ბს-746-712(გ-06) 11 ოქტომბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლ. ლაზარაშვილი,
ნ. ქადაგიძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2005წ. 8 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე ა. გ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ მოპასუხისათვის 1820.59 ლარის გადახდევინების დავალება, შემდეგი საფუძვლით:
მოპასუხესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2005წ. 15 მარტს გაფორმებულ იქნა კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლის 7.3 მუხლის შესაბამისად დადგენილ იქნა, რომ თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილითა და “სამინისტროსთან” შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ “სამინისტრო” იძულებული გახდეს შეწყვიტოს ოთხწლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები, რაც კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს _ 1820.59 ლარს.
ამასთან, აღნიშნული კონტრაქტის 8.4 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებულ იქნა განსჯადი სასამართლო სამინისტროს ადგილსამყოფელის მიხედვით, მიუხედავად სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი ადგილისა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 18 აგვისტოს განჩინებით საქმე განსჯადობით გადაგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლოს დასკვნით კონკრეტული დავა დაკავშირებული იყო იმ სამართალურთიერთობებთან, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობდა. კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.”ბ” მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული დავის საგანს შესაძლებელია წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება და შეწყვეტა. ამასთან, ზოგადი ადიმინისტრაციული კოდექსის 2.1.”ზ” მუხლის თანახმად დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ დაასკვნა, რომ მითითებული კონტრაქტი წარმოადგენსDადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რამდენადაც ხელშეკრულება დადებულია ადმინისტრაციულ ორგანოს _ თავდაცვის სამინისტროსა და ფიზიკურ პირს _ სამხედრო მოსამსახურეს შორის, ხელშეკრულების საგანია, სამხედრო სამსახური და მისი გავლის წესი, ასევე, “სამხედრო ვალდებულებისა და სამსახურის შესახებ” კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული პირობები. ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად კი დადგენილია, რომ საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახური არის სამხედრო სამსახურის ერთ-ერთი სახე. ამავე კანონის 31-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომლის გავლის წესს განსაზღვრავს ეს კანონი და დებულება “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ”. სამხედრო მოსამსახურედ ითვლება პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლისას ითვლება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლად და მას მფარველობს სახელმწიფო.
სარჩელზე თანდართული მასალების თანახმად ა. გ-ე დანიშნული იყო ოცეულის მეთაურის მოადგილედ და მინიჭებული ჰქონდა სამხედო წოდება “კაპრალი”. ამასთან, მოსარჩელე თავდაცვის სამინისტრო არის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის დებულებითაც განსაზღვრული მისი ამოცანა _ თავდაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, წარმოადგენს მის საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას; ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რის გამოც სარჩელი განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006წ. 20 სექტემბრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
მოცემული დავის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სასამართლო _ ახალციხის რაიონული სასამართლო, რამდენადაც, სსკ-ის 15.1 მუხლის შესაბამისად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კონკრეტულ შემთხვევაში კი მოპასუხის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. ახალციხე. რაც შეეხება მხარეთა შეთანხმებას (ხელშეკრულების 8.4 პუნქტი) სამინისტროს ადგილსამყოფელის მიხედვით სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ, სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სხვაგვარად აწესრიგებს აღნიშნულ საკითხს, ხოლო ხელშეკრულების მითითებული პუნქტი ვერ აკმაყოფილებს საპროცესო კანონით განსაზღვრულ განსჯადობის წესს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მიაჩნია რომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი საქმესთან ერთად უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლის საფუძველზე სასამართლოთა შორის დავა საქმის განსჯადობის თაობაზე, შესაბამისად, არ არსებობს ამავე მუხლით დადგენილი საკასაციო სასამართლოს იურისდიქცია _ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის უფლებამოსილების თაობაზე, რამდენადაც საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგია არ დავობს, რომ საქმე ამავე სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მიერ განხილვას ექვემდებარება, არამედ, მიაჩნია, რომ საქმე სრულიად სხვა _ ახალციხის რაიონული სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. აღწერილ ვითარებაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას უნდა ეხელმძღვანელა არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით, არამედ ამავე კოდექსის 26.2. მუხლით და საქმე გადაეგზავნა უფლებამოსილი სასამართლოსათვის, რომელიც, თუ მიიჩნევდა, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების დათქმის შესაბამისად, განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლის საფუძველზე წამოიწყებდა დავას განსჯადობის შესახებ, რა შემთხვევაშიც საკასაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება _ გადაწყვიტოს დავა სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, სახეზე იქნებოდა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოცემულ საქმეზე აღძრული სარჩელი არ მიიჩნია სამოქალაქო სარჩელად, დაასკვნა რა, რომ არსებობდა არა სსსკ-ის მე-11-ე მუხლით, არამედ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. “ბ” მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული დავა, რომლის განხილვის კომპეტენცია მას არ გააჩნდა, ადმინისტრაციული, როგორც მატერიალური, ასევე, საპროცესო სამართლის ძირითადი პრინციპის _ საქმის განხილვა უფლებამოსილი (ადმინისტრაციული ორგანოს) სასამართლოს მიერ, გათვალისწინებით დაუშვებლად მიიჩნია საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა.
ადმინისტრაციული სასამართლო, რომელმაც გაიზიარა სამოქალაქო სასამართლოს მითითებული დასკვნა და საქმე მიიჩნია ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლიდან გამომდინარე, ამასთან, როგორც დარგობრივად კომპეტენტურმა სასამართლომ შეფასება მისცა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შეთანხმებას /მაშინ, როცა სამოქალაქო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო შეფასება მიეცა დავის საფუძვლის _ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ განსჯადი სასამართლოს შესახებ გაკეთებული დათქმისათვის, რაც არც გაუკეთებია/, შესაბამისად, დაასკვნა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მხარეთა შორის საპროცესო კანონმდებლობისაგან განსხვავებული განსჯადი სასამართლოს დადგენა არამართლზომიერია, რის გამოც კანონით განსაზღვრულ საერთო განსჯადობის მიხედვით ადმინისტრაციული სარჩელი ახალციხის რაიონული სასამართლოს განხილვის კომპეტენციაა, მხოლოდ ეს უკანასკნელი სასამართლო, რომელიც ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იმსჯელებდა, წარმოადგენდა თუ არა მოცემულ სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს /რომელიც ასევე უფლებამოსილი იქნებოდა შეეფასებინა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დათქმული განსჯადი სასამართლოს საკითხის საპროცესო კანონმდებლობასთან შესაბამისობა/, ექნებოდა პროცესუალური შესაძლებლობა ედავა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასთან ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო დასძენს, რომ სამოქალაქო სასამართლო სარჩელის ადმინისტრაციულად მიჩნევის მოტივით, საქმეს გადააგზავნიდა საერთო განსჯადობის თუ ხელშეკრულების დათქმის შესაბამისად, ორივე შემთხვევაში, შესაძლებლობა იმისა, რომ ადმინისტრაციული სასამართლოები იდავებდნენ საქმის ტერიტორიულ განსჯადობაზე, კანონით უზრუნველყოფილია.
ამდენად, იმ პირობებში, როცა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგია არ თვლის წინამდებარე საქმეს სამოქალაქო საქმედ, ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით დავა შეუძლებელია არსებობდეს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სასამართლოებს შორის, ასეთს ადგილი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განმხილველ სასამართლოებს შორის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავა განსჯადობის თაობაზე რომლის გადაჭრის უფლებამოსილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის საფუძველზე გააჩნია საკასაციო სასამართლოს, გულისხმობს სასამართლოთა შორის შეუთანხმებლობას დავის საგანთან მიმართებაში სასამართლოს უფლებამოსილების პრინციპის გათვალისწინებით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობა სასამართლოთა შორის ასეთი დავის არსებობისა და შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით დადგენილი წესით საქმის საკასაციო სასამართლოსთვის გადაგზავნის თაობაზე დაუსაბუთებელია, რამდენადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ საქმე ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გადაგზავნილ იქნა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტით გამოწვეული ვალდებულების შესრულება, შესაბამისად სახეზეა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერ-თობიდან წარმოშობილი დავა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2. და სსსკ-ის 15.1. მუხლების საფუძველზე საქმე უნდა გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართალწარმოების წესით განსახილველად, ნაცვლად განსჯადობაზე დავის წამოწყებისა. ამასთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა კლასიკური დავა სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თუ ადმინისტრაციული სასამართლო არ დაეთანხმებოდა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მსჯელობას დავის ადმინისტრაციულად მიჩნევის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად უფლებამოსილი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ საქმის გადაგზავნის შემდეგ ახალციხის რაიონული სასამართლო წამოიწყებდა დავას ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე ხელშეკრულების 8.4 მუხლის შესაბამისად მხარეთა შორის შეთანხმებით განსჯადი სასამართლოს დადგენის თაობაზე _ სამინისტროს ადგილსამყოფლის მიხედვით (“მიუხედავად სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი ადგილისა”).
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში /მუხლი 26/, კერძოდ, დავის განხილვის და გადაწყვეტის აუცილებლობაში უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ადმინისტრაციული სასამართლოს უფლებამოსილება კონკრეტულ დავასთან მიმართებაში, არამედ სადავოა ტერიტორიული განსჯადობა სსსკ-ის 15.1. მუხლის საფუძველზე, არა სამოქალაქო სასამართლოსთან, არამედ ახალციხის სასამართლოსთან, რომლის მსჯელობის საგანი არც გამხდარა წინამდებარე საქმის განხილვის კომპეტენცია, რაც ნათლად მიანიშნებს, რომ ამ ვითარებაში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სასამართლოებს შორის არ არსებობს დავა განსჯადობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დაშვებული სასამართლოებს შორის საქმის განსჯადობის შესახებ დავა უზრუნველყოფილია და ემსახურება საქმის მხოლოდ იურისდიქციული ორგანოს მიერ განხილვის იმპერატიული დანაწესის შესრულებას, ხოლო საკასაციო სასამართლოსათვის მინიჭებული კომპეტენცია განსჯადობის შესახებ გულისხმობს ორი სასამართლოს მსჯელობის სამართლებრივ შეფასებას. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საკასაციო სასამართლო მსჯელობს მოდავე სასამართლოების დასაბუთებულ შეხედულებებზე კომპეტენციის თაობაზე და წყვეტს დავას სწორედ ერთ-ერთი სასამართლოს მსჯელობის, სამართლებრივი კვალიფიკაციის გაზიარების საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსჯადობის შესახებ დავის არარსებობის გამო საქმე უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და სსკ-ის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ა. გ-ის მიმართ დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.