საქმე №ას-1001-2019 30 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ა–რი (მოსარჩელე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ა–რი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, განაცდურის ანაზღაურება, სამუშაოზე აღდგენა, პირგასამტეხლოს გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „პირველი კასატორი“) და გ.ა–რის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მეორე კასატორი“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.02.2018 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2012 წლის 08 ნოემბრის ბრძანება Nპ-654 მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 07 სექტემბრიდან მოცემულ დავაზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე - 2018 წლის 09 თებერვლამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის - 1300 ლარის (დარიცხული) ოდენობის გათვალისწინებით, ჯამში, 22100 ლარის (დარიცხული) ოდენობით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე უვადო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. თავდაპირველად, იგი 2004 წლის 08 ნოემბრის ბრძანებით დაინიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთის“ საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბნის“ ინსპექტორის თანამდებობაზე. 2005 წლის 05 იანვრის ბრძანებით, გადაყვანილ იქნა საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთის“ საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბნის“ ინსპექტორის თანამდებობაზე. 2005 წლის 28 მარტიდან მუშაობა განაგრძო საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთის“ საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბნის“ ინსპექტორის თანამდებობაზე. 2005 წლის 04 ნოემბრის ბრძანებით, მოსარჩელე დაინიშნა საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბნის“ უფროსის თანამდებობაზე. 2005 წლის 06 დეკემბრის ბრძანებით დაინიშნა რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთის“ საბაჟო გამშვები პუნქტი „მტკვარის“ უფროსის თანამდებობაზე, 2007 წლის N9715 ბრძანებით კი - რუსთავის რეგიონალური ცენტრის საბაჟო-გამშვები პუნქტი „მტკვარის“ უფროსის თანამდებობაზე. 2009 წლის 18 თებერვლის ბრძანებით, მოსარჩელე გადაყვანილ იქნა თელავის რეგიონალური ცენტრის საბაჟო გამშვები პუნქტი „სამთაწყაროს“ უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2010 წლის 01 აპრილის ბრძანებით, დაინიშნა თელავის რეგიონალური ცენტრის საბაჟო დამუშავების ოპერაციების და საბაჟო კონტროლის სამმართველოს საბაჟო გამშვები პუნქტი „სამთაწყაროს“ უფროსის თანამდებობაზე. 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, გადაყვანილ იქნა თელავის რეგიონული ცენტრის სასაქონლო ოპერაციებისა და სახელმწიფო კონტროლის სამმართველოს პორტალ „სამთაწყაროს“ უფროსის თანამდებობაზე. 2011 წლის 01 თებერვლის ბრძანებით, მოსარჩელე დაინიშნა ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს „აღმოსავლეთის პორტალი“ „სამთაწყაროს“ უფროსის თანამდებობაზე, 2011 წლის 11 მაისის ბრძანებით კი - ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პორტალი „სამთაწყაროს“ უფროსის თანამდებობაზე, ხოლო 2012 წლის 31 მაისის ბრძანებით დაინიშნა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი „სამთაწყაროს“ უფროსის თანამდებობაზე;
2.2. მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1300 ლარს (დარიცხული);
2.3. მოპასუხის 2012 წლის 08 ნოემბრის Nპ-654 ბრძანებით, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანებაში მოსარჩელის გათავისუფლების ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი მითითებული არ არის;
2.4. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების მოშლით ისე, რომ არ არსებობდა ამის ფაქტობრივი საფუძველი. იგი სამსახურიდან გათავისუფლდა 2012 წლის 08 ნოემბერს, ამ პერიოდში მოქმედი, მოპასუხის შინაგანაწესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის თანახმად, „თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია ერთ-ერთი მხარის ინიციატივა; დამსაქმებლის ინიციატივით თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მას მიეცემა არანაკლებ ერთი თვის ხელფასი“. შესაბამისად, დგინდება, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია 2012 წელს (2013 წლის 04 ივლისამდე) მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში - „სშკ“) 37.1. მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების მოშლა.
3. სააპელაციო პალატამ იმსჯელა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე. სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელი არ წარადგინა კანონით დადგენილ ვადაში. თუმცა, შესაგებელში მოპასუხემ მიუთითა მოცემული სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. ასევე, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.11.2016 წლის განჩინებით, საქმის განხილვის მიზნით დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 205-ე მუხლის შესაბამისად, მოსამზადებელი სხდომა არ არის საქმის მომზადების სტადიის სავალდებულო და აუცილებელი ელემენტი. სასამართლო მოსამზადებელ სხდომას ნიშნავს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილი იყო საქმე განეხილა პირდაპირ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაგებელი. სააპელაციო პალატამ აგრეთვე მიუთითა სსსკ-ის 219.1. მუხლზე და განმარტა, რომ მოპასუხემ კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა შესაგებელი, რის გამოც სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეზიარებინა ვადის დარღვევით წარდგენილ შესაგებელში მითითებული გარემოებები და ასევე აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დანიშნა მთავარი და არა - მოსამზადებელი სხდომა, სადაც მოპასუხე აპელირებდა სარჩელის ხანდაზმულობაზე, რაც, პალატის მოსაზრებით, გამორიცხავდა ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობას.
4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია შესაგებელი კანონით განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც მან დაკარგა სასამართლოში ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის უფლება. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სამსახურში მუშაობის პერიოდში თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ასრულებდა კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, მის მიმართ არასოდეს ყოფილა გამოყენებული დისციპლინური სახდელის რომელიმე ზომა, ასევე, სადავო 2012 წლის 08 ნოემბრის Nპ-654 ბრძანებაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი მითითებული არ არის, შესაბამისად, ბუნდოვანია დამსაქმებლის ნება დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რის გამოც, პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, სახეზე იყო აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობები.
5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ამჟამად თანამდებობა, რომელზეც დასაქმებული იყო მოსარჩელე, არ არის ვაკანტური, ხოლო, საბაჟო დეპარტამენტში საბაჟო გამშვები პუნქტის „სამთაწყარო“ უფროსის ტოლფასი თანამდებობა არ არსებობს, რის გამოც, პალატის შეფასებით, არ არსებობდა მოსარჩელის სამსახურში აღდგენის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობა. გამომდინარე აქედან, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ აღნიშნული გარემოების არსებობის მიუხედავად, იგი მაინც უნდა აღდგენილიყო სამსახურში. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ საქმის არც პირველი და არც მეორე ინსტანციის წესით განხილვისას, მოსარჩელეს არ გამოუჩენია ინიციატივა ტოლფასი თანამდებობის არსებობის მოკვლევის შესახებ. ამასთან, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება ზიანის ანაზღაურებასა (კომპენსაციის სახით) და მის ოდენობასთან დაკავშირებით, რასაც მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მხარეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივრები, მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით მხარეთა საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
11. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის თანახმად:
11.1. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის ბათილად ცნობა იწვევს ხელშეკრულების საფუძვლის ბათილობამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას. სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა თანამდებობაზე ვაკანსიის არარსებობის გამო არასწორია და ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას საქმეზე №ას-602-602-2018;
11.2. საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოსარჩელისთვის 2012 წლის ნოემბრიდან ცნობილი იყო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და რომ 2012 წლის 08 ნოემბრიდან მოსარჩელე არ დადიოდა სამსახურში. მოპასუხეს შესაგებელი დაგვიანებით ჰქონდა შეტანილი და, შესაბამისად, სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. გამომდინარე აქედან, სასამართლომ არასწორად დაადგინა ზემოაღნიშნული გარემოებები.
12. მოპასუხის საკასაციო საჩივრის თანახმად, მოპასუხეს ჰქონდა შესაძლებლობა თავისი სამართლებრივი პოზიცია წარედგინა სასამართლოსთვის და წარადგინა კიდეც, სადაც მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე. ხანდაზმულობაზე მითითება არის სწორედ მოპასუხის სამართლებრივი მოსაზრება, რომელიც უნდა შეეფასებინა სასამართლოს და ამ საფუძვლით ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ მისთვის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე 2016 წელს გახდა ცნობილი. ამდენად, იმ პირობებშიც კი, როდესაც მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად იქნა ცნობილი, ისინი იურიდიულად ვერ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.
13. საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ მოპასუხის ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სრულად შეესაბამება აღნიშნულ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმად, სშკ-ის 37.1. მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (12.06.2013 წლამდე მოქმედი რედაქციით) დამსაქმებლისათვის მინიჭებული ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი, ხსენებული ნორმა არ შეიძლება განმარტებულ იქნეს, როგორც დამსაქმებლის ცალმხრივი უფლება, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სამუშაოდან გაათავისუფლოს დასაქმებული. მითითებული ნორმის ასეთი განმარტება წაახალისებდა დამსაქმებლის თვითნებობას, ხოლო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას აზრს დაუკარგავდა. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის მიერ გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. ამ ამოცანის შესრულებას სასამართლო ვერ შეძლებს, თუ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი მითითებული არ იქნება. გასათვალისწინებელია, ასევე, ის გარემოება, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით არ არის მოწესრიგებული შრომითი ხელშეკრულების მოშლის ინსტიტუტი, ხელშეკრულების მოშლის წესი და პირობები. ეს ნორმა წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების ჩამონათვალს და არა შრომითი ხელშეკრულების მოშლის მარეგულირებელ ნორმას (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1391-1312-2012, 10 იანვარი, 2014 წელი; სუსგ საქმე №ას-293-275-2014, 11 მარტი, 2016 წელი).
14. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სამსახურიდან გაათავისუფლა მოსარჩელე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შრომითი ხელშეკრულების მოშლით, რითაც დაარღვია მოსარჩელე დასაქმებულის უფლება.
15. რაც შეეხება მხარეთა პრეტენზიებს, საკასაციო სასამართლო უპირველესად უპასუხებს მოპასუხის საკასაციო პრეტენზიას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობა სამართალში ფაქტის საკითხია და მასზე მითითება მოპასუხის ვალდებულებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-1504-1424-2017, 09 თებერვალი, 2018 წელი). მოვალის პროცესუალური შესაგებელი, მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ე.წ. უფლების შემაფერხებელ შესაგებელს წარმოადგენს, რა შემთხვევაშიც მოვალის შეპასუხება არა თავისთავად უფლების ნამდვილობას, არამედ მისი ხანდაზმულობის მოტივით უკუგდებას ემსახურება. მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტის საკითხია, და განსხვავებით სამართლის საკითხისგან, რა დროსაც, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში სასამართლო თავად მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას და შეუფარდებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ შემთხვევაში, მხარე თავადაა ვალდებული უფლების სასამართლო წესით განხორციელებისგან ასეთი მითითებით დაიცვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოთხოვნის ნამდვილობისა და განხორციელებადობის დადგენის შემთხვევაში, მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, მოვალეს დააკისრებს ვალდებულების შესრულებას (იხ. სუსგ საქმე №ას-498-2020, 25 ნოემბერი, 2020 წელი). შესაბამისად, თუ მოპასუხე არ უთითებს ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ ფაქტებზე, ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილება შესაძლებელია (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1504-1424-2017, 09 თებერვალი, 2018 წელი).
16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელი არ წარადგინა კანონით დადგენილ ვადაში, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 201.4. მუხლით [პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს] და 2321 მუხლით გათვალისწინებული შედეგი [მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით]. შესაბამისად, მან დაკარგა ხანდაზმულობაზე მითითებით სარჩელისგან თავდაცვის უფლება. გამომდინარე აქედან, პირველი კასატორის პრეტენზია სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე უსაფუძვლოა.
17. მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიასთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის კანონიერება.
18. სშკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სსკ-ის 408.1. მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამჟამად მოქმედი სშკ-ის 48.8. მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
19. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე. შესაბამისად, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, თუმცა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია (მაგალითად, ამგვარი სამუშაო ადგილი აღარ არსებობს, ან სამუშაო ადგილი კი არსებობს, მაგრამ მხარეთა ნამდვილი ნების საფუძველზე და ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პოზიციას მესამე პირი იკავებს და ა.შ.) ან მიზანშეუწონელია (მაგალითად, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის აუტანელი პიროვნული ურთიერთობა ჩამოყალიბდა ან დათხოვნიდან აღდგენამდე დიდი დრო გავიდა და ძველი დასაქმებულის აღდგენა შრომითი ურთიერთობის სტაბილიზაციის მიზნებს ეწინააღმდეგება და ა.შ.), ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არის შესაძლებელი უფლებადარღვეული დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა (იხ. „საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები“, ავტორთა კოლექტივი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2017, გვ. 271-272). შრომის კანონმდებლობა უპირატესად სწორედ დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენას მოიაზრებს დარღვეული უფლების რესტიტუციის ყველაზე უფრო სამართლიან ღონისძიებად. ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებად ამ უფლების გამოყენებისათვის კანონმდებლობა შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებულის აღდგენის შეუძლებლობას (აღარ არსებობს ის სტუქტურული ერთეული, რომელშიც დასაქმებული მუშაობდა, დასაქმებულის მიერ დაკავებულ შტატზე სხვა პირი დასაქმდა და სხვა) უკავშირებს (იხ. სუსგ საქმე №ას-1206-2020, 12 მარტი, 2021 წელი).
20. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თანამდებობა, რომელზეც დასაქმებული იყო მოსარჩელე, არ არის ვაკანტური, ხოლო ტოლფასი თანამდებობა არ არსებობს, რაც შეუძლებელს ხდის მის სამსახურში აღდგენას. ამასთან, კასატორის შედავება აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან წინააღმდეგობის კუთხით უსაფუძვლოა, რადგან №ას-602-602-2018 საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება მოცემული საქმისგან. გამომდინარე აქედან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მეორე კასატორის პრეტენზია ვერ იქნება გაზიარებული და ამ ნაწილშიც გასაჩივრებული განჩინება კანონიერია.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
22. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მეორე კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. გ.ა–რის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
3. სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. გ.ა–რს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს ი.გ–ნის (პ/ნ: .......) მიერ 2019 წლის 15 ივლისს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი