Facebook Twitter

საქმე №ას-997-2021 30 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ნ–ვა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინებით ს.ნ–ვასა (შემდგომში - „მოსარჩელე“) და სს „ს.ბ–ის“ (შემდგომში - „ბანკი“, „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბანკის 2018 წლის №1771კ ბრძანება მოსარჩელის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; ბანკს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 2018 წლის 17 დეკემბრიდან (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან) 2019 წლის 17 დეკემბრამდე დროის მონაკვეთში, ყოველთვიური ხელფასის 950 ლარის გათვალისწინებით, 11 400 ლარის ოდენობით; სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელე 25.07.2011 წლიდან 16.05.2012 წლამდე დასაქმებული იყო ბანკში, კერძოდ, ქ. ფოთში, სარეზერვო ჯგუფის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე; 16.05.2012 წლიდან 04.02.2013 წლამდე - ზუგდიდის N179 სერვისცენტრის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე; 04.02.2013 წლიდან 29.08.2016 წლამდე - ზუგდიდის N37 სერვისცენტრის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე; 29.08.2016 წლიდან 01.07.2017 წლამდე - ზუგდიდის N179-ე სერვისცენტრის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე; 01.07.2017 წლიდან 01.12.2018 წლამდე - ზუგდიდის N179 სერვისცენტრის უნივერსალური ბანკირის პოზიციაზე, ხოლო 01.12.2018 წლიდან 17.12.2018 წლამდე - საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ზუგდიდის N37 სერვისცენტრის უნივერსალური ბანკირის პოზიციაზე. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 950 ლარს, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (ს. ფ. 24-51);

2.2. ბანკის 2018 წლის 06 დეკემბრის N206 ბრძანების საფუძველზე, ბანკის საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია - გაუქმდა ამავე დეპარტამენტში არსებული N37 სერვისცენტრი და მასში არსებული თანამდებობები;

2.3. ბანკის 2018 წლის N1771კ ბრძანებით, ბანკსა და ზუგდიდის N37 სერვისცენტრის უნივერსალურ ბანკირს - მოსარჩელეს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 17 დეკემბრიდან, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში - „სშკ“) 37.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას). მოსარჩელეს მიეცა კომპენსაცია 2 თვის ხელფასის ოდენობით (ს. ფ. 58);

2.4. 2018 წლის 18 დეკემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთება, რის თაობაზეც პასუხი, თანდართული დოკუმენტებით მოსარჩელეს გაეგზავნა 2018 წლის 27 დეკემბერს (ს. ფ. 52-54). მოსარჩელემ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, 2019 წლის 11 იანვარს სარჩელით მიმართა სასამართლოს, თუმცა სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით, მას უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე, რის შემდეგაც მოსარჩელემ სარჩელით სასამართლოს მიმართა 2019 წლის 8 თებერვალს (ს. ფ. 104-108). სსკ-ის 138-ე და 140-ე მუხლების საფუძველზე, ვინაიდან მოსარჩელემ თავდაპირველი სარჩელით სასამართლოს მიმართა სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4-მე-7 პუნქტებით დადგენილი ვადის დაცვით, ხოლო წინამდებარე სარჩელი აღძრული იქნა პირველი სარჩელის განუხილველად დატოვებიდან/წარმოებაში მიღებაზე უარიდან 6 თვის გასვლამდე, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის;

2.5. ზუგდიდის რეგიონში, საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტში, 2018 წლის 17 დეკემბრის რეორგანიზაციამდე (№37 სერვისცენტრის დახურვამდე) დასაქმებული იყო 53 თანამშრომელი, რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა 3 დასაქმებული. საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ზუგდიდის რეგიონის N37 სერვისცენტრში 2018 წლის 17 დეკემბრის რეორგანიზაციამდე (სერვისცენტრის დახურვამდე) დასაქმებული იყო 3 უნივერსალური ბანკირი, რომლებიც გათავისუფლდნენ რეორგანიზაციის შედეგად. შესაბამისად, დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ №37 სერვისცენტრში სხვა პოზიციებზე დასაქმებულ პირებთან შრომითი ურთიერთობა არ შეწყვეტილა და მათ შრომითი ურთიერთობა გააგრძელეს სხვადასხვა სერვისცენტრში;

2.6. მოპასუხეს მოსარჩელისათვის სხვა სერვისცენტრში, იმავე ან სხვა პოზიციაზე დასაქმება არ შეუთავაზებია, მიუხედავად იმისა, რომ ამავე სერვისცენტრში დასაქმებული არაერთი პირი დამსაქმებელმა სხვა სერვისცენტრებში გადაიყვანა, მათთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გარეშე;

2.7. მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თავიდან აცილების მიზნით, მან მოსარჩელეს შესთავაზა სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმება, მოსარჩელის უნარ-ჩვევების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ამასთან, დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა, რომ მოსარჩელის დასაქმება სხვა სერვისცენტრში იყო შეუძლებელი;

2.8. მოპასუხემ ასევე ვერ დაადასტურა, რომ რეორგანიზაციის დროს გააჩნდა წინასწარ დადგენილი, სამართლიანი და ობიექტური კრიტერიუმები, რომლითაც იხელმძღვანელებდა რეორგანიზაციის პროცესში, დასაქმებულებთან დაკავშირებით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას.

3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ N37 სერვისცენტრის გაუქმების შემდეგ სერვისცენტრში დასაქმებული თანამშრომლები დამსაქმებელმა გადაიყვანა სხვა სერვისცენტრებში, გარდა უნივერსალური ბანკირის პოზიციაზე დასაქმებული 3 პირისა, მათ შორის, სამუშაოდან გათავისუფლდა მოსარჩელე. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თავიდან აცილებისათვის მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ შეუთავაზებია იმ დროისათვის ბანკში არსებულ სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმება, მოსარჩელის უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ბანკში წლების მანძილზე იკავებდა მოლარე-ოპერატორის პოზიციას და ამ მხრივ მისი შრომითი უნარები დამსაქმებლისათვის ცნობილი იყო. სასამართლოს მოსაზრებით, ისეთ ვითარებაში, როდესაც N37 სერვიცენტრის გაუქმების შემდეგ, დამსაქმებელმა უზრუნველყო სხვა დასაქმებულების გადაყვანა და დასაქმება სხვადასხვა სერვიცენტრში, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რომ მოსარჩელის დასაქმება/გადაყვანა სხვა სერვისცენტრში შეუძლებელი იყო.

4. სააპელაციო პალატის განმარტებით, დამსაქმებელს სრული უფლება აქვს განახორციელოს რეორგანიზაცია, რასაც შესაძლოა თან სდევდეს შტატების შემცირება და დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, თუმცა, იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. იმ შემთხვევაშიც, როცა რეორგანიზაცია კანონიერია, მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს, წინასწარ დადგენილ რომელ კრიტერიუმებზე დაყრდნობით და რა პროცედურების დაცვით მიანიჭა უპირატესობა სხვა დასაქმებულებს და არა - გათავისუფლებულს. სასამართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებელმა წარმოადგინა ბრძანება რეორგანიზაციის შესახებ, რომელიც არ შეიცავს რაიმე მითითებას რეორგანიზაციის განხორციელების პროცედურებზე, დასაქმებულთა სხვა პოზიციაზე ან სხვა სერვისცენტრებში გადაყვანისას სახელმძღვანელო კრიტერიუმებზე.

5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებელმა ვერ განმარტა და, შესაბამისად, ვერ წარადგინა კომპანიის ეკონომიკური თუ სხვა პატივსადები ინტერესების გამო, კონკრეტულად №37 სერვიცენტრის გაუქმების მიზანშეწონილობისა და ობიექტური აუცილებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რომ მოსარჩელის დასაქმება სხვა სერვისცენტრში იყო შეუძლებელი. მან, ასევე, ვერ დაადასტურა, რომ რეორგანიზაციის დროს გააჩნდა წინასწარ დადგენილი სამართლიანი და ობიექტური კრიტერიუმები, რითიც იხელმძღვანელა რეორგანიზაციის პროცესში, მოსარჩელესთან მიმართებით სხვა დასაქმებულებისათვის უპირატესობის მინიჭებისას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის მხრიდან ამ გარემოებათა მტკიცების გარეშე, რეორგანიზაციამდე რამდენიმე დღით ადრე მოსარჩელის №37 სერვისცენტრში გადაყვანა სარწმუნოს ხდის დასაქმებულის მტკიცებას, დამსაქმებლის მხრიდან მის მიმართ უსამართლო, არამართლზომიერი მოპყრობის შესახებ.

6. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბანკმა ვერ უზრუნველყო მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების მართლზომიერების მტკიცება და სადავო ბრძანება ბათილი იყო, როგორც არამართლზომიერი სამოქალაქო სამართლებრივი ნება.

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უნივერსალური ბანკირის თანამდებობა, რომელზედაც დასაქმებული მუშაობდა, გაუქმდა და საქმის განხილვის დროისათვის ბანკის საშტატო განრიგით აღარ არის გათვალისწინებული. საქმის განხილვის დროისათვის, ასევე, ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ ბანკის სხვა სერვისცენტრში არსებობდა/არსებობს უნივერსალური ბანკირის ან სხვა ტოლფასი პოზიციის ვაკანსია, რის გამოც, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელის სამსახურში აღდგენის წინაპირობა.

8. მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის ყველაზე ადეკვატურ ზომად სასამართლომ მისთვის კომპენსაციის მიკუთვნება მიიჩნია. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მოსარჩელე დამსაქმებელთან იმყოფებოდა უვადო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში, ასევე გაითვალისწინა მოსარჩელის კვალიფიკაცია, ასაკი, შემდგომში დასაქმების პერსპექტივა და მიზანშეწონილად და გონივრულად მიიჩნია მის სასარგებლოდ კომპენსაციის განსაზღვრა 12 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის კომპენსაციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. საკასაციო საჩივრის თანახმად:

14.1. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს, რომ მოპასუხის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე კანონსაწინააღმდეგო და ბათილი იყო;

14.2. მოცემულ შემთხვევაში გაუქმდა ფილიალი, რომელშიც მოსარჩელე იყო დასაქმებული და რეორგანიზაციის პირობებში მასთან ერთად გათავისუფლდა ანალოგიურ თანამდებობაზე მყოფი 2 პირიც. გაუქმებულ ფილიალში დასაქმებული სხვა თანამშრომლები იკავებდნენ არსებითად განსხვავებულ თანამდებობებს, ხოლო რეგიონში არსებულ ფილიალებში არ არსებობდა ტოლფასი სამუშაო ადგილი, რომლის შეთავაზებაც შესაძლებელი იქნებოდა დასაქმებულისთვის;

14.3. მეტიც, ქვედა ინსტანციის სასამართლოები თავად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გათავისუფლების დროისათვის ბანკში არ არსებობდა ტოლფასი სამუშაო ადგილი, არ არსებობდა ვაკანტური პოზიცია. მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ გათავისუფლებიდან რამდენიმე თვეში ბანკმა ვაკანსია გამოაცხადა რეგიონის რამდენიმე ფილიალში, გაუგებარი და გაუმართლებელია, მით უფრო, რომ ვაკანსია არც იდენტურ პოზიციაზე გამოცხადებულა და არც კონკურსში მონაწილეობის უფლება შეზღუდვია მოსარჩელეს;

14.4. რეორგანიზაციის განხორციელებისას მეწარმეს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, რათა დასაქმებული დატოვოს სწორედ ის კადრები, რომლებიც წარმატებით უზრუნველყოფენ საწარმოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას ანუ რეორგანიზაციის საფუძვლით შტატების შემცირებისას არ არის აუცილებელი რომელიმე გათავისუფლებულ თანამშრომელს ჰქონდეს კვალიფიკაციის ნაკლებობა;

14.5. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეზე არჩევანი არ შეჩერებულა იმის გამო, რომ მას კვალიფიკაციის ნაკლებობა ჰქონდა. გამომდინარე იქედან, რომ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება, ხოლო საწარმოს აქვს დასახული მიზანი, რომლის მისაღწევად შეუძლია საკუთრებითი წესრიგის მართლზომიერი მართვა, არ შეიძლება სასამართლოს მიერ მსგავსი ფორმით ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად გაშვებული თანამშრომელი ჩაითვალოს უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად გაშვებულ თანამშრომლად;

14.6. დამსაქმებელს არ უნდა დაეკისროს ისეთი მტკიცების ტვირთი, რომლის რეალიზებასაც იგი ვერ შეძლებს.

15. კასატორის საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესამოწმებელია მის მიერ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება.

16. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლოებმა ძალზედ ფრთხილად და წინდახედულად უნდა იმსჯელონ სასამართლო კონტროლის ფარგლებში, კონკრეტული საწარმოს ბიზნეს გადაწყვეტილებასა და სამეწარმეო პოლიტიკაზე, რათა კონსტიტუციის 26-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების - მეწარმეობის თავისუფლების - ხელშეწყობა მოხდეს (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი). თუმცა, ეს როდი ნიშნავს, რომ წახალისდეს უსაფუძვლოდ, ობიექტური საფუძვლის გარეშე თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება და ამით უგულებელყოფილ იქნეს კონსტიტუციითა და სშკ-ით გარანტირებული შრომითი უფლება დასაქმებაზე (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1178-2018, 18 მარტი, 2020 წელი).

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (იხ. სუსგ საქმე №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი).

18. სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).

19. დადგენილია, რომ ბანკის 2018 წლის N1771კ ბრძანებით, ბანკსა და ზუგდიდის N37 სერვისცენტრის უნივერსალურ ბანკირს - მოსარჩელეს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 17 დეკემბრიდან, სშკ-ის 37.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას) (იხ. წინამდებარე განჩინების 2.3. ქვეპუნქტი).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია, ჯერ ერთი, არ უნდა იყოს ფორმალური. ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით და, მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-414-391-2014, 29 ივნისი, 2015 წელი; საქმე №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).

21. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. ადმინისტრაციის მიერ ამგვარი ნების გამოვლენას, მიუხედავად იმისა, რა ფორმით არსებობს იგი (აქტი, ბრძანება, გარიგება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დისპოზიციური შინაარსი (საჯარო წესრიგისა და ზნეობის წინააღმდეგობა) ბათილად მიიჩნევს და მას იურიდიულ შედეგს არ უკავშირებს. ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ. სუსგ საქმე №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).

22. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზუგდიდის რეგიონში, საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტში, 2018 წლის 17 დეკემბრის რეორგანიზაციამდე (№37 სერვისცენტრის დახურვამდე) დასაქმებული იყო 53 თანამშრომელი, რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა 3 დასაქმებული. საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ზუგდიდის რეგიონის N37 სერვისცენტრში 2018 წლის 17 დეკემბრის რეორგანიზაციამდე (სერვისცენტრის დახურვამდე) დასაქმებული იყო 3 უნივერსალური ბანკირი, რომლებიც გათავისუფლდნენ რეორგანიზაციის შედეგად. ამდენად, №37 სერვისცენტრში სხვა პოზიციებზე დასაქმებულ პირებთან შრომითი ურთიერთობა არ შეწყვეტილა და მათ შრომითი ურთიერთობა გააგრძელეს სხვადასხვა სერვისცენტრში (იხ. წინამდებარე განჩინების 2.5. ქვეპუნქტი).

23. დადგენილია ისიც, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის სხვა სერვისცენტრში, იმავე ან სხვა პოზიციაზე დასაქმება არ შეუთავაზებია, მიუხედავად იმისა, რომ ამავე სერვისცენტრში დასაქმებული არაერთი პირი დამსაქმებელმა სხვა სერვისცენტრებში გადაიყვანა, მათთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გარეშე. ამასთან, მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თავიდან აცილების მიზნით, მან მოსარჩელეს შესთავაზა სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმება, მოსარჩელის უნარ-ჩვევების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ამასთან, დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა, რომ მოსარჩელის დასაქმება სხვა სერვისცენტრში იყო შეუძლებელი. მოპასუხემ ვერც ის დაადასტურა, რომ რეორგანიზაციის დროს გააჩნდა წინასწარ დადგენილი, სამართლიანი და ობიექტური კრიტერიუმები, რომლითაც იხელმძღვანელებდა რეორგანიზაციის პროცესში, დასაქმებულებთან დაკავშირებით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. წინამდებარე განჩინების 2.6., 2.7., 2.8. ქვეპუნქტები). გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე ბანკში წლების მანძილზე იკავებდა მოლარე-ოპერატორის პოზიციას და ამ მხრივ მისი შრომითი უნარები დამსაქმებლისათვის ცნობილი იყო.

24. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა განსახილველ შემთხვევაში ვერ განახორციელა თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაში (აუცილებლობაში) სასამართლოს დარწმუნება, ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

25. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 595 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 25 ლარი და დარჩენილი 570 ლარის 70% – 399 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „ს.ბ–ს“ (საიდენტ. კოდი: ........) დაუბრუნდეს სს „ს.ბ–ის“ სათავო ოფისის მიერ 2021 წლის 10 ივნისს №37357 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 595 (ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 25 (ოცდახუთი) ლარი და დარჩენილი 570 (ხუთას სამოცდაათი) ლარის 70% – 399 (სამას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი