრებით, დასტურდება სარჩელზე წარმოდგენილი აუდიტის დასკვნაზე დართული ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ამოღებული ნახაზითაც. მოპასუხე, ასევე არ ეთანხმება მოთხოვნას, საიჯარო ქირის ყოველთვიური თანხის დაკისრების თაობაზე.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2022წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გამოთხოვილ იქნა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, ქ. თბილისში, .......... მდებარე 80.01 კვ.მ. ნახევარსარდაფი, ს/კ №......... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. მოპასუხე, გ.კ–იას, მოსარჩელე - ო.შ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა, ყოველთვიური საიჯარო ქირის - 504 ლარის ანაზღაურება, 2021 წლის 04 აპრილიდან, უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში, ო.შ–ძისთვის გადაცემამდე.
4.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა არსებობდა.
5.3 საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება მთელ სადავო ქონებაზე არ უნდა გავრცელდეს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, 80.01 კვ.მ., ფართის მქონე
ნახევარსარდაფზე (მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, ........., ს.კ. .........) საკუთრების უფლება ო.შ–ძეს გააჩნია.
5.4 სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე და 312-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად და არ არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რისი დადასტურებაც მას კანონის თანახმად ეკისრებოდა. შესაბამისად, ვინაიდან სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.
5.5 რაც შეეხება, ქონებით სარგებლობის ხელშეშლის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას - ყოველთვიურად საიჯარო ქირის, 504 ლარის გადახდის მოპასუხისთვის დაკისრებას, 2021 წლის 04 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ფულადი ანაზღაურების მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე, 982-ე, 979-ე მუხლებზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ არსებობდა მოპასუხისათვის მისი დაკისრების საფუძველი.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1 ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.კ–იამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.2 კასატორის განმარტებით, გ.შ–ძემ უკანონოდ მიიღო ნახევარსარდაფი ეს ყველაფერი ცნობილი იყო ო.შ–ძისათვის, ვინაიდან გ.შ–ძე არის მისი ძმა.
6.3 კასატორის განმარტებით, უძრავი ნივთის გამოთხოვის წინაპირობას წარმოადგენს პირის მესაკუთრედ ყოფნა. ო.შ–ძე არ არის სრულყოფილი მესაკუთრე. საჯარო რეესტრში მას რეგისტრირებული აქვს ნახევარსარდაფი. რეალური მდგომარეობით უძრავი ქონება არის მიწის პირზე სართული. ანუ უძრავი ქონება თავისი არსით მოიცავს ორ სართულს; პირველი სართული არის ნახევარსარდაფი, რომელსაც არა აქვს ფანჯარა, ხოლო მეორე სართულს აქვს ფანჯრები. ო.შ–ძის მიერ რეგისტრირებულ ნახაზში არ არის მითითებული ფანჯრები, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსარჩელეს დარეგისტრირებული აქვს საკუთრებაში მხოლოდ პირველი სართული. აღნიშნული უძრავი ქონება, თავიდანვე რომ იყო ორ სართულად დაყოფილი, ნათლად ჩანს, თვით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აუდიტის დასკვნაზე დართული ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ამოღებული ნახაზით. გარდა ამისა, კასატორის მხრიდან ჩატარდა ექსპერტიზა, სადაც ნათლად ჩანს რეალური მდგომარეობა და ო.შ–ძის მიერ რეგისტრირებული მონაცემები. მოსარჩელეს, რომ ჰქონოდა რეგისტრირებული უძრავი ქონება რეალური მდგომარეობით, მაშინ მის ნახაზზე უნდა იყოს ასახული ფანჯრებიც. შესაბამისად, ო.შ–ძეს არ აქვს უფლება, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა იმ ქონების, რომელიც მისი საკუთრება არ არის.
6.4 კასატორის განმარტებით, მოსარჩელე არ არის სრულფასოვანი მესაკუთრე იმ ქონების, რისი ქირის ანაზღაურებასაც ითხოვს. ამას ადასტურებს აუდიტის დასკვნა. საქმეში წარმოდგენილია აზომვითი ნახაზი, რომლითაც სადავო ქონება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და რეალური მდგომარეობის ამსახველი ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ამოღებული ნახაზი. მითითებული ნახაზები ერთმანეთისგან განსხვავებულია. ერთზე არის ორი სართული ასახული, ხოლო მეორეზე მხოლოდ პირველი სართული (ანუ ნახევარსარდაფი). ამასვე ამბობს კასატორის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. შეფასებისას ექსპერტს არ შეუფასებია მხოლოდ პირველი სართული, მან შეაფასა ორივე სართულის საიჯარო ქირა.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, გ.კ–იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია .
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
13. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება ქონება (მდებარე, ქ. თბილისში, ............, 80.01 კვ.მ ნახევარსარდაფი, ს/კ №.........) რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. საკუთრების წარმოშობის საფუძველია, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 31.03.2021წ. საკუთრების რეგისტრაციის კანონიერების საკითხი მოპასუხეს, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სადავოდ არ გაუხდია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადასტურდება, მიიჩნევა ნამდვილად. ამასთან, დადგენილია, რომ ქონება იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში და მოპასუხე მხარე ვერ მიუთითებს ქონების ფლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილია სავინდიკაციო სარჩელი, შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვის მართლზომიერება.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია, სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში; (შდრ: სუსგ №ას-709-2022, 30.09.2022წ.).
16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 26.01.2023წ. საქმე №ას-1578-2020, 3.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ., საქმე №ას-1437-2020, 24.12.2020წ., საქმე №ას-1274-2020 31.02.2020წ.). პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევა უნდა ემყარებოდეს ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს.
19. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, ამავე კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხე სადავო უძრავ ქონებას ფლობს.
20. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ რეალურად სადავო ფართი შედგება 2 სართულისაგან და მხოლოდ ის სართული ეკუთვნის ო.შ–ძეს, რომელიც არის უფანჯრო, ხოლო მიწის ზედა ნაწილზე მოსარჩელის საკუთრების უფლება არ ვრცელდება. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხე მხარის განმარტებაზე, სადაც იგი მიუთითებს, რომ რეალურად სადავო უძრავი ქონება ერთ სივრცეს წარმოადგენს, მას არა აქვს ტიხარი, იატაკის ფილა (იხ. 14.06.2022წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 15:11 სთ), აღნიშნული კი მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ სადავო ფართი არის მთლიანი და განუყოფელი. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 16 სექტემბრის #006576221 ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, (დასკვნის მე-2 პუნქტი) განცხადებაში მითითებული ფართი წარმოადგენს მაღალჭერიან ოთახს, რომელიც საინვენტარიზაციო გეგმისა და ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით მოიცავს ორ სართულს. კერძოდ, საინვენტარიზაციო გეგმაზე ნაჩვენებ 0 და 1 სართულებს, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მდგომარეობა შეესაბამება სადავო უძრავი ქონების რეალურ მდგომარეობას. რაც შეეხება შიდა ტიხრებს ან ღიობების არსებობას, აღნიშნული გარემოებები არ ცვლის მოცემული დავის სურათსა და სამართლებრივ შედეგს.
21. რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. საკუთრების უფლება კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება, ამ უფლების არსი მოიაზრებს, როგორც მის მფლობელობას ასევე მის შეუფერხებლად განკარგვის უფლებას. საქმის მასალებში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებით - საჯარო რეესტრის ამონაწერით, დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონება 2018 წლიდან მოსარჩელის საკუთრებაშია. შესაბამისად, უძრავი ქონების მესაკუთრეს არ უნდა შეეზღუდოს მისი ქონებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლება.
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).
24. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სადავო უძრავი ნივთის ფლობის გამო, საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 982.1 მუხლი (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი) (შდრ. სუსგ №ას-197-186-2017, 30.05.2017წ.; №ას-685-639-2017, 22.12.2017წ.).
25.01.2019წ., პ.19, №ას-275-2020, 16.11.2021წ; №ას-1227-2018, 15.02.2022წ.).
25. თუკი მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მას უფლება აქვს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. სწორედ აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება სსკ-ის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა (შდრ: სუსგ №ას-685-639-2017, 22.12.2017წ.).
26. საკასაციო პალატის განმარტებით, ქონებით სარგებლობის ხელშეშლის გამო, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევისას უნდა შეფასდეს სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიიღწევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების კუმულაციურად არსებობისას: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე ნივთს უნდა ფლობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ადგილი უნდა ჰქონდეს მოპასუხის გამდიდრებას მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ხარჯზე (შდრ. სუსგ №ას-197-186-2017, 30.05.2017წ., პ.17). მხოლოდ მითითებული გარემოებების გამოკვლევის შედეგად შეიძლება დასკვნის გამოტანა, არსებობს თუ არა საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების/გამდიდრების გათანაბრების საფუძველი (იხ. სუსგ საქმე №ას-479-2020, 14.12.2021წ.).
27. საკასაციო პალატის არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ ვინაიდან განსახილველ საქმეში სწორედ მიღებული სარგებლის უკან დაბრუნების ობიექტური შეუძლებლობა იკვეთება, ქონებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით ხელმყოფს (მოპასუხეს) ეკისრება, რომ მის მიერ დაზოგილი სიკეთე - მოცემულ შემთხვევაში დაზოგილი ქირა (რომელსაც იგი გადაიხდიდა, თუკი მესაკუთრესთან ან სხვასთან, სამართალურთიერთობაში იქნებოდა) აუნაზღაუროს მესაკუთრეს, რომელმაც ვერ მიიღო შესაბამისი სარგებელი და განიცადა ქონებრივი დანაკლისი (იხ. სუსგ - ები: Nას-1399-2020, 08.04.2021წ; ას-519-2020, 17.03.2021წ; N ას-1100-2020, 23.12.2020წ; N ას-852-796-2017, 22.09.2017წ; Nას-308-293-2013, 30.05.2017წ; Nას-197-186-2017 -30.05.2017წ; N ას-472-448-2013, 5.12.2013წ).
28. განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნით დგინდება, რომ უძრავი ქონების საიჯარო ქირა განისაზღვრება 504 ლარით (ს.ფ. 49, 97).
29. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, მოპასუხე უკანონოდ ფლობს სადავო უძრავ ქონებას, ხოლო, მართლზომიერი მფლობელობის ან სხვაგვარად სარჩელის მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოებები ვერ დაამტკიცა მოპასუხემ, შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
30. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
33. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
8. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 855 ლარის 70% 598.50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ.კ–იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, გ.კ–იას მიერ, სს „საქართველოს ბანკში“, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, 2023 წლის 12 სექტემბერს, N18544028646 საგადახდო დავალებით გადახდილი 855 ლარის 70% 598.50 ლარი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
მირანდა ერემაძე