საქმე №ას-1543-2023 05 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე.ზ–ია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – განჩინების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ე.ზ–იას საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და ამავე სასამართლოს 2023 წლის 03 აგვისტოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნის შესახებ; შპს „თ.ს.კ–ას“ აეკრძალა შპს „თ.ს.კ–ის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მართვის ჯგუფის უფროსი სპეციალისტის, საპროექტო სამსახურის დოკუმენტაციის კონტროლის სპეციალისტის თანამდებობაზე სხვა პირის ნებისმიერი ფორმით გამწესება, გარდა ამავე თანამდებობებზე სხვა პირების დროებით, მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე.
2. ე.ზ–იას წარმომადგენელმა 2023 წლის 01 ნოემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და ზემოაღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის განმარტება მოითხოვა. კერძოდ, მოითხოვა განიმარტოს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი მოქმედებს 2023 წლის 06 ივლისიდან, ანუ პირველი ინსტანციის სასამართლოში შუამდგომლობის განხილვის პერიოდიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ე.ზ–იას განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ბუნდოვანი არ არის, ის ცხადი და არაორაზოვანია.
5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განჩინება, რომლის განმარტებასაც ითხოვს განმცხადებელი ჩამოყალიბებულია გარკვევით, ნათლად და არორაზროვნად. მისი გაგებისთვის არაა საჭირო განვრცობითი ან შეზღუდვითი განმარტების გაკეთება. იგი გაგებული უნდა იყოს ისე, როგორც არის ტექსტში ჩამოყალიბებული, ანუ სიტყვა-სიტყვით. ამასთან, სასამართლოს მითითებით, საკითხი, რომლის გარკვევასაც ითხოვს განმცხადებელი, სცილდება გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს, რაც ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმიდან გამომდინარე, დაუშვებელია.
6. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 195-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულება დაუყოვნებლივ ხორციელდება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით იმსჯელა 2023 წლის 29 სექტემბერს, შესაბამისად, ის უნდა აღსრულდეს დაუყონებლივ, კანონით დადგენილი წესით. ამასთან, აღნიშნული განჩინებით სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა სამ სხვადასხვა თანამდებობაზე სპეციალისტის დანიშვნასთან დაკავშირებით, გარდა ამავე თანამდებობებზე სხვა პირების დროებით მოვალობის შემსრულებლად დანიშვნისა. 2023 წლის 23 ოქტომბერს წარმოდგენილი განცხადებით შპს „თ.ს.კ–ის“ წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ვაკანტური აღარ არის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მართვის ჯგუფის უფროსი სპეციალისტის პოზიცია, რაც არ გამორიცხავს განჩინების აღსრულების შესაძლებლობას საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტის და საპროექტო სამსახურის დოკუმენტაციის კონტროლის სპეციალისტის თანამდებობებთან მიმართებით.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე.ზ–იამ წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია N2/384-2021 სამოქალაქო საქმე შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ე.ზ–იას სარჩელის გამო მოპასუხე შპს „თ.ს.კ–ის“ წინააღმდეგ. საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 06 ივლისის განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც უცვლელად დარჩა იმავე სასამართლოს 2023 წლის 03 აგვისტოს განჩინებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზემოაღნიშნული განჩინებები და მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, კერძოდ, შპს „თ.ს.კ–ას“ აეკრძალა შპს „თ.ს.კ–ის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მართვის ჯგუფის უფროსი სპეციალისტის, საპროექტო სამსახურის დოკუმენტაციის კონტროლის სპეციალისტის თანამდებობაზე სხვა პირის ნებისმიერი ფორმით გამწესება, გარდა ამავე თანამდებობებზე სხვა პირების დროებით, მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. აღნიშნული განჩინების მიღების შემდგომ მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და განჩინების აღსრულება მოსთხოვა, რაზეც ამ უკანასკნელმა აცნობა, რომ განჩინება ვერ აღსრულდებოდა საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მართვის ჯგუფის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის მიმართ, ვინაიდან განჩინების გამოტანის შემდგომ მოპასუხე ორგანიზაციამ ამ თანამდებობაზე სხვა პირი დანიშნა და ის ვაკანტური აღარ იყო. სააპელაციო პალატის განჩინება მოპასუხეს წარედგინა დაგვიანებით - 2023 წლის 11 ოქტომბერს;
7.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2023 წლის 05 ივლისს წარადგინა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება, რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსაბუთებელი განჩინება მიღებულ იქნა 06 ივლისს. აღნიშნულის გამო სარჩელის უზრუნველყოფა ნაცვლად 24 საათისა, შესაძლებელი გახდა სამი თვის გასვლის შემდგომ, რაშიც მოსარჩელეს ბრალი არ მიუძღვის;
7.3. სააპელაციო სასამართლოს განჩინების მე-3 პუნქტი არ ითვალისწინებს, თუ რომელი პერიოდიდან აეკრძალა მოპასუხეს განჩინებით გათვალისწინებული მოქმედებები. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პუნქტი მოქმედებს არა მისი გამოტანის პერიოდიდან, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოში შუამდგომლობის განხილვის პერიოდიდან - 2023 წლის 06 ივლისიდან და იგულისხმება, რომ სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული აეკრძალა მოპასუხე კომპანიას განჩინებით გათვალისწინებული მოქმედებები, ვინაიდან საპროცესო სამართალში გაუქმებული სასამართლო აქტი ითვლება, რომ არ არსებობს და მის ადგილს ახალი სასამართლო აქტი იკავებს სწორედ იმ მონაკვეთში, როდესაც უნდა მიღებულიყო კანონიერი სასამართლო აქტი. შესაბამისად, კანონიერი სასამართლო აქტის შედეგები მოქმედებას იწყებს იმ პერიოდიდან, როდესაც ის უნდა მიღებულიყო;
7.4. შესაბამისად, სასამართლო აქტის აღსრულების ხელშესაწყობად (მოპასუხე თანხმობას აცხადებს ნებაყოფლობით შეასრულოს ის) უნდა განიმარტოს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი მოქმედებს 2023 წლის 06 ივლისიდან. აღნიშნული პუნქტიდან არ ირკვევა განჩინების მოქმედების საწყისი პერიოდი, სწორედ ამ ორაზროვნებით სარგებლობს მოპასუხე და უარს ამბობს მის აღსრულებაზე;
7.5. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ ისე თქვა უარი განჩინების განმარტებაზე, რომ მისივე სამოტივაციო ნაწილით ფაქტობრივად განმარტა კიდეც ის, თუმცა არასწორად. სასამართლომ მიიჩნია, რომ რაკი აღარ არსებობს განჩინებით გათვალისწინებული ვაკანტური თანმდებობა, არსებობს სხვა თანამდებობაზე განჩინების გავრცელების შესაძლებლობა, რაც არასწორია, ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის ინტერესი მხარეს სწორედ იმ პოზიციაზე აქვს, რომელიც განზრახ, სასამართლო აქტის საწინააღმდეგოდ შეავსო მოპასუხემ;
7.6. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტი მოქმედებს არა მხარისათვის ჩაბარებისა და გაცნობის პერიოდიდან, არამედ მისი მიღების პერიოდიდან. შესაბამისად, მოპასუხის არგუმენტი, რომ მას გვიან ჩაბარდა განჩინების ასლი, მის აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება. მოპასუხე თავად ადასტურებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გამოტანის დროისათვის სადავო ვაკანსია კვლავ ვაკანტური იყო.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის განმარტებაზე უარის თქმის მართლზომიერება.
12. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, რომლითაც შპს „თ.ს.კ–ას“ აეკრძალა კონკრეტულ თანამდებობებზე ვაკანტური ადგილების შევსება, უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მისი მოქმედება ვრცელდება 2023 წლის 06 ივლისიდან, ანუ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელის განცხადების განხილვის პერიოდიდან. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
14. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისაკენ და უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და განსამარტი გადაწყვეტილებიდან არ გამომდინარეობდა.
15. სასამართლოს გადაწყვეტილებისა თუ განჩინების განმარტება არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მთლიანად ან რომელიმე კონკრეტული დებულების სადავოდ გახდის საპროცესო მექანიზმს. დაუშვებელია, მხარემ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოთხოვნას საფუძვლად დაუდოს ამა თუ იმ საკითხის არასწორად გადაწყვეტა, კანონის არასწორად გამოყენება, განმარტება ან ისეთი გარემოება, რომელმაც შეიძლება რაიმე სახით არსებითად შეცვალოს განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი მხარეთა სამართლებრივი მდგომარეობა. ამგვარი განცხადება უნდა დაემყაროს მხოლოდ კონკრეტული დებულების ბუნდოვანებას, ორაზროვნებას. განმარტების გზით არ შეიძლება გადაწყვეტილება სხვა ფაქტობრივ-სამართლებრივ შედეგს დაექვემდებაროს.
16. წინამდებარე საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ე.ზ–იას საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, ამავე სასამართლოს 2023 წლის 03 აგვისტოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნის შესახებ და შპს „თ.ს.კ–ას“ აეკრძალა შპს „თ.ს.კ–ის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მართვის ჯგუფის უფროსი სპეციალისტის, საპროექტო სამსახურის დოკუმენტაციის კონტროლის სპეციალისტის თანამდებობაზე სხვა პირის ნებისმიერი ფორმით გამწესება, გარდა ამავე თანამდებობებზე სხვა პირების დროებით, მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე (განჩინების მე-3 პუნქტი). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი (მისი მე-3 პუნქტი) ნათლად და არაორაზროვნად არის ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს და სახეზე არ არის მისი განმარტების წინაპირობები, რის გამოც ე.ზ–იას მის განმარტებაზე მართებულად ეთქვა უარი.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 195-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულება დაუყოვნებლივ ხორციელდება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი წესით. განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია 2023 წლის 29 სექტემბერს, მასში არ არის მითითებული განჩინების აღსრულებასთან დაკავშირებული რაიმე განსხვავებული წესი, შესაბამისად, ის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ ექვემდებარებოდა აღსრულებას. ის გარემოება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მოწინააღმდეგე მხარისათვის წარდგენამდე ამ უკანასკნელმა განჩინებით აკრძალული ქმედება განახორციელა, განჩინების აღსრულების წესის რაიმე ფორმით განმარტების ან/და შეცვლის წინაპირობა ვერ გახდება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულება ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და სწორედ ამიტომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას სასამართლო ერთი დღის ვადაში და მოპასუხისთვის შეუტყობინებლად განიხილავს (სსსკ-ის 193-ე მუხლი).
18. ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ განმცხადებლის მოთხოვნა სცილდება გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს, ვინაიდან იგი, ფაქტობრივად, ითხოვს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლას, მასში განჩინების აღსრულების საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესისაგან განსხვავებული წესის მითითებას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლიდან გამომდინარე დაუშვებელია.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე.ზ–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი